Menu
RSS

„ელიტების პროტოპრესვიტერმა“ „პრაიმ შოუს“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა

საკუთარ თავს სარკასტულად „ელიტების პროტოპრესვიტერს“ უწოდებს, „ელიტად“ კი, ისევ სარკასტულად, იმ ადამიანებს ნათლავს, რომლებიც მისი აზრით, პოპულისტები არიან. ასეთებს იუმორისტულად აშარჟებს, „ტროლავს“, აკრიტიკებს, დასცინის და, როგორც თავად ამბობს, ამის გამო სინდისის ქენჯნას სულაც არ გრძნობს. საჯარო ყურადღების ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოექცა, როცა მის მიერ გადაღებული „პრენკ ვიდეო“ გავრცელდა _ გამოგონილი სახელით („აკა შეროზია“) ურეკავს ბორჯომში მოხალისე მეხანძრედ მყოფ დავით ქაცარავას და არარსებულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას სთხოვს. ვიდეო ცოტა ხნის წინ გადაცემა „პრაიმ შოუს“ ეთერშიც გავიდა, სადაც წამყვანებმა და სტუმრებმა ავტორი მწვავედ გააკრიტიკეს. გთავაზობთ ინტერვიუს ბესო ჩუბინიძის მიერ „გიქორად“ მონათლულ დათო აბზიანიძესთან.
 
_ რა აერთიანებს ხალხს, რომელსაც საჯაროდ აშარჟებ და სარკასტულად აკრიტიკებ სოციალური ქსელის საშუალებით?
_ მთავარი, რაც აერთიანებს, ისაა, რომ ყალბები არიან და პოპულისტები. რასაც აკეთებენ (მოხალისეობა, ქველმოქმედება) მხოლოდ თვითპიარისკენაა მიმართული და არაა განპირობებული მათი შეხედულებებით, შინაგანი რწმენით და ასე შემდეგ. თავიანთი ქმედებებით ხალხზე მანიპულირებენ, კეთილგანწყობის, კარგი რეპუტაციის მოსაპოვებლად.
_ როგორია დღევანდელი „ქართული ელიტის“ განსაზღვრება პირადად შენთვის?
_ სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც მახსენდება, უცენზურო, სამასოიანი ქართული სიტყვაა, მაგრამ ამ სიტყვას ახლა ჩემი ბაგეები ვერ წარმოსთქვამს.
_ იმ ადამიანების ნაწილი, რომელსაც აშარჟებ, სხვადასხვა გზით გცემს პასუხს, არიან ისეთები, რომლებიც შენს ნომერს, შენთან პირადად გასაუბრებას ითხოვენ, საავტორო გადაცემებში სენტენციური ტონით გარიგებენ ჭკუას, მოგიწოდებენ, შეეშვა, რასაც აკეთებ, რადგან ეს კარგს არაფერს მოგიტანს. რამდენად ადეკვატურია ამგვარი რეაქციები შენთვის?
_ ნამდვილად არიან ასეთი ადამიანები, მაგალითად, ბესო ჩუბინიძემ საკუთარი ნომერი მომწერა და მითხრა, დამერეკა. მერე ხმოვან მესიჯებსაც მიგზავნიდა, სადაც ჩემი „გადარჩენის“, სწორ გზაზე დაყენების მხურვალე სურვილს გამოთქვამდა.
იმას, რასაც მე ვაკეთებ (შარჟი, „დატროლვა“ და ასე შემდეგ), უამრავ ქვეყანაში აკეთებენ, მაგრამ ბევრგან ისეთი რეაქციები სულაც არ არის, როგორც საქართველოში. აქ ამ ადამიანებს უნარი არ აქვთ, ადეკვატური პასუხი გამცენ, ამიტომ ძირითადად იმუქრებიან, ილანძღებიან ან მბლოკავენ და მაიგნორებენ. პრინციპში, მათგან ადეკვატურ პასუხს არც მოველი, რადგან გააზრებულად დგამენ ნაბიჯს პოპულიზმისკენ _ ასეთ ადამიანებს ადეკვატური აზროვნების უნარი არ აქვთ, ჩემი აზრით.
_ შენი პოსტები თუ შარჟები დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი გიწონებს, მხარს გიბამს კომენტარებში, ასევე აშარჟებს შენ მიერ სამიზნეში ამოღებულ „მსხვერპლს“, შეიძლება ეს ტენდენცია ერთგვარ „სოციალურ ბულინგად“ აღვიქვათ?
_ გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანმა, ნოე სულაბერიძემ დამიწერა ასეთი რაღაც, რომ Facebook-ით ბულინგის ინსპირაციას ვეწევი. ახალი ტერმინი დაამკვიდრა ქართულ ლექსიკონში, ფაქტობრივად. რეალურად კი თავად რაც გააკეთეს შუა ეთერში, როცა ყველა მე მლანძღავდა, ჩემი პოზიციის დასაცავად კი სტუდიაში არავინ მიუწვევიათ, სწორედ ბულინგის მაგალითია.
მე რასაც ვაკეთებ, იმის ბულინგად აღქმა თავისუფლად შეიძლება და პრინციპში, ამასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, რადგან ეს ადამიანები იმსახურებენ მინიმუმ „დაბულინგებას“, ამასთან დაკავშირებით სინდისი ნამდვილად არ მაწუხებს.
_ ცოტა ხნის წინ დავით ქაცარავას, რომელიც ბორჯომში მოხალისე მეხანძრის სტატუსით იმყოფებოდა, მობილურით დაუკავშირდი, აკა შეროზიას სახელით გაეცანი და „პარტიზანი მეხანძრეების“ ორგანიზაციაში გაწევრიანება შესთავაზე, ანუ „დატროლე“ _ ეს ვიდეო მალე გახდა პოპულარული. ელოდი, რომ მსგავსი გამოხმაურება ექნებოდა?
_ ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი, უბრალოდ მეგონა, ჩემი Facebook-მეგობრები ნახავდნენ. რამდენიმე ინტერნეტ მედიასაშუალებამ გადააზიარა, ქაცარავას ყურამდეც მივიდა და ბოლოს „პრაიმ შოუს“ ეთერში აღმოჩნდა.
_ „პრაიმ შოუს“ წამყვანებმა ვიდეო ეთერში გაუშვეს, ნეგატიურად შეაფასეს და ცენზურის ფარგლებში გაგლანძღეს კიდეც. როგორც ვიცი, ამის გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შეიტანე სარჩელი და საჯარო ბოდიშს ითხოვ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანრი ჯოხაძისაგან. რა ფაზაშია ამჟამად ეს პროცესი და როგორ ფიქრობ, რამდენად დაკმაყოფილდება შენი მოთხოვნა?
_ ეთიკის ქარტიის 10 პუნქტიდან სამი დაარღვიეს და სამივე გავაპროტესტე. საბოლოოდ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ვერავის აიძულებს, სურვილის წინააღმდეგ მოიხადოს ბოდიში, უბრალოდ თუ თავს ეთიკურ ჟურნალისტად, წამყვანად მიიჩნევ, უნდა მოიხადო; მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ გადაცემა, რომელიც მათ მიჰყავთ, „პრაიმ შოუა“ და წამყვანებიდან არც ერთია პროფესიით ჟურნალისტი, შეუძლებელია, რომელიმე სინდისმა შეაწუხოს და ბოდიში მოიხადოს... არ ველი, რომ ბოდიშს მოიხდიან. უბრალოდ, მინდა, შეეშინდეთ და მსგავსი რამ მომავალში აღარ გააკეთონ.
_ „ეს არის საბრალო ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ პოპულარობის მიზნით პოპულარული ადამიანები გააშარჟოს“, _ ასე შეგაფასა ნინი ბადურაშვილმა „პრაიმ შოუს“ ეთერში (თუმცა ეს შეფასება დასასრულისკენ შეაწყვეტინეს). ამ „საქმიანობის“ დამსახურებით პოპულარობა ასე თუ ისე, მართლაც მოიპოვე, რამდენად იყო ეს შენი მიზანი?
_ დასასრულისკენ იმიტომ შეაწყვეტინეს, რომ ნინი ბადურაშვილის მსჯელობა გადაცემაში, როგორც წესი, ბოლომდე არასოდეს მიდის. რაც შეეხება შეფასებას, პოპულარობა ჩემი თვითმიზანი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ ვაკეთებდი იმას, რაც მომწონდა და აღმოჩნდა, რომ ეს ბევრ სხვასაც მოეწონა. ჩემი სეგმენტი მყავს, ვიწრო აუდიტორია, რომელიც თვალს ადევნებს ჩემს Fაცებოოკ-ს. მიზანი პოპულარობა რომ ყოფილიყო, უფრო პოპულისტურ ნაბიჯებს გადავდგამდი, მაგალითად, დავთანხმდებოდი „ჯაჯანიძის შოუში“ მონაწილეობას, რასაც არასოდეს ვიზამ. ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს საერთოდ არ მაინტერესებს, ნახავს თუ არა ვინმე ჩემს პოსტებს _ რა თქმა უნდა, გამოხმაურება მოტივაციას მაძლევს, მაგრამ რასაც მაბრალებენ, აშკარად თავად აკეთებენ ყველაზე ხშირად. ანუ, პოპულარობისთვის თავად დგამენ პოპულისტურ ნაბიჯებს _ აკეთებენ ყვითელ გადაცემებს, მონაწილეობენ ამ გადაცემებში და ასე შემდეგ. სასაცილოა, როცა ეს ადამიანები მსგავსი ბრალდებით სხვის წინააღმდეგ გამოდიან.
_ შენი პოსტების დამსახურებით ბევრი „ფოლოვერი“ გაგიჩნდა, მაგრამ ამასთან უამრავი ადამიანი გადაიმტერე. არასოდეს შეგხვედრია პირადად ისინი, ვინც „უმოწყალოდ“ გააშარჟე?
_ ბესო ჩუბინიძეს ან ქაცარავას ნამდვილად არსად შევხვედრივარ, ცოტა სხვა წრეებში ტრიალებენ. უბრალო მოკვდავებთან ხშირი კონტაქტი, მაგალითისთვის, გურამ შეროზიას აქვს (რომელიც არაერთხელ გამიშარჟებია), ვხვდები ხოლმე და ვესალმებით ერთმანეთს, დაძაბულობის ან აგრესიის გარეშე. არც არავის გამოუთქვამს ჩემი პირადად ნახვის სურვილი, თორემ თბილისში ჩემი პოვნა სულაც არ არის დიდ სირთულეებთან დაკავშირებული. მსურველს შემიძლია ხელიც შევაშველო და მოგნება გავუმარტივო.
_ „ელიტების“ ჰორიზონტზე შენი მორიგი ,,მსხვერპლი'' ხომ არ ამოიწვერა?
_ ასე, მიზანმიმართულად არავის ვიღებ მიზანში, უბრალოდ სიტუაციის შესაბამისად ვითარდება ხოლმე მოვლენები. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რომ საქართველოში დავიბადე _ სიახლეები და გასაშარჟებელი მასალა მუდამ თავზესაყრელად მაქვს.
ბექა ბერულავა

<<<წინა ნომერი მომდეწვნო>>>

დაბრუნება დასაწყისში