Menu
RSS

უკონკურენტო ლევან კობიაშვილი და ქართული ფეხბურთის მწარე რეალობა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საეჭვო ანატომია

15 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი მეორე ვადით აირჩიეს. კობიაშვილი კანდიდატად 29 სუბიექტიდან, 28-მ წარადგინა (მხოლოდ ს.კ. ,,ზესტაფონმა'' არ წარადგინა), კენჭისყრაშიც მონაწილეობა 28 სუბიექტმა მიიღო და მოქმედმა პრეზიდენტმა 100%-იანი მხარდაჭერაც დაიმსახურა. ყველაფერ ამაში ცუდი ის არის, რომ მოქმედი პრეზიდენტი ერთადერთი კანდიდატი გახლდათ ანუ კონკურენტი არ ჰყოლია და ეს თავადაც აღნიშნა, კონკურენტის ყოლა კარგი იქნებოდა, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყველაფერში აუცილებელია და საქმესაც წაადგებაო. კობიაშვილი ოფიციალურად მეხუთე პრეზიდენტია, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ფედერაციას ხელმძღვანელობს. რატომ ოფიციალურად? _ თავიდან მივყვეთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 1990 წლის 15 თებერვალს, დამფუძნებელი ყრილობის შედეგად დაარსდა. საქართველო იყო პირველი რესპუბლიკა, რომელმაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშზე უარი თქვა და 1990 წელს, პირველი ეროვნული ჩამპიონატი ჩაატარა _ 30 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, თბილისის ,,იბერიამ'' (,,დინამოს'' სახელი გადაარქვეს და ,,იბერია'' დაარქვეს), ფოთის ,,კოლხეთს'' უმასპინძლა და თბილისელთა კაპიტნის, გელა კეტაშვილის ავტოგოლით _ 0:1 დამარცხდა. 

რაც შეეხება ფედერაციას, პირველ პრეზიდენტად მე-20 საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული სპეციალისტი, ნოდარ ახალკაცი აირჩიეს, რომელიც ფედერაციას 1998 წლამდე ანუ გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. 1992 წლის 25 თებერვალს, ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროებით წევრად მიიღო, იმავე წლის 3 ივლისს კი ოფიციალურ წევრად აღიარა. 

რაც შეეხება უეფას, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველო 1993 წლის 17 ივნისს აღიარა მუდმივ წევრად. 

1998 წელს, ახალკაცის გარდაცვალების შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა და ქართული ფეხბურთი მერაბ ჟორდანიამ ჩაიბარა. ჟორდანია თანამდებობაზე მანამ დარჩა, სანამ ახალმა ხელისუფლებამ არ დაიჭირა. საბოლოო ჯამში, მან პრეზიდენტობაზე უარი თქვა, პოსტზე კი, 2005 წლის 11 ივნისს, ნოდარ ახალკაცი უმცროსი დანიშნეს. 

2007 წლის 13 მაისს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდა და არჩევნებში საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ გაიმარჯვა, მაგრამ რად გინდა _ არჩევიდან ორ საათში, ნემსაძე თანამდებობიდან გადადგა, ხელახალ არჩევნებში კი კვლავ ახალკაცი უმცროსმა გაიმარჯვა. სწორედ ამას ვგულისხმობდით, როცა ვამბობდით, რომ კობიაშვილი ფედერაციის მეხუთე პრეზიდენტი ოფიციალურად არის-თქო, თორემ არაოფიციალურად, მეექვსე გამოდის, რადგან ნემსაძეს ერთი დღეც არ უმუშავია. 

შემდეგ იყო ახალკაცის წასვლა და მის ნაცვლად ყველასთვის უცნობი, დომენტი სიჭინავას დანიშვნა. სიჭინავა კარგი მენეჯერიაო, გვიმტკიცებდა წინა ხელისუფლება და იმის მიუხედავად, რომ მას საფეხბურთო წრეებთან შეხება, პრაქტიკულად, არ ჰქონია, 2006 წლიდან, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს ფლობდა. სიჭინავამ ბევრი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ამბობდა, რომ ფედერაცია ვალებისგან გაათავისუფლა, მაგრამ რეალური წინსვლა არც მის დროს მომხდარა. 

და აი, 2015 წელს, ფედერაციაში კობიაშვილი მივიდა და როგორც მოგახსენეთ, 15 თებერვალს მეორე ვადით აირჩიეს. 

სხვათა შორის, ბევრს მიაჩნია, რომ ქართული ფეხბურთის მესვეურები ნაჩქარევად მოიქცნენ და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ნაადრევად დატოვეს. დამსახურებული ფეხბურთელებიც კი ამბობდნენ, რომ ეს ქართული ფეხბურთისთვის დამღუპველი იქნებოდა, რადგან მარტო არსებობა გაჭირდებოდა. ისიც ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან, ქართული ფეხბურთი საბჭოურს უნდა გამოყოფოდა და ვერავინ იტყვის, რა მოხდებოდა, ეს პროცესი 1-2 წლის დაგვიანებით რომ მომხდარიყო. 

დღევანდელი რეალობა კი ძალიან, ძალიან მწარეა _ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი პირთამდე შეივსო, მერე და მერე, მაყურებლის რაოდენობამ იკლო და საბოლოო ჯამში, იქამდე მიმვედით, რომ თამაშზე 500 კაცი ბევრად ითვლება. აგერ, უკვე ლამის სამი ათეული წელი გავიდა და ქართული კლუბებისთვის ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი აუხდენელ ოცნებად არის ქცეული, ზუსტად ისე, როგორც ეროვნული ნაკრებისთვის არის ჯერაც მიუღწეველი ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპები. 

სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ადრე ქართული კლუბებიდან ფეხბურთელები ტოპ-ლიგებში პირდაპირ მიდიოდნენ, ახლა კი ყაზახეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის მეორე ლიგები ბევრს უხარია, ხოლო საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ ბუნდესლიგაში, პრემიერლიგაში, პრიმერადივიზიონსა თუ სერია A-ში გადასვლა უკვე ფანტასტიკის სფეროს ჰგავს. 

ყველაფერ ამის მიუხედავად, ეროვნული ნაკრების მატჩებზე მაინც დადის გულშემატკივარი და დადის იმიტომ, რომ სასწაულის იმედი აქვს. ძალიან, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ეს სასწაული გაისად მოხდეს, როცა ერთა ლიგაზე ეროვნულ გუნდს ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები ელის. აი, იქ გამარჯვების შემთხვევაში, ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდება, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატება იქნება. 

რაც შეეხება საკლუბო ტურნირს... ამ გადასახედიდან, საკლუბო ტურნირების ჯგუფური ეტაპი ძალიან შორეულ პერსპექტივად ჩანს.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში