Menu

„თავმოყვარეობაშელახულს, სიმართლის ძიების გზაზე სიკვდილი მერჩივნა“

სამივე ინსტანციაში წაგებული სასამართლო დავის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძეს, გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია და ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის მმართველის თანამდებობაზე 82 წლის ანზორ მაძღარაშვილი აღადგინა. „ვერსიის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა ფიროსმანის მკვლევარმა თანამდებობა უკვე მესამედ დაიკავა და მუშაობას შეუდგა. თანამდებობაზე აღდგენის გარდა სააგენტოს მაძღარაშვილისთვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურებაც მოუწევს.
ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს დედოფლისწყაროს სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში ფიროსმანობა აღინიშნება. ასე იყო 2015 წლის ოქტომბერშიც, როცა მაშინდელი პრემიერი, ქიზიყელი ირაკლი ღარიბაშვილი, მშობლიურ რაიონში გამართულ ფიროსმანობას ოჯახსა და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო. მაშინ ღარიბაშვილმა მაძღარაშვილს ხელი რამდენჯერმე განაცხადა და გმირიც უწოდა, რადგან სააკაშვილს შეეწინააღმდეგა და ფიროსმანის ორიგინალები დაიცვა: „ეს არის გმირი. მან დაიცვა ორიგინალები. ამ კაცმა გაუძლო მხედრიონს, ყაჩაღებს, კრიმინალებს, ყველას და დღემდე შემოინახა მუზეუმი. მერე სააკაშვილმა რამდენიმე ორიგინალი წაიღო და აღარ აბრუნებდნენ. ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების'' მოსვლის შემდეგ, ორიგინალები დავაბრუნეთ. ბავშვობა დედოფლისწყაროში გავატარე. მახსოვს ის მძიმე წლები, რასაც ამ მუზეუმმა გაუძლო. ბატონ ანზორს უდიდესი მადლობა, რადგან ყველა ამ ექსპონატის ხელუხლებლად შემონახვა მისი და მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებაა“.
ამ განცხადებიდან ერთ თვეში, ანზორ მაძღარაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თანაც ისე, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიზეზიც არ განუმარტავს. მუზეუმში არსებული სხვა ვაკანსიების მსგავსად, ახალი მმართველის შერჩევაც კონკურსით იგეგმებოდა, თუმცა მმართველის კონკურსის წესით შერჩევა ვერ მოხერხდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის უფროსი ირმა დოლიძე „ვერსიასთან“ საუბრისას ამბობდა, რომ მოგვიანებით კახა ჯანიაშვილი ფიროსმანის მუზეუმის მმართველად სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების საფუძველზე, კონკურსის გარეშე დაინიშნა. მისი თქმით, ჯანიაშვილს მუზეუმის განვითარებისა და დამთვალიერებლის მოზიდვის ახლებური ხედვა და გეგმები ჰქონდა.
მხარეების ჩართულობით დავა სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე პაატა ნოზაძემ განიხილა. მან მაძღარაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მემკვიდრეობის სააგენტოს მმართველის თანამდებობაზე მისი აღდგენა დაავალა. სააგენტომ გადაწყვეტილება 2016 წლის ნოემბერში, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო და საქმე ხელახლა განიხილა. გასული წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა ძალაში დატოვა სიღნაღის სასამართლოს გადაწყვეტილება. ანზორ მაძღარაშვილი არც ამის შემდეგ აღუდგენიათ, რადგან სააგენტომ ამჯერად უზენაეს სასამართლოს მიმართა, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილმა წარმოებაში არ მიიღო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რაც ნიშნავს, რომ წინა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებები ძალაში დარჩა.
„დიდი ხანია ვიცნობ მოსამართლე პაატა ნოზაძეს და მის საქმიანობას. ის სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გაათავისუფლეს, რადგანაც პრინციპული და სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანის იმიჯი აქვს. ამჯერადაც მოსამართლემ საკმაო პრინციპულობა გამოიჩინა და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, ველოდით ამ შედეგს და კმაყოფილები ვართ“, _ აცხადებს ფიროსმანის მკვლევარის ადვოკატი ალექსი ბუკია.
თავად ანზორ მაძღარაშვილი ,,ვერსიასთან'' ამბობს, რომ მისი გათავისუფლება მანამდეც იგეგმებოდა, ღარიბაშვილის ქებამ და ღია მხარდაჭერამ კი პროცესი დროებით შეაჩერა. მისი თქმით, სასამართლო დავის დაწყების მიზეზი საქმიანი რეპუტაციის აღდგენის მცდელობა იყო:
_ სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე პაატა ნოზაძე იმდენად კეთილშობილი პიროვნება ჩანდა, თავიდანვე მომეცა იმედი, სამართლიანად იმოქმედებდა. რამდენიმე სხდომაზე აღნიშნა ჩემი დამსახურება ფიროსმანის კვლევის, ზოგადად მუზეუმის განვითარების საქმეში. პირდაპირ ასე განაცხადა: „მუზეუმში ამ კაცს გაუკეთებია ყველაფერი, რას ერჩითო“. მიხარია, რომ ჩემი ღვაწლი ვიღაცამ დაინახა. 1968 წლის აგვისტოში მივედი მუზეუმში, რომელიც ერთ ოთახში იყო განთავსებული. მხოლოდ 600 მეტრი მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა და 80-მდე შავ-თეთრი ფოტოსურათი დამხვდა. მუზეუმს მხოლოდ სამი ორიგინალი ჰქონდა. ახლა კი დედოფლისწყაროში 14 ორიგინალია დაცული. გარდა ამისა, ადგილზე 12 200 ექსპონატი ინახება. ისინი წლების განმავლობაში შევაკოწიწეთ, მოვიკვლიეთ და დღემდე მოვიტანეთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ნიკოლოზ ანთიძის მოადგილე დავით ლომიტაშვილი მებრძოდა და მას ვუკავშირებ ჩემს გათავისუფლებას. დანიშვნისთანავე მირზაანში ჩამოვიდა და თანამშრომლებთან ერთად შეცდომების ძებნა დაიწყო... ნაციონალების დრო რომ ყოფილიყო, სასამართლოს იმედიც არ მექნებოდა. დღეს კი ვფიქრობდი, რომ სახლში თავმოყვარეობაშელახული უსაქმოდ ჯდომას, მერჩივნა სიმართლის ძიების გზაზე სიკვდილი. არ ეგონათ, რომ გავიმარჯვებდი. სასამართლოზეც სააგენტომ გათავისუფლების მიზეზი ვერ წარმოადგინა. მხოლოდ იმეორებდნენ, ეს ობიექტური გარემოებების გამო მოხდა, მუზეუმში მნახველი ნაკლებად დადის და დაბალშემოსავლიანიაო. გამოდის, მხოლოდ ფული უნდათ და ავიწყდებათ, მუზეუმი კომერციული დაწესებულება კი არა, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა. არადა, რაც სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავედით, შტატები შეამცირეს და ძირითადად ის მეცნიერ-თანამშრომლები გაუშვეს, რომლებიც წლების განმავლობაში კვლევით სამუშაოებს ეწეოდნენ.
_ როდის გამოიცა თქვენი აღდგენის ბრძანება და როდიდან შეუდექით მუშაობას?
_ ბრძანება, ნიკოლოზ ანთიძემ, მაისის პირველ რიცხვებში გამოსცა. მუზეუმის მოქმედი მმართველი კახა ჯანიაშვილი კურატორად, ანუ ჩემს მოადგილედ დატოვეს თბილისის ფილიალში. გასულ კვირას, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კადრების განყოფილების წარმომადგენელმა თამარ ლატარიამ მაცნობა, აღდგენილი ხართ და შეგიძლიათ სამსახურში გახვიდეთო. სხვათაშორის, თავის დროზე, გათავისუფლების ამბავიც მან შემატყობინა და საკმაოდ შეწუხებული იყო. ტიროდა. სასამართლოს დასრულების შემდეგ აღდგენის საკითხი ორი თვით გაჭიანურდა, თუმცა საქმიანობას შევუდექი. უკვე ჩავედი სოფელ მირზაანში, შევხვდი თანამშრომლებს და სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ.
_ რას გეგმავთ და საკადრო ცვლილებებს თუ უნდა ველოდეთ?
_ საკადრო ცვლილებები არ იქნება. უკლებლივ, ყველა თანამშრომელი ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას. ერთადერთი შენიშნვა მქონდა _ არ მიყვარს უდისციპლინო თანამშრომლები და როგორც ვიცი, ზოგი ხშირად აცდენს. ამას ვერ შევეგუები. მოვითხოვე, მომაწოდონ შესაბამისი სია. თანამშრომლებმა თბილად მიმიღეს. გარეგნულად სიხარული გამოხატეს, გულში ვის რა უდევს, ვერ გეტყვით. ახლა ძირითადად თბილისის ფილიალში ვარ და იქ ვაგრძელებ მუშაობას. ასევე შევხვდი მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის უფროს ირმა დოლიძეს. სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. მირზაანსა და თბილისის ფილიალშიც, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით შარშან სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. საშინელ მდგომარეობაში იყო თბილისის საგამოფენო დარბაზი და კეთილმოეწყო. ამჟამად ჩვემი მთელი ყურადღება გადატანილია იმაზე, რომ თბილისში, მუზეუმი ეზოს მხრიდან კიდევ გაფართოვდება, აქ მაცხოვრებლებს ბინას მისცემენ და მათი ტერიტორია ჩვენ გადმოგვეცემა. რაც მთავარია მემორიალური კიბე უცვლელად დარჩება და არავინ შეეხება. ახლა ვიწროდ ვართ და უმნიშვნელოვანესია, რომ საგამოფენო სივრცე გაფართოვდება.
_ ხშირად გითქვამთ, ისედაც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ამ ფორმას ვერ შევეგუებოდიო... შესაძლებელია თანამდებობა, ახლო მომავალში, დატოვოთ?!
_ დიახ, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, თანამდებობის დატოვებას მართლაც ვგეგმავდი. ამას გარდა, ამათთან მუშაობას აზრი არ ჰქონდა _ არ იციან მუზეუმი. მიუხედავად ამისა, მიუღებელი იყო მიდგომა, რომ უსარგებლო ნივთივით გვერდით გამწიონ. ცას და დედამიწას ხომ არ გამოვეკერები, ამხელა ასაკი მაქვს, მაგრამ გულსატკენია, როცა ასე გაგიშვებენ. მითუმეტეს, მანამდე რამდენიმე თვით ადრე ღარიბაშვილმა გმირი მიწოდა იმის გამო, რომ ფიროსმანის ორიგინალები სააკაშვილს არ დავუთმე. იგი გაპრეზიდენტების პირველივე წლებში ცდილობდა ბერიას ყოფილ სახლში მუზეუმი გაეკეთებინა და ფიროსმანის ყველა ორიგინალი წაეღო. ამას შევეწინააღმდეგე. მისი მმართველობის ბოლო წლებშიც გამათავისუფლეს და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აღმადგინეს. ამ ფონზე, ასეთ ფინალს არ ველოდი. სხვათაშორის, ნაციონალებმა დამიბარეს და მითხრეს, უნდა წახვიდეო. უარი ვთქვი, მაგრამ მაინც გამიშვეს. ახლა კი, არც არაფერი ამიხსნეს, ისე გამოსცეს ბრძანება. ნაციონალების დროს ვიცოდი, რომ კრიტიკული საჯარო განცხადებების გამო გამიშვეს, ახლა რა მიზეზით მკრეს ხელი, ვერ გამიგია.
 
ჩემი მიზანი რეპუტაციის აღდგენა და იმის დადასტურება იყო, რომ მართალი ვარ. სამსახურიდან გაშვებულის სტატუსით არ მინდოდა კარიერის დასრულება და ბედნიერი ვარ, რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ჩემი პოზიცია. ზოგადად, მებრძოლი ვარ. ასე რომ არ ყოფილიყო, მუზეუმი საერთოდ არ აშენდებოდა. ახლა ჯერ ველოდები განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. თითქმის 18 თვის თანხა მაქვს ასაღები. მერე ვიფიქრებ და არ გამოვრიცხავ, მართლაც დავტოვო თანამდებობა.
P.s. სააკაშვილის დროს მაძღარაშვილი საბიუჯეტო ორგანიზაციის ერთადერთი ხელმძღვანელი იყო, რომელიც მედიასთან კრიტიკულ კომენტარებს არ უშინდებოდა და მწვავე გამოსვლებით გამოირჩეოდა. ალბათ ეს გახდა მიზეზი, რომ 2011 წელს ის დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეთა სიიდან ამოიღეს _ ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ეს სტატუსი წელიწადში ხუთ ადამიანს ენიჭებოდა. გამგეობის ოფიციალურ ვებგვერდზე თავდაპირველად გამოქვეყნებულ სიაში მაძღარაშვილის გვარიც ფიგურირებდა, თუმცა ღონისძიების დაწყებამდე მონაცემები ჩასწორდა და ოთხ მოქალაქეს მიანიჭეს საპატიო დედოფლისწყაროელის სტატუსი.
ილია მარტყოფლიშვილი

back to top