რა საფრთხეს შეიცავს „შილაკი“ - ინტერვიუ დერმატოლოგ ზაზა თელიასთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქალბატონების უმეტესობას მოვლილი და ლამაზი ფრჩხილები ძალიან მოსწონს, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ფრჩხილის ლაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალტერნატივა ჯანმრთელობის პოტენციურ რისკებს შეიცავს. ქალბატონების უმრავლესობა ფრჩხილის მოვლას ყოველდღიური რუტინის ნაწილად მიიჩნევს. „შილაკით“ გატაცებულ ადამიანებს ექსპერტები მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან თვლიან, რომ ლაქის აღნიშნული ნაირსახეობა ჯანმრთელობის ფარულ საფრთხეებს შეიცავს. რამდენად სახიფათოა და რა დაავადებებს იწვევს გელ-ლაქი?- ამ საკითხზე დერმატოლოგზაზა თელიას ვესაუბრეთ:

-ბატონო ზაზა, იწვევს თუ არა გელ-ლაქი რაიმე დაავადებას და ზოგადად, რა საფრთხის წინაშე შეიძლება, დავდგეთ ხშირი მოხმარების დროს?


-პრობლემა არის, რა თქმა უნდა, „შილაკი“, სამედიცინო ენაზე გელ-ლაქი ჰქვია. ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. მათშორის, უშუალოდ ფრჩხილის დაზიანება შეიძლება, განვითარდეს ხშირი გამოყენებით, თუმცა შესაძლებელია, პირველ გაკეთებაზეც კი დაემართოს ან გაკეთების და შესაძლოა მოხსნის დროსაც. როგორც შილაკის გაკეთება, ასევე მოხსნაც დიდ პრობლემას და საფრთხეს წარმოადგენს. ორივე შემთხვევაში ძალიან იმატებს ფრჩხილის დაზიანების რისკი. შესაძლებელია, განაპირობოს გელ-ლაქმა ფრჩხილის ფერის ცვლილებაც, ასევე შეიძლება დაზიანდეს მიმდებარე კანი, ანუ ფრჩხილის გარშემო მდებარე კანი, ამ შემთხვევაში იმატებს რისკი ინფექციის განვითარების, როგორიც არის ვირუსული ინფექცია მაგალითად - ჰერპესი, ასევე შესაძლებელია განვითარდეს ბაქტერიული ინფექცია, რომლის გამომწვევი, როგორც წესი, არის სტაფილოკოკია.
-რა სიხშირით უნდა წავისვათ გელ-ლაქი და რამდენ ხანს არის რეკომენდირებული, რომ გავიჩეროთ ფრჩხილზე?
-ზოგადად დერმატოლოგიური პროფილით რეკომენდირებულია, რომ საერთოდ იქნას შეზღუდული და არ იყოს გამოყენებული გელ-ლაქი. ამის მაგივრად ჩვენ მოვუწოდებთ ხოლმე ქალბატონებს, რომ გამოიყენონ ჩვეულებრივი ლაქები, რომლის წასმაც და მოხსნაც, როგორც წესი არ წარმოადგენს პრობლემას. ზოგადად რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ გელ-ლაქი იქნას გამოყენებული, არ არსებობს. ის ჩამონათვალი, რაც აღვნიშნე, თუ რა გართულებებს იწვევს გელ-ლაქი, თავიდან რომ ავიცილოთ, უმჯობესია, მოხდეს ფრჩხილის დასვენება. წლის განმავლობაში ან 4 თვის განმავლობაში უნდა დავასვენოთ ფრჩხილი, რომ მოხდეს ფრჩხილის აღდგენა და მინიმალურამდე დავიყვანოთ რისკები, თუმცა, რა თქმა უნდა, რისკები მაინც არსებობს.
-ჩვეულებრივი ლაქისგან იმით განსხვავდება, რომ ულტრაიისფერი სხივებით ვაშრობთ სწრაფად და მარტივად, ეს სწრაფი გაშრობა თუ წარმოადგებს საფრთხეს?
