სოხუმის დაცემის 29-წლიანი საიდუმლო - სკანდალური რეალობა, რომელსაც თვალს არ ვუსწორებთ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ვანო პავლიაშვილი

 

ერთ კვირაში 27 სექტემბერია - სოხუმის დაცემის დღე. ეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სევდიანი თარიღია, თარიღი, რომელიც ლამის 30 წელია, ჩვენს ცხოვრებას შავ ლაქად ატყვია. რატომ დავკარგეთ სოხუმი? - ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. კიდევ ბევრი ითქმება და დაიწერება, მაგრამ დასაბუთებულად, ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ, სოხუმის დაცემას ხელი ღალატმაც შეუწყო თუ არა. „სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში, 27 ივლისს, ორ მხარეს შორის დაიდო. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფთრებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასობრივ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.

ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები -  ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში, სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს (კოდორის ხეობის გარდა).

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი, 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა“, - ვკითხულობთ ქართულ ვიკიპედიაში.

და მაინც, რატომ დაეცა სოხუმი? - შევეცდები, ამ კითხვაზე, მეტ-ნაკლებად, ამომწურავი პასუხი შინაგანი ჯარების ყოფილი სარდლის, გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებით გავცე, რომელიც  ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში ინახება...

დაცემა

... 1993 წელი. აფხაზეთში ომი მძვინვარებს...

საქართველოს ტელევიზიის ეთერში, ფრონტის წინახაზიდან მიღებულ ცნობებს ტურისტული ბიუროების რეკლამა ცვლის... თბილისის აეროპორტი სრული დატვირთვით მუშაობს. ერთი თვითმფრინავიდან აფხაზეთში დაჭრილ-დასახიჩრებული ბიჭები ჩამოჰყავთ, მეორედან დუბაიში ნაყიდი „ტავარი“ ჩამოაქვთ...

სოხუმი მალე დაეცემა!..

... შინაგანი ჯარის დანაყოფმა, გენერალ ლანჩავას მეთაურობით, გუმისთასთან ერთ-ერთ სკოლას ალყა შემოარტყა... ტყვიამფრქვევი არ ჩერდება, მტერი დანებებას არ აპირებს... ქართველებმა მაინც ივაჟკაცეს, შენობაში შევიდნენ და... გახევდნენ: სკოლაში, თურმე, სულ ოთხი ჩეჩენი ყოფილა. ოთხივე მკვდარი იყო. ერთ ჩეჩენს, თანამებრძოლები რომ დაღუპვია და ტყვიებიც გასთავებია, ფეხზე გაუხდია და ცერი ავტომატის სასხლეტისთვის გამოუკრავს, თურმე... ქართველები მისთვის მტრები იყვნენ. მტერს კი ცოცხალი არ ჩაბარდა და ბოლო ტყვიით თავი მოიკლა!..

ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:

„... აფხაზეთის ომში, ქართველებსა და ჩეჩნებს შორის რაღაცნაირი გულმოწყალე დამოკიდებულება იყო. ისეც ხდებოდა, ქართველები ტყვედჩავარდნილ ჩეჩნებს იარაღს აჰყრიდნენ და შინ უშვებდნენ. იქითა მხრიდანაც იყო ამის მაგალითები“...

... ტამიშს აფხაზები აკონტროლებენ. ეს კი, პრაქტიკულად, სოხუმის დაკარგვას ნიშნავს. მაშ ასე, საჭიროა ტამიშის დაბრუნება!.. 1993 წლის ივნისში, შინაგანი ჯარი საბრძოლო ტექნიკის ოჩამჩირეში გადაყვანასთან დაკავშირებით ბრძანებას მიიღებს. მოგვიანებით, გელა ლანჩავას ნაწილს ლოთი ქობალიას, „მხედრიონისა“ და 24-ე ბრიგადის მეომრები შეუერთდებიან. საგანგებო თათბირზე გელა ლანჩავას, ზაურ უჩაძისა და შინაგანი ჯარის პირველი ბრიგადის მეთაურის, გუჯარ ყურაშვილის გეგმას განიხილავენ, რომლის თანახმადაც, ჯარის გადაჯგუფება უნდა დაიწყოს და შეტევითი ოპერაციები მომზადდეს.

ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:

„... კარგად გვესმოდა, რა მნიშვნელოვან საქმეს ვიყავით შეჭიდებულნი და ძალ-ღონის უკიდურესი დაძაბვით, თავდაუზოგავად ვიშრომეთ. შეტევაში, შინაგანი ჯარის გარდა, მონაწილეობა უნდა მიეღო „მხედრიონს“, გვარდიას - ჯემალ ჭუმბურიძის მეთაურობით და ლოთი ქობალიას ნაწილებს. ეს უკანასკნელი ზღვის სანაპირო ზოლიდან უნდა მოგვხმარებოდა. სიმართლე გითხრათ, ქობალიას იმედი არ მქონდა, თუ რატომ, ამასაც მოგახსენებთ: ტამიშის შესასვლელთან, „პიტომნიკი“ იყო, სადაც აფხაზები იყვნენ განლაგებულნი. მძიმე ტექნიკის დასაცავად ცოცხალი ძალა არ გვყოფნიდა. ქობალიამ 70 კაცით დახმარება აღგვითქვა, მეტი არ მყავსო. სინამდვილეში კი, როგორც შემდეგ გაირკვა, 250 კაცზე მეტი ჰყავდა... „პიტომნიკის“ კედლები, პირველმა, ჭუმბურიძის ტანკებმა შეანგრიეს და ამით ჩემს ნაწილებს გაუხსნეს გზა. ძალზე ივაჟკაცა „მხედრიონმაც“. რაც შეეხება შინაგან ჯარს, მის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ თქვა, ეს კარგად ორგანიზებული, ჭეშმარიტი მეომრებითა და სერიოზული ხალხით დაკომპლექტებული ჯარიაო... ასე რომ, ტამიში დავიბრუნეთ“...

... ქალაქში შესული ქართველები საშინელი სურათის მოწმენი გახდებიან: ქუჩებში სისხლის გუბეები დგას, მიწა გვამებითაა დაფარული. დახოცილთა უმრავლესობა ქართველია... უდავოა, ქართველებმა უშეღავათო ბრძოლა გადაიტანეს!.. ერთ-ერთ „ბლინდაჟში“ ლანჩავა თვალს ზიჩისეულ „ტარიელისა და ვეფხის ბრძოლას“ მოჰკრავს.

- ნეტავ, ეს ნახატი ბიჭებს ვინ მისცა? - გაიფიქრებს გენერალი და გული სიამაყით აევსება.

ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:

„... შეტევის წინ, ერთი საოცრება მოხდა: ჯარისკაცებთან ერთად, ქუჩაში, შიშველ მიწაზე მეძინა. დილით, თვალი რომ გავახილე, პირველი, რაც დავინახე, ეს იყო ხის ფოთლებში, მზის სხივებით „მოქარგული“ ჯვარი, უზარმაზარი, ცეცხლისფერი ჯვარი. გავოგნდი. ღვთის მიერ მოვლენილ სასწაულად მივიჩნიე. მაშინვე ვიდეოკამერით გადავაღებინე. არ ვიცი, შემთხვევითობა იყო ეს, თუ მართლაც სასწაული, მაგრამ ფაქტი ერთია: იმ დღეს, ტამიშის ბრძოლაში ჩემი არც ერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა!“

... ტამიშის ბრძოლისთვის გელა ლანჩავას ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი მიენიჭება. 1993 წლის ივლისის ბოლოს, გენერალი თბილისში დაბრუნდება... 8 აგვისტოს, დილის 04.00 საათზე, ლანჩავას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით მგელაძე სამთავრობო ტელეფონით დაურეკავს და აცნობებს, რომ 08.00 საათზე შევარდნაძესთან უნდა იყოს. საგანგებო თათბირზე, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი, თემურ ხაჩიშვილი და დავით მგელაძეც ესწრებიან, შევარდნაძე ლანჩავას შს მინისტრის მოადგილის პოსტს შესთავაზებს. იმავე დღეს, შინაგანი ჯარის სარდლად გენერალ-მაიორი ჩიქოვანი დაინიშნება. მერე, წლები რომ გავა, გელა ლანჩავა მემუარებში დაწერს:

„... გულსატკენია, როცა ვინმე, პირადი მტრობის საფუძველზე, საქვეყნო საქმეს აფუჭებს. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: 1992 წლის ოქტომბერი იდგა. აფხაზეთში ომი მძვინვარებდა. მთავრობაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. შუა თათბირზე, ძალზე გაჯავრებულმა ბატონმა ედუარდმა რაღაც ფურცელი გამომისრიალა მაგიდაზე და დააყოლა, გელა, ამ ამბებს ბოლო აღარ უნდა მოეღოს? ფურცელს დავხედე. ეს იყო ცილისმწამებლური, იოტისოდენა სიმართლეს მოკლებული დასმენის ბარათი, რომელშიც ეწერა: „შინაგან ჯარში კვლავაც არიან ექსპრეზიდენტის მომხრეები. ისინი, სამხედრო გადატრიალების მიზნით, უფროსი ლეიტენანტის, ვლადიმერ ოსიშვილისა და ლეიტენანტის, გია კუხიანიძის ხელმძღვანელობით, აყალიბებენ დაჯგუფებას“. საოცრად გავბრაზდი და ასე გაფიცხებულმა სახელმწიფო მეთაურს ვუთხარი: ამის დამწერი ან პროვოკატორია ან უცოდინარი, რადგან აქ დასახელებული ორივე პიროვნება 16 აგვისტოს, ომის დაწყებისთანავე დაიღუპა-მეთქი. ბატონ ედუარდს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ჩაიცინა“...

... 1993 წლის 27 სექტემბერი, ამ დღეს სოხუმი დაეცემა!..

გელა ლანჩავას მემუარებში სოხუმის ბრძოლებზე არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ, გენერალი აფხაზეთის ომის წაგებად, პირდაპირ თუ ირიბად, ღალატს მიიჩნევს. მემუარებში ბატონი ლანჩავა ომის გამომწვევ მიზეზებზეც საუბრობს:

„... ერთ-ერთი ვერსიით, ომი პროვოკაციამ გამოიწვია. არძინბამ შინაგან ჯარს, ჩემი მეთაურობით, რკინიგზებისა და ავტომაგისტრალების დაცვის მიზნით, აფხაზეთში შესვლის ნებართვა მისცა. ამის შესახებ, რაღა თქმა უნდა, ყველამ, მათ შორის, ექსპრეზიდენტის მომხრეთა იმ დიდმა ნაწილმაც შეიტყო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა და დივერსიულ აქტებს აწყობდა. მაპატიოს ღმერთმა, მაგრამ იქნებ, მართლაც, ისევ ჩვენმა გაბოროტებულმა სისხლმა და ხორცმა ააგიზგიზა ომის ცეცხლი? მით უმეტეს, რომ აფხაზეთის მკვიდრმა ერთმა ერთმა ქალბატონმა, რომელსაც სოფელ ოხურეისთან შევხვდით, გვითხრა: რატომ ესვრით, შვილო, ერთმანეთს, იქითაც ხომ ქართველები არიანო. იგივე გაიმეორა პირველი ბრძოლის მონაწილე რამდენიმე რიგითმა ჯარისკაცმა და ოფიცერმაც. მე კი მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რაც საკუთარი თვალით ვიხილე: ცხინვალში დისლოცირებული სოხუმის ბატალიონი, სოსო ახალაიას მეთაურობით, სოხუმში, თავისი დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა. სოფელ ოხურეისთან, მათ აფხაზმა ექსტრემისტებმა ცეცხლი გაუხსნეს და ამან გამოიწვია ომი, ომი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო!“

მერე, წლები რომ გავა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გია ყარყარაშვილი იტყვის: „აღმოვჩნდით მიამიტები, ვერ გავითვალისწინეთ, რომ ომისთვის, ბრძოლის გარდა, დამახასიათებელია მზაკვრობა, სიტყვის გატეხა, ხელშეკრულების დარღვევა... სამწუხაროდ, ამას ძალიან გვიან მივხვდით“...

მივხვდით? - ეს რიტორიკული კითხვაა. ისე, მხოლოდ აფხაზეთის ომში კი არა, მთელი ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ძირს, სწორედ მოღალატეები და მტერთან „მოკურკურე“ ქართველები უთხრიდნენ. სამწუხაროდ, დღესაც ასეა... არადა, დიდი კონსტანტინესი არ იყოს, სიმთვრალეში კარგი რიტორები ვართ... დიახ, ბატონებო, ჩვენში მხოლოდ ე.წ. სუფრის კი არა, პათეტიკური პატრიოტიზმიც სჭარბობს. ასე, მაგალითად, შეგვიძლია, დიდგორის „ძლევაი საკვირველი“ რამდენიმე ასეული წლის მერეც ზარ-ზეიმით აღვნიშნოთ. იმ 13-თვიან ომზე კი, რომელიც ახლახან იყო და 30 ათასი ეთნიკური ქართველი შეიწირა, ხოლო 250 000 - დევნილად აქცია, თვალი დავხუჭოთ. მეტიც, ჩვენში ისეთებიც არიან, რომლებიც ოკუპანტი რუსეთის ქება-დიდებაში აღამ-ათენებენ და პოლიქრონიონს უმღერიან!

რას ვიზამთ, ეს ჩვენი რეალობაა, რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ...