Menu
RSS

ექსკლუზიური რეპორტაჟი ისტორიული ჰერეთიდან

რა პრობლემებს უქმნის მოძმე აზერბაიჯანი ჰერეთში მცხოვრებ ქართველ ქრისტიანებს

ისტორიულ ჰერეთში გიორგობას განსაკუთრებით აღნიშნავენ. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიამ ერთი საუკუნის შემდეგ, წელს პირველად შეძლო კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სრულყოფილი წირვა აღევლინა. მნიშვნელოვან მოვლენას „ვერსია“, აზერბაიჯანული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, ექსკლუზიურად დაესწრო. ჰერეთისკენ გეზი დილის 5 საათზე ავიღეთ, საათნახევარში საზღვარიც გადავკვეთეთ. ქართული გამშვები პუნქტი 2 წუთში უპრობლემოდ გვატარებს, ასევეა ბელაქანის გამშვებ პუნქტშიც, ოღონდ მანამ, სანამ ჩანთას გახსნიან და ჩამწერ აპარატურას აღმოაჩენენ. ისე, დეტექტორში გატარებისას საეჭვო არაფერი ჩანდა, თუმცა ჩანთა მაინც გახსნეს.

თავიდანვე ვარჩიე, რომ ტურისტის ამპლუა მომერგო და ჩემი ჟურნალისტური სტატუსით არ მესარგებლა. ვფიქრობდი, ასე იოლად გამიშვებდნენ, ვიდრე როგორც ჰერეთის პრობლემებით დაინტერესებულ ჟურნალისტს, რომელსაც არცთუ დემოკრატიული ქვეყნიდან მასალის წამოღება სურდა. ამიტომაც დაიწყო გაუთავებელი შეკითხვები: „რა უნდა გადავიღო“, „რა მაინტერესებს“, „ოფიციალური ვიზიტია თუ პირადული“, „სად გამოქვეყნდება გადაღებული მასალა“, „რომელიმე ტელევიზია აჩვენებს თუ მხოლოდ ინტერნეტში განთავსდება?“... ვირწმუნებოდი, არ ვარ თბილისიდან, აქვე, გვერდით რაიონში ვცხოვრობ. არცერთ მედიას არ გავუგზავნივარ, კერძო ვიზიტით მივდივარ, არც მასალის გამოქვეყნებას ვაპირებ-მეთქი. რამდენჯერმე გადარეკეს ხელმძღვანელებთან, დაახლოებით, ნახევარ საათში, ზემოდან მიღებული ნებართვის შემდეგ, გამიშვეს და განმიმარტეს: „გვესმის, რომ ტერორისტი არ ხართ, ჩვენი ქვეყნის სტუმარი ხართ, მაგრამ ეს აუცილებელი პროცედურებიაო“. 

ისინი, ძირითადად, საკუთარ ენაზე მესაუბრებოდნენ, ამაზე პროტესტის გამოხატვის შემდეგ, შიგადაშიგ, ინგლისურად ცდილობდნენ ახსნას. 

ყოველთვის მესმოდა, საინგილოში ისევ ქართული ბუნებაა და როგორც კი გასცდები, სულ სხვა ლანდშაფტიაო. საზღვრის კვეთისთანავე პირველივე შთაბეჭდილება, სწორედ ასეთი იყო და, ნისლის მიუხედავად, მაინც თვალშისაცემი... ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ზედმეტად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და საოცარი სისუფთავე არა მხოლოდ რაიონულ ცენტრსა და სოფლებში, არამედ დაუსახლებელ ადგილებსა და მაგისტრალზეც. არ დავმალავ: ასეთ გამართულ ინფრასტრუქტურას არ ველოდი. ამას ისიც აგვირგვინებს, რომ მოძრაობას ყველგან შუქნიშნები არეგულირებს. 

კახის ცენტრში მანქანას ვაჩერებთ, ტაძრამდე მისასვლელ გზას რუსულად ვკითხულობთ, თუმცა 60-ს გადაცილებული მამაკაცი ქართულად გვპასუხობს და გვიხარია. კახის რაიონის სოფელ კახინგილოში, ქრისტიანული ეკლესია ცენტრალურ გზაზე, დასახლებაში მდებარეობს. იქვე ცხოვრობს მისი წინამძღოლი, მამა პეტრე ხუმარაშვილიც. ამ ქუჩას ბოლო ხანს ჰეიდარ ალიევის სახელი ეწოდა. ზემოთ საპრეზიდენტო რეზიდენციაა, რის გამოც ეს გამზირი კეთილმოწყობილია და დიდი ყურადღება ექცევა. ვაკვირდები: ქართველებით დასახლებულ ამ რაიონებში შევნიშნავ თუ არა ქართულენოვან აბრებს. ეკლესიასთან დიდი ასოებით ნაბეჭდ აზერბაიჯანულ აბრაზე, პატარა შრიფტით დატანილი, ორი ქართული წარწერა შევნიშნე. „ქართული პური და ხაჭაპური“, „ხორცი“. არ ველოდი, რადგან ვიცოდი, ყოველგვარ ქართულს კრძალავენ. ამაზე მოწმობს შრიფტის ზომაც. 

ქურმუხის ტაძრისგან განსხვავებით, მერვე საუკუნის კახის ეკლესია მოქმედია და ადგილობრივ მრევლს ყოველ შაბათ-კვირას ემსახურება. 23 ნოემბერს, ქურმუხის და ასევე, კახის წმინდა გორგის სახელობის ეკლესიებში ღვთისმსახურება, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრი კაპანაძემ და ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა პეტრე ხუმარაშვილმა, ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინეს. ეკლესიასთან მისულებს, ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონი გვხვდება, რომელიც ღიმილით გვიხსნის, რომ ტაძარი ცარიელია, რადგან მეუფე და სხვა სასულიერო პირები ქურმუხში ავიდნენ. წინა წლებში პირიქით იყო _ წირვა ჯერ აქ ტარდებოდა, შემდეგ კი ქურმუხის ეკლესიაში ადიოდნენ. რაკი ქურმუხზე წირვის ჩატარების უფლება აქვთ, მეუფის გადაწყვეტილებით, წელს ეს ტრადიცია შეიცვალა. ჩვენც ზემოთ წასვლა დავაპირეთ და ქალბატონს წაყვანა შევთავაზეთ. გაირკვა, რომ ისტორიის პედაგოგია, ლოლია ჯანაშვილი. ვუხსნით, რომ ჯანაშვილები დედოფლისწყაროშიც მრავლად ცხოვრობენ, განსაკუთრებით სოფელ ზემო მაჩხაანში. უკვირს... კითხვაზე, რამდენად სწორად ასწავლიან სკოლებში ისტორიას, გვპასუხობს, რომ აზერბაიჯანის ისტორიას ასწავლის და აღარ აკონკრეტებს, ჰერეთთან დაკავშირებულ მოვლენებს როგორ აწვდიან მოზარდებს. ინგილო პედაგოგი გვიყვება, როგორ ცხოვრობენ და ჩვენი ამბებითაც ინტერესდება. ჰგონია, რომ საქართველოში ძალიან ჭირს. ამბობს, რომ საკლასო ჟურნალებს აქამდე ქართულ ენაზე წერდნენ, ბოლოს კი აიძულეს აზერბაიჯანულ ენაზე შეევსოთ. ეს მტკივნეული დეტალი სხვა სკოლის პედაგოგებთანაც გადავამოწმე, დადასტურდა, რომ 3 წელია, ასეა. 

„აქაური მუსლიმები ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენი რელიგია ყველაზე სწორი გზაა... ადრე ქართულ ტელევიზიებს ვერ ვუყურებდით და ჭირდა ქართულად საუბარი, ბავშვებსაც უჭირდათ. აქ თავისუფლება არ არის და გადაცემები იზღუდება. ახლა სულ ქართულ ტელეგადაცემებს ვუყურებთ და ვიცით, საქართველოში რაც ხდება. ბავშვებსაც უადვილდებათ ენის შენარჩუნება. აქამდე გამორჩეული კუთხური აქცენტი გვქონდა“, _ ამბობს ლოლია. 

სოციალური ფონით ვინტერესდები და ვკითხულობ, რა ტარიფებია კომუნალურ გადასახადებზე. ბუნებრივი აირი კუბზე 0,20-0,30 თეთრამდე ღირს, გამოდის, რომ ჩვენთან შედარებით ნახევარი ფასია, თუმცა ვინც ბევრს მოიხმარს, 0,40 თეთრს იხდის. ელექტროენერგია, საშუალოდ, 0,06 თეთრი ღირს. ადგილობრივების თქმით, სასურსათო მაღაზიებში პროდუქტები გაცილებით ძვირია, ვიდრე _ საქართველოში. პენსიონერების ნაწილი 250 მანათს იღებს, ზოგიერთი _ 300-ს. დღევანდელი კურსით, 250 მანათი პენსია, თითქმის 400 ლარია ანუ აზერბაიჯანი პენსიონერებს ორჯერ მეტს უხდის. 

„მთლიანად ჰერეთში 14 სკოლაა. კახის რაიონში 7 სკოლა ქართულია, ქართველი კი 500-მდე მოსწავლე იქნება. ბევრი ოჯახი საქართველოშია. ჩვენს სოფელში, კახინგილოში სამი ქართული სკოლა მოქმედებს, 2 ალიაბადშია, თითო კი _ ითითალასა და მოსულში. ჩემი ავტორობით, ახლა გამოიცემა წიგნი _ „განათლება კახის ქართულ სკოლებში“. სკოლის დაარსების 150 წლისთავს მივუძღვენი და კონკრეტული ცნობები გავაერთიანე 1868 წლიდან, დღემდე. საინტერესო მასალაა. ისევ თბილისის გამომცემლობაშია და რამდენიმე თვეში დაიბეჭდება. მხოლოდ ენა, სარწმუნოება და ტრადიციები შემოგვრჩა და ამას ვერავინ წაგვართმევს. ტრადიციებს მედგრად ვიცავთ, ესენიც პატივს სცემენ ჩვენს ტრადიციებს. კედლებზე ქართული წარწერები ან დროშა არ შეგხვდებათ. ქართველებს ამის სურვილი აქვთ, მაგრამ სხვა სახელმწიფოა. ბოლო ხანს საქართველოს განათლების სამინისტრო თავს აღარ იწუხებს, ქართულ სკოლებში სახელმძღვანელოები გამოგზავნოს. რამდენჯერმე დაგვპირდნენ, მაგრამ ამაოდ... ბავშვებს მოძველებული წიგნებით უწევთ სწავლა, ზოგჯერ მშობლებს გადმოაქვთ, მაგრამ საზღვარზე აფერხებენ“, _ ამბობს პედაგოგი დარიკო ტარტარაშვილი. 

რაკი ქართულ დროშასა და წარწერებს შევეხეთ, გეტყვით, რომ სკოლებშიც იგივე ხდება, მათ შორის, ქართული სექტორის საკლასო ოთახებსა თუ დერეფნებში მხოლოდ აზერბაიჯანის დროშა, აზერბაიჯანული ციტატები და სხვადასხვა სააგიტაციო მასალაა გამოფენილი. ქართულენოვან სკოლებში ქართული არაფერია. ხშირად მინახავს სკოლის ეზოებსა თუ დარბაზებში გამართული ქართული ღონისძიებები. ვერსად ნახავთ სცენაზე, ან სადმე, კუთხეში მცირე ზომის პატარა ქართულ დროშასაც.

რადიკალურად სხვა სურათია საქართველოში გამართულ ნოვრუზ-ბაირამსა, თუ სხვა ღონისძიებებზე _ აზერბაიჯანის დიდი ზომის დროშა სცენაზეც ყოველთვისაა და სხვა ადგილებშიც ფრიალებს. მარნეულში ხშირად, ერთი ქართული, აქეთ-იქით კი აზერბაიჯანის დროშებია. თავისივე დროშები უჭირავთ ღონისძიებებზე შეკრებილ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსაც. ამას გარდა, საქართველოში ჩატარებულ აზერბაიჯანულ ღონისძიებებში მთავარი ტექსტები და მილოცვები აზერბაიჯანულად გაცილებით დიდი შრიფტით წერია, ვიდრე _ ქართული. მეტიც, ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულის მისალოცად მარნეულში ჩასული საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, პატივისცემის ნიშნად, მისალოც ტექსტსაც ხშირად, აზერბაიჯანულ ენაზე ამბობენ. სამწუხაროდ, მოძმე აზერბაიჯანი იგივე ნაბიჯებით არ პასუხობს საინგილოში მცხოვრებ ქართველებს. ჰერეთში კი ქართულ ენაზე მიმართვას არათუ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ აკეთებს, იქ ჩასვლა ქართველ მაღალჩინოსნებს არც ახსენდებათ! 

„ვინ დაგვაკიდებინებს ქართულ დროშას? მაგათ ხელში, ქართულ მუსიკას თუ უკრავ, უნდა გვეშინოდეს. საქართველოს მთავრობა უმცირესობებს იცავს, აზერბაიჯანელები კი ცდილობენ, გამოგვყარონ, ჩვენი მიწიდან აგვასახლონ, _ გვიხსნის ადგილობრივი ერეკლე ტარტარაშვილი. ,,ვინ აძლევს უფლებას, რომ ჰერეთში ქართული დროშაც დაკიდონ? განა, საქართველოა, ყველას ყველაფრის ნება რომ აქვს“, _ წუხს სვეტლანა ნადირაშვილი. 

დილის 9 საათზე, უკვე ქურმუხის ასასვლელთან ვართ. მანქანებს ზემოთ არ უშვებენ, ამიტომ ფეხით გვიწევს გზის გაგრძელება. თვალშისაცემია პოლიციის მობილიზება. ქურმუხის ტაძარი დაკეტილია და ადგილობრივ ქრისტიანებს აქ ამოსვლის შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ ეძლევათ. ბევრჯერ თქმულა, რომ აზერბაიჯანული მხარე ქურმუხის ტაძრის ქართულ წარმომავლობას ოფიციალურად უარყოფს და ყველგან ცდილობს, ეს ქრისტიანული ეკლესია ალბანურ ძეგლად გაასაღოს. აზერბაიჯანის ხელისუფლებას მსგავსი აბრები ბევრჯერ განუთავსებია ქურმუხთან და სხვა ქრისტიანულ ტაძრებთანაც. ახლაც თვალშისაცემად დიდი, ახალი აბრაა დამზადებული, სადაც დატანილია ვრცელი მონაცემები, სავარაუდოდ, გაყალბებული ცნობები, რომ ეს ტაძარი ალბანურია და ქრისტიანულად მხოლოდ 18-ე საუკუნეში გადააკეთეს, როცა მისი აღდგენა მოხდა. არადა, ეს მიწა ქართული იყო და ალბანური ძეგლი როგორ აშენდებოდა? 

მრევლის დიდი ნაწილი, სიცივის მიუხედავად, მაღალ მთაზე, ტრადიციულად, ფეხშიშველი ადის. ასე იქცევა ადგილობრივ აზერბაიჯანელ მუსლიმანთა ნაწილიც... ჯერ ისევ ნისლია, ამიტომ ისეთი ხალხმრავლობა არ ჩანს, როგორსაც ველოდი _ კანტი-კუნტად მოდიან მომლოცველები... ნელ-ნელა ნაკადმა იმატა, 12 საათისთვის პიკს მიაღწია... დაღამებამდე არ წყდებოდა მომლოცველთა რიგი. ჩემდა გასაოცრად, უამრავი აზერბაიჯანელი მოდიოდა ქურმუხის მოსალოცად _ მოჰყავთ ცხვრები, ქათმები... სასიამოვნოა, რომ ამ ტაძრებში სანთლისა თუ ხატების შეძენა ქართული ლარითაცაა შესაძლებელი და აზერბაიჯანული მანათითაც. 

მოსალოდნელი პრობლემების გამო, ვცდილობ, კადრები ისე გადავიღო, პოლიციამ არ შემამჩიოს. საბოლოოდ, ტაძრის გარეთ ინტერვიუებსაც ისე ვწერ, რომ სამართალდამცველები ვერაფერს ხვდებიან. ვაცნობიერებ, სად ვარ, ამიტომ ტაძრის უკანა მხარეს ვჩერდები და იქ ვეკითხები ადგილობრივებს არსებული პრობლემების შესახებ. ტაძრის კარსა და ყველა მხარეს, ჯგუფ-ჯგუფად პოლიცია დგას. ჩემდა გასაოცრად, კამერის წინ საუბარზე უარი არავის უთქვამს, მაგრამ პრობლემებზე ღიად, ერთსაც არ უსაუბრია. ადგილობრივები ხელისუფლების მხრიდან რწმენისა და იდენტობის შენარჩუნებაში ხელშეშლის ფაქტებზე არ გვიყვებიან, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ უშიშროების სამსახური ტაძრის კართან სამოქალაქო ფორმაში იდგა და ლოცვაზე შემსვლელებს აფიქსირებდა. 

„ალიბეგლოდან მოვედით, რომ სანთელი ავანთოთ და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ვთხოვოთ. ძალიან გვწამს წმინდა გიორგის, წირვებს ვესწრებით _ ჩვენთვის სულ სხვა მადლი აქვს, აქ ქართველები ვართ და რწმენა მნიშვნელოვანია. ნინოობასაც ვზეიმობთ ხოლმე. ხელს არ გვიშლიან. დღეს სამუშაო დღეა, მაგრამ ყველა, ვინც საჯარო სამსახურში ვმუშაობთ, ხელი შეგვიწყვეს, დაგვითხოვეს, რომ აქ ამოვსულიყავით. მეც და ჩემი მეუღლეც სახელმწიფო სამსახურში, საბავშვო ბაღში ვმუშაობთ, მაგრამ პრობლემა არ შეგვქმნია“, _ აღნიშნავს სილვა ტარტარაშვილი. 

„ქრისტიანები ვართ, ჩვენს წესს ყველანაირად ვიცავთ. წელიწადში ორჯერ, აუცილებლად მოვდივართ. ჰერეთში რწმენა უმაღლეს დონეზეა, აქ ნამდვილი ქართველები ვართ!.. მე იმერელი ვარ, აქეთ გამოვთხოვდი“, _ გვიამბობს შუა ხნის ქალბატონი, რომელსაც გვარის დაკონკრეტება არ სურს. 

„აქ ყოველთვის ამოვდივართ, ბებია დადიოდა და ტრადიცია მისგან შემოგვრჩა. მან 112 წელი იცოცხლა. ქართული ადათ-წესები გვაქვს და ყველაფერს ვიცავთ. ქორწილებსაც ქართულად, თამადით ვიხდით. ყოველ კვირას მივდივართ კახის ეკლესიაში და მამა პეტრეს ვუსმენთ, მისი ძალიან კმაყოფილი ვართ. მეუფეც ხშირად ჩამოდის. მამა პეტრე ძალიან კეთილია, ყველანაირად მეხმარება და თუ რაიმე შესწირეს, აუცილებლად მაძლევს. ადრე რაიონიდან მანქანებსაც არ უშვებდნენ, ამიტომ „ტრასაზე“ ფეხით მოვდიოდით, უფრო მეტი ხელშეშლა იყო... ახლა მთის ძირამდე უშვებენ ტრანსპორტს და შემდეგ ფეხით ამოვდივართ“, _ ყვება მოხუცი ქალბატონი, რომელიც თავს შემოწირულობით ირჩენს. 

საინტერესოა ქურმუხის ტაძარში მესანთლის ქცევა _ თავად მოდის და სურს ჩავწერო, მიხსნის, რომ ჟურნალისტებმა ის ადრეც ალაპარაკეს. სიამოვნებით დავუსვი კითხვები, ძირითადად იმაზე, უშლით თუ არა ვინმე ხელს. უარყოფს, არც ის ახსოვს, აზერბაიჯანულმა ტელეარხებმა როგორ გააშარჟეს ქურმუხის ტაძარი, როგორ ხტუნაობდნენ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ ამ ტაძარში. მიუხედავად იმისა, რომ სარკაზმით სავსე ვიდეოკლიპები ორჯერ გადაიღეს და გასულ წელს ვანდალიზმი კიდევ ერთხელ განმეორდა, მესანთლე ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. არადა, რგოლები დიდხანს ტრიალებდა ადგილობრივ ტელეეთერში. მის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება და მიკვირს, თუ ამ ტაძარში მსახურობს, ეს როგორ გამორჩა. 

მეუფე დიმიტრი კაპანაძე (ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი): _ „ძალიან დიდი სიყვარული აქვთ ჰერელებს წმინდა გიორგის მიმართ, დილაადრიან, სიბნელისას იწყებენ მსვლელობას. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ჰერეთში. ვისაც რამე შეხება ჰქონია ჰერეთთან და ახლა სხვაგან ცხოვრობს ან მუშაობს, გიორგობისთვის აუცილებლად ბრუნდება და მოილოცავს ამ ტაძრებს. ეპარქიას ამჟამად საშუალება აქვს, ვიმსახუროთ იმ ორ ტაძარში, რომელთა რეგისტრაცია მოხდა. ესენია _ კახის წმინდა გიორგის და ალიბეგლოში წმინდა ნინოს სახელობის ტაძრები. ქურმუხში კი, მხოლოდ გიორგობას გვაქვს მსახურების ნებართვა, ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს ქოთოქლოს ტაძრის რეგისტრაციის პროცესი. ვმუშაობთ, რომ იქაც შევძლოთ ღვთისმსახურების შესრულება, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. რაღაც ეტაპი გავიარეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ შედეგს. ყოველ გიორგობას, ღვთისმსახურებას ქურმუხის ტაძარში აუცილებლად აღვასრულებდით, ახლა დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ შევძელით, წირვა ჩაგვეტარებინა. აქამდე პირიქით ხდებოდა _ ჯერ კახში ვწირავდით, შემდეგ ქურმუხში ამოვდიოდით, პარაკლისს ვიხდიდით“. 

დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი (კახის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი): ,,_ აქ მცხოვრებ ხალხში ამ დამოკიდებულებას საფუძველი დიდი ხნის წინ ჩაეყარა, წინაპრების მიერ. არსებობს უამრავი სასწაული, რომელიც ქურმუხის ტაძარს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ უამინდობაა და ცივა, ხალხი მაინც ფეხშიშველი ამოდის და ესეც მეტყველებს, რაოდენ დიდია რწმენა. თუ შევადარებთ ჩემი აქ ჩამოსვლის პერიოდთან დღევანდელ ვითარებას, შემიძლია ვთქვა, რომ აღმსარებელთა რიცხვი გაიზარდა. აქ ყველა მორწმუნეა, მაგრამ აღმსარებელი, ვინც ეკლესიაში მუდმივად დადის, ყველა არაა. აქ არსებობს ქართველების სოფელი ქოთოