დიდი შვიდეული უკრაინას 18 მილიარდ დოლარზე მეტს გამოუყოფს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი შვიდეულის ფინანსური ლიდერები უკრაინისთვის 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, რათა დაეხმარონ უკრაინას მომდევნო თვეებში გადასახადების გადახდაში. მათ განაცხადეს, რომ მზად არიან გვერდში დაუდგნენ კიევს რუსეთთან ომის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში მეტი დახმარებაც მიაწოდონ. 

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას მთელი ომის განმავლობაში და ომის შემდეგაც. მზად ვართ გავაკეთოთ უფრო მეტი, საჭიროების შემთხვევაში". - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

დიდი შვიდეული მიესალმა ევროკომისიის წინადადებას ასესხოს უკრაინას 9 მილიარდი ევრო და აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია გეგმავენ დაეხმარონ უკრაინას 3,4 მილიარდი დოლარის ოდენობით. მაგრამ განცხადებაში არ იყო ნათლად ნათქვამი, ეს თანხები იქნება 18,4 მილიარდი დოლარის ნაწილი თუ დამატებითი დახმარება.

ხუთშაბათს, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს, ხოლო იაპონიამ პირობა დადო, რომ გააორმაგებს უკრაინის დახმარებას 600 მილიონ დოლარამდე, რათა დაეხმაროს უკრაინას უახლოესი საჭიროებების დასაფარად.

უკრაინის შეფასებით, რუსეთის მიერ ყოველდღიური ნგრევის მიუხედავად, მას თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი სჭირდება საჯარო მოხელეების ხელფასების გადახდისა და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად. 

"მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შემოგვიერთდნენ უკრაინის რეკონსტრუქციის გრძელვადიან პროცესში და უზრუნველყონ ერთობლივი ძალისხმევა, უკრაინის ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად". - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.