Menu
RSS

ქევხიშვილის ფარული მმართველობა _ ახალი სკანდალი ძიუდოს ფედერაციაში

რატომ თქვა უარი გურამ მოდებაძემ ნაკრების მწვრთნელობაზე, ვინ არის ნოდარ მეტრეველი, რა აკავშირებს ქევხიშვილთან და რას ჰყვებიან კულუარებში

საქართველო პარადოქსების ქვეყანა რომ არის, კარგად მოგეხსენებათ. ისეთი რამ შეიძლება მოხდეს და გაიგო, გაოცებისგან პირი დაგრჩეს ღია, მაგრამ რეალურად, არაფერი უნდა გვიკვირდეს.

მოკლედ, 2018 წლის 17 დეკემბერს, ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა ჩატარდა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გურამ მოდებაძე დაამტკიცა. მაშინ ითქვა, რომ მოდებაძე 27-28 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ძიუდოისტებს დააკვირდებოდა და ოფიციალურადაც პოსტს ამის შემდეგ ანუ რეალურად, 1 იანვრიდან ჩაიბარებდა. 

„ბატონი გურამი გამოცდილი მწვრთნელია, მას არაერთი სახელოვანი ძიუდოისტი ჰყავს აღზრდილი და შესაბამისად, გვჯერა, რომ არსებულ დაძაბულობას სწორედ ის მოაგვარებს და სიტუაციას დაასტაბილურებს“, _ განაცხადა მაშინ ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა. 

სიტუაციის დარეგულირების რა გითხრათ, თუმცა საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ, გვარიანი ჩხუბიც მოხდა ძიუდოისტებს შორის, მაგრამ ფედერაციამ ისევ თავზე ნაცარი დაიყარა, აბა, კადრები გვაჩვენეთ, ჩვენ არაფერი გაგვიგიაო. მოდებაძეც მუშაობას შეუდგა და მომავალი ტურნირებისთვის ნაკრების დაკომპლექტება დაიწყო, რომელმაც ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. 

პარალელურად, ძიუდოს კულუარებიდან მუდმივად ჟონავდა ინფორმაცია, რომ ძიუდოისტები რამდენიმე ბანაკად იყვნენ დაყოფილნი და იქაურობა დენთის კასრს ჰგავდა, რომელიც, როდის აფეთქდებოდა, არავინ იცოდა. 

ყველაფერი თავდაყირა 30 იანვარს დადგა. დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძიუდოისტების შერიგება პატრიარქმა გადაწყვიტა და ფედერაციამაც, როგორც იქნა, აღიარა, რომ ოსაკაში დაპირისპირება რეალურად მოხდა (ამის შესახებ არაერთხელ დავწერეთ მტკიცებით ფორმაში და ეს, იმის მიუხედავად, რომ ფედერაცია ოსაკაში მომხდარ ინციდენტს უარყოფდა). 

გავრცელებული ინფორმაცია უმრავლესობამ ახალ მთავარ მწვრთნელს, გურამ მოდებაძეს მიაწერა, აქაოდა, მან შეგირდებთან ურთიერთობა დაალაგაო, მაგრამ სანამ ძიუდოისტები საპატრიარქოში მივიდოდნენ, მოდებაძემ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„როგორც ქართული ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მე დანიშნული ვიქენ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელად. მიუხედავად უდიდესი მხარდაჭერისა ფედერაციის მხრიდან, პრაქტიკულმა მუშაობამ მანახა, რომ ჩემი ამ პოსტზე დარჩენით დაძაბულობა, რომელიც ფედერაციაში შეიქმნა, შესაძლებელია ვერ ყოფილიყო სრულად აღმოფხვრილი, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და უპირველესად გასაკეთებელია. რა თქმა უნდა, მივესალმები და სწორია ფედერაციის მხრიდან მთავარი მწვრთნელის ინსტიტუტის დაცვა, მაგრამ დღეს არის ის ვითარება, როდესაც თითოეული ჩვენგანი უნდა დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა და პიროვნული გადაწყვეტილებებით გადავარჩინოთ ქართული ძიუდო. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების, თუმცა აქვე დავძენ, რომ მზად ვიქნები, როგორც რიგითმა მწვრთნელმა, ისე შევასრულო ჩემი მოვალეობა ქართული ძიუდოს მიმართ. 

პატივისცემით, გურამ მოდებაძე“. 

ამის შემდეგ, ძიუდოისტები საპატრიარქოში მივიდნენ და პატრიარქის თანდასწრებით შერიგდნენ. შერიგებულმა სპორტსმენებმა საპატრიარქოდან რესტორან ,,თავადურში'' გადაინაცვლეს და... გავრცელდა ინფორმაცია, რომ შერიგების სუფრის მიწურულს, მორიგი ინციდენტი მოხდა და ძიუდოისტები ისევ ერთმანეთს დაერივნენ, თუმცა რესტორნის ადმინისტრაცია ამ ინციდენტს კატეგორიულად უარყოფს და თავად მოჭიდავეებიც ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

ერთი შეხედვით, ყველაფერი მშვიდობიანად კი დასრულდა, მაგრამ ნაკრები ისევ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. 

„რეალურად, მოდებაძე ქევხიშვილის კადრად ითვლებოდა. დავით ქევხიშვილი ოფიციალურად აღარ არის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, მაგრამ აღმასკომის წევრია და გადაწყვეტილებებში აქტიურად ერევა. შესაბამისად, ძიუდოისტებმა მოდებაძის მშვიდად გაშვება მოითხოვეს, მაგრამ რად გინდა, მის ნაცვლად ნოდარ მეტრეველი დანიშნეს. აი, თუ ვინმეს აქვს გავლენა ქევხიშვილზე, ეს მეტრეველია და ეჭვი გვაქვს, ახლა ის იქნება პრეზიდენტიც, გენერალური მდივანიც, მწვრთნელიც და დამლაგებელიც“, _ გვითხრა ძიუდოს აღმასკომის ერთ-ერთმა წევრმა. 

ვინ არის ნოდარ მეტრეველი?! ის ვეტერანი ძიუდოისტია, არცთუ დიდი ხნის წინ დაანება თავი აქტიურ სპორტს და პოლიტიკაში ჩაერთო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ის ,,ქართული ოცნების'' პროპორციულ სიაში 153-ე ნომერი იყო. რა თქმა უნდა, დეპუტატი ვერ გახდა, მაგრამ შიდა ქართლში, რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილის პოსტი დაიკავა. შემდეგ კვლავ ძიუდოს დაუბრუნდა და აგერ, მთავარი მწვრთნელის სავარელშიც ჩაბრძანდა. 

მართალია, მას სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს (თუ არ ჩავთვლით, ააიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანებაში'' მწვრთნელად მუშაობის პერიოდს), მაგრამ ამბობენ, რომ არეული გუნდის დალაგება შეუძლია. ღმერთმა ქნას, ასე მოხდეს, რადგან წინ სერიოზული ტურნირებია და რაც მთავარია, 2019 სალიცენზიო წელია _ ბიჭები ოლიმპიადისთვის უნდა მოემზადონ და ახლა დაპირისპირების კი არა, ვარჯიშის და ტიტულების მოპოვების დროა. 

ისე, იმავე პერიოდში, როცა ბატონი ნოდარი გორის ააიპ-ში მწვრთნელად იყო გაფორმებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბში ძიუდოისტიც გახლდათ და თუ გორში მწვრთნელად გატარებულ შვიდ თვეში 4000 ლარი გადაუხადეს, კლუბის წევრობა, წლიურად, 15 ათას ლარად დაუფასდა. ყველაფერი ეს მის ქონებრივ დეკლარაციაში წერია.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში