Menu
RSS

რა სტერეოტიპის დამსხვრევას ცდილობს, რატომ აკრიტიკებს თანამედროვე ფემინიზმს და რა სირთულეების ფონზე განაგრძობს ჰიპ-ჰოპსაქმიანობას რეპერი ნათია მეგრელიძე

საქართველოში ჰიპ-ჰოპი ჯერაც განვითარების საწყის ეტაპებს გადის, თუმცა უკვე გამოჩნდნენ ნიჭიერი შემსრულებლები, რომლებმაც მსმენელის ყურადღება მიიქციეს. ჟანრიც პოპულარული ხდება, რის ფონზეც ჰიპ-ჰოპშემსრულებლების რიგებში, გენდერული დისბალანსი უფრო იკვეთება. ჩვენში ჯერაც არსებობს სტერეოტიპი დაკავშირებით, რომ რეპი ან ზოგადად ჰიპ-ჰოპი გოგოს საქმე სულაც არ არის. სწორედ ამ სტერეოტიპს არღვევს ჩვენი დღევანდელი სტუმარი ნათია მეგრელიძე, რომელმაც სახელი გაითქვა „PVP შერკინებით“ (პროექტი, რომელშიც ორი რეპერი ერთმანეთს უპირისპირდება და მაქსიმალურად ცდილობს, ცოცხალი აუდიტორიის წინაშე საკუთარი ოსტატობის წარმოჩენას, რათა მოწინააღმდეგე დაჯაბნოს) და დღესაც აქტიურად ქმნის ჰიპ-ჰოპ მუსიკას.
 
_ PVP შერკინების პროექტის მონაწილეთა შორის, ერთადერთი გოგო იყავი. რთულია ამდენი ბიჭის წინაშე საკუთარი ძალის დამტკიცება?
_ რთული მხოლოდ იმიტომ იყო, რომ საქართველოში ცუდად უყურებენ გოგოს, რომელიც ამგვარ პროექტში მონაწილეობს. ჯერაც ვერ აცნობიერებენ, რომ სქესი არაფერ შუაშია, როცა საუბარი ჰიპ-ჰოპსა და ხარისხიან პროდუქტზეა. სხვა შეფერხება არ მქონია, მაქსიმალურად ვიყავი მომზადებული ფსიქოლოგიურადაც.
_ როგორ ფიქრობ, რატომ არ აქტიურობენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ამ ჟანრში?
_ ეს პრობლემური საკითხია. არ მინდა, მეც სტერეოტიპული განცხადება გავაკეთო, მაგრამ, როგორც ჩანს, გოგონებს ეს ჟანრი დიდად არ იზიდავთ ან ეშინიათ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა, იმ წნეხის გამო, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმებისგან მოდის. რამდენიმე გოგო რეპერი გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ ინდივიდუალიზმი და საკუთარ თავზე მუშაობა აკლიათ. საბოლოოდ, გოგონების პასიურობას მაინც შიშსა და გამბედაობის ნაკლებობას დავუკავშირებ. თუნდაც PVP პროექტში, ჩემ გარდა არც ერთ გოგოს გამოუთქვამს მონაწილეობის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეს პირადადაც კი შესთავაზეს.
_ ანუ, დღეს საქართველოში არსებობს სტერეოტიპი, თითქოს გოგოს ჰიპ-ჰოპი არ უხდება?
_ ნამდვილად არსებობს და თითქმის ყოველდღე ვგრძნობ ასეთ დამოკიდებულებას. მაგალითად, როცა ჩემს ტრეკებს (სიმღერებს) საჯაროდ ვაზიარებ, გამოხმაურება ხშირად უარყოფითია და ამ ნეგატივის მიზეზი ყოველთვის ის არის, რომ გოგო ვარ, რომელსაც მაგალითისთვის ბილწსიტყვაობა ან, ზოგადად, რეპი არ უხდება. როგორც უნდა დავიხარჯო, შემფასებლების უმრავლესობაში, ეს დამოკიდებულება მაინც თავს იჩენს.
_ როგორია შენი დამოკიდებულება საქართველოში დღეს გავრცელებული ფემინიზმის მიმართ და რას ნიშნავს პირადად შენთვის გენდერული ბალანსი?
_ კარგი კითხვაა. დღეს ფემინიზმი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით, ჩემთვის არაადეკვატურია, მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტის არაერთი მახასიათებელი მეც მაქვს. ჩემებური გენდერული ბალანსი ასეთია: რადგან გოგო ვარ, არ ნიშნავს, რომ რომელიმე ბიჭზე ნაკლები ვარ ჩემს სფეროში (ჰიპ-ჰოპში). აქ ყველაფერი შესრულების ხარისხზე, ნიჭიერებასა და ჭკუაზეა დამოკიდებული და არა სქესზე. დღევანდელი „გატრენდებული“ ფემინიზმი კი ძალიან არ მომწონს, რადგან ისედაც ვიცით, ქალის უფლებაა, რას უზამს საკუთარ სხეულს, ამიტომ არასწორად მიმაჩნია იყვირო: „თავისუფლება სასქესო ორგანოს!“ ფემინიზმი საკუთარი საქმის პროფესიონალურად კეთებაა (განსაკუთრებით ისეთ სფეროში, სადაც კაცები ჭარბობენ) და არა საკუთარი აზრების საჯაროდ სკანდირება და სხვებისთვის თავს მოხვევა.
_ როგორ ფიქრობ, განვითარების რა ეტაპზეა ამჟამად ჰიპ-ჰოპი საქართველოში?
_ ქართულ ჰიპ-ჰოპს ამ ეტაპზე საკმაოდ კარგად აქვს საქმე, მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც PVP შერკინების პროექტი დაიწყო. ვატყობ, რამდენიმე შემსრულებელი განსაკუთრებით აქტიურობს, აკეთებს თავის საქმეს, შრომისმოყვარეობა იგრძნობა და როცა შრომისმოყვარეობა არსებობს, ადამიანი ყოველთვის მიაღწევს წარმატებას საქმიანობაში. ისე, პრობლემები მსმენელების მხრივაც გვაქვს, რადგან აქ, ფაქტობრივად, ერთ ადგილს ვტკეპნით. თუკი მსმენელმა ვერ დაინახა კარგსა და ცუდს, ხარისხიანსა და უხარისხოს შორის განსხვავება, მხოლოდ შემსრულებელი ვერაფერს იზამს.
_ შემდეგი კითხვაც სწორედ ამ თემაზე მაქვს _ ბუნებრივია, ჟანრის განსავითარებლად საჭიროა როგორც შემსრულებლების, ასევე მსმენელებისა და შემფასებლების დახვეწა. სოციალური ქსელი და Youtube ყველას აძლევს საშუალებას, ღიად დააფიქსიროს აზრი ამა თუ იმ კლიპზე, მუსიკალურ ნაწარმოებზე. ადეკვატურია შენი შემოქმედების შეფასებები და კრიტიკა?
_ კრიტიკას მხოლოდ იმ ადამიანისგან ვიღებ, რომელიც ჩახედულია ჰიპ-ჰოპ კულტურაში, ესმის როგორ შექმნას კარგი მუსიკა. არაადეკვატურად მიმაჩნია იმ ადამიანების შეფასება, რომლებიც აქცენტს ჩემს სქესზე აკეთებენ ან საკუთარ პოზიციას უმიზეზო აგრესიით, უცენზუროდ აფიქსირებენ. კრიტიკა უნდა იყოს არგუმენტირებული. როცა მსმენელი მიხვდება, რომ პოპულისტი შემსრულებელი არ უნდა მოსწონდეს, მაშინ გვეშველება. მაშინ _ როცა გააანალიზებს, რომ პოლიტიკაზე დაწერილი მუსიკა ღირებული ვერ იქნება. როდესაც ბოლოს და ბოლოს, მიხვდება, რომ ბანალური თემები (ფული, გული, სული და სხვა რითმების გამოყენება) აღარაა საინტერესო.
_ PVP შერკინებამ არაერთ დამწყებ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს პოპულარობა მოუტანა, თუმცა ზოგისთვის მიუღებელია იმ პროექტში მონაწილეობა, სადაც ერთი შემსრულებელი მეორეს საჯაროდ შეურაცხყოფს. ამგვარი დამოკიდებულება ქმნის ერთგვარ ბარიერს ქართული ჰიპ-ჰოპის განვითარების გზაზე?
_ ჩემი აზრით, ამგვარი დამოკიდებულება ნამდვილად ქმნის ბარიერს და უაზრობაა იმის მტკიცება, რომ რეპერების ამგვარ საჯარო „ურთიერთდაპირისპირებას“, ანუ „დისს“ ჰიპ-ჰოპის განვითარებაში წვლილი არ შეუტანია. ამის მაგალითად ამერიკული ჰიპ-ჰოპ კულტურაც კმარა, სადაც არაერთი შემსრულებელი სწორედ ასეთ პროექტებში მონაწილეობით გახდა პოპულარული, განვითარდა, დაიხვეწა და შემდეგ უკვე საერთო დონეც აწია.
პირველ რიგში ეს პროცესი უნდა აღვიქვათ, როგორც სპორტი. თავად ჰიპ-ჰოპიც ერთგვარი სპორტია - როცა ხედავ მოწინააღმდეგეს და ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ მასზე ძლიერი გამოჩნდე, ავტომატურად ვითარდები კონკურენციის დამსახურებით.
_ დღეს დამწყები ჰიპ-ჰოპ არტისტისთვის რამდენად ხელსაყრელი პირობებია საქართველოში და შესაძლებელია თუ არა მხოლოდ ამ ჟანრში საქმიანობით საარსებო თანხის შოვნა სტაბილურად?
_ დამწყები შემსრულებლისთვის ხელსაყრელი პირობებია, რადგან ხარისხის გარკვეული კრიტერიუმები უკვე არსებობს და თავადვე იგრძნობს, თუკი ამ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს საკუთარი პროდუქტით. გადახედავს თავისი კონკურენტების/კოლეგების ნამუშევრებს და შერცხვება თუ ბანალურ ნამუშევარს შექმნის, შეეცდება, განავითაროს... ამიტომ, შეიძლება ითქვას, „ჯეო-რეპის“ ეპოქა დასასრულს უახლოვდება.
ბექა ბერულავა
PDF

<<<წინა ნომერი მომდევნო>>>

back to top