Menu

გიორგი ქადაგიძე: „მინდა, ადამიანებში ის გრძნობები თუ ემოციები გავაღვივო, რასაც ყველაზე მეტად გაურბიან“

„კონკრეტულად ერთ სამყაროზე აქცენტის გაკეთების ნაცვლად, მინდოდა, ბევრი სამყარო შემექმნა. მსურდა დამენახებინა სხვა ადამიანის ტკივილი, ფიქრი. რაღაც სიღრმეებში ჩამეყვანა, ჩემებურად ამ ყველაფერზე დამეფიქრებინა (ყოველგვარი მითითებების გარეშე) და შემდეგ უკან დამებრუნებინა რეალობაში“, _ ასე აღწერს თავის პირველ სარეჟისორო გამოცდილებას 17 წლის გიორგი ქადაგიძე, რომელმაც ფილმი სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაზე გადაიღო და „სიმართლის სიმფონია“ დაარქვა. ფინანსების არარსებობის მიუხედავად, ფილმში მონაწილეობას იღებენ ისეთი გამოცდილი მსახიობები, როგორებიც არიან ზაზა კოლელიშვილი და ზურა ყიფშიძე, მუსიკაზე კი ნიკოლოზ რაჭველმა იზრუნა.
„სიკეთის სადარაჯოზე, სულიერების, სიყვარულისა და იმედის მქადაგებელი გოგო დგას. სიკეთისთვის ბრძოლაში ის მარტოა და პირველი ტალღაც მარტომ უნდა გაიაროს, ბოროტების პირისპირ უმძიმეს სამსჯავროზე წარსდგეს. მისი ერთადერთი სიყვარული საკუთარი გზის გაგრძელებას ბოროტებაზე დიდი სიკეთის დახმარებით ახერხებს. ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში სიკეთისა და ბოროტების ჭიდილია გადმოცემული, ბოროტების სულიერი კათარზისი, აღიარებისა და შენდობის გზა“, _ ასეთია ფილმის მოკლე შინაარსი. „სიმართლის სიმფონიის“ დებიუტი ტელევიზიაში 8 მაისს შედგა, მოგვიანებით კი, მისი ჩვენება ნიუ-იორკის კინოფესტივალზეც გაიმართება. „ახალგაზრდა რეჟისორი, რომელსაც მალე მთელი მსოფლიო გაიცნობს“, _ ამგვარი სათაურით გააშუქეს მედია საშუალებებმა პირველი ნამუშევარი, რომელსაც კრიტიკულთან ერთად უამრავი დადებითი შეფასებაც მოჰყვა. გთავაზობთ ინტერვიუს 17 წლის რეჟისორ გიორგი ქადაგიძესთან, რომელიც უკვე მეორე ფილმზე მუშაობს.
_ როგორც ყველა რეჟისორს, სცენარის შექმნისას კონკრეტული მიზანი და წარმოდგენები იმ შთაბეჭდილებაზე, რომელიც მაყურებელზე უნდა მოგეხდინა, ალბათ შენც გქონდა. ახლა, როცა ფილმის პრემიერა შედგა და მიიღე შეფასებებიც, მიგაჩნია თუ არა, რომ მიზანს მიაღწიე და ფილმმა ისეთი ეფექტი მოახდინა, როგორსაც ელოდი?
_ მიმაჩნია, რომ მივაღწიე იმას, რაც მინდოდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ წერის პროცესში ძალიან ბევრი ემოცია „გამოვიარე“, ამიტომ ცოტა არ იყოს, მეც დაბნეული ვიყავი და ზუსტად არ ვიცოდი, მაყურებლისთვის რისი მიწოდება მინდოდა. საბოლოოდ, სცენარის ბოლოს ჩამოყალიბებული იდეა, ჩემი აზრით, მაყურებლამდე მივიდა.
პირადად მე, რამდენჯერაც ვუყურე ამ ფილმს, იმდენჯერ სხვადასხვანაირი ემოცია დამეუფლა, რასაც ვერ ვხსნი. არაერთხელ ისეთი შთაბეჭდილებაც კი დამრჩა, თითქოს ჩემი დაწერილი არ იყო, თუმცა მთავარი იდეა, მგონი, წარმატებით გადმოვეცი.
_ უამრავი დადებითი შეფასება მიიღე ფილმთან დაკავშირებით. საფუძვლიანი კრიტიკაც თუ დაგამახსოვრდა ვინმესგან, რომელსაც თვლი, რომ შემდეგში აუცილებლად გაითვალისწინებ?
_ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჯანსაღი კრიტიკა მივიღე, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ. მიმაჩნია, რომ ადამიანი თავად უნდა მიხვდეს, რა გააკეთა არასწორად, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიტიკას აზრი არ აქვს. ჩემთვის კომპეტენტური ადამიანებისგან მივიღე ისეთი შენიშვნები, რომელთა სისწორესაც ჯერ კიდევ ფილმის გადაღების პროცესში ვგრძნობდი. ხედვა, რომელიც ამ ფილმში მინდოდა ჩამექსოვა, მართალია გამომივიდა, მაგრამ მივხვდი, რომ აღარ მინდა ამ პოეტურ ჟანრში მუშაობის გაგრძელება. მირჩიეს კიდეც, რომ ამ ჟანრს გავცდენოდი და სხვაგანაც მეცადა ძალები. ამჟამად სწორედ ამ რჩევის გათვალისწინებით სხვა ჟანრის ფილმზე ვმუშაობ, თუმცა მისტიკა და დრამა აქაც არის.
_ როდის ვიხილავთ შენს მეორე ფილმს ეკრანებზე?
_ ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია, სცენარი დასრულებულია, გუნდიც შეკრული და ამჟამად პროდიუსერულ საკითხებზე, თანხის მოძიებაზე ვმუშაობთ, რაც ალბათ თვის ბოლოს დასრულდება. ზაფხულში გადაღებები დაიწყება და იანვრისთვის ფილმის ნახვა უკვე ყველასთვის შესაძლებელი იქნება.
_ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ ფილმში გინდოდა გეჩვენებინა ის შინაგანი ბრძოლები, რომელზეც ყველა ხმამაღლა არ საუბრობს. ზოგადად ე.წ. ტაბუირებული თემები რამდენად მნიშვნელოვანია შენი ცნობისმოყვარეობისთვის და რა მიგაჩნია დღეს შენ გარშემო ასეთ საკითხად, რომელზე მუშაობაც შენთვის საინტერესო იქნებოდა?
_ კარგი კითხვაა, უნდა დავფიქრდე (იცინის).
 ბევრისთვის გაპაპსავებული თემები საბოლოოდ სწორედ ტაბუირებული აღმოჩნდება ხოლმე, ამიტომ მინდა, ადამიანებში ის გრძნობები თუ ემოციები გავაღვივო, რასაც ყველაზე მეტად გაურბიან. მაგალითად, ჩემი მეორე ფილმი ოცნებისთვის ბრძოლაზეა _ იმ წინააღმდეგობებზე, რომლებიც ადამიანებს ამ გზაზე ხვდებათ. არ ვთვლი, რომ არსებობს რაღაც ისეთი, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია. უბრალოდ მინდა ჩემი წვლილი შევიტანო და ადამიანებს გავუმარტივო იმის აღქმა, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ, მაგრამ გააზრება გვიჭირს. ჩემი შემოქმედების მთავარი იდეაც ალბათ სწორედ ეს არის _ შეუძლებელი არაფერია.
_ გადაღების პროცესში რა აღმოჩნდა შენთვის ყველაზე რთული, როგორც დამწყები რეჟისორისთვის?
_ გადაღების პირველივე დღეს, როდესაც მსახიობებთან ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მუშაობა მომიწია ზურა ყიფშიძესთან. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ სულ 14 დღე გაგრძელდა გადაღებები და ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, ამიტომ ამ ფილმს პირველ რიგში ერთგვარ გავარჯიშებად განვიხილავ, არანაირი გადამეტებული წარმოდგენები არ მაქვს მასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი გამოცდილება მომცა იმისთვის, რომ მოვსულიყავი აქამდე, ანუ დამეწყო მუშაობა მეორე ფილმზე.
_ როგორც ვიცი, სწავლის გაგრძელებას ერთ-ერთ ამერიკულ კინოსკოლაში გეგმავ. რა სახის ცოდნა, ტექნიკა თუ გამოცდილება გჭირდება ამ სფეროში ყველაზე მეტად?
_ მიმაჩნია, რომ რეჟისურას ვერავინ გასწავლის და ეს ისეთი რამაა, რაც პრაქტიკაში უნდა გაითავისო. იქ სწავლა სწორედ ამ მხრივ იქნება ნაყოფიერი, რომ მომცემენ საჭირო პრაქტიკას, რა თქმა უნდა, თეორიულ ცოდნასთან ერთად. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ამერიკულ კინოსკოლებში ასწავლიან არის ის, თუ როგორ შექმნა ერთდროულად ღირებული და მომგებიანი კინო. ამგვარი შუალედის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი და რთულიცაა, ამიტომ სწორედ ამ მიზნის მიღწევას შევეცდები სამომავლოდ.
_ ალბათ თანამედროვე ქართულ კინოს ასე თუ ისე თვალს ადევნებ. როგორ ფიქრობ, ხარისხის, შინაარსისა თუ სცენარის თვალსაზრისით, რა სახის ცვლილებები, სიახლეებია საჭირო, რათა საქართველოში ეს სფერო უფრო გამოცოცხლდეს?
_ რთული კითხვაა. ამ სფეროში დღეს ცოტათი დაკარგულები ვართ საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა გვაქვს უმაღლესი დონისა და სტანდარტების რამდენიმე თანამედროვე ფილმიც, რომლებმაც ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. მიმაჩნია, რომ „შუა თაობის“ ქართველი რეჟისორები ძალიან კარგ ფილმებს იღებენ.
_ რა მოლოდინი გაქვს ნიუ-იორკის კინოფესტივალზე და შენი აზრით, როგორ შეაფასებენ უცხოელი მაყურებლები თუ კრიტიკოსები შენს პირველ ფილმს?
_ ვიმედოვნებ, ზედმეტად კრიტიკულები არ იქნებიან, თუმცა დიდი მოლოდინიც არ მაქვს, რადგან იანვარში, როცა ფესტივალი ჩატარდება, მეორე ფილმის გადაღება უკვე დასრულებული მექნება და შესაბამისად, მთელი ყურადღებით მასზე ვიქნები კონცენტრირებული.
ბექა ბერულავა

PDF

<<<წინა ნომერი მომდევნო>>>

back to top