ზვიად გამსახურდიას სამშობლოდან განდევნის ბოლო დღის ქრონიკა - 6 იანვრის 29-წლიანი საიდუმლო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს 6 იანვარია, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფატალური თარღი - 1992 წლის 6 იანვარს, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, მცირერიცხოვან გარემოცვასთან ერთად, სამშობლო დატოვა... დევნილი პრეზიდენტი თავდაპირველად აზერბაიჯანის საზღვარს მიადგა, თუმცა ოფიციალურმა ბაქომ გამსახურდიას მიღებაზე ცივი უარი განაცხადა. ერთ-ერთი მოსაზრებით, აზერბაიჯანს დევნილი პრეზიდენტის მიღებაზე უარი რომ არ ეთქვა, ზვიად გამსახურდიას ბედისწერა შესაძლოა, სხვანაირი ყოფილიყო, თუმცა ამ ვერსიას გამსახურდიას თანამებრძოლი, უზენაესი საბჭოს წევრი, აწ განსვენებული თემურ ქორიძე არ ეთანხმებოდა და ამბობდ:  ,,გამსახურდიას მისია გაცილებით დიდი იყო, ვიდრე რაღაც პოლიტკონიუნქტურის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ზვიადი ისევე, როგორც მერაბი, იმთავითვე გაჩენილი იყო იმისათვის, რომ შესწირვოდა ამ მისიას, რაც რჩეულთა ხვედრია. გამსახურდიას ეს ჰეროიკული დასასრული მას შემდეგ უნდა დამდგარიყო, როცა იგი უმთავრეს, სასიცოცხლო მიზანს მიაღწევდა - გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ზვიადს თავის ნაწარმოებებში გაშიფრული აქვს საკუთარი ბედისწერა, გმირული აღსასრული, რომლისკენაც მიიწევდა. საქართველოს ბედისწერა კი არც მუთალიბოვისა და არც პეტროსიანის კეთილ განწყობაზე არ ყოფილა დამოკიდებული.

შესაძლოა, ასეც იყო და ზვიად გამსახურდიას, მართლაც, ის მისია ჰქონდა, რომელიც შეასრულა - საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თითქმის 30 წლის შედმეგაც კი ისევ ბურუსითაა მოცული, თუ რა მოხდა 1991-92 წლებში საქართველოში და ასევე, გაურკვეველია, რატომ არ გაუწოდა დახმარების ხელი მეზობელმა აზერბაიჯანმა საქართველოს პირველ პრეზიდენტს?

პრეზიდენტი, ოჯახის წევრებსა და თანმხლებ პირებთან ერთად განჯამდე ჩავიდა, თუმცა თავშესაფარზე უარი უთხრეს და გზა ბაქოსკენ აღარ გაუგრძელებია. მიუხედავად იმისა, საქმე უკანონოდ დამხობილ და ქვეყნიდან გაძევებულ პრეზიდენტს ეხებოდა, მათ უარის მიზეზი არ განმარტეს, თუმცა... აიაზ მუთალიბოვმა რუსეთის ფაქტორის გამო ვერ გაბედა, ზვიად გამსახურდიასთვის თუნდაც დროებით თავშესაფარზე თანხმობა ეთქვა... სხვათა შორის, ძალიან სანდო წყაროსგან მაქვს ინფორმაცია, რომ რუსული სპეცსამსახურები ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდნენ მიახლოებოდნენ სანატორიუმს და მოეკლათ ზვიადი, მაგრამ ვერ აეწყო ოპერაცია. ჩაშლილი სპეცოპერაციიდან, დაახლოებით 8-9 დღეში, გამსახურდიამ სომხეთი მას შემდეგ დატოვა, რაც ჯოხარ დუდაევის დაცვის უფროსი აბუ არსანუკაევი საკუთარი თვითმფრინავით ერევანში დაჯდა და სომხეთის პრეზიდენტს ესაუბრა. სხვათა შორის, ტერ-პეტროსიანს დაუკავშირდა ჯოხარ დუდაევიც. ისე, პრეზიდენტს არასოდეს უნახავს სანატორიუმში გამსახურდია, რადგან სომხეთს, პრაქტიკულად, დამოუკიდებლობაზე მეტად, მთიანი ყარაბაღის დაპყრობა უღირდა და რუსეთთან კარგი ურთიერთობები სჭირდებოდა.

როცა ზვიადი იჯევანში იყო, ქალაქის საკრებულოს დელეგაციას სთხოვა, გაეჩხრიკათ მისი ბარგი. მიზეზი ის იყო, რომ თბილისში, გადამტრიალებლები აქტიურად მუსირებდნენ, თითქოს გამსახურდიამ გაიტაცა რამდენიმე მილიარდი. ოქმი შეადგინეს, რა თქმა უნდა, ვერაფერი აღმოაჩინეს. როგორც ვიცი, მაშინ ტერ-პეტროსიანთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ზვიადის ერევნელი მეგობარი, ფილოსოფიის დოქტორი და პროფესორი კარენ სვასიანი. მას შვეიცარიაში შევხვდი, გვიან 90-იანებში,“ - იხსენებდა რამდენიმე წლის წინ გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია.

ასეა თუ ისე, ფაქტების ერთობლიობა იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ზვიად გამსახურდია მხოლოდ ქვეყნის შიგნით კი არა, ქვეყნის გარეთაც გაწირეს. თუ კიდევ უფრო სიღრმეში წავალთ, მაშინ იმის თქმაც შეიძლება, რომ ამ დიდი შეთქმულების დეტალები ჩრდილოეთში შეთანხმდა, თუმცა მთელ ამ პოლიტ-კრიმინალურ აგორაში ყველაზე უცნაური ისაა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული ხელისფლების დამხობის, ასევე, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე 1992 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ ერთ პოლიტიკურ ჯგუფსაც კი არ გამოუძიებია. ყველაფერი ეს კი, ცხადია, აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო ომის სახელით შესული ქრონიკების საიდუმლოს ამოხსნა არავის აწყობს.

რატომ? - თუ კულუარულ ვერსიებს გავყვებით, დღესაც არიან პოლიტიკურ ელიტაში ისეთები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას სისხლიან დამხობაში ლომის წილს ასრულებდნენ. თუ ასეა, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ და ეს წრე არასოდეს გაიხსნება...

...დღეს 6 იანვარია - საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფატალური დღე... 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ სამშობლო დატოვა და მისი მოწამეობრივი ცხოვრების ახალი ფურცელიც გადაიშალა...

ვანო პავლიაშვილი