Menu
RSS

უძლეველი ლაშა ტალახაძე, წლის სხვა გამორჩეული სპორტსმენები და სპორტული სკანდალები

ყველაფერი ის, რითიც სპორტის ისტორიას 2018 დაამახსოვრდება

მიმდინარე წელთან ერთად, სპორტული წელიც დასრულდა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ქართველი სპორტსმენებისთვის 2018 წარმატებული იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე, ძიუდოში გურამ თუშიშვილი და თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. რაც მთავარია, სამივემ ოქრო უმძიმეს წონაში მოიგო ანუ ისინი უძლირესები სპორტის ამ სახეობების ყველა წონაში არიან, რადგან უმძიმესი წონის ჩემპიონი დაბალ წონებშიც ჩემპიონად ითვლება.

შედეგად, წლის საუკეთესო სპორტსმენის ასარჩევად ჟურნალისტებს გვარიანი ფიქრი მოუწევთ, თუმცა მხოლოდ ეს სამეული არ იყო გამორჩეული. სპორტის ისტორიაში პირველად, ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო და ოძეკის ტიტული მოიპოვა, რაც სუმოში ძალიან, ძალიან დიდი წარმატებაა და, პრაქტიკულად, მსოფლიოს ჩემპიონობას უტოლდება. 

ასევე, პირველად, დამოუკიდებელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა AთP-ს ორი ტურნირი მოიგო, რაც ასევე, უპრეცედენტო შემთხვევაა. 

ასევე, პირველად მოხდა, რომ ნიჩბოსნობაში ქართველმა ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონატზე იპირველა. ამას დაამატეთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატება ერთა ლიგაზე და ვნახავთ, რომ ძალიან უხვი წელიწადი გვქონდა. 

და მაინც, უდიდესი ალბათობით, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია საუკეთესოდ ტალახაძეს აღიარებს. ლაშამ წელს ყველაფერი მოიგო და რაც მთავარია, მოიგო რეკორდებით და თუ სადმე რეკორდი გააუმჯობესა, ისევ საკუთარ თავს აჯობა ანუ რეკორდები საკუთარ თავს მოუხსნა. ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე აღიარა საუკეთესოდ და წლის სპორტსმენად ტალახაძე, ახლა ჯერი სპორტულ ჟურნალიტებზეა. 

სხვათა შორის, ქალთა შორის საუკეთესოდ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ასევე, ძალოსანი, ევროპის ჩემპიონატის მომგები ანასტასია გოტფრიდი დაასახელა. მართალია, გოტფრიდი ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ნინო ოძელაშვილმა წელს სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ ძალოსნობა ოლიმპიური სახეობაა, სამბო _ არა და უპირატესობაც სწორედ ამიტომ გოტფრიდს მიენიჭა. 

ზოგადად, ძალოსნობის ფედერაცია წელს ყველაზე წარმატებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან მან, საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე, 80 მედალი მოიპოვაA და მსოფლიოსა თუ ევროპის 10 რეკორდი დაამყარა. 

ეს, რაც შეეხება საქართველოს. აი, ცოტა მძიმედ არის საქმე მსოფლიო ფეხბურთში. წლევანდელი ოქროს ბურთი ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს მისცეს, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რეალურად, მოდრიჩმა მიმდინარე წელს, ,,რეალთან'' ერთად, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თორემ სხვა მხრივ, ვერც ესპანეთის ჩემპიონატში იპირველა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც მისმა ნაკრებმა საფრანგეთთან წააგო. მთავარი, რის გამოც მოდრიჩს აკრიტიკებენ, ის გახლავთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ოქროს ბურთის მფლობელთაგან მოდრიჩზე ნაკლები გოლი მხოლოდ ლევ იაშინს აქვს გატანილი და ისიც იმიტომ, რომ იაშინი მეკარე იყო. ამის მიუხედავად, მოდრიჩმა ოქროს ბურთი სიამაყით ჩაიბარა და ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუც გააკრიტიკა _ ადამიანები, რომლებიც 2008 წლის შემდეგ, ამ ჯილდოს ერთმანეთში ინაწილებენ. 

საქმე ისაა, რომ არც რონალდუ და არც მესი დაჯილდოვებაზე არ ჩავიდნენ და ეს, იმის მიუხედავად, რომ ისინი საუკეთესოთა ხუთეულში იყვნენ, წესით, საზეიმო ცერემონიალს უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ინფორმაციამ გაჟონა _ ყველამ გაიგო, რომ ბურთი მოდრიჩს ერგებოდა და ვარსკვლავებმაც თავი არ შეიწუხეს. 

,,ეს უპატივცემულობაა. სხვები თუ ჩამოდიან ხოლმე და უყურებენ, როგორ წევენ თავს ზემოთ პრიზებს მესი და რონალდუ, ვალდებულები იყვნენ, იგივე გაეკეთებინათ და სხვებისთვის ეცათ პატივი'', _ განაცხადა მოდრიჩმა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხორვატის აღიარებას არც მედია ეთანხმება და ამიტომ... 

,,ახლა ისე გამოდის, რომ საუკეთესოს სპორტული ჟურნალისტები ვასახელებთ და მერე ჩვენს არჩევანს არ ვეთანხმებით. რეალურად კი, ჩვენ მოვითხოვეთ იმ ჟურნალისტების სია, ვინც არჩევანი გააკეთა, რადგან ყველა ამბობდა, რომ მოდრიჩი პირველ ადგილზე არ დასახელებულა. საბოლოოდ კი, გამოაქვეყნეს სია, სადაც მონაწილეობა ისეთი გამოცემების ჟურნალისტებს აქვთ მიღებული, რომლებიც ბუნებაში არ არსებობენ, ან არსებობდნენ და ეს გამოცემები დაიხურა. ამიტომ, გვგონია, რომ ვიღაცის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო მოდრიჩის გამარჯვება'', _ ასეთია ევროპული მედიის აზრი და იმ ,,ვიღაცაში'' ყველა ,,რეალის'' პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს გულისხმობს. 

წლის შედეგები გამოაქვეყნა საძიებო სისტემა Gოოგლ-მა და იმ სპორტსმენების ხუთეული დაასახელა, რომლებიც 2018 წელს სისტემაში ყველაზე ხშირად დაძებნეს. კალათბურთელი ტრისტან ტომპსონის პირველი ადგილი გასაგებია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია, სარეკლამო კონტრაქტების ჩათვლით, ას მილიონ დოლარზე მეტს იხვეჭს, მაგრამ სრულიად გაუგებარია ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფორვარდის, ალექსის სანჩესის მეორე ადგილი, რადგან ის რეალურად, არც რამით იყო წელს გამორჩეული, არც ტოპ-სეზონი აქვს და ანაზღაურებითაც პრემიერლიგის ათეულშიც ვერ მოხვდება. 

სამაგიეროდ, სრულიად გასაგებია ამერიკელი მოთხილამურის, ლინდსი ვონის მესამე ადგილი. ვონი არამარტო სპორტული წარმატებების გამო დაფასდა, ის პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ სპორტსმენადაც ითვლება და დიდი ალბათობით, მისი სილამაზის სანახავად უფრო ეწვივნენ ხოლმე Gოოგლ-ს, ვიდრე _ მისი სპორტული მიღწევების გასაცნობად. 

ცნობისათვის: ხუთეულში არ არიან არც კრიშტიანუ რონალდუ და არც _ ლიონელ მესი. მათ ნაცვლად, მეოთხე ადგილზე სნოუბორდისტი შუნ უაითია, ხოლო ხუთეულის ბოლო საფეხურზე ხაბიბ ნურმაგომედოვი. ამ უკანასკნელმა ბრძოლა წესების გარეშეში დიდი ჩემპიონი და ყველაზე ექსტრავაგანტული ფიგურა, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი დაამარცხა და პოპულარობაც სწორედ ამის შემდეგ მოიპოვა 

ისე, ბარემ ერთ პარადოქსზეც ვთქვათ _ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ნურმაგომედოვს ამ გამარჯვების შემდეგ, 70 ათას დოლარად ღირებული ,,მერსედესი'' დიდი ზარ-ზეიმით აჩუქა და ეს მაშინ, როცა ხაბიბს მაკგრეგორთან ბრძოლითვის სპონსორებისგან, საერთო ჯამში, 110 მილიონი ერგო. 

მომავალი წელი, შეიძლება ითქვას, დაუნდობელი იქნება. საქმე ისაა, რომ სწორედ 2019 წელს უნდა გათამაშდეს 2020 წლის ლიცენზიების უდიდესი ნაწილი და სპორტსმენებს ხანგრძლივი და სასტიკი მარათონი ელით. ოლიმპიადაზე წასვლა ყველას სურს, საგზურები კი შეზღუდულია და ამიტომ, თითოეულ ტურნირზე საპრიზო ადგილი სალიცენზიო ქულად ფასობს. შედეგად, აშკარად საინტერესო წელი გველოდება და იმედია, ქართველი სპორტსმენები მომავალი ოლიმპიადისთვის უპრეცედენტო რაოდენობის ლიცენზიებს მოიპოვებენ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში