Menu
RSS

ორიგინალი „ვენერასა“ და კარავაჯოს რეპროდუქციების ნახვა ეროვნულ მუზეუმში 29 ნოემბრამდეა შესაძლებელი

უკვე თვეზე მეტია, თბილისი მასპინძლობს ორ იტალიურ გამოფენას, საერთო სახელწოდებით _ ,,უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი _ სილამაზე, კარავაჯო _ სინათლე''. გამოფენის სახელწოდებიდან გამომდინარე, ალბათ მიხვდით, რომ ეროვნული მუზეუმი ბოტიჩელისა და კარავაჯოს შედევრებს წარმოგიდგენთ. ორიგინალი ,,ვენერა'' და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები საქართველოში 29 ნოემბრამდე იქნება. საინტერესოა, როგორ შეხვდა ,,წარმოუდგენელ გამოფენად'' მონათლულ გამოფენას საქართველოს საზოგადოება და ხშირად სტუმრობენ თუ არა მოქალაქეები ეროვნულ მუზეუმს. ამის გასარკვევად, მუზეუმს ვესტუმრეთ და ვნახეთ, როგორ მიმდინარეობს პროექტი, რომლის კოორდინატორიც, საქართველოში იტალიის საელჩოა.
მუზეუმთან ხალხმრავლობა შორიდანვე შევამჩნიე. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა კიდეც, რადგან მუზეუმისთვის ზედმეტი ხმაური იყო და ბავშვების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა. უკვე საღამო იყო და სალაროსთან საკმაოდ გრძელი რიგი დამხვდა. ახალგაზრდები და მოსწავლეები ჭარბობდნენ. ეს უკანასკნელნი კი, უკვე დარბაზში, ემოციების გამოხატვას არ ერიდებოდნენ. ,,მასწავლებელო, რა მაგარი ყოფილა!“, ,,მასწ, ეს ის ვენერაა წიგნში რომ ვნახეთ?“, „აუუ, კიდევ გავჩერდეთ ცოტა ხანს!''... _ გამოგიტყდებით, არ მეგონა, რომ იტალიელი მხატვრების ნამუშევრები ბავშვებზეც ასეთ შთაბეჭდილებას მოახდენდა.
გამოფენას ბევრი უცხოელი სტუმრობდა და, როგორც გავარკვიე, არაერთი ტურისტი, რომელიც სულაც არ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას, ჩვენს ქვეყანას, სწორედ ან დაანონსებული გამოფენის გამო ეწვია.
ჩემი რიგიც მოვიდა. სუნთქვაშეკრული შევუყევი პატარა ბნელ, ვიწრო დერეფანს, რომელსაც პირდაპირ ,,ვენერასკენ'' მივყავდი. აღფრთოვანებული დამთვალიერებლების ჩურჩული შორიდან მესმოდა. გული ამიჩქარდა და უცნაური შეგრძნება დამეუფლა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ოქროსფერი, დატალღული თმა იყო, შემდეგ _ უჩვეულოდ თეთრი კანი და ცოცხალი მზერა. მონუსხულივით ვუყურებდი ზღვის ტალღების შვილს. მისი თვალები სევდიანი და ნამდვილი მეჩვენებოდა. ,,ვენერა'' არ ჰგავდა არაფერს, რაც აქამდე მინახავს. სიმონეტა _ ბოტიჩელის მუზა და ხორცშესხმული სრულყოფილებაა. ლეგენდის თანახმად, 15 წლის გოგონას სილამაზეს მთელი ფლორენცია ეთაყვანებოდა. გამონაკლისი არც ახალგაზრდა ბოტიჩელი აღმოჩნდა, რომელმაც მთელი ცხოვრება და შემოქმედება იდუმალ სიყვარულს მიუძღვნა. სიკვდილის შემდგომაც მის ანდერძში ერთადერთი სურვილი, სიმონეტას ფეხებთან დაკრძალვა იყო. ვარაუდობენ, რომ მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, იტალიური რენესანსის პირველი ნიმუში „ვენერას დაბადება“, სწორედ სიმონეტას გამოსახულებაა, რომელიც მისი გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ შეიქმნა. ვენერა ზღვის ქაფისგან შექმნილი სიყვარულის ქალღმერთია. ჯერ კიდევ უცოდველი, სპეტაკი და მიწიერ ვნებებს უზიარებელი. მის თვალებში სიმშვიდე და სულიერების იდილიაა. მისი ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ დრო გაჩერდეს. ბოტიჩელის გმირები გამოირჩევიან სწორედ სუფთა, უმანკო სახით, ოდნავ სევდიანი, ჩაფიქრებული მზერით. როგორც ამბობენ, ეს არის დაბადებიდან არსებობაში გადასვლის, წინა დღის დაისზე ფიქრისა და გასული დღეების მონატრების სევდა.
რაც შეეხება კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციას, გამოფენა აერთიანებს კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს. ექსპოზიცია წარმოადგენს ქრონოლოგიურ, ისტორიულ და თემატურ მოგზაურობას მხატვრის შემოქმედებაში – რომის პერიოდის ტილოებიდან მხატვრის უკანასკნელ ნამუშევრებამდე. ესაა განსხვავებული ტექნოლოგიებით შემუშავებული (განათება-შუქჩრდილი) საგანმანათლებლო-მულტიმედიური პროექტი, რომელიც კარავაჯოს მთელ შემოქმედებას ერთ სივრცეში წარმოადგენს. ბოტიჩელი და კარავაჯო თბილისს თვის ბოლომდე სტუმრობენ. 29 ნოემბრამდე გაქვთ შესაძლებლობა, იტალიელი მხატვრების შედევრებს, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ეზიაროთ.
ლალი ჩხარტიშვილი

დაბრუნება დასაწყისში