-არა მარტო ულტრაიისფერი სხივები, ჩვენ ვთქვით, რომ თვითონ სტრუქტურაც, როდესაც ხდება ფრჩხილზე მისი დატანება, ის უფრო მყარ მასად გარდაიქმნება და მყარი მასის შემთხვევაში ფრჩხილი გარკვეულ წილად ზიანდება. მოხსნის შემთხვევაშიც უფრო სახიფათოა, იმიტომ რომ ამას სჭირდება მექანიკურად ფრჩხილის გასუფთავება და ამ გასუფთავების დროს არის რისკი მისი დაზიანების. თქვენ ულტრაიისფერი სხივები აღნიშნეთ, რა თქმა უნდა ესეც საფრთხეს წარმოადგენს და გაშრობის პროცესიც. როდესაც ულტრაისფერ სხივებში დებენ ხელს, ამ შემთხვევაში რეკომენდაციაა, რომ ხელთათმანები იქნას გამოყენებული, ხელთათმანები, რომელიც გადაჭრილი იქნება თითის ბოლოებთან და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება უშუალოდ ფრჩხილებზე მოხდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ 100%-ით დავიცავთ ფრჩხილს და კანს, ამიტომ ზოგადი რეკომენდაცია ასეა, რომ გელ-ლაქის გამოყენება უნდა იყოს შეზღუდული.
-არსებობს თუ არა რაიმე ალტერნატივა, რომ ულტრაიისფერი სხივები სხვა ნათურით ჩავანაცვლოთ, რომელიც უფრო უსაფრთხოა?
-არ არსებობს ასეთი რამ, მაშინ ბუნებრივ პროცესს უნდა დაველოდოთ, როდის გაშრება ლაქი. სხვა ალტერნატივა არ არსებობს
-თქვენ ახსენეთ, რომ მოშორების პროცესი უფრო საზიანოა, ამ დროს ფრჩხილის ფირფიტა თხელდება, რამდენად საშიშია ეს პროცესი? შესაძლებელია, რომ ფრჩხილის აღდგენა ვეღარ მოხდეს?
-კი, რა თქმა უნდა. ფრჩხილი თხელდება ამ დროს და შეიძლება ისე დაზიანდეს, შემდგომ მისი გამოსწორება შეუძლებელი გახდეს. მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ფრჩხილი დაზიანებული დატოვოს. დამერწმუნეთ ასეთი პაციენტები ბევრი მყავს, მსგავსი პრობლემით. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ის, რომ ფრჩხილის ფირფიტის დათხელების და დაზიანების შემთხვევაში რისკი არის უშუალოდ ფრჩხილის ინფექციის, სოკოს განვითარების რისკი - ონიქომიკოზის განვითარება.
-რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა, თუ მაინც გადავწყვეტთ ამ ჩამონათვალის შემდეგ და გავიკეთებთ გელ-ლაქს?
-აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა. აუცილებელია, რომ თვითონ ხელსაწყოები დავასტერილოთ. ასევე უკეთესია, თუ მომხმარებელს ექნება თავისივე ინსტრუნენტები. საყურადღებოა თვითონ ის ადამიანი, როგორ იცავს ჰიგიენის წესებს, მათ შორის, ხელის დაბანის წესს, მაგიდის გასუფთავებიდან დაწყებული, ხელსაწყოების სტერილიზაციით დამთავრებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რისკი მაღალია სისტემური ინფექციის განვითარების, როგორიც არის - Bჰეპატიტი, Cცეჰეპატიტი, შიდსი.
-შესაძლებელია თუ არა დაზიანების შემთხვევაში სახლში მკურნლობა, თუ დერმატოლოგს უნდა მივმართოთ?
-აუცილებელია დერმატოლოგთან კონსულტაციის გავლა იმიტომ, რომ დიაგნოზი დერმატოლოგმა უნდა დასვას, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის პრობლემა იყოს, ამიტომ აუცილებელია დერმატოლოგის შეფასება, რომ დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

ავტორი - გვანცა პეტრიაშვილი