SOS! „პიროტექნიკა გვერდზე მდგომ ადამიანს რომ მოხვდეს, ეს ცეცხლსასროლი იარაღით სროლას უტოლდება“ - გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საახალწლო დღეებში დამწვრობის ცენტრმა 30-მდე პაციენტი მიიღო, წინა წლებთან შედარებით მომართვიანობა შემცირებულია, თუმცა სხვადასხვა კლინიკას არაერთმა დაზარალებულმა მიმართა – პრობლემაზე, რომელიც წლებია, საქართველოში გადაუჭრელად იქცა, „ვერსია“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, გუგა ქაშიბაძეს დაუკავშირდა:

-ბატონო გუგა, რამდენი ადამიანი დაშავდა წელს და რა სახის დაზიანებები მიიღეს პიროტექნიკისგან?
-დაახლოებით 30-მდე პაციენტმა მოგვმართა დამწვრობის ცენტრში. აქედან ორს დასჭირდა სტაციონალური დახმარება - 28 და 9 წლის ბიჭებს, რომლებსაც სახე ჰქონდათ დამწვარი. დანარჩენი შემთხვევები შედარებით მსუბუქი იყო, ასევე შედარებით შემცირებულია შემთხვევები, მაგრამ მარტო დამწვრობის ცენტრში არ ხვდებიან ასეთი პაციენტები, სხვადასხვა კლინიკაში თვალის დაზიანებით, ჭრილობებით, ამპუტაციით, თითებით და ა.შ.

- კიდევ რა სახის დაზიანება შეიძლება, მიიღოს ადამიანმა პიროტექნიკის გამოყენებით?
- მსოფლიოს სტატისტიკის მიხედვით, 46% ზიანდება მარჯვენა მტევანი, 17% სახე, ასევე 17% თვალი, შემდეგ მოდის მარცხენა ზემო კიდური და ქვემო კიდური.

-როგორ უნდა გამოვიყენოთ ფოიერვერკი და რა უნდა გავაკეთოთ, თუ აფეთქების შედეგად მივიღეთ დაზიანება?

-ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ. ეს არ არის უსაფრთხო, რაც არ უნდა იყოს დაცული, გარკვეული ხიფათის შემცველია. ეს არ არის სათამაშო და გასართობი, რომელსაც ოჯახში მამა მიუტანს ბავშვს. ახალ წელს ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში არის აკრძალული, მოქალაქეს კი არა, თვითონ პიროტექნიკოსებსაც ეშლებათ და სხვადასხვა დაზიანებას იღებენ. ჩვენთან კანონმდებლობით აკრძალულია ბავშვებისთვის მიყიდვა, მაგრამ როგორ მუშაობს კანონი, ეს მეორე საკითხია. მე ვარ მომხრე, რომ საერთოდ აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება. დაზიანებას რაც შეეხება, გააჩნია, როგორ დაზიანებას მიიღებენ, თუ ჭრილობა და სისხლდენაა, სხვანაირი დახმარება სჭირდება, დამწვრობას - სხვანაირი და ა.შ.

-არის თუ არა ფოიერვერკის სახეობა, რომელიც მეტად საზიანოა?
-რაც არ უნდა უსაფრთხო და იაფი ღირდეს, არასწორი, მითუმეტეს ბავშვის მიერ გამოყენების შემთხვევაში, სახიფათოა. აქ განსხვავება ძვირსა და იაფს შორის არ არის. მაშხალა, რომელიც 150 მეტრ სიმაღლეზე ადის, გვერდზე მდგომ ადამიანს რომ მოხვდეს, ცეცხლსასროლი იარაღით სროლას უტოლდება.

აღნიშნულ საკითხზე ასევე დავუკავშირდით შსს-ს, რათა გაგვერკვია, როგორ ხდება პიროტექნიკის გამოყენების კონტროლი და აღიძრება თუ არა გამოძიება იმ შემთხვევაში, თუ ვინმე დაშავდა. ვესაუბრეთ შსს-ს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის წარმომადგენელ ქეთი კოვზიაშვილს, რომელმაც განგვიმარტა, რომ პიროტექნიკის შემოტანა და გაკონტროლება შსს-ს კომპეტენცია არაა. ასევე აღნიშნა, რომ თუ ადამიანი დაზიანდა, საქმე აღიძრება, ხოლო იმის მიხედვით, თუ რა სახის დაზიანეებაა, საქმე პროკურატურას გადაეცემა.

ავტორი: გვანცა პეტრიაშვილი