Menu
RSS

ქართული მუსიკის ზეიმი ათენში

ემიგრანტ ინგა ფალავანდიშვილის ორგანიზებით, საბერძნეთში, დები ჭოხონელიძეების კონცერტი გაიმართა

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დები ჭოხონელიძეების კონცერტი გაიმართა. ეს არაჩვეულებრივი საღამო არასდროს დაავიწყდება ჩვენს თანამემამულეებს. მსმენელი მადლიერია საღამოს ორგანიზატორის, ინგა ფალავანდიშვილის და ყველა იმ ადამიანის, ვინც მას ამ ღონისძიების მომზადებაში დაეხმარა.
სოციალურ ქსელში ემიგრანტების უამრავ სამადლობელ სტატუსს, აღფრთოვანების, ნოსტალგიისა და სიყვარულის ფრაზებს წააწყდებით, რომელთა ადრესატიც ინგა ფალავანდიშვილი და თამრიკო ჭოხონელიძეა. ,,ვერსია'' რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
ირინა ჭაბუკიანი: „ვფიქრობ საიდან დავიწყო, რომ გადმოგცეთ ის განცდა, სიხარული და ბედნიერება, რაც ამ საღამომ მომანიჭა. ამ განცდას შენ გვაზიარე ჩემო ღირსეულო, საყვარელო და გულიანო მეგობარო ინგა. სიამაყით ვიყავი სავსე, როცა ჩემ წინ იდგა და მღეროდა ქალბატონი, რომლის სახე ღირსეულად ატარებდა საქართველოს სიყვარულს... ქართული სიმღერის მოკრძალებას და დედობრივ სითბოს. ვუმზერდი მის თვალებს, ცრემლნარევ ღიმილს და ვკითხულობდი როგორ განიცდიდა ჩვენს სიშორეს, ჩვენს, უსაქართველობას... იქნებ ვაჭარბებ, მაგრამ ამას მხოლოდ ის იგრძნობს და გაიგებს, ვინც იცის გულიდან ამოსული ცოცხალი, ნამდვილი სიმღერა“.
კონსტანტინე შენგელია: „დიდი მადლობა ინგა ფალავანდიშვილს, თამრიკო ჭოხონელიძეს, რომ კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო აჩუქეს ემიგრანტებს“.
ნინო კვატაშიძე: „ინგა, 26 ნოემბერი დაუვიწყარი იქნება პირადად ჩემთვის და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა _ თითოეული ემიგრანტისათვის, ვინც ამ დღეს მოისმინა თამრიკო ჭოხონელიძის მიერ შესრულებული ქართული სიმღერის შედევრები. მარტო ერთი ,,თბილისო“ რად ღირს... ღმერთო ჩემო, ბედნიერებისა და სიხარულის ცრემლები იყო ჩემს თვალებზე.... მადლობა ინგა, რომ შეგვახვედრე ამ ფანტასტიკურ მომღერალს“.
იმის გასარკვევად, როდის გაჩნდა ღონისძიების ჩატარების იდეა, რამდენად რთული იყო მისი მომზადება და როგორ შეხვდნენ ქართველ მომღერლებს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, კონცერტის ორგანიზატორს, ემიგრანტ ინგა ფალავანდიშვილს ვესაუბრეთ:
_ ინგა, სანამ კონცერტის ორგანიზებასა და ემიგრანტების შთაბეჭდილებებზე გკითხავთ, თქვენს შესახებ გვიამბეთ. რას საქმიანობთ და საქართველოდან როდის წახვედით?
_ პროფესიით ფორტეპიანოს პედაგოგი გახლავართ. საქართველოში, ხელოვნების სკოლაში, ფორტეპიანოსა და გიტარის პედაგოგად ვმუშაობდი. პარალელურად, ვგალობდი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. საქართველო 2005 წლის 5 ოქტომბერს დავტოვე. მას შემდეგ 12 წელი გავიდა. ათენში ვცხოვრობ. ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ გადამხდა თავს, ცუდიც და კარგიც.... კარგი ის, რომ დედა გავხდი. ცუდი კი _ მამა ვერ დავიტირე. თავიდან ვფიქრობდი, რომ სამშობლოში მალე დავბრუნდებოდი, მაგრამ ახლა დაბრუნება უკვე მიძნელდება, რადგან შვილი მყავს, რომელსაც ვჭირდები ფიზიკურადაც და მას მატერიალური უზრუნველყოფაც სჭირდება. საბერძნეთშიც, საქართველოს მსგავსად, ეკონომიური კრიზისია. რა თქმა უნდა, ეს ხელფასებზეც აისახა და დასაქმებაზეც, მაგრამ ვითარება უკეთესია.
რადგან მუსიკოსი და მგალობელი ვარ, ხელოვნება ჩემი სულის ნაწილია, განსაკუთრებით _ მუსიკა. გადავწყვიტე კონცერტების ორგანიზება ჩვენი ემიგრანტებისთვის ათენში და არამარტო მათთვის. ეს ჩემი სულიერი საზრდოა. შოუ-ბიზნესში ჩართვა მიზნად არც მქონდა.
