Menu
RSS

„მე მიხეილ სააკაშვილის კი არა, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია დავდგი“

რატომ დადგა "კავკასიური ცარცის წრე", როგორ გაიცნო ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი, რატომ დაიბარა ნიკა რურუამ კაბინეტში, რა აკავშირებს ბიძინა ივანიშვილთან
2 იანვრამდე გადაწეული სეზონის გახსნა და რუსეთში დადგმული ,,რიჩარდი'', ის თემებია, რომელზეც ,,თავისუფალი თეატრის'' ხელმძღვანელთან საუბარს ვაპირებდი, თუმცა ინტერვიუ დროში მოგზაურობას დაემსგავსა და საკმაოდ ბევრ სკანდალურ დეტალსაც შეეხო: სააკაშვილთან მეგობრობით დაწყებული, ივანიშვილისადმი მადლიერებით დასრულებული. რატომ დადგა ,,კავკასიური ცარცის წრე'', როგორ გაიცნო ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი, რატომ დაიბარა ნიკა რურუამ კაბინეტში, რა აკავშირებს ბიძინა ივანიშვილთან და ამ ნაცნობობის ფონზე, რატომ არ აქვს ურთიერთობა ჩინოვნიკებთან? ,,ვერსიის'' კითხვებს ავთო ვარსიმაშვილი პასუხობს, რომელმაც საუბარი 2 იანვრამდე გადაწეული სეზონის გახსნით დაიწყო.
_ მიზეზი ბანალურია. მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის არასდროს გვარდება დროზე და ჩვენ შემთხვევაშიც ასეა _ მშენებლობამ გადაიწია, თუმცა იმედი მაქვს, 2 იანვარს გავხსნით სეზონს.
_ რისთვის ემზადება 2 იანვარს, პირადად ავთო ვარსიმაშვილი?
_ ვემზადები დიდი სიახლეებისთვის, აქტიური ცხოვრებისთვის, რომელიც, მართალია, არასოდეს გვაკლდა, მაგრამ ახლა გასამმაგდება, რადგან ვაპირებთ სამი სცენის დატვირთვას. მინდა, ეს თეატრი გადაიქცეს თბილისის თეატრალურ ცენტრად, სადაც ჩატარდება უამრავი ღონისძიება და არ იქნება მხოლოდ სპექტაკლები. ბევრი პროექტი განხორციელდება ექსპერიმენტული, საბავშვო, მუსიკალური... მინდა, თვისებრივად ახალი თეატრალური ცენტრი შევთავაზო თბილისს.
_ როგორ მოახერხებთ ამას მუდმივი, ასე ვთქვათ, წუწუნის ფონზე, რომ უჭირს ქართულ თეატრს?
_ დაფინანსების პრობლემა ,,თავისუფალ თეატრს'' დაარსების დღიდან ჰქონდა. . სახელმწიფო არ გვაფინანსებს, ქალაქის ყველა მერი კი გვპირდებოდა, თუმცა არაფერი იცვლებოდა. ალბათ მომავალშიც ასე გაგრძელდება.
_ იმედი არ გაქვთ?
_ იმედი ბოლოს კვდება... თუმცა, სხვებზე ვიყო დამოკიდებული და სანამ არ დაგვაფინანსებენ, მანამ არაფერი ვაკეთოთ _ ეს პოზიცია არ მაქვს. ყოველთვის ვაკეთებდი ჩემს გასაკეთებელს და არასოდეს ვუყურებდი, როდის მომართმევდნენ ლანგრით. ახლაც ასე იქნება _ საქმეს გავაკეთებთ, არ დაველოდებით, სახელმწიფო როდის გაიღებს მოწყალებას ან როდის მოვლენ მერიაში ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. არ მაქვს ამის დრო, აღარ ვარ პატარა... ჩვენ ვიმუშავებთ ისე, როგორც საჭიროა...
_ როგორი მუშაობაა საჭირო, რომ დარბაზი გაივსოს და თეატრმა დაფინანსების გარეშე იარსებოს?
_ უნდა გიყვარდეს ეს საქმე და გვერდით უნდა გყავდეს ადამიანები, რომლებსაც ისევე უყვართ თეატრი, როგორც შენ... როდესაც საქმე მთავარია ცხოვრებაში, ყველაფერი გამოვა მაშინაც კი, თუ არავინ გეხმარება. მე ასეთი ხალხი მყავს ირგვლივ.
_ პროფესიონალი კადრის დეფიციტი არაა საქართველოში, მით უმეტეს, ხშირად გვესმის _ თეატრალური ვეღარ ზრდის თაობებსო?
_ ძალიან დიდი სისულელეა, რომ თეატრალური ვერ ზრდის კადრებს... ყოველთვის ასე ხდებოდა. რამაზ ჩხიკვაძის დროსაც, 2-3 იყო კარგი და დანარჩენი ვერ ეწერებოდა თეატრალურ ცხოვრებაში. ყველა ქვეყანაში, ყველა დროს ეს ვითარებაა. მუდმივად ისმის საუბარი, რომ არ არიან ისეთი კადრები, როგორიც საჭიროა, მაგრამ თეატრალურმა ძალიან ბევრი კადრი გამოზარდა, ახლაც საინტერესო ახალგაზრდობა მოდის როგორც რეჟისურაში, ასევე სამსახიობო ოსტატობაში, რომელთათვისაც თავისუფალი თეატრი ყოველთვის ღია იყო და თამამად ვიტყვი _ ახალგაზრდა თეატრალურმა ელიტამ გაიარა ,,თავისუფალ თეატრში''. ვერ დაასახელებთ საქართველოში ერთ წარმატებულ მსახიობს, რომელსაც თუნდაც ერთხელ არ ეთამაშა ჩვენთან. ყოველთვის ვაძლევდით შანსს ნიჭიერ ახალგაზრდებს და მომავალშიც ასე იქნება.
_ თაობების ცვლას როგორ არეგულირებთ?
_ ძალიან მშვიდად... თეატრში თაობათა ცვლა მარტივად რეგულირდება.
_ აბა, მტკივნეული პროცესიაო?
_ ვისთვის როგორ, ჩვენთვის მტკივნეული პროცესი არ არის იმიტომ, რომ ამას როლების განაწილება თავად განსაზღვრავს: როდესაც ვდგამ სპექტაკლს, სადაც 20 წლის მსახიობი უნდა თამაშობდეს, ამყავს 20 წლის მსახიობი და არა 50 წლისა, 20 წლის პერსონაჟის როლზე... თაობათა ცვლა რეპერტუარის შესაბამისად ხდება, უმტკივნეულოდ. ჩვენი თეატრი 17 წლის ხდება 31 მარტს და ამ ხსნის განმავლობაში, ვერ დაასახელებთ აქ ვერც ერთ კონფლიქტს იმიტომ, რომ ესაა უკონფლიქტო, უინტრიგო თეატრი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ შრომასა და წარმატებაზე.
_ ამიტომაც არ ერევით ხოლმე თეატრალური პრობლემების საჯარო განხილვებში. როცა შტატების შემცირებასა და მსახიობების დაუფასებელ შრომაზე საუბრობდნენ, თქვენ გვერდზე გადექით, რატომ?
_ არ ჩავრეულვარ მარტივი მიზეზის გამო... მაქვს საქმე, ვმუშაობ 24 საათი და არ მცალია უაზრო თემებზე სალაპარაკოდ. ვფიქრობ, წუწუნებს ის, ვინც არ მუშაობს. ვიმეორებ _ არაფერი, არასოდეს მოუცია სახელმწიფოს ჩვენთვის 17 წლის განმავლობაში, გარდა დაპირებებისა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობდით და ყველანაირი რეიტინგით, ყველაზე წარმატებული თეატრი ვართ... ამიტომ, არ მცალია ამ თემებზე სასაუბროდ, საწუწუნოდ, ტელევიზიით პოზირებისთვის...
_ მხოლოდ მოუცლელობაა ექსპრეზიდენტის საყვარელი რეჟისორის დუმილის რეალური მიზეზი?
_ ესეც მორიგი მითოლოგიაა... ყოველთვის მაინტერესებდა, რაში გამოიხატებოდა, რომ მე სააკაშვილის საყვარელი რეჟისორი ვიყავი?
_ მაგალითად ინაუგურაციაც კმარა, ბატონო ავთო...
_ როცა ინაუგურაცია დავდგი, დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი იქ იდგა და ,,მიშა'', ,,მიშა''-ს ხაოდა. მე კი არასოდეს ვმდგარვარ არც ერთი პარტიის გვერდით, არასოდეს გამოვსულვარ მიტინგებზე, არ მიფრიალებია დროშა და ხელები არ მიქნევია ბელადებისთვის. ვცდილობდი, არ ვყოფილიყავი პარტიებსა და პოლიტიკურ მოძრაობებში იმიტომ, რომ ვთვლი _ მე მაქვს ჩემი პოლიტიკა, ჩემი პარტია, რასაც ჰქვია ,,თავისუფალი თეატრი''; მე სპექტაკლებით ველაპარაკები მაყურებელს და არა ტრიბუნიდან. რაც შეეხება ინაუგურაციას, ვის უნდა გაეკეთებინა, თუ არა რეჟისორს? და ამაზე ყოველთვის სიცილით ვამბობ _ თუ მაინცდამაინც გინდათ ჩემზე ცუდად ილაპარაკოთ, მაშინ, უფრო უკან წადით და გაგახსენებთ, რომ ბრეჟნევის ჩამოსვლა საქართველოში, აეროპორტში მისი დახვედრა, გაცილება ჩემი რეჟისურა იყო და იქიდან დავიწყოთ განხილვა; მიათვალეთ ამას რამოდენიმე თბილისობა, პირველი მცხეთობა და სხვა ღონისძიებები, რომელიც კეთდებოდა ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, მომავალშიც გაკეთდება..
_ ამ ფაქტების გახსენებით, ,,სატოპკეს უწევთ'' ოპონენტებს, ცოდვები რომ გაგიხსენონ.
_ გამიხსენონ, რა პრობლემაა, ეს ჩემი პროფესიაა! ამაზე გენიალურად თქვა რამაზ ჩხიკვაძემ _ როდესაც უთხრეს, ამხელა არტისტს როგორ არ გრცხვენია, მულტფილმებში ბაყაყებს რომ ახმოვანებო, მან უპასუხა, აბა ბაყაყი თვითონ ხომ არ გაახმოვანებს თავის თავსო... მე პროფესიონალი რეჟისორი ვარ და როცა მეძახდნენ და მიკვეთავდნენ, ამას ვაკეთებდი. მოდი ვისაუბროთ იმაზე, როგორ გავაკეთე ის ღონისძიებები და არა იმაზე, რატომ გავაკეთე...
მშვენივრად მახსოვს, იგივე ინაუგურაციის მერე მოდიოდნენ და გამოთქვამდნენ აღფრთოვანებას, სიამაყის გრძნობა ჰქონდა თითოეულ მოქალაქეს და ეს იყო ჩემთვის მთავარი. მე მიხეილ სააკაშვილის კი არა, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია დავდგი და ეს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში საპატიო მისიაა ნებისმიერი რეჟისორისთვის _ როცა შენი ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციას აკეთებ, ეს პრესტიჟულია, საამაყო.
_ და ვიღაცების ბოღმის საფუძველიც, არა?
_ ბოღმის, შურის... ის ადამიანები, ვინც მაშინ ,,მასოვკაში'' იდგნენ და ხაოდნენ ,,მიშა'', ,,მიშა''-ო, ახლა მსაყვედურობენ, როგორ გააკეთე ინაუგურაციაო... შენ როგორ იდექი იმ რიგებში და როგორ ყვიროდი, ,,ყოჩაღ!''. ახლა ოპოზიციონერი ხარ და თავი მაგარი გგონია, მე კი არ ვარ მაგარი? მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, თქვენგან განსხვავებით, ბატონებო.
_ ახლა რომ დაგიძახონ, დადგამთ ინაუგურაციას?
_ გააჩნია, ვინ იქნება. თუ ისეთი პიროვნების ინაუგურაცია იქნება, რომელიც არ მესიამოვნება, ნამდვილად არ გავაკეთებ.
_ გამოდის, თქვენ მიშა გსიამოვნებდათ?
_ იმ პერიოდში, მთელ საქართველოს სიამოვნებდა, თუნდაც იმიტომ, რომ შევარდნაძის რეჟიმი დაემხო, რომელიც არავის მოგვწონდა.
_ მერე აღარც სააკაშვილი მოგეწონათ. ,,ყველაფერი კარგად იქნება'', ,,იდიოტოკრატია''... როგორ გაგიშვეს, გადაგეღოთ, გექილიკათ, გაგეკრიტიკებინათ და მერე მშვიდად გაგეგრძელებინათ თქვენი საქმე მაშინ, როცა ხელოვანების შევიწროებაზე ძალიან ბევრი საუბრობდა?
_ არა მხოლოდ ეს, ასევე იყო ,,კომედიანტები'', ,,ჯინსების თაობა'', ,,პროვოკაცია'', რომელმაც ისე გამოიყვანა წყობიდან ხელისუფლება, რომ შევარდნაძის მთავრობამ სპეციალური სხდომა მოიწვია, სადაც იხილებოდა ,,თავისუფალი თეატრის'' დახურვის საკითხი. მე სტენოგრამულად ვიცი ეს ყველაფერი და ისიც ვიცი, როგორ დაგვიცვა მაშინ ქალაქის მერმა, ვანო ზოდელავამ და კულტურის მინისტრმა, სესილი გოგიბერიძემ... ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ სააკაშვილამდე ვიყავით სოციალურ-პოლიტიკური თეატრი და ვერაფერს შევცვლიდი იმის გამო, რომ ძალიან კარგად ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს.
_ მეგობრობდით მასთან?
_ ... კარგი ურთიერთობა გვქონდა, როდესაც ჩვენი თეატრის საკითხი იხილებოდა, მაშინდელი ოპოზიციონერები _ ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ხშირი სტუმრები გახდნენ _ კარგად მახსოვს, კიბეზე ჩამომსხდრები რომ უყურებდნენ ჩვენს სპექტაკლებს. გვქონდა კარგი ურთიერთობა, რადგან მიგვაჩნდა, რომ ერთ საქმეს ვაკეთებდით, რასაც ჩამყაყებული ხელისუფლების შეცვლა ერქვა... ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, მართალია, არავის სჯერა, მაგრამ სააკაშვილი სულ ორჯერ მყავს ცოცხლად ნანახი. როდესაც პრეზიდენტი გახდა, ,,თავისუფალ თეატრში'' მოვიდა და ამით ხაზი გაუსვა, რომ პატივს გვცემს, ვუყვარვართ... მერე აღარც მინახავს მთელი მისი საპრეზიდენტო მმართველობის დროს. ორჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი, ისიც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და ეს არ მეხებოდა პირადად მე. საუბარი ეხებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.
_ შენიშვნა მიეცით თუ რჩევა?
_ არა, ამას არ გეტყვით.
_ რა რეაქცია ჰქონდა ,,იდიოტიკრატიაზე'', როცა გააშიშვლეთ სიმართლე და ბევრ ადამიანს გულიც მოფხანეთ?
_ იმის გამო, რომ მიხელ სააკაშვილს კარგად ვიცნობდი, ხელს ვერ ავიღებდი ჩემს პრინციპებზე, რა პრინციპებითაც უნდა ცხოვრობდეს ნამდვილი თეატრი _ თქვას სიმართლე! ჩვენი თეატრის დევიზია, რომ მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს. უკან ვერ წავიღებდი საკუთარ სიტყვას... სააკაშვილის გაპრეზიდენტებიდან ნახევარ წელიწადში გამოვიდა სპექტაკლი ,,ძმები'', რომელმაც, პრაქტიკულად, გადაუარა იმდროინდელ ხელისუფლებას, ასევე ,,კავკასიური ცარცის წრე''... რა რეაქცია ჰქონდა? _ ვერანაირი რეაქცია ვერ ექნებოდა. ისინი ძალიან კარგად მიცნობდნენ და იცოდნენ, რომ ჩემი გაჩერება წარმოუდგენელია _ როცა რაღაც მინდა, ვაკეთებ ბოლომდე და ბოლომდე ვამბობ სათქმელს. შევარდნაძის დროს არ გავჩერებულვარ და მერე რატომ გავჩერდებოდი?! რამდენადაც ვიცი, სააკაშვილის ოჯახმა უყურა ამ ფილმებს და გულიანად იცინეს.
თამარ ლომსაძე

დაბრუნება დასაწყისში