დავით ნარმანია: „ამ ეტაპზე, ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის“

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ ხვდება ენერგეტიკის სექტორი ზამთარს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, დენისა და გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, სემეკის თავმჯდომარემ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორი ზამთარს მომზადებული ხვდება.

 სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, შარშანდელთან შედარებით, ელექტროენერგიის წარმოება 9.8%-ით გაიზარდა. 2021 წელს, ელექტროენერგიის ჯამური გამომუშავება 12.431 მილიარდი კვტ/სთ, ხოლო 2022 წელს  -  საპროგნოზო მაჩვენებლების შესაბამისად, ჯამური გამომუშავება 13.645 მილიარდი კვტ/სთ-ია. ჰიდროელექტროსადგურების (ჰესების) მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 4%-ით მეტია. 2021 წელს, ჰესების ჯამური გამომუშავება 10.064 მილიარდი კვტ/სთ იყო, ხოლო 2022 წელს - ჯამური საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 10.466 მილიარდი კვტ/სთ-ით:

ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების წილის ზრდა განპირობებულია ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად, სადგურის წარმოების მაჩვენებლების გაუმჯობესებით. რაც შეეხება  ელექტროენერგიის შიდა მოხმარებას, შარშანდელთან შედარებით, წელს, მოხმარება გაზრდილია 6.2%-ით და 14.914 მილიარდ კვტ/სთ-ს შეადგენს. ამასთან, 2021 წელთან შედარებით, 27%-ით შემცირებულია იმპორტი და 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს განხორციელებული იმპორტის ჯამური მოცულობა 1.465 მილიარდი კვტ/სთ-ია.  საქართველომ იმპორტის განხორციელება სექტემბერში უკვე დაიწყო, ხოლო ექსპორტი მინიმუმამდე შეამცირა. იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.  

 

მისი განცხადებით, საქართველოსთვის ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, ენერგიის ჯამურ მოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილი 38%-ს აჭარბებს. დავით ნარმანიას განმარტებით, ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99%-ზე მეტი კმაყოფილდება იმპორტით, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილი - ადგილობრივი მოპოვებით. გაზის უმთავრესი მომწოდებელია აზერბაიჯანის რესპუბლიკა. საშუალოდ, საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს ქვეყნის  მთლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 91%-ს.

დავით ნარმანიას თქმით, გრძელვადიანი მოწოდების კონტრაქტების ფონზე, საქართველო ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ბაზრისა და ფასების სტაბილურობას. სისტემა ტექნიკურადაც მზადაა და ზამთრის პერიოდში არსებული მოთხოვნაც დაკმაყოფილდება ისე, როგორც წინა ზამთრის პერიოდებში, ჩვეულებრივად, გაზის სხვადასხვა კონტრაქტების საშუალებით ხდებოდა.

განხორციელდა დაგეგმილი სამუშაოები სოკარის მფლობელობაში არსებულ განაწილების ინფრასტრუქტურაზე, ქვეყნის შიგნით. აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდება გრძელდება არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში. დამტკიცებული ბალანსის შესაბამად, ქვეყნის ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის უზრუნველყოფა დაგეგმილია აზერბაიჯანიდან. არსებული მოცემულობის და მზაობის ხარისხის გათვალისწინებით, გაზის მოწოდების თვალსაზრისით გამოწვევებს არ ველოდებით. 

მიმდინარეობს ბუნებრივი გაზის ბაზრის გახსნის საწყისი სამუშაოები, ამ პროცესში მარეგულირებელი კომისია აქტიურადაა ჩართული. ვაანალიზებთ ელექტროენერგეტიკის ბაზრის გახსნის პროცესში დაგროვილ გამოცდილებასა და ვითვალისწინებთ ბუნებრივი გაზის ლიბერალიზაციის გზაზე.

დავით ნარმანიასვე განცხადებით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, ბუნებრივი გაზის განაწილებისა და ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელებს დაეკისრათ ხელახალი ავტორიზაციის გავლის ვალდებულება. თუმცა, კანონის ამოქმედებამდე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების უკვე გაცემული ლიცენზიები დროებით ინარჩუნებენ ძალას და მათი მფლობელები, კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე, აგრძელებენ შესაბამისი მომსახურებების გაწევას. აღნიშნული ლიცენზიების მოქმედება, კანონის საფუძველზე, ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე, ავტომატურად შეწყდება. მიმდინარე პერიოდში, ლიცენზიატი კომპანიები გადიან აღნიშულ პროცესს და ახალი კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადიან ავტორიზაციას. 

 

კომისია ყოველწლიურად ითანხმებს ლიცენზიატი კომპანიების მიერ წარმოდგენილ განვითარების ხუთწლიან გეგმებს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს სისტემის პროგნოზირებად და მდგრად განვითარებას. სამი მსხვილი გამანაწილებელი კომპანიის მონაცემების მიხედვით, არსებული გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და ახალი ქსელის მშენებლობის ფონზე, ბოლო წლების განმავლობაში, შემცირებულია უბედური შემთხვევების რაოდენობის სტატისტიკა, - დასძინა დავით ნარმანიამ. 

მაკა რუხაძე