Menu
RSS

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი სპორსტმენები

რამდენია ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას, საბა კვირკველიას და ჯანო ანანიძის წლიური შემოსავლები

თანამედროვე სპორტი დიდ ფინანსებთან ასოცირდება. პრაქტიკულად, ყველა წარმატებული სპორტსმენი მილიონერია. რამდენიმე წლის წინ კი, სპორტსმენის შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა და ეს გოლფის ცნობილი მოთამაშე, ტაიგერ ვუდსი გახლავთ. მართალია, ვუდსს მილიარდერობა დიდ ხანს არ შეერგო, რადგან ცოლის ღალატის გამო, განქორწინება ქონების 50% დაუჯდა, მაგრამ ფაქტია, რომ ყვანჯის ქნევით, ტაიგერმა მილიარდი იშოვა.

 

900-მილიონამდე ჰქონდა მიღებული მიხაელ შუმახერს, მაგრამ რამდენიმე წელია, შუმახერი კომაშია და მის შემოსავალს მხოლოდ აკლდება _ სხვა რომ არაფერი, მკურნალობა და ექიმები ოჯახს ყოველწლიურად 5 მილიონი ევრო უჯდება, თუმცა ლეგენდარული ავტომრბოლელის ცოლი აცხადებს, რომ ქმრის ჯანმრთელობისთვის ბოლო ცენტსაც არ დაიშურებს. 

ჩოგბურთელებში ყველაზე მეტი შემოსავალი როჯერ ფედერერს აქვს მიღებული. მის მიერ ჩოგნის ქნევითა და რეკლამებით ნაშოვნმა თანხამ ნახევარ მილიარდს გადააჭარბა და, მართლაც, ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ჩოგბურთელს საწუწუნო არაფერი აქვს _ როგორც ამბობს, ფული იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ოდესმე უოცნებია. 

ცნობისათვის: პრაქტიკულად, ყველა სპორტსმენის კონტრაქტი ოფიციალურად ხელმისაწვდომია და ყველამ იცის, ვინ რამდენს იღებს წლის განმავლობაში. გამონაკლისი მხოლოდ ქართველი სპორტსმენები არიან, რომლებიც თავად ითხოვენ, კონტრაქტის ფინანსური მხარე კონფიდენციალური დარჩეს და ეს გასაგებიცაა _ საქართველოში სხვისი ფულის თვლა ძალიან უყვართ და არეულ წლებში, ხელფასის გაცხადების შემთხვევაში, სპორტსმენებს ხელისუფლება ცალკე აწუხებდა და კრიმინალური სამყარო _ ცალკე. 

ამის მიუხედავად, პრესაში მაინც ჟონავს ხოლმე ინფორმაცია ქართველი სპორტსმენების ჯამაგირის შესახებ და საკუთარი ოფლით ნაშოვნი ფული ბოლო თეთრამდე, ღმერთმა ყველას შეარგოს. 

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა ამერიკულმა ვებ-გვერდმა კალათბურთელების ხელფასები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, დღეისათვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელი სტეფ კარია, რომელიც სუფთა ხელფასის სახით, წლიურად, 37 457 154 დოლარს იღებს. ერთი ამდენი კარის რეკლამებიდან ექნება და, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს, სოლიდური თანხა გამოსდის. 

კალათბურთის მეფედ აღიარებული ლებრონ ჯეიმსი, ჩამონათვალში მესამეა (მეორე ადგილზე „ოკლაჰომას“ კალათბურთელი, რასელ ვესტბრუკი გახლავთ 35 665 000 მილიონი დოლარით). „მეფის“ წლიური შემოსავალი 35 654 150 დოლარია. 

რა თქმა უნდა, ვებ-გვერდმა ინფორმაცია NBA-ში მოთამაშე ერთადერთ ქართველ კალათბურთელზე, ზაზა ფაჩულიაზეც გამოაქვეყნა. როგორც საიტი წერს, „დეტროიტის“ ქართველი ცენტრი, წლიურად 2 393 887 დოლარს იღებს, თუმცა იყო დრო, როცა ზაზას ჯამაგირი ბევრად მეტი გახლდათ. 2012-13 წლების სეზონში, ზაზა „ატლანტა ჰოუქსის“ რიგებში ირიცხებოდა და წლიური ხელფასი 5 248 750 დოლარი ჰქონდა. იმავე ვებ-გვერდის (ჰოოპსჰყპე.ცომ) ცნობით, იმ 15 წლის განმავლობაში, რომელიც ფაჩულიამ NBA-ში გაატარა, ხელფასის სახით, საერთო ჯამში, 57 962 577 დოლარი მიიღო. 

ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელად სახელდება ესპანური „ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია. მართალია, მისი ხელფასი გასაიდუმლოებულია, მაგრამ ესპანური მედია ვარაუდობს, რომ ქართველის ჯამაგირი, მინიმუმ, ორი მილიონი ევროა, რაც კლუბს საშუალებას აძლევს, შენგელია შეინარჩუნოს და მას აშშ-ში წასვლა გადააფიქრებინოს. 

სამწუხაროდ, წავიდა ის დრო, როცა ქართველი ფეხბურთელები ტოპ-ლიგებში თამაშობდნენ და მილიონიანი კონტრაქტები ჰქონდათ. მათგან ყველაზე მეტს, თავის დროზე, კახა კალაძე იღებდა. მართალია, ოფიციალურად არავინ ადასტურებდა, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, „მილანის“ ქართველი მცველის ჯამაგირი 6 მილიონი ევრო გახლდათ. 

 

2 მილიონ ევროს წერდა გერმანული პრესა ლევან კობიაშვილის ხელფასად, როცა ის გელზენკირხენის „შალკეს“ ღირსებას იცავდა. 

სამ მილიონ ფუნტს ასახელებდა ბრიტანული მედია გიორგი ქინქლაძის ჯამაგირად, თუმცა გიო მაშინ იმდენად პოპულარული იყო, რომ მინიმუმ, ერთი ამდენი სარეკლამო კონტრაქტებიდან ჰქონდა. 

დღესდღეობით, ყველაზე მაღალანაზღაურებად ქართველ ფეხბურთელად საბა კვირკველია ითვლება. რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ქართველი მცველის წლიური ჯამაგირი 3 200 000 ევროა. 

დაახლოებით, მილიონ ნახევარ დოლარს იღებს აშშ-ში მთამაშე ქართველი ფორვარდი ვაკო ყაზაიშვილი, ხოლო მოსკოვის „სპარტაკის“ ქართველ ნახევარმცველზე, ჯანო ანანიძეზე რუსული მედია ყოველთვიურ ხელფასად ასი ათას ევროს წერს. 

მთავარი მოლოდინი იანვრის ზამთრის სატრანსფერო სეზონში გვაქვს. იტალიური მედიის მტკიცებით, ბელგიური „გენტის“ ქართველ ლეგიონერს, გიორგი ჩაკვეტაძეს დედაქალაქური „რომა“ იყიდის და წლიურ ოთხ მილიონსაც შესთავაზებს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში