„ლივერპულში“ მამარდაშვილის და კვარაცხელიას დამატებაზე ალაპარაკდნენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, ეროვნული ჩემპიონატები პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ჩერდება და არ აქვს მნიშვნელობა, იღებს თუ არა ამ ქვეყნის ნაკრები მუნდიალზე მონაწილეობას. მსოფლიო პირველობა საფეხბურთო საზომებით უდიდესი ფორუმია და ამიტომ, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანი ხდება. შედეგად, კლუბების მეპატრონეებს მშვიდ გუნებაზე შეუძლიათ სამომავლო გაძლიერებაზე იფიქრონ და იმ ფეხბურთელების ფასები მოიკითხონ, რომლებმაც მიმდინარე სეზონში თავი უკვე გამოიჩნეს. ისიც ვთქვათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად გამოჩნდება რამდენიმე ისეთი ახალგაზრდა, რომელიც აქამდე ჩრდილში იყო და მათზე ნადირობის სეზონიც დაიწყება. მანამდე კი... მანამდე, ყველაზე სასურველ ფეხბურთელთა ათეულში ორი ქართველია - გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ყველა საუბრობს და იმის მიუხედავად, რომ ხვიჩას ფონზე მამარდაშვილი თითქოს დაიკარგა და ქართული მედიაც კი ვერ უთმობს სათანადო ყურადღებას, ახალგაზრდა კიპერი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლება და მასზე გრანდები ნადირობენ. ნადირობენ იმიტომ, რომ მამარდას მიყვანით, მეკარის პოზიციის პრობლემას უახლოესი ათი წლის განმავლობაში გადაწყვეტენ, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. „ვალენსიას“ საიშნელი დაცვის ფონზეც კი, მამარდაშვილი აშკარად ბრწყინავს...

სავარაუდოდ ახალ წლამდე, არამარტო ინგლისის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი, „ლივერპული“ გაიყიდება. როგორც ამბობენ, მისი შეძენაც არაბ მილიარდერებს სურთ და ასეთ შემთხვევაში, ფულს არ დაზოგავენ. ჰოდა, ინგლისური მედია წერს, რომ წლევანდელ სეზონზე გუნდის თავკაც იურგენ კლოპს ხელი უკვე ჩაქნეული აქვს, ზუსტად იცის, ჩემპიონი ვეღარ გახდება (ლიდერს 15 ქულით ჩამორჩება), ამიტომ აქცენტს მომავალ სეზონზე აკეთებს და უკვე მოითხოვა 200 მილიონი, რათა „ნაპოლიდან“ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია იყიდოს. ოფიციალურად, ოსიმენს კონტრაქტშ გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი უწერია, ხვიჩა კი ტრანსფერმარკეტზე 60 მილიონად დაფასდა, მაგრამ ყველა ხვდება, თუ ქართველმა ასე გააგრძელა, სეზონის ბოლოს, მისი ფასი 100 მილიონზე ნაკლები არ იქნება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. სეზონის ბოლოს, „ლივერპულიდან“ წასვლას გეგმავს სათადარიგო მეკარე და გუნდის თავკაცს მის ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი უნდა. არადა, ახლა გიორგის მეორე მეკარედ სადმე წასვლა, თუნდაც ეს „ლივერპული“ იყოს, გამართლებული არ არის. „მერსისაიდელების“ კარის ძირითადი დარაჯი ალისონი ძალზედ დამაჯერებელია და მისთვის კონკურენციის გაწევა ურთულესი იქნება, მითუმეტეს, რომ ალისონი წლებია პრემიერლიგაში თამაშობს და სიტუაციას მორგებულია. ამიტომ, მამარდაშვილს მოცდა უჯობს და ისეთი წინადადების განხილვა, სადაც პირველ მეკარედ დაუძახებენ. ახალი კონტრაქტის მიხედვით, ქართველი კიპერის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო წერია, მაგრამ ყველამ იცის, რომ „ვალენსია“ მას 70 მილიონადაც დათმობს.