Menu
RSS

რა მისცა საქართველოში სტუმრობამ სინდი მერსკის

გლობალიზაციას ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა არსებობს პროფესიები, რომლებისთვისაც გლობალიზაცია ერთმნიშვნელოვნად დადებითია. ასეთ პროფესიათა რიცხვს განეკუთვნება, მხატვარი, რომელიც ახალ-ახალ ემოციებს ეძიებს, რადგან ერთფეროვნებაში მისი გენია კვდება. „ვერსია“ ცნობილ კანადელ ფერმწერ სინდი მერსკის ესაუბრა, რომელმაც პროექტში _ „ხატე საქართველოსთვის“ მიიღო მონაწილეობა.
_ კონცეპტუალიზმისა და გლობალიზაციის ეპოქა, როცა საჭირო არაა, რომელიმე მიმდინარეობას ეკუთვნოდე, მხატვარს შესაძლებლობას აძლევს, მეტი ნახოს და ყველაფერი ეს თავის შემოქმედებაში ასახოს. ასეა, არა?
_ დიახ, ასეა. ახლა შეზღუდვები საერთოდ არ არსებობს ან ძალიან მცირეა და მხატვარსაც შეუძლია, თავი ნებისმიერი ფორმით გამოხატოს. დღეისთვის, ნამუშევრები მხოლოდ ორი სტანდარტული კომპონენტისგან _ ტილოსა და საღებავებისგან კი არა, ბევრი სხვა დეტალისგანაც, მათ შორის, ელექტრონული და კომპიუტერული მედიისგანაც შედგება. შემოქმედ ადამიანებს შეუზღუდავი საკომუნიკაციო „ენები“ აქვთ, რომ თავიანთი სამყარო დაინახონ და დამთვალიერებელსაც საკუთარი ინტერპრეტაცია შესთავაზონ. გლობალიზაციამ მხატვრებს მსოფლიოს ნებიესმიერი ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირება გაუადვილა. საერთოდ, არავერბალური კომუნიკაციის უნარი, რომელსაც მხატვარი ფერის, კონტურებისა და ფორმის შექმნის სახით ფლობს, გაცილებით უფრო მძლავრი და ეფექტურია ემოციების და იდეების გადმოცემის მხრივ, ვიდრე დაწერილი, ან ნათქვამი სიტყვებით შემდგარი კონტაქტი.
_ ქალბატონო სინდი, მოგზაურობა თქვენთვის რას ნიშნავს?
_ ოც წლამდე კანადის საზღვრებს მოშორებულიც არ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ბებიაჩემი და ბაბუაჩემი კანადაში აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოვიდნენ, ჩემს მშობლებს, ჩრდილოეთ ამერიკის გარდა, არსად უმოგზაურიათ _ ვფიქრობ, მათ არ გაუმართლა. მოგზაურობა ადამიანს სხვადასხვა ხალხის გაცნობის საშუალებას აძლევს, რომელსაც სხვა გზით ვერასოდეს შეხვდება. დიახ, მოგზაურობა შანსია, რომ თუნდაც მცირე ხნით, ახალ კულტურაში ჩაიძირო, ახალი გემოები, სუნი, ბგერები და სანახაობები აღმოაჩინო. მოგაზურობა გეხმარება, უკეთ გაიგო, რომ ხალხი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე _ პოლიტიკა და მოგზაურობით იმასაც გაიაზრებ, რომ ძირითად საკითხებში ხალხებს შორის მეტი მსგავსებაა, ვიდრე _ განსხვავება.
_ მხატვრისათვის მოგზაურობა გადამწყვეტია თუ უფრო მნიშვნელოვანი შიდა, ინტროვერტული თავგადასავალია, რომელიც თავის შეცნობას გულისხმობს?
_ საკუთარი გამოცდილებით ვიტყვი, რომ სხვა ქვეყნებში მოგზაურობა შემოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენს, მიუხედავად იმისა, რომ აბსტრაქციებზე ვმუშაობ და არა _ ფსიქოდელიურ მიმართულებებზე. ნამუშევარი, რომელსაც ვქმნი, პირადი ემოციისა და თავგადასავლის შედეგია. ჩემი ქვეცნობიერი მოგზაურობის გავლენას ფერებსა და ხაზებში ხედავს. მჯერა, რომ ყველა ის ადგილი, რომელსაც ვეწვევი, ჩემში მეტ შინაგან ლოკაციას აჩენს და ამით საკუთარ შემოქმედებას უფრო საინტერესოს ვხდი.
_ თქვენი შემოქმედებითი მრწამსი რა არის?
_ ჩემი ნახატები ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა მაგალითად, რელიგია, სიზმარი, ქვეყნების გარდამავალი პერიოდები, ადგილები და მივიწყებული მოგონებები. ჩემი ახლანდელი შემოქმედება დეკოლაჟს მოიცავს ანუ ჟურნალ-გაზეთებსა და წიგნებიდან ამოხეულ გვერდებს ვიყენებ, რომლებსაც აკრილის საღებავის სველ ფენებშუა ვათავსებ. მოგვიანებით, ამას ვხევ, რათა დამთვალიერებელმა დაინახოს, მის ქვეშ რა არის. ის, რაც თავიდან ფერისა და ტექსტურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მალე გახეული ნარჩენების კარნავალად იშლება. ეს პროცესი არარსებულის შეგრძნებას ტოვებს და რაღაც ახლის დასაწყისის შესაძლებლობას იძლევა. ყველაფერ ამას ისე აღვიქვამ, როგორც მეტაფორას დროზე. ჩემი ნამუშევრები ცვლილებისა და განახლების დოკუმენტებია.
_ თქვენთვის მთავარი რა არის _ ფორმა, ფერი თუ იდეა?
_ მზა იდეით მუშაობას არასდროს ვიწყებ. ნამუშევარს ნებას ვაძლევ, მესაუბროს... ნახატში უამრავ ფერს ვიყენებ. ფორმა არცთუ მნიშვნელოვანია, თუმცა ტექსტურა მიყვარს.
_ ხელოვნება უკეთესი სამყაროსკენ სწრაფვაა თუ ობიექტური ფენომენი, რომელმაც რეალობა უნდა აირეკლოს?
_ ხელოვნების მისწრაფება მნახველისთვის პოზიტიური მუხტის გადაცემა უნდა იყოს. ჩემი ნამუშევრები იმ რეალობის აბსოლუტური ანარეკლია, რომელშიც ვცხოვრობ, თუმცა ვიმედოვნებ, ისინი იმ აბსტრაქტულ ცნებებს გადმოსცემენ, რომლებიც თითოეულ დამთვალიერებელში ინდივიდუალურ გამოძახილს პოულობს. შესაძლოა, ნახატმა მნახველს რაღაც მოაგონოს, ან რაღაც ახალი აჩვენოს, რაც შთააგონებს, რომ სამყარო ცოტათი განსხვავებულად დაინახოს.
_ საქართველოში ვიზიტმა რა მოგცათ?
_ საქართველოში სტუმრობა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება იყო. იმ ხალხზე, ვისაც ამ პროექტის ფარგლებში შევხვდი _ ქართველებსაც და არაქართველებსაც, ასევე, მათ კულტურაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ. ჩვენი კულტურების, ცხოვრების და ხელოვნების გაზიარებამ გამიძლიერა აზრი, რომ ჩვენ, ყველანი ერთ „ენას“ ვიზიარებთ, რომელიც ძალიან ძლიერი და ლამაზია. ამ პროექტის ერთადერთი ინგლისურენოვანი მონაწილე ვიყავი, თუმცა ამის გამო დაბრკოლება არ შემქმნია, რომ დანარჩენებისთვის საკუთარი იდეები, ტექნიკა და გამოცდილება გამეცნო. ასევე, მქონდა შესანიშნავი შანსი, ვწვეოდი ეროვნულ მუზეუმს, ეროვნულ გალერეას და თბილისის სამხატვრო სკოლას. საქართველოში შემოქმედებითობის დიდი ისტორია და სიღრმე აღმოვაჩინე, რაც ჩემი შემოქმედებითი მხარისთვის ძალიან პოზიტიური გამოცდილება იყო.
სხვათა შორის, საქართველოში ძალიან დიდი ტილო _ „გასაყიდი მოგონებები აღარ დამრჩა“ შევქმენი, რომელიც ამჟამად მცხეთის კოლექციაში ინახება. ამ ნახატის დახატვა იმ მძიმე წლებზე სევდიანმა ამბავმა შთამაგონა, როცა ქართველები იძულებულნი გახდნენ, ყველაფერი, რაც ებადათ, გაეყიდათ...
მაკა ლომაძე

back to top