Menu
RSS

უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა

ვინ გახდა ავტოკეფალიის წინამძღოლი და რა პოზიციას დაიჭერს საქართველოს ეკლესია

ამ დღეებში, მნიშნელოვანი მოვლენა მოხდა. კერძოდ, სინოდის გაერთიანებულ სხდომაზე, უკრაინის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია გამოცხადდა. ამავე სხდომაზე, ავტოკეფალიის წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანი აირჩიეს, რომელიც ღვთისმეტყველების დოქტორი და პროფესორი გახლავთ. სინოდის გაერთიანებულ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც გამოეხმაურა და სოფიის ტაძართან შეკრებულ მორწმუნეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ეს დღე შევა ისტორიაში, როგორც წმინდა დღე, უკრაინის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შექმნის დღე, დღე რუსეთის ფედერაციისგან საბოლოო დამოუკიდებლობის მოპოვებისა“.

სხდომის დასრულებისთანავე, უკრაინის გაერთიანებული ეკლესია და მისი ახლადარჩეული წინამძღოლი მსოფლიო პატრიარქმა დალოცა. ამასთან, მან მიტროპოლიტი ეპიფანი სტამბოლში მიიწვია _ 2019 წლის 6 იანვარს, მას ტომოსი გადაეცემა. 

გაერთიანებული სინოდის გადაწყვეტილებით, გაერთიანებულ ეკლესიას „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“ ეწოდა, მის წინამძღვარს კი _ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი. შესაბამისად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მეთაურმა, კიევის მიტროპოლიტის წოდება ოფიციალურად დაკარგა. 

სხვათა შორის, სინოდის გაერთიანებულ სხდომას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიატრქოს, ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსა და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები ესწრებოდნენ. გაერთიანებულ სინოდს თვალ-ყურს ადევნებდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლებიც. საერთო ჯამში, სინოდის გაერთიანებულ სხდომაში მონაწილეობა ორასმა სასულიერო პირმა მიიღო. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ უკრაინის გაერთიანებული ეკლესიის წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა პატრიარქი ფილატერი და მიტროპოლიტი მაკარი. 

სინოდის გაერთიანებული სხდომის შემდეგ, უკრაინულმა მედიამ დაწერა: „უკრაინელი ერის სულიერმა მამამ, უწმინდესმა ფილარეტმა, თავისი თავგანწირული ბრძოლით რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კანონიკური აღიარება და ავტოკეფალია მოუტანა. მისი დიდსულოვნება უსაზღვრო აღმოჩნდა _ უარი განაცხადა გაერთიანებული ეკლესიის მეთაურობაზე და მამამთავრის კვერთხი, თავის მიერ აღზრდილ მიტროპოლიტ ეპიფანეს გადასცა''. 

„რუსეთის ყველა მცდელობის მიუხედავად, გაანადგუროს უკრაინა, ჩვენი ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი და ექნება საკუთარი ეკლესია. ჩვენ მყარად ვაცხადებთ, რომ უკრაინის სახელმწიფო და უკრაინის ეკლესია იარსებებს! რუსეთის იმპერია, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახელი _ მეფის რუსეთი, საბჭოთა კავშირი, რუსეთის ფედერაცია, მაგრამ მათში არის იმპერიის სული, რომელსაც სურს გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და გაანადგუროს ჩვენი სული. უკრაინის სახელმწიფოებრიობის აღდგენის განთიადიდან, ჩვენ ვოცნებობდით ჩვენი ეკლესიის აღდგენაზე, ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნაზე და დადგა ეს უდიდესი ისტორიული დღე'', _ ამბობს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, ანდრეი პარუბი. 

უკრაინისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოსკოვში, ცხადია, არ გამოჰპარვიათ და არც ის არის გასაკვირი, რომ რუსეთის ეკლესიამ მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ორი იერარქი _ ალექსანდრე და სიმეონი მოკვეთა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ორივემ მონაწილეობა მიიღო სინოდის გაერთიანებულ სხდომაში. 

ზოგადად, რუსეთის ეკლესია რუსეთის იმპერიის უმთავრესი იდეოლოგიური იარაღი იყო და არის. თანამედროვე რუსეთის ნეოიმპერიალისტურ პოლიტიკაში კი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გამორჩეულად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის ეკლესიამ და რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უამრავი ხრიკის, პოლიტიკური თუ მორალური ზეწოლის მიუხედავად, ვერ შეძლო საბოლოოდ ხელი შეეშალა უკრაინის ეკლესიის გაერთიანებისათვის. აქედან გამომდინარე, ის, რაც მოხდა, კრემლისთვის იდეოლოგიური და პოლიტიკური ფიასკოა, რაც რუსეთის იმპერიას სახარბიელო პერსპექტივას ნამდვილად არ უქადის. 

ამ ისტორიულ მოცემულობაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი და მთლიანად იერარქები, მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილების წინ დგანან ანუ უნდა გამოჩნდეს, სად აღმოჩნდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია: გაყვება გზასა და პრინციპებს, რომლითაც ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები და გამორჩეული მღვდელმთავრები იბრძოდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის და დაუდგება თუ არა გვერდით თავისუფლებისმოყვარე ერის ნებას, თუ შეურთდება რუსეთის იმპერიის (რომლის შემადგენელი ნაწილია მისი ეკლესია) ნების გამოხატულებას და აღმოჩნდება დიდი სქიზმის _ განხეთქილების თანამონაწილე? 

საქართველოს წმინდა სინოდმა სახელმძღვანელოდ უნდა გაიხადოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II და მისი სწავლება და მის მიერ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლის ჟამს გაჟღერებული მოსაზრებები. ამასთან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები უნდა იაზრებდნენ, რომ ის, რაც სამართლიანი იყო და არის ჩვენთვის, ასევე სამართლიანია უკრაინისთვისაც. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულია, მხარი დაუჭიროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და აღიაროს უკრაინელი ხალხის, უკრაინელი მართლმადიდებლების მისწრაფებები ანუ აღიაროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. 

დიახ, ახლა ის ისტორიული მომენტია, რომელშიც ჩვენს ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოსაც შეუძლია მიიღოს მაქსიმალური მხარდაჭერა არა მხოლოდ მსოფლიო პატრიარქისგან, თუნდაც იმავე აფხაზეთის საკითხზე, არამედ სხვა პოლიტიკურ საკითხებშიც. 

ამ პროცესში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოკავშირე უნდა იყოს ქართველი ხალხი _ ეს ჩვენს ეკლესიას გადაწყვეტილების მიღებას გაუდვილებს. 

რაც შეეხება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხით სპეკულირებას, უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ისედაც არ აღიარებს, თუნდაც ფორმალურად, ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოს ეკლესიის ნაწილად და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს არც მოიხსენიებს სრული ტიტულით. ამასთან, ცნობილია, რომ ამ ტერიტორებს, საეკლესიო თვალსაზრისით, რუსეთის ეკლესია მაიკოპის ეპოსკოპოსის მეშვეობით მართავს. 

საქართველოს წმინდა სინოდის წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს გადაწყვეტილება თანაბრად სჭირდებათ მათ და ასევე ჩვენ _ ქართულ საზოგადოებას, რომლისთვისაც სულ ერთი არაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი. ეს გადაწყვეტილება ქართულ საზოგადოებას გაუჩენს განცდას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეუქცევლად დაუბრუნდა იმ გზასა და კურსს, რომელიც მისთვის ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში განსაზღვრა გრიგოლ ხანძთელმა და რომლის დეკლარირება უზრუნველყო გიორგი მერჩულემ: 

„ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო კჳრიელეჲსონი ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო შეგვიწყალენ“.… 

დიახ, სწორედ ეს არის საქართველოს, როგორც ქვეყნისა და სახელმწიფოს გეოპოლიტიკური მისწრაფებების წარმოჩენა. რას მისცემს ეს სინოდს, ეკლესიას და მის მსახურებს? _ პირველ რიგში, მნიშვნელოვან სიმშვიდეს ეკლესიის ორიენტაციასთან დაკავშირებულ მსჯელობაზე და ასევე, ეს იქნება შანსი, რომ ეკლესიამ უფრო მეტი კონცენტრაცია მოახდინოს მის წიაღში არსებული, ცალკეული პრობლემების მოგვარებაზე. ამ საკითხში ეკლესიის გვერდით აღმოჩნდებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც გარკვეული სკეპტიციზმი აქვთ ეკლესიის საგარეო კურსზე. 

ყველა სხვა გადაწყვეტილება და საკითხის დაუსრულებლად გაწელვა, კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას და ერში გააღრმავებს ეჭვებს საქართველოს ეკლესიის ორიენტაციის შესახებ.

ანდრო გველესიანი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში