Menu
RSS

რუსეთში დაგეგმილი საბავშვო ევროვიზიის მონაწილის გამოსავლენად გადაცემა კეთდება

მარინა ბერიძე კონკურსის „სუსტ რგოლს“ ამხელს

საქართველოში ჩატარებული საბავშვო ევროვიზიის შედეგებმა საზოგადოებრივი აზრი ორად გაყო. ერთნი ამტკიცებენ, უთავმოყვარეო ერი ვართ, რუსეთის წარმომადგენელს გამარჯვების საშუალება რომ მივეცითო; მეორენი მიიჩნევენ, რომ ოკუპანტთან ურთიერთობები დიპლომატიური გზით უნდა დარეგულირდეს და კულტურა ამის ერთ-ერთი საშუალებაა... ასეა თუ ისე, ფაქტია, გაისად საბავშვო ევროვიზია რუსეთში გაიმართება და, როგორც გვითხრეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სპეციალური გადაცემა კეთდება, სადაც გამოვლინდება, ვინ წარადგენს საქართველოს.
,,ვერსია'' ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას არ აპირებს და არც იმის უფლებას მივცემთ თავს, გამარჯვებულის მუსიკალური შესაძლებლობები შევაფასოთ, ამიტომ კომენტარი მარინა ბერიძეს ვთხოვეთ:
 
_ ბევრი წელი ვიჯექი ჟიურიში... ვიღაცას მოვწონდი, ვიღაცას _ არა, მაგრამ ძალიან კარგად ვარჩევ კარგ, საშუალო და ცუდ შესაძლებლობებს. რუსეთის წარმომადგენელი იყო საშუალო! აქედან გამომდინარე, ვერ ვიგებ, რატომ მოხდა ეს. აბსოლუტურად არ ვეხები პოლიტიკას და ისიც მესმის, რომ ჟიურის არ ჰქონდა თავისი ქვეყნისთვის ხმის მიცემის უფლება, თუმცა რუსეთი იყო საშუალოზე ნაკლები _ მორჩა და დამთავრდა!
ამიტომ ჭკუა უნდა იხმარონ, როდესაც ჟიურის ირჩევენ და ისეთი ადამიანები დასვან, რომლებიც ტანით გრძნობენ ნიჭს. ჩვენ კი დიდი შანსი გავუშვით ხელიდან, სამი ქულა დაგვაკლდა და ეს სამი ქულა დააკლო ჟიურიმ, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს!
არაჩვეულებრივად გაკეთებული შოუ იყო, გადაღებით, ხმით, დადგმით, ქორეოგრაფიით, მონაწილეებით, წამყვანებით... ეს ბოლო უბედურება არ უნდა დაგვმართნოდა, რომელმაც წაშალა ყველაფერი.
_ ჟიური ახსენეთ, ფიქრობთ, ამ რგოლში დავუშვით შეცდომა?
_ როდესაც ჟიურიში ვიყავი, ძალიან დიდ დარტყმას ვიღებდი, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ,,ჯეოსტარის'' რომელიმე გამარჯვებული არ იყო კარგი. საჭიროა პროფესიონალიზმი, რათა გაარჩიო ნიჭიერი და საშუალო დონის შემსრულებელი... ძალიან მიყვარს თამრიკო სხვიტარიძე, ფსიქოლოგია და სწორედ მან მიაყენა დიდი დიდი დარტყმა ამ ბავშვებს. ყველა ამბობს, მე არ მიმიცია ხმა რუსეთისთვისო, მაშინ აგვიხსნან, როგორ მოხდა ასე?! გამოააშკარავონ კენჭისყრის შედეგები. ვერ დავიჯერებ, რომ მათ მოეწონათ რუსეთი. თუმცა, ეს ყველაფერი მოგვარდება, თუკი პრინციპულ ადამიანებს დასვამ ჟიურიში. ნუ მიკეთებთ პედალირებას _ პოზიცია უნდა იყოს ასეთი!
_ ქალბატონო მარინა, საბავშვო ევროვიზია გაისად რუსეთში გაიმართება...
_ ჰოდა, წავიდნენ და იმღერონ... ან რას მივაღწევთ იქ, როცა შანსი აქ ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ მივეცით 12 ხმა, რუსეთმაც ამდენივე დაგვიბრუნა... გარიგებას ჰგავს ეს და ამიტომ უნდა გვყავდეს პრინციპული ჟიური.
_ გვყავს პრინციპული მუსიკოსები?
_ რატომ არ გვყავს? დასვით ვატო კახიძე _ ვერავინ ვერაფერს ეტყვის ამ ქვეყანაზე! დასვი ნინო ქათამაძე _ რომელიც თავ-ყბას დაგალეწავს ნებისმიერი მითითებისთვის... როცა ბავშვს ეხება საქმე, გარიგებაზე საშინელება არაფერია. ძალიან კარგი კონკურსანტი რომ ყოფილიყო რუსეთიდან, ხელი მაინც ამიკანკალდებოდა, თუმცა რთულია ბავშვზე თქვა, რომ ოკუპანტი ქვეყნიდანაა. მესმის, ჟიურიში ჯდომა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ ზაზა წურწუმია გადაირია ამ ბავშვზე... თუ არადა ჩამხედოს თვალებში და ისე მითხრას, რომ მოეწონა. რატომ ჩააგდეს ასეთი ნამუშევარი წყალში, გაუგებარია!
თამარ ლომსაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში