Menu
RSS

ინტერვიუ გრაფიკულ დიზაინერ ბექა ბერიძესთან

გიფიქრიათ იმაზე, რამდენად მხატვრულია ქართული სიტყვები და რამდენად შეუძლია ფორმებით შინაარსის ასახვა? გრაფიკული დიზაინერი ბექა ბერიძე სწორედ ამ თემაზე დაფიქრდა და თეორია პრაქტიკაში გადაამოწმა, მიღებული შედეგები კი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. „სიტყვა ,,ნაყინის'' შემთხვევაში ასო ,,ყ'' მართლაც ნაყინს ჰგავს, სიტყვა ,,ყავის'' შემთხვევაში ,,ყ'' ფინჯანს დაემსგავსა, ხოლო სიტყვა ,,ამწე'' ისეა გაფორმებული, რომ ნამდვილი ამწე დაგიდგებათ თვალწინ'', _ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აღმოჩენებისა, რომელსაც ბექამ მიაგნო, სრულ ჩამონათვალს კი ნათელი თანდათან, სოციალური ქსელის დახმარებით ეფინება.
როცა კორეელი დიზაინერის, ჯი ლის ნამუშევრებს გაეცნო და ნახა, რომ ლათინური ასოების გამხატვრულებით ინგლისური სიტყვების ილუსტრირება ძალიან საინტერესო პროცესი იყო, გადაწყვიტა ეს მეთოდი ქართულ ენაშიც გამოეცადა და შეიძლება ითქვას, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. გთავაზობთ ინტერვიუს თემატიკით ქართულ სივრცეში უანალოგო პროექტის ავტორ ბექა ბერიძესთან.
_ ვიცი, რომ კორეელი დიზაინერი იქცა შენი შთაგონების წყაროდ და ქართული სიტყვების ილუსტრირება მისი ნამუშევრების გავლენით გადაწყვიტე. რა სიტყვა დახატე პირველად და რა დასკვნები გამოიტანე დასაწყისში? მიხვდი. რომ ეს საქმე გამოგივიდოდა?
_ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც გავაფორმე, მგონი, „ყავა“ იყო. მივხვდი, რომ გამოდიოდა ჩანაფიქრი _ სიტყვებით დახატვა, ამიტომ გავაგრძელე. თუმცა მსგავს შედეგს არ ველოდი, ბევრ ადამიანს მოეწონა.
_ რამდენად მხატვრულია ქართული სიტყვები, იძლევა თუ არა მანევრირებების საშუალებას?
_ თავიდან მეგონა, ქართული ასოები, ლათინურთან შედარებით, მეტ სირთულეს შემიქმნიდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა... პირიქით, კარგი სამუშაოა და უამრავ ვარიანტსაც იძლევა, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ქართული ასოებით, სიტყვებით, შედეგი კი სილამაზით ლათინურს სულაც არ ჩამოუვარდება.
_ თუ შეგხვედრია ისეთი სიტყვა, რომლის ილუსტრირებაც მოინდომე, მაგრამ ძალიან ბევრი გაწვალა და ვერ მოახერხე?
_ სავარაუდოდ კი, მაგრამ ახლა არ მახსენდება. ზოგჯერ, რომელიმე სიტყვის გაფორმება მინდა, თუმცა ვხვდები, ისეთი არ გამომდის, როგორიც ჩაფიქრებული მაქვს, ამიტომ თავს ვანებებ. ისეთი შემთხვევებიც მახსენდება, როცა ხელი ჩავიქნიე და მოგვიანებით მომივიდა სულ სხვანაირად შესრულების იდეა, რისი დამსახურებითაც შედეგი კარგი გამოვიდა. შეიძლება იდეა დღეს არ მოვიდეს, მაგრამ ხვალ სიტყვას სხვანაირად შევხედო, სხვანაირად მივუდგე და შედეგიც მივიღო.
_ ამ ეტაპისთვის შენი ნამუშევრებიდან რომელმა ილუსტრაციამ შეძლო, სიტყვის შინაარსთან იდეალური თანხვედრა?
_ აი, ჩემი ბოლო ნამუშევარი, რომელსაც პირობითად „+18“ დავარქვი, მგონი, კარგად შეესაბამება შინაარსს _ ეს არის სიტყვები „ქალი“ და „კაცი“ შესაბამისი გაფორმებებით.
_ სიტყვებს ალბათ აქტუალობისა და იმის მიხედვითაც არჩევ, რამდენად ხშირად გხვდება ყურში. დღეს რომ გადაწყვიტო და ილუსტრირებას შეუდგე, როგორ გგონია, რომელი სიტყვები ამოგიტივტივდება გონებაში?
_ ძირითადად, იდეები სპონტანურად მომდის ხოლმე, ალბათ იმის მიხედვით, რა ილექება მეხსიერებაში. ასე, წინასწარ რომ გადავწყვიტო, მოდი დავჯდები და გავაკეთებ-მეთქი, გამიჭირდება. თუ რამე გამახსენდება, ვინიშნავ, რათა მოგვიანებით დავამუშაო. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, დიდი ხანია, ამ მიმართულებით ახალი არაფერი გამიკეთებია და რასაც ამჟამად თანდათან ვდებ Fაცებოოკ-ში ყველაფერი ერთ დროს არის გაკეთებული. თავისუფალ დროს ალბათ ჩავუჯდები და გავაკეთებ ახალ სერიას. თავისუფალი მუშაობა მომწონს, შეკვეთების კეთება არ მიყვარს. მქონია შემოთავაზებები და თხოვნა, დამეხატა ესა თუ ის სიტყვა, მაგრამ ვერ ითვალისწინებენ, რომ ყველა სიტყვის დახატვა არ შეიძლება.
_ ,,იარე ნელა“, „ჩააგდე“, „წერე ქართულად“... კიდევ თუ იყო მსგავსი სოციალური აქციები, რომლის ლოგოც შენი სტილით შექმენი და შენი აზრით, სათქმელის კრეატიულად მოწოდება ეფექტისათვის რამდენად მნიშვნელოვანია?
_ „ჩააგდე“ _ უშუალოდ ჩემი მოფიქრებული პოსტერია, დანარჩენი ორი დაკვეთა იყო. იდეა იმიტომ გამიჩნდა, რომ საქართველოში ურნაში ნაგვის ჩაგდების კულტურა სათანადო დონეზე არ არის განვითარებული და ეს ჩემი ერთგვარი გამოხმაურება იყო ამ პრობლემისადმი. კრეატიულად შეფუთვას რაც შეეხება, უფრო სახალისოა, მეტადაც გამახსოვრდება და შესაბამისად გავლენაც იზრდება.
_ რომელ მწვავე სოციალურ პრობლემაზე იმუშავებდი საკუთარი ინიციატივით?
_ დღეს თბილისში არსებულ პრობლემათაგან საცობი მახსენდება, თუმცა არ ვიცი, ერთსიტყვიანი პოსტერი რამდენად ამოწურავს ამ პრობლემას (იცინის).
_ რამ გამოიწვია შენი ნამუშევრების ასეთი გაპოპულარულება და დადებითი შეფასებები?
_ ვერ გეტყვი. ალბათ იმან რომ სახალისოა, ხალხს მოსწონს. ბევრს ამოკითხვის „მუღამიც“ აქვს, როცა ზოგიერთი სიტყვის ილუსტრაცია ცოტა რთულად გასაშიფრია.
_ კრიტიკული შეფასებებიც თუ მოგხვდა თვალში?
_ სერიოზული არაფერი. აი, „ქალისა და კაცის“ პოსტერის კომენტარებში მოვკარი თვალი ერთ-ერთ ნეგატიურ შეფასებას, „გენდეროფობი“ მიწოდა ავტორმა, მგონი. ეს ჩვეულებრივი ქართული ფენომენია, როცა დაბოღმილი ადამიანები უარყოფით შეფასებებს უკეთებენ ყველაფერს და ამას შეჩვეულიც ვარ, რადგან მათზე რომ იფიქრო, მაშინ საერთოდ არაფერი უნდა გააკეთო ამ ქვეყანაში.
ბექა ბერულავა

PDF

<<<წინა ნომერი მომდევნო>>>

დაბრუნება დასაწყისში