ალმასების მაფია - რატომ ფიგურირებს სკანდალურ საქმეში სპორტსმენი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის ცენტრალურ ველოდრომს 2000 წლიდან ომარ ფხაკაძის სახელი მიენიჭა. ფხაკაძე საბჭოთა კავშირის ისტორიაშიც კი პირველი იყო, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ხომ წარმოგიდგენიათ, მაშინ საქართველოში რა ხდებოდა? - ველოსპორტმა არნახული პოპულარობა შეიძინა და ეს ერთადერთი კაცის, ომარ ფხაკაძის დამსახურება იყო. ყველა ცდილობდა სპორტული ველოსიპედი შეეძინა და ევარჯიშა. მართალია, ფხაკაძის დარი შედეგებისთვის არავის მიუღწევია, მაგრამ ახალგაზრდები ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდნენ.

„ერთ-ერთი ველომრბოლელის მკვლელობამ ძალიან გაგვაოცა. ის სავარჯიშოდ დილით გავიდა, მანქანა დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან ველოსიპედი მოიპარეს. შემდეგ, ეს ველოსიპედი დაშლილი, დაახლოებით, სამ კილომეტრში ვნახეთ და იქვე იყო დაგდებული მანქანაც, რომელიც საბოლოო ჯამში, მოპარული აღმოჩნდა. რაც მთავარია, ველოსიპედი ნაწილებად იყო დაშლილი და საგონებელში ჩავვარდით, რა შეიძლებოდა მოეპარათ ისეთი, რაც ადამიანის სიცოცხლედ ღირდა?“, - იხსენებს თბილისში მომხდარ მკვლელობას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი ბატონი თენგიზი.
როგორც გაირკვა, ველოსიპედს ერთი ნაწილიც არ აკლდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დამნაშავე არა ნაწილს, არამედ, სხვა რამეს ეძებდა. მომხდარიდან ორ დღეში, განყოფილებაში ველოტრეკიდან დარეკეს და სამართალდამცავებს აუწყეს, რომ ღამით იქაურობა გაქურდეს, აბსოლუტურად ყველა ველოსიპედი დაშალეს და თან დარაჯს თავში ისე ჩასცხეს, ტვინის შერყევით საავადმყოფოში იწვა. ადგილზე მისულმა ექსპერტებმა ველოსიპედები ახლიდან ააწყვეს - ნაწილი ერთსაც არ აკლდა.
ორ კვირაში, ქართველი ველომრბოლელები ჩეხოსლოვაკიაში საერთაშორისო ტურნირზე მიდიოდნენ. სამართალდამცავებმა ივარაუდეს, რომ მათ იქ რაღაცის გატანა სურდათ ისე, რომ ველოსიპედებში დაემალათ და ეს ვიღაცამ იცოდა. კიდევ ორ დღეში, ველოტრეკის მექანიკოსი იპოვეს საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი, თავში ჩაქუჩი ჰქონდა ჩარტყმული და იქაც ველოსიპედი იყო დაშლილი.

„ყველა ველოსიპედისტის გარემოცვის შესწავლა დავიწყეთ, სხვა არც ვერსია გვქონდა და არც - რამე ფიქრი და აზრი. რამდენიმე დღეში აღმოვაჩნეთ, რომ გარდაცვლილი მექანიკოსის ძმა იაკუტიაში ბრილიანტის ალმასების მომპოვებელ საამქროში მუშაობდა, ალმასებისგან კი ბრილიანტს აკეთებენ. დავრეკეთ იაკუტიაში, ის კაცი ადგილზე იყო, ძმის გასვენებაშიც კი არ ჩამოვიდა და იაკუტიელმა კოლეგებმა ისიც დაგვიდასტურეს, რომ საამქროდან ალმასის ქვების მოპარვა გამორიცხული იყო, რადგან მუშები უმკაცრეს კონტროლს გადიოდნენ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სხვა ინფორმაციასთან ერთად, იაკუტიელმა სამართალდამცავებმა ისიც თქვეს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ერთ თვის წინ გათავისუფლდა სამსახურიდან და ეს ყველასთვის მოულოდნელი იყოო. იქ სოლიდური ხელფასი ჰქონდათ, სამსახურს იოლად არავინ ტოვებდა და ქართველებმაც თანამემამულის ძებნა დაიწყეს. მალე მიაგნეს, თუმცა არ დაუკავებიათ - თვალთვალი დაიწყეს და როცა ერთ საღამოს ის კვლავ ველოტრეკს მიადგა და შენობაში ფანჯრიდან შეაღწია, დააპატიმრეს. მისი ანაბეჭდები დაშლილ ველოსიპედებზეც აღმოჩნდა, გარდაცვლილი მექანიკოსის ავტოფარეხშიც და გატაცებულ მანქანაშიც. მილიციას დამნაშავე ხელში ჰყავდა, მაგრამ არ იცოდა სიმართლე. სიმართლე კი დაკავებულმა რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ თქვა.

„მექანიკოსის ძმამ მითხრა, საამქროს ტერიტორიაზე ბევრი ქვა მაქვს დამალული, მაგრამ ვერ გამაქვსო. გატანის გეგმა მე მოვიფიქრე, თვეშ ერთხელ რომელიმე მაღალჩნოსანი აუცილებლად სტუმრობდა საწარმოს, კონტროლის შიში რომ ჰქონოდა ყველას. როცა იქ ვიყავი, მრეწველებოსი მინისტრის მოადგილე ჩამოვიდა, მას ჩავუდე ჯიბეში ჩუმად ალმასები, გარეთ გასულს კი ამოვაცალე. ოფიციოზს არასდროს ჩხრეკდდნენ. დაახლოებით, 300 ათასი მანეთის ქვები იყო. ჰოდა, მექანიკოსის ძმამ მითხრა, ამ ქვებზე აქ დაგვიჭერენ, საზღვარგარეთ უნდა გავიტანოთო. მის ძმას გავუგზავნეთ ამანათით, შებოლილ თევზში დავმალეთ და მას ველოსიპედით ჩეხოსლოვაკიაში უნდა გაეტანა. როცა ოპერაცია დასრულდა, მივხვდი, „გადაგდებას“ მიპირებდნენ. მე ჩეხოსლოვაკიაში ვერ მივდიოდი, მექანიკოსი ნაკრებს მიჰყვებოდა, ამიტომ, ქვების ძებნა დავიწყე და ვერ ვიპოვე. თავიდან გუნდის ლიდერის ველოსიპედი დავშალე, მერე - დანარჩენები, მაგრამ ვერაფერს მივაგენი“, - განაცხადა დაკავებულმა.

ველოსიპედები ამჯერად ექსპერტებმა დაშალეს და ერთ-ერთში, სკამის მილში ალმასებს მართლაც მიაგნეს. ისინი აღწერეს და მეორე დღესვე სახელმწიფოს დაუბრუნეს. ასეთი იყო მითითება რუსეთიდან.

ბათო ჯაფარიძე