Menu
RSS

NBA-ის ამომავალი ქართველი ვარსკვლავები

ესპანელები გოგა ბითაძის შეჩერებას ცდილობენ, ამერიკელები კი თორნიკე შენგელიაზე ნადირობენ

18 იანვარს, საკალათბურთო ევროლიგის მე-19 ტურში, სერბულმა ,,ბუდუცნოსტმა'' მადრიდის ,,რეალს'' უმასპინძლა. შეხვედრის წინ, ,,სამეფო გუნდის'' თავკაცმა პაბლო ლასომ განაცხადა, მეტოქის მთავარი დამრტყმელი ძალა მისი ახალწვეული გოგა ბითაძეა და უნდა გავანეიტრალოთო. შეხვედრაში ბითაძემ პარკეტზე თითქმის 28 წუთი გაატარა, მეტოქეს 13 ქულა ჩაუგდო, 10 მოხსნა გააკეთა, სამჯერ დაუფარა მეტოქეს და კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მეორე დღეს ესპანურმა პრესამ დაწერა: ,,კითხვა, ვინ შეაჩერებს ბითაძეს, კვლავ პასუხგაუცემელია!''

რა თქმა უნდა, ბითაძის წარმატებული თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ აშშ-ში. ამერიკული პრესა ქართველ ლეგიონერზე ჯერ მორიდებით წერდა, ბოლო დროს კი ის ევროპის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად აღიარეს. მოგეხსენებათ, NBA-ში მოსახვედრად ერთადერთი გზა არსებობს _ მთელი მსოფლიოდან ახალგაზრდები ყოველი წლის ზაფხულში შტატებში ჩადიან და NBA-ს დრაფტში იღებენ მონაწილეობას. თუ რომელიმე კლუბი კონკრეტულ მოთამაშეს არიჩევს, ის NBA-ს დიდი ოჯახის წევრი ხდება, თუ არა და... კალათბურთელს მეორე შანსი აღარ ექნება ანუ მეორედ დრაფტზე ვერ დადგება. სწორედ ამიტომ, კონკრეტული კალათბურთელი დრაფტზე მაშინ მიდის, როცა ბოლომდე დარწმუნებულია, რომ საუკეთესოთა შორის მოხვდება, სხვა შემთხვევაში, ამისგან თავს იკავებს. 

დრაფტს ერთი უნცაური წესიც აქვს _ პირველი არჩევანის უფლებას ყველაზე სუსტი გუნდი იღებს, ყველაზე ბოლოს კი უძლიერესი ირჩევს. ეს იმისთვის კეთდება, რომ გამორჩეული ახალგაზრდები სუსტ გუნდებში მოხვდნენ, რათა ძალთა ბალანსი დაცული იყოს და ისედაც ძლიერმა გუნდებმა გაძლიერება ვერ მოახერხონ და ყველასთვის მიუწვდომელნი გახდნენ. 

დრაფტზე, საერთო ჯამში, NBA-ს 30 გუნდი, 60 კალათბურთელს ორ წრედ ირჩევს და ესეც საინტერესოა. პირველ წრეში ანუ 30-ეულში არჩეულ კალათბურთელს გარანტირებული 5-წლიანი კონტრაქტი და ასევე, გარანტირებული, მინიმუმ, 4-მილიონიანი ჯამაგირი აქვს. შესაბამისად, პირველ წრეში არჩევა ყველასთვის საოცნებო და სასურველია. ეს მინიმუმზე ვსაუბრობთ, თორემ 2003 წელს, ,,კლივლენდ კავალიერზის'' მიერ პირველ ნომრად არჩეულ ლებრონ ჯეიმსს გუნდმა 16-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ამ 16 მილიონის პარალელურად, ჯეიმსს ,,ნაიკმა'' წლიური 15 მილიონი შესთავაზა და, საერთო ჯამში, მხოლოდ ხელფასის და ამ ერთი კომპანიისგან, 19 წლის ჯეიმსი წლიურად 31 მილიონს იღებდა, თუმცა, სხვადასხვა სარეკლამო კომპანიიდან მისმა შემოსავალმა 90 მილიონსაც კი გადააჭარბა. 

რაც შეეხება ბითაძეს, ამერიკული პრესის ინფორმაციით, ქართველ კალათბურთელს პირველ წრეში 24-ე ნომრად ,,ოკლაჰომა'' აირჩევს. ეს კი, გარანტირებული კონტრაქტის გარდა, იმას ნიშნავს, რომ ჩვენებურს თამაში პლეი-ოფებშიც მოუწევს, რადგან ,,ოკლაჰომა'' მაჩანჩალა გუნდი ნამდვილად არაა და პლეი-ოფების საგზურისთვის მუდმივად იბრძვის. 

ევროპელი ექსპერტები კიდევ ერთ ქართველ კალათბურთელზე, თორნიკე შენგელიაზეც აქტიურად საუბრობენ, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, თოკო აშშ-ში არ წავა. ის ესპანური ,,ბასკონიას'' კაპიტანი და უპირობო ლიდერია, ხოლო თუ ევროპელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ახალი კონტრაქტის მიხედვით, შენგელია ბებერ კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზაურებადი კალათბურთელი გახდა და საეჭვოა, აშშ-ში წასვლა მოისურვოს. 

ისე, ბითაძეს 20 ივლისს ოქროს დაბადების დღე აქვს _ 20 წლის ხდება და, სავარაუდოდ, კარიერის ოქროს ნაბიჯს, ზუსტად ერთი თვით ადრე გადადგამს.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში