Menu
RSS

თეონა ბაღდავაძე: „მჯერა, ერთად ბევრ რამეს მივაღწევთ“

,,გაიცინე. გაეცი. გადაარჩინე ბავშვი _ ეს არის კამპანიის სლოგანი და მთავარი მიზანი. 1985 წელს გაჩნდა იდეა, სწორედ იუმორის მეშვეობით შეგროვილიყო თანხა ბავშვების დასახმარებლად, 1988 წელს პირველად აღინიშნა წითელი ცხვირის დღე ეთიოპიაში. 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა შოუში, რომელიც BBჩ-ს ეთერში გაშუქდა. გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა ბავშვების დასახმარებლად. კამპანიას შეუერთდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ჩინეთი, აშშ, ბელგია, გერმანია და სხვა. უამრავი ცნობილი ადამიანი მონაწილეობს, იძენს ცხვირს, იღებს ფოტოს და ეხმარება ბავშვებს.
საქართველო ოფიციალურად უერთდება კამპანიას. წითელი ცხვირი 5 ლარი ეღირება, შემოსული თანხა კი აკა სინჯიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერას და ლეიკემიით დაავადებული ნიკუშა დვალაძის მკურნალობას მოხმარდება’‘, _ ასეთია ახალი საქველმოქმედო ინიციატივის ოფიციალური აღწერა და შინაარსი, რომელიც საქართველოში 31 მარტს დაიწყო და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
როგორც პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ქართველმა იუმორისტმა და ქველმოქმედმა, აკა სინჯიკაშვილმა განაცხადა ,,შეგროვილი ფულით ავაშენებთ ან ვიყიდით შენობას, სადაც სულ იქნება საჭმელი, ტანსაცმელი და ნივთები მათთვის, ვისაც ყიდვის საშუალება არ აქვს. იყიდეთ მინიმუმ ერთი ცხვირი, გაიკეთეთ, გადაიღეთ ფოტო, გაიცინეთ, გააცინეთ სხვები და იცოდეთ, რა მაგარ საქმეს გააკეთებთ ამით’‘.
აქციაში მალევე ჩაერთო ათასობით ადამიანი და რამდენიმე მსხვილი კომპანია. გთავაზობთ ინტერვიუს ,,წითელი ცხვირის დღის’‘ ერთ-ერთ ინიციატორსა და ორგანიზატორ, აქციის პიარკამპანიის მენეჯერ თეონა ბაღდავაძესთან.
_ თეონა, ვისი ინიციატივა იყო ამ აქციის ,,გადმოქართულება’‘, ანუ საქართველოში მისი დამკვიდრების მცდელობა?
_ პროექტს ერთი კონკრეტული ინიციატორი არ ჰყოლია, თუმცა აკა სინჯიკაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კამპანიის აგორებაში. პროექტმა გაამართლა უამრავ ქვეყანაში და მისი საშუალებით ცნობილი ადამიანები თუ რიგითი მოქალაქეები დაეხმარნენ მილიონობით გაჭირვებულ ადამიანს. ჩვენც დარწმუნებული ვიყავით, რომ აქცია საქართველოშიც გაამართლებდა. პირადად მე, მჯერა, რომ ერთად ბევრ რამეს მივაღწევთ.
_ ანუ, მოსახლეობის ასეთ გამოხმაურებას ელოდით, ღედ Nოსე Dაყ საქართველოში უკვე პოპულარულია?
_ ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ პროექტში ხალხი აქტიურად ჩაერთვებოდა. აქცია თავისი შინაარსით ვირუსულია, მისი წინასწარ დაგეგმვა არ ხდება, რადგან ნებისმიერ ადამიანს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, დაწესებულებას, კომპანიას, მედიასაშუალებას შეუძლია შემოგვიერთდეს. მომდევნო სამი კვირის განმავლობაში უფრო საინტერესო და კრეატიულ პროექტებს შემოგთავაზებთ. შემდეგ, ყოველწლიურად უფრო გავამდიდრებთ აქციას და დავამატებთ სხვადასხვა სახალისო აქტივობას.
_ ვიცი, რომ ამ აქციაში ერთვებიან კომპანიები და ცნობილი სახეებიც...
_ დიახ, ბევრმა უკვე გამოგვიცხადა მხარდაჭერა. საგანგებო ვიდეორგოლიც გავაკეთეთ. უამრავმა ცნობილმა ადამიანმა თუ ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, გვყავს ოფიციალური პარტნიორებიც და იმედია, მეტი ადამიანი შემოგვიერთდება.
_ წითელი ცხვირის ყიდვის გარდა, რა გზითაა შესაძლებელი აქციაში ჩართვა?
_ გვაქვს ნომერი, რომელზე დარეკვითაც შესაძლებელია შემოწირულობის გაკეთება. ასევე გვაქვს საგანგებო ანგარიში, რომელიც იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და მსურველებს იქაც შეეძლებათ თანხის ჩარიცხვა.
_ ქართველი იუმორისტები თუ უერთდებიან ამ წამოწყებას, ხომ არ იგეგმება პერფორმანსის სახის იუმორისტული საქველმოქმედო ღონისძიება?
_ ჩვენი აქცია უამრავ ისეთ ადამიანს მოითვლის, რომელსაც იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს. მაგალითად, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, აკა სინჯიკაშვილი პროფესიით იუმორისტია. ამას გარდა უამრავი სხვა ადამიანიც ამ სფეროდან ჩართულია აქციაში. მაგალითად, გოჩა თანდარაშვილი, დიმა ობოლაძე... რაც შეეხება იუმორისტულ ღონისძიებას, ასეთი რამ გეგმაში გვაქვს, მაგრამ გადავწყვიტეთ, ყველაფერი პირველ წელს, ერთდროულად არ გაგვეკეთებინა. ამ ეტაპზე მთავარ აქცენტს უშუალოდ მოქალაქეების ჩართულობაზე ვაკეთებთ.
_ დღევანდელი შემოწირულობების გათვალისწინებით, რამდენად ახლოს ხართ თქვენს ერთ-ერთ მიზანთან, იყიდოთ შენობა, სადაც სულ იქნება საჭმელი, ტანსაცმელი და ნივთები მათთვის, ვისაც ყიდვის საშუალება არ აქვს?
_ კამპანია გაგრძელდება ერთი თვე. შემოსული თანხა რამდენიმე მიზნისთვის ნაწილდება, მაგრამ იმედი გვაქვს, მივაღწევთ ყველა მიზანს. თუ ასე არ მოხდა, დავგეგმავთ დამატებით აქტივობებს, რათა სპეციალური შენობის შეძენა ან აშენება, ზაფხულისთვის მაინც მოხერხდეს. პირველ ეტაპზე დამოკიდებული ვართ პარტნიორებზე, რადგან ეს ერთგვარი საექსპერიმენტო მცდელობა იყო, გვინდოდა, გვენახა, რამდენი ადამიანი ჩაერთვებოდა. თუ გაჩნდება დამატებითი აქტივობების საჭიროება, ამის მობილიზება და ორგანიზებაც საკმაოდ მარტივად შეიძლება. ამ ეტაპზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა, კარგი შედეგი მივიღეთ და ბევრი კარგი ადამიანი ჩაერთო პროექტში. დარწმუნებული ვარ, ეს კამპანია დიდხანს მოემსახურება სხვადასხვა სასიკეთო საქმეს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ
ბექა ბერულავა

back to top