როგორ აისახება დენის გაძვირება ბიზნესზე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მართალია, დენი და წყალი გაძვირდა, მაგრამ რიგითი მოქალაქეების მსგავსად, ერთი წლის მანძილზე, ამას ბიზნესიც ვერ იგრძნობს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უკვე ცნობილია ბიზნესის ის დარგები, რომლებსაც 2021 წლის 1 იანვრიდან, დენის გაძვირებულ ტარიფს დაუსუბსიდირებენ. სუბსიდირება ეხება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50%-ს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუბსიდირება ეხება ბიზნესის ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორებიცაა: მეფრინველეობა, ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, ხორცპროდუქტების წარმოება; თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება; კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება; ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სახეები; ზეთებისა და ცხიმების წარმოება; მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება; რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება, სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება, პურის წარმოება; არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება, მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმება; შაქრის წარმოება; სუნელ-სანელებლების წარმოება; ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება; მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის; მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის.

როგორც ხედავთ, მთავრობის დადგენილებით, გაძვირებულ დენის ტარიფს არ გადაიხდიან სწორედ ის მეწარმეები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და აუცილებელ საკვებ პროდუქტებს ადგილზე აწარმოებენ, ან ასეთი საკვები პროდუქტები უცხოეთიდან შემოაქვთ. მოკლედ, ძირითადი საკვები პროდუქტების ადგილობრივი მეწარმეებიცა და იმპორტიორებიც ხელისუფლებამ თანაბარ პირობებში ჩააყენა.

მთავრობის დადგენილებაში დეტალურადაა განმარტებული, თუ როგორ უნდა ისარგებლონ მეწარმეებმა დენის ტარიფის ნაწილობრივი სუბსიდირებით. ამისთვის მეწარმე სუბიექტმა ელექტრონული პლატფორმა - https//www.registration.gov.ge საშუალებით, 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრამდე, განცხადება უნდა შეავსონ.  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან, ბიზნესსუბიექტებისთვის დენის ტარიფი 12 თეთრით გაძვირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში, ამ 12-დან 6 თეთრს მთავრობა დაასუბსიდირებს. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბიზნესსუბიექტებისთვის დენის ტარიფი 12 თეთრით გაიზარდა. აქედან, 2021 წლის განმავლობაში, ექვს თეთრს მთავრობა დაასუბსიდირებს.

სხვათა შორის, გაძვირებული დენის ტარიფის ნაწილობრივი სუბსიდირება ერთადერთი დახმარება არაა, რომელსაც მიმდინარე წელს, მთავრობა კერძო სექტორისა და მოქალაქეების მხარდასაჭერად გაიღებს. ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა ჯერ კიდევ 2020 წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნდა, რომელიც მოქალაქეებზე ზრუნვისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებად იყოფა. ჯამში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპზე, ახალი პაკეტის ღირებულება 1 მილიარდ 100 მილიონ ლარს აჭარბებს.  

მოქალაქეებზე ზრუნვის პაკეტი - ამ პროგრამის ბიუჯეტი 545 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა 500 000 პირზე მეტია, თუმცა ამ ციფრებში არ შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მაჩვენებელი. ეს იმიტომ, რომ კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის ცალკე თანხაა განსაზღვრული. ოთხი თვის მანძილზე ანუ 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება განხორციელდება (დენი _ 200 კვტ/სთ და გაზი _ 200 კუბურ მეტრამდე მოხმარება). ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობაა 1 მილიონი ოჯახი, ხოლო ბიუჯეტი 270 მილიონი ლარი.

1200-ლარიანი დახმარებას მიიღებენ სამსახურდაკარგული პირები, რომლებმაც დროებით დაკარგეს სამსახური. 2021 წლის იანვრიდან ექვსი თვის განმავლობაში, ისინი მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 125 000-ია, ხოლო ბიუჯეტი _ 150 მილიონი ლარი.

300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდმეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდათ დეკემბერში ან შეუჩერდებათ იანვარში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობაა 100 000, ხოლო ბიუჯეტი _ 30 მილიონი ლარი.

600-ლარიან დახმარებას მიიღებენ 65-დან 100 000 სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები. 2021 წლის იანვრიდან, ასეთ ოჯახებს თვეში, საშუალოდ, 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) ჩაერიცხებათ დახმარება ექვსი თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 000-მდე ოჯახი ანუ დაახლოებით, 220 000-მდე პირია, ხოლო ბიუჯეტი _ 55 მილიონი ლარია.

600-ლარიან დახმარებას მიიღებენ 0-დან 100 000 ქულამდე მყოფი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი. ექვსი თვის განმავლობაში, ისინი თვეში 100 ლარს (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) მიიღებენ. საუბარია 24 000 ოჯახზე, ხოლო ბიუჯეტი _ 15 მილიონი ლარია.

18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 600-ლარიანი დახმარება, თვეში 100 ლარის ოდენობით, ექვსი თვის მანძილზე. ბენეფიციარების რაოდენობაა 43 000 პირი, ბიუჯეტი _ 27 მილიონი ლარია.

საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში, ნოემბრის ბოლოს დაწესებული ნახევრად „ლოქდაუნის“ გამო შეიზღუდა.

ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი - პროგრამის ბიუჯეტი 515 მილიონი ლარია. ეს პაკეტი გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის შეღავათს, რომელსაც 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები მიიღებენ. უფრო კონკრეტულად, პირები, რომელთა შემოსავალი 1500 ლარამდეა, 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი-მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა ასეთია: 33 000 კომპანია და 425 000 დასაქმებული, ხოლო ბიუჯეტი _ 260 მილიონი ლარია.

რაც შეეხება ქონების გადასახადის შეღავათს ტურიზმის სექტორისთვის ანუ სასტუმროებში, რესტორნებსა და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, რისთვისაც 45 მილიონი ლარია განსაზღვრული.

ტურიზმის სექტორში (სასტუმროებში, რესტორნებსა და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები), 2020 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადი ჩამოიწერება, ამისთვის 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. მეტიც, გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება; ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება ექვსი თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობაა  3700 კომპანია.

გარდა ამისა, მიმდინარეობს მეწარმეობის მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც ათასობით ახალ ბიზნესპროექტს დააფინანსებს და ამისთვის 40 მილიონი ლარია გამოყოფილი.

2021 წელს, აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს, როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზებაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში. ამისთვის 100 მილიონი ლარია განსაზღვრული; საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც საქმიანობა 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში შეეზღუდათ.

 

 მაია მიშელაძე