Menu

რა მდგომარეობაშია ტაო-კლარჯეთის ძეგლები, რა მიზნით ერთიანდებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და რატომ შურს ქართველების თურქეთის ელჩს

ეროვნულ ბიბლიოთეკაში არასამთავრობო ორგანიზაციის „დიპლომატები კულტურისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების თანაორგანიზატორი საქართველოში თურქეთის საელჩოც იყო, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უშუალო პატრონაჟით. არასამთავრობოს მიზანია ქართული კულტურის მხარდაჭერა, პოპულარიზაცია, პლატფორმის შექმნა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისთვის, სადაც საელჩოების კულტურის ატაშეებთან ერთად დაგეგმავენ და განახორციელებენ კულტურულ ღონისძიებებს, მათში კი ქართველ არტისტებსაც ჩართავენ. ახალი ინიციატივის შესახევ, „ვერსია“ საქართველოში თურქეთის ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს ესაუბრა.
_ ,,დიპლომატები კულტურისთვის'' _ ამ ახალი წამოწყებისგან რა მოლოდინი გაქვთ?
_ საქართველოს იმდენად მდიდარი და მჩქეფარე კულტურული ცხოვრება აქვს, რომ ჩვენ, დიპლომატებს, საკმაოდ გვიჭირს, ფეხი ავუბათ. ქართული კულტურა უნიკალური და მომაჯადოებელია. მას პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით სჭირდება. თქვენი საუკეთესო პარტნიორები ამ შემთხვევაში სწორედ საელჩოებია. ამ ორგანიზაციის მიზანია, დიპლომატები და არტისტები გააერთიანოს პირველ რიგში იმისთვის, რომ ერთმანეთი გავიცნოთ, შემდეგ კი, დაგვეხმარონ ქართული კულტურის ჩვენს ქვეყნებში პოპულარიზაციაში. თუ მეცოდინება, კულტურის ამა თუ იმ სფეროში ვინ მოღვაწეობს და რას წარმოადგენს საქართველოში, შემდგომში შემეძლება მათი დახმარება. შესაძლებელია, ქსელიც შეიქმნას. მაგალითად: ამა თუ იმ გამოჩენილ ქართველ ხელოვანს ჯერ თურქეთში გამგზავრებაში დავეხმარებით, მერე კი საბერძნეთშიც გავაცილებთ, ან პირიქით. ეს არაჩვეულებრივი იდეაა, რადგან კულტურისა და ხელოვნების სფეროში, საქართველოს მართლაც ბევრი რამ აქვს სხვებისთვის შესათავაზებელი. მაგალითად, ნიკოლოზ რაჭველი და ეს შესანიშნავი ორკესტრი, რომელმაც პრეზენტაციაზე დაუვიწყარი კონცერტი შემოგვთავაზა, ნათელი მაგალითია, რატომ გვინდა საქართველოსთვის კულტურის „სახლის“ მოძიება. ორგანიზაცია ქართულია და ქართველები უდგანან სათავეში, მაგრამ ჩვენ ჩაბმულები ვიქნებით სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში. როცა სამუშაო ჯგუფი შედგება, იდეების გენერირება მოხდება და შევჯერდებით საუკეთესო წინადადებებზე. თურქეთის გარდა, უკვე საბერძნეთი, პოლონეთი და ლიტვაც ჩართულია.
_ თუკულტურის ირგვლივ ერთიანდებით, რას იტყვით ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ამჟამინდელი ართვინის პროვინციაში მდებარე ქართული კულტურის ძეგლებზე? მათი რეაბილიტაციის პროცესი რა ეტაპზეა?
_ უახლესი ინფორმაცია ჩემთვის უცნობია, თუმცა საკმაო ხანია, ეს პროცესი მიმდინარეობს და ორივე მხარე ჩართულია. რესტავრაციის პროცესში, ქართველი ექსპერტები თურქეთში ჩადიოდნენ და კულტურის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. როგორც ვიცი, იშხნის რეაბილიტაციის დასრულებას მალე გამოვაცხადებთ. შემდეგ ეტაპზე, დღის წესრიგში ოშკი დადგება. ამ ეკლესია-მონასტრებს აღვიქვამთ, როგორც საერთო მემკვიდრეობას და მათი აღდგენა ძალიან გაგვახარებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ პირვანდელი სახე შევუნარჩუნოთ. ბრწყინვალე თანამშრომლობა შედგა და გვინდა კავშირი უფრო გავაღრმავოთ.
_ ზოგადად, რამდენად მყარია ქართულ-თურქული ურთიერთობები, თუნდაც კულტურის მიმართულებით?
_ ჩქარი ტემპით ვითარდება... დიდი ხანია ორმხრივ კულტურულ კავშირებს საფუძველი ჩაეყარა, რადგან ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს. შარშან, როცა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო დავაარსეთ, ვფიქრობ, ახალი სოლიდური ჩარჩო შევქმენით და ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მივეცით. გაზაფხულის დასასრულს, ან ზაფხულის დასაწყისში, საბჭოს შემდგომი შეხვედრა თბილისში გაიმართება. ეს შეხვედრებიც გაამყარებს ბევრ იმ პროექტს, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ. პერსპექტივაში იმედისმომცემი და ძლიერი კავშირები იკვეთება, რაც ძალიან მახარებს.
_ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო. ამის შემდეგ რა შეიცვლება ჩვენს ურთიერთობებში?
_ გვშურს თქვენი... თურქეთი დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობს. იმედი გვაქვს, მალე ჩვენი ქვეყანაც ისარგებლებს უვიზო მოგზაურობის ნებართვით ევროკავშირის მასშტაბით. ძალიან გვახარებს საქართველოს წარმატება ამ მიმართულებით. ის ნამდვილად იმსახურებდა ამას, და ამაზე ადრეც, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
_ ტერაქტებზეც უნდა გკითხოთ. თურქეთში მათი გახშირების გამო, ტურიზმის თვალსაზრისით პრობლემები თუ იქმნება?
_ არც ერთი ქვეყანა დაზღვეული აღარ არის. ტერაქტები ხდება საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში... სამწუხაროდ, თურქეთი სხვებზე მეტად დაზიანდა და უფრო ხშირად გახდა ექსტრემისტების სამიზნე. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ტურისტებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს გადაადგილება. სტამბოლის აეროპორტში, უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზეა. ვფიქრობ, როგორც ადრე, ახლაც შეგიძლიათ, კომფორტულად იმგზავროთ და თურქეთის მშვენიერი ადგილებით დატკბეთ.
მაკა ლომაძე

back to top