Menu
RSS

ცხინვალის თეატრს ახალი შენობა ექნება

დევნილი, იძულებით გადაადგილებული პირი... _ ეს ცნებები რამდენიმე ათეული წელია ქართული რეალობის განუყოფელ ნაწილად იქცა და რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ კულტურას საზღვრები არ გააჩნია, ფაქტს ვერსად გავექცევით _ საზღვარი აქვეა, მავთულხლართების მიღმა და მათი გადალახვა არცთუ მარტივია. პარადოქსია, რომ მშობლიურ მიწა-წყალზე, ხელოვნება დევნილობის არაერთ დღეს ითვლის, რისი ნათელი დადასტურებაც ცხინვალის თეატრია, რომელსაც, აგერ უკვე რამდენი ხანია, ვერც შენობა ეღირსა, ცხინვალიდან დევნილი დასი, სახლადქცეულ თბილისში კვლავ რუსთაველის თეატრსაა შეკედლებული და საკუთარ ჭერს ელის.
გარკვეული პერიოდის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეატრს შენობა გადაეცა, თუმცა, როგორც დირექტორი ზაზა თედიაშვილი ,,ვერსიასთან'' განმარტავს, ის შენობაც ავარიული აღმოჩნდა და ამიტომ ამ საკითხზე საუბარი მალევე შეწყდა. ახლა კი ირკვევა, რომ კულტურის სამინისტრო, ქალაქის ცენტრში, ცხინვალის თეატრისთვის ფართის გამოყოფას გეგმავს და, იმედია, ახლა მაინც შეძლებს დასი, თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში.
,,საქმე ისაა, რომ ის შენობა, სადაც დროებით უნდა გადავსულიყავით, ავარიული აღმოჩნდა და შესაბამისად, იქ არანაირი სამუშაოების ჩატარებას აზრი არ ჰქონდა... სამაგიეროდ, ახლა გადმოგვეცემა შენობა ქალაქის ცენტრში, ესაა სარდაფის ტიპის ადგილი, გაკეთდება დარბაზიც და სრული დატვირთვით ვიმუშავებთ. ახლა დროებით განთავსებული ვართ კულტურის სამინისტროში, გამოგვეყო ოფისი და იქვეა ჩვენი რეკვიზიტიც... თუმცა, ასეთი რთული პირობების მიუხედავად, თეატრი განაგრძობს მუშაობას, გვაქვს სპექტაკლები და გამოვდივართ რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში. შენობას კულტურის სამინისტრო გადმოგვცემს და იმედია, მალე სრული დატვირთვით შევძლებთ მუშაობას'', _ აცხადებს ,,ვერსიასთან'' ზაზა თედიაშვილი და სამომავლო გეგმებისა თუ დიდი იმედის მიუხედავად, სინანულით აღნიშნავს, რომ თეატრს დევნილის სტატუსი მანამ ექნება, სანამ მშობლიურ მიწა-წყალს არ დაუბრუნდებიან _ ,,დევნილი მაინც დევნილია და საკუთარ ქვეყანაში დევნილი სტატუსი მანამ გვექნება, სანამ ცხინვალში არ დავბრუნდებით. იმედს არასოდეს ვკარგავთ... საბოლოოდ ხომ უნდა დავბრუნდეთ?! ხომ უნდა დალაგდეს მსოფლიო და ჩვენი ქვეყანაც?!''...
სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს, ხოლო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლევა _ ცხინვალში ოსი ხალხის ყრილობის დროს გადაწყდა, აიკრძალოს ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების კონცერტები. დე ფაქტო რესპუბლიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა რობერტ გაგლოითმა განაცხადა, რომ ოსურ მიწაზე მსგავსი კონცერტები დაუშვებელია: ,,2018 წელს როდესაც ქართული ჯარი მშვიდობიანი სამხრეთ ოსეთის მიწაზე შემოიჭრა, საქართველოში ამას კონცერტები მიუძღვნეს. მას შემდეგ არცთუ ბევრი წელია გასული და არც ჭრილობები შეხორცებულა''. საქმე ისაა, რომ ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების კონცერტები ყოველთვის იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკმაყოფილების მიზეზი და ამიტომ გადაწყვიტეს, მათი ,,პატივისცემის'' ნიშნად, ქართულ ანსამბლებს ჩრდილოეთ ოსეთმაც აღარ უმასპინძლოს, შედეგად კი ის ,,კულტურული ძაფები'' საბოლოოდ გაწყდება, რომელთა წყალობითაც, ასე თუ ისე, ნარჩუნდებოდა ურთიერთობები.
,,სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სიმართლეა... მართალია, ამ გადაწყვეტილებამ ადგილობრივ მოსახლეობაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია და ზოგმა შეწინააღმდეგებაც სცადა, მაგრამ ღია დაპირისპირებას ყველა ერიდება. პროტესტის გამოთქმის ეშინიათ! რუსეთის უშიშროება სხვაგვარად მუშაობს. ისინი ცდილობენ, ცეკვით, სიმღერით, ზოგადად, კულტურით აქამდე მოტანილი ურთიერთობები საბოლოოდ გაანადგურონ. არ დაგიმალავთ და გეტყვით _ ძალიან ბევრი ოსი ჩამოდის აქ ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან და კარგად ხედავენ, რომ ველურები სულაც არ ცხოვრობენ, ხალხი წარმატებულია, ქვეყანა ვითარდება... ეს ყველაფერი კი საშიშროებას წარმოადგენს დიდი რუსული იმპერიისთვის... ფაქტია _ სახალხო დიპლომატიის წყალობით ურთიერთობები თავისთავად ლაგდება, რაც რუსეთს არ აწყობს და ამიტომ ყველა მეთოდით ცდილობენ, გააფუჭონ ყველაფერი, დაწვან ყველა ხიდი, გაწყვიტონ კულტურული კავშირი... სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა ქართული ცეკვის ანსამბლების აკრძალვა. მათ არ აწყობთ, ქართული ანსამბლები ოსურს ცეკვავდნენ ან პირიქით _ ოსები ქართულს ასრულებდნენ. ესაა მათი საბოლოო მიზანი, რაც ძალიან პრიმიტიული, ასე ვთქვათ, ჯაყოს მსგავსი აზროვნებაა'', _ აღნიშნავს ზაზა თედიაშვილი, რომელიც აქცენტს მოსახლეობის განწყობაზეც აკეთებს: ,,ძალიან ცუდად შეხვდა მოსახლეობა ამ აკრძალვას. სამწუხაროდ, ჩვენ მჭიდრო კავშირი აღარ გვაქვს, რადგან თავად ეშინიათ კონტაქტზე გამოსვლის... ცხინვალი გასამხედროებული ქალაქია, სადაც შეიარაღებული სამხედროები რობოტებივით დადიან. აქ, სამწუხაროდ, მეტი არაფერი ხდება''.
როგორ განვითარდება მოვლენები, პროგნოზირება რთულია, თუმცა სხვა საკითხია, აქამდე რა მოუტანია ქართული ანსამბლების ვლადიკავკაზში ვოიაჟებს? სამწუხაროდ, არც ამ კითხვაზე არსებობს ერთგვაროვანი პასუხი და, იმედია, ოდესმე ისტორია ყველას თუ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. მანამდე კი ცხინვალის თეატრის დირექტორი ფიქრობს, რომ სულაც არაა საჭირო ქართველ ხელოვანთა რუსეთის ტერიტორიაზე ჩასვლა: ,,ამ ანსამბლებმა არც უნდა იაქტიურონ. ოკუპანტთან რაც უნდა კეთილი ნებით და მეგობრულად ჩახვიდე, რაც უნდა კეთილგანწყობა აჩვენო, ამით არაფერი შეიცვლება. რუსის ოკუპაციური და იმპერიული ზრახვები უფრო აქტიურდება და ამაოდ გვგონია, რომ დროთა განმავლობაში შერბილდება... ამიტომაა ზედმეტი ქართველ ხელოვანთა იქ ჩასვლა.
რაც შეეხება ცხინვალში ჩასვლას, სამწუხაროდ, იქ არავინ შეგვიშვებს, თორემ კი ბატონო, ყოველთვის ვიყავით მზად, ჩავსულიყავით და გვეთამაშა სპექტაკლები, თუნდაც დიდი რისკის ფასად... თუმცა, რაც უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ძმები ვართ, იქ ჩვენ არავინ შეგვიშვებს. ეს არც დამცირებაა ჩვენი მხრიდან და არც რაღაც პოზა _ არ შეგვიშვებენ და მორჩა!''.
თამარ ლომსაძე

back to top