Menu
RSS

ძეგლი, რომელიც სკანდალის საბაბი გახდა

ვინ იყო მიხაილ ავაქიანი, რას საქმიანობდა ოკუპირებულ აფხაზეთში და რითი ემუქრებიან ავაქიანის ნათესავები საქართველოს ხელისუფლებას

გასულ კვირას სერიოზული სკანდალი აგორდა _ ახალქალაქში მიხაილ ავაქიანის ძეგლი საზიემო ვითარებაში გაიხსნა. ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ ცერემონიალს ჯერ საზოგადოებრივ, შემდეგ კი პოლიტიკურ წრეებში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და ბოლოს, საქმე დიპლომატიურ სკანდალამდეც მივიდა _ საქართველოს ცალკე აზერბაიჯანის ხელისუფლება სთხოვს პასუხს, აქაოდა, რატომ გახსენი იმ კაცის ძეგლი, რომელიც ყარაბახის კონფლიქტში მონაწილეობდა, სეპარატისტი იყოო და ცალკე სომხეთის ხელისუფლება იქნევს თითს, გახსნილ ძეგლს ხელი არავინ დაადოსო. რეალურად კი, ავაქიანის ძეგლი ბევრად ადრე, 1994 წელს გაიხსნა, ახლა კი მიმდებარე ტერიტორიას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა _ ღობე შემოერტყა, ყვავილები და ხეები დაირგო. რესტავრაცია ჩაუტარდა უშუალოდ ბიუსტსაც _ მასშტაბური სახე მიიღო და უფრო მყარ კვარცხლბეკზეც დააყენეს.

და მაინც, ვინ არის მიხაილ ავაქიანი? მის შესახებ ინფორმაცია ახალქალაქის პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს ვკითხეთ, რომელმაც ავაქიანზე საინტერესო დეტალები მოგვიყვა. 

,,ავაქიანმა სკოლა აქ, ახალქალაქში დაამთავრა, შემდეგ კი საცხოვრებლად რუსეთში წავიდა და იქ სამხედრო მიმართულებით გააგრძელა სწავლა. ყარაბახის ომის დროს, საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას და ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურიც იყო, რადგან შესაბამისი განათლება ჰქონდა, თუმცა სხვა მეთაურებისგან განსხვავებით, ავაქიანი უშუალოდ მონაწილეობდა ბრძოლებში, რასაც შეეწირა კიდეც. 

გარდა ამისა, ის მუშაობდა აფხაზეთშიც და მუშაობდა მას შემდეგ, რაც შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, აფხაზეთი დამოუკიდებელი გახდა. როგორც მე ვიცი, ის ჯერ აფხაზეთის თავდაცვის სამინიტროს მაღალჩინოსანი იყო, შემდეგ კი მილიციის უწყებაში გადავიდა, თუმცა შემდეგ კვლავ ყარაბახში დაბრუნდა და დაიღუპა კიდეც'', _ გვიყვება ახალქალაქელი პოლიციელი. 

მისივე თქმით, ავაქიანის ნათესავები ახალქალაქში დღემდე ცხოვრობენ და იმუქრებიან, თუ ვინმე ძეგლის აღებას გაბედავს, სისხლს დავღვრითო. სავარაუდოდ, ამის შესახებ ხელისუფლებაშიც იციან და სწორედ ამიტომ, ჯერჯერობით ოფიციალურ დონეზე, კომენტარი არ გაკეთებულა, მოხდება თუ არა ძეგლის დემონტაჟი. 

სხვათა შორის, ქართველი ვეტერანი მებრძოლები ამბობენ, რომ აფხაზეთის ბრძოლების დროს, ავაქიანის გვარი გაუგიათ და ის სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. 

ზოგადად, ძეგლების თემა საქართველოში ძალიან საინტერესო და აქტუალურია. უბრალოდ, ამ თემაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, თორემ... 

გვესმის, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ვერ გეტყვით, რატომ დგას რუსთავსა და თბილისში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლი და რაც მთავარია, მიმდებარე ტერიტორია რატომ იწოდება ჰეიდარ ალიევის სკვერად? პრინციპში, მარტო სკვერი კი არა, თბილისში სანაპიროც ჰეიდარ ალიევის სახელობის არის და იქნებ, ვინმემ აგვიხსნას, რა დამსახურებისთვის ვეცით ასეთი პატივი ამ ადამიანს?! პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ავაქიანის ძეგლს წარწერა ჯერ სომხურ, შემდეგ კი ქართულ ენაზე აქვს გაკეთებული ანუ ზუსტად ისე, როგორც ალიევის ძეგლს რუსთავში და მხოლოდ ორთაჭალაში მდგარ ბიუსტს აქვს წარწერა ჯერ ქართულად, შემდეგ კი აზერბაიჯანულ ენაზე. 

რამდენიმე დღის წინ, რუმნიეთში ბესარიონ გაბაშვილის ძეგლი გაიხსნა, რომელსაც წარწერა ჯერ რუმინულ, შემდეგ კი ქართულ ენაზე აქვს. რატომ?! იმიტომ, რომ წესია ასეთი: ჯერ სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს წარწერა, შემდეგ კი _ უცხოურზე, მაგრამ რატომღაც ამ წესს ახალქალაქსა და რუსთავში არ ვიცავთ. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, საგანგაშო არაფერი ხდება და კონკრეტული ადამიანები შეგნებულად ძაბავენ სიტუაციასო. კეთილი, ბატონო გია, ძალიან კარგია, თუ საგანგაშო არაფერი ხდება და ამ ძეგლის გამო სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან პრობლემები არ შეგვექმნება და აგორებული სკანდალიც ჩაცხრება, მაგრამ თქვენ, როგორც ვიცე-სპიკერმა, იქნებ, ჰკითხოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რატომ არის, რომ საინგილოში დაბადებულ ქართველ ბავშვებს დაბადების მოწმობებში ქართული სახელის ჩაწერა ეკრძალებათ? ჰო, ეკრძალებათ და ოფიციალურად ვერც არქმევენ, მხოლოდ ეძახიან ქართულ სახელებს, თორემ საბუთებით სხვა, აზერბაიჯანული სახელები ჰქვიათ. 

იქნებ, ისიც ჰკითხოთ სტრატეგიულ პარტნიორს, რატომ არის, რომ საქართველოს საპატრიარქოდან საინგილოში არსებულ ქართული ეკლესიის ნანგრევებში (გარემონტების უფლებას არ გვაძლევენ) სამსახუროდ წარგზავნილ მამაოებს რატომ აძლევენ მხოლოდ 3-თვიან სამუშაო ვიზებს, შემდეგ კი, უკან აბრუნებენ და ახალ მამაოს უწევს ჩასვლა, რომელიც მრევლთან კომუნიკაციიის დამყარებას, ურთიერთობის აწყობას, ნდობის მოპოვებას სწორედ 2-3 თვე უნდება და... შემდეგ, მის ნაცვლად სხვა მიდის? 

თუ არ გჯერათ, ყველაფერი ეს საპარტიარქოში გადაამოწმეთ და დაგიდასტურებენ. აი, საინგილოში თუ გადაამოწმებთ, იმას დაგიდასტურებენ, რომ ქართული გვარით იქ ერთი (ვიმეორებთ _ ერთი) ადამიანიც არ არის დასაქმებული საჯარო სამსახურში და თავს ყველა სოფლის მეურნეობით ირჩენს. 

კიდევ ბევრ რამეს გაიგებთ და სწორედ ამიტომ გეკითხებით, სტრატეგიული პარტნიორობა მეზობელ ქვეყნებთან ცალმხრივი სიყვარულივით გვაქვს თუ, უბრალოდ, ახლა ასე გვჭირდება?! 

სიმართლე გითხრათ, შიშით ვერც იმას ვითხოვთ, ქართველო მებრძოლებისა თუ საზოგადო მოღვაწეების ძეგლები დაიდგას სომხეთსა და აზერბაიჯანში-თქო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, მებრძოლებზე უარს გვეტყვიან (იმის მიუხედავად, რომ იგივე სომხეთის მიწისძვრის დროს, სწორედ საქართველო იყო პირველი, ვინც ჩავიდა და ქართველმა ჯარისკაცებმა ნანგრევებიდან ათასობით ადამიანი გამოიყვანეს). საზოგადო მოღვაწეებს და ცნობილ ადამიანებს რაც შეეხებათ... გვეეჭვება, სომხეთში დადგმულ შოთა რუსთაველს ქართველი პოეტი მიაწერონ... ესეც მწარე რეალობაა და შევეგუოთ, ბატონებო?!

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში