Menu
RSS

„ნიუ ეიჯისა“ და ჯაზის საუკეთესო შემსრულებელი თბილისს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა

SOLO-სა და ,,ალექს პრომოუშენის'' ორგანიზებით, 8 ნოემბერს, იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის, კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი ,,ნიუ ეიჯისა'' და ჯაზის ერთ-ერთ, საუკეთესო შემსრულებელს უმასპინძლებს, ხოლო კეიკო მაცუი ქართველ მაყურებლებს ყველასთვის ცნობილ ჰიტებს შესთავაზებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი _ ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი _ კამოლიდინ ურინბაევის ხელმძღვანელობით.

საქართველოს ბანკის SOLO-ს წარმომადგენლის, ეკა დუჩიძის განცხადებით, 8 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტი ქართველი მსმენელებისთვის განსაკუთრებული იქნება. მისი თქმით, იაპონელი პიანისტი და კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველთან და მის ორკესტრთან, ასევე უზბეკეთის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს.
როგორც ნიკოლოზ რაჭველმა აღნიშნა, დიდ საკონცერტო დარბაზში ორიგინალური კონცერტი დაიგეგმა. მისივე თქმით, თავისი ხანგრძლივი და შთამბეჭდავი შემოქმედებით, კეიკო მაცუი ლეგენდარულ მუსიკოსთა სიაშია:
,,თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, უდიდესი ვარსკვლავები სიმფონიურ ორკესტრებს მიმართავენ ხოლმე. მე, როგორც სიმფონისტს, ეს ფაქტი ყოველთვის მახარებს, რადგან იქ, სადაც ჩნდება ორკესტრი, მუსიკალური ჟღერადობა კიდევ უფრო ჯადოსნური და განსაკუთრებული ხდება. ნებისმიერი მუსიკა, რომელსაც 70 ადამიანი ცოცხლად ასრულებს, სულ სხვა ენერგიით იმუხტება და ამიტომ მსმენელებს წინ დიდი სიამოვნება ელით. გადაწყდა, რომ 8 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ კონცერტზე, კეიკო მაცუი იმ პროგრამას შეასრულებს, რომელიც სიმფონიური ორკესტრის აკომპანიმენტთანაა დაკავშირებული''.
ნიკოლოზ რაჭველის განცხადებით, კეიკო მაცუის კონცერტი გამორჩეული იქნება, ვინაიდან თბილისში დაგეგმილ კონცერტზე, იაპონელ მუსიკოსს აკომპანიმენტს ორი ქვეყნის _ საქართველოსა და უზბეკეთის სიმფონიური ორკესტრები გაუწევენ:
,,დიდი ხანია, უზბეკეთის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრს თბილისში კონცერტის გამართვა სურს. სწორედ ამიტომ, კეიკო მაცუის კონცერტის ორგანიზატორებს შევთავაზე, რომ ჯაზის ლეგენდარულ იაპონელ პიანისტთან და ჩვენს ორკესტრთან ერთად, 8 ნოემბერს, სწორედ უზბეკეთის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრსაც დაეკრა. სხვათა შორის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ჩემი 10-წლიანი ხელმძღვანელობის მანძილზე, უცხოურ ორკესტრთან ერთად, პირველად ვუკრავთ. ეს ფაქტი ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, რადგან ორ შემოქმედებით კოლექტივს შორის, მჭიდრო და საინტერესო ურთიერთობა დამყარდება. ფაქტობრივად, 8 ნოემბერს, თბილისში, დიდ საკონცერტო დარბაზში, ჯაზის ლეგენდარულ შემსრულებელთან ერთად, ორი ქვეყნის სიმფონიური ორკესტრი წარსდგება და ამ მხრივ, ეს კონცერტი ძალიან ორიგინალური იქნება''.
კეიკო მაცუის ნამდვილი გვარია დოი. ამასთან დაკავშირებით, მაესტრომ იხუმრა, რომ 8 ნოემბერს, თბილისს, მისი მეგობრის, ქართველი რეჟისორის, დავით დოიაშვილის, იგივე დოის ,,ნათესავი'' ესტუმრება.
საქართველოს ბანკის SOLO-ს გარდა, კეიკო მაცუის კონცერტის ორგანიზატორია ,,ალექს პრომოუშენი''. კომპანიის წარმომადგენლის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის განცხადებით, კეიკო მაცუის ამჟამად ამერიკული და ევროპული ტურნე აქვს დაგეგმილი და 8 ნოემბერს, თბილისს, სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში ეწვევა:
,,კეიკო მაცუის გარდა, თბილისში კიდევ ბევრ, საინტერესო ბენდს ჩამოვიყვანთ. რაც შეეხება 8 ნოემბრის კონცერტს, ეს ჩვენი და კომპანია SOLO-ს პირველი თანამშრომლობაა და მოხარული ვარ, რომ ასეთ პროფესიონალებთან მიწევს ურთიერთობა. ყველას გირჩევთ, 8 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ კეიკო მაცუის კონცერტს დაესწროთ, რადგან თქვენთვის უდიდესი იაპონელი მუსიკოსი და კომპოზიტორი დაუკრავს''.
კეიკო დოი მაცუი 1961 წლის 26 ივლისს, ტოკიოში დაიბადა. ფორტეპიანოს შესწავლა ადრეულ ასაკში, 5 წლიდან დაიწყო. ის ,,ნიუ ეიჯისა'' და ჯაზის უბადლო შემსრულებელია, ჰყავს საკუთარი ჯაზ-ბენდი ,,კოსმოსი'', რომელთან ერთადაც, 4 ალბომი ჩაწერა. მისი მეუღლე კაძი მაცუი, კეიკოს პროდიუსერია და მასთან ერთად მუშაობს. დღემდე, კეიკო მაცუის 20-ზე მეტი ალბომი აქვს გამოშვებული, რამაც მუსიკოსს საერთაშორისო აღიარება და უამრავი ჯილდო მოუტანა.
8 ნოემბერს, დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი კონცერტის ბილეთების გაყიდვა 29-30 სექტემბერს, 10.00 საათიდან დაიწყება. როგორც SOLO-ს წარმომადგენელმა, ეკა დუჩიძემ განმარტა, ბილეთები ვებგვერდზე _ WWW.TKT.GE გაიყიდება და ექსკლუზიურად ხელმისაწვდომი, მხოლოდ SOLO-ს მომხმარებლებისთვის იქნება:
,,1 ოქტომბერს, 10.00 საათიდან, ბილეთების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. SOLO-ს თითოეული მომხმარებელი, ერთჯერადად, 6 ბილეთის შეძენას შეძლებს. კეიკო მაცუის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 50 ლარიდან დაიწყება, ხოლო ის, ვინც SOLO-ს მომხმარებელი არ არის, ბილეთებს 60 ლარად შეიძენს''.
მაია მიშელაძე

back to top