_ როგორც ვიცი, თქვენი ორგანიზებით, ათენში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ვინ მონაწილეობდა ამ კონცერტებში, რამდენად რთულია ასეთი ტიპის ღონისძიების ჩატარება და ეკონომიური კრიზისის ფონზე, თუ ახერხებენ ემიგრანტები მათ დაესწრონ?
_ პირველი შემოქმედებითი საღამო, შეიძლება ითქვას, ანშლაგით ჩატარდა 2016 წლის 30 ოქტომბერს. მონაწილეობდნენ იყვნენ ჩვენთვის უსაყვარლესი მსახიობი მურმან ჯინორია და მომღერალი ლაშა ღლონტი. ამის შემდეგ მრავალი კონცერტი ჩავატარეთ. მეორე კონცერტი გაიმართა 2017 წლის 21 მაისს, ანსამბლი „ალილო“‘ გვესტუმრა. ბიჭებმა საოცრად იმღერეს. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ემოციას, რომელიც ჩვენს მსმენელს ჰქონდა. აქ, საქართველოდან შორს, შემსრულებელიც და მსმენელიც განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება.
_ ათენში, შოუ-ბიზნესში, დიდი კონკურენციაა?
_ რა თქმა უნდა. ათენში მრავალი კონცერტი იმართება სხვადასხვა ორგანიზატორების ხელმძღვანელობით. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მათ შეძლებისდაგვარად ვეხმარები და ჩემს კონკურენტებად არ მივიჩნევ.
_ თამრიკო ჭოხონელიძის საღამოს როგორ შეაფასებთ?
_ სულმოუთქმელად ველოდებოდით თამარ, თინიკო და სოფო ჭოხონელიძეების კონცერტს. ეს იყო ქართული მუსიკის ზეიმი ათენში. ორი ჩატარებული საღამოს შემდეგ მსურდა, კვლავ აქცენტი გამეკეთებინა მაღალი მუსიკალური ინტელექტისა და ღირებულებების მქონე მუსიკოსზე. ისეთზე, როგორიც თამარ ჭოხონელიძეა. არ მეგულება მასზე მცოდნე მომღერალი საქართველოში. ამას თამამად ვამბობ, რადგან პროფესიით მუსიკოსი ვარ და სრულფასოვნად შემიძლია შევიგრძნო ჭეშმარიტი შემოქმედება. კონცერტს ბერძნებიც ესწრებოდნენ და აღტაცებით უკრავდნენ ტაშს. მათთვისაც სასიამოვნო იყო ქართული სიმღერის მოსმენა. აღსანიშნავია, რომ კონცერტს ასევე დაესწრო ჩვენთვის, ქართველებისთვის საყვარელი, ცნობილი ბერძენი მომღერალი იოვანა.
თამრიკო ჭოხონელიძე ძლიერი მომღერალი და პიროვნებაა, რაც 2017 წლის 26 ნოემბერს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ათენში _ მას მთელი საზოგადოება ფეხზე დამდგარი უსმენდა, აპლოდისმენტები არ წყდებოდა სიხარულის, სიყვარულის ცრემლები ღვარად სდიოდა მსმენელს. ვფიქრობ, ეს ადამიანი სათანადოდ უნდა დავაფასოთ ქართული სიმღერის თაყვანისმცემლებმა.
_ თქვენი მომავალი გეგმებიც გაგვიმხილეთ. მომდევნო კონცერტი როდის გაქვთ?
_ მომდევნო გეგმა კი ასეთია _ ვალენტინობის დღეს ჩავატარებთ კონცერტს, 2018 წლის 18 თებერვალს. მონაწილეები იქნებიან ლაშა ღლონტი და ქეთი ფარესაშვილი. სამბასა და ქართული მუსიკის ნაზავი იქნება. შემდეგ კი, 2018 წლის 15 ივლისს, ჩვენს თანამემამულეებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ კონცერტს დავით არჩვაძის, სანდრო კობახიძის, ლაშა ღლონტისა და აჩიკო ბერიძის მონაწილეობით. თითოეული საღამოს ორგანიზება არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ყოველი კონცერტის ჩატარებისას გვერდით მიდგას. ესენი არიან: ქეთევან და ლეილა ხუციშვილები, თამარ სამხარაძე, მზია ბახსოლიანი, ლეილა კიკნაძე, ნონა მინაშვილი, ნინო მარგალითაძე, ლია ვერძეული, ნანა იობაშვილი, თამუნა გოგოლაშვილი, კრისტინე ჩაგელიშვილი და კავკასიური კულტურის ცენტრის დირექტორი ავთო მიქაბერიძე.
ნინო ბაჯელიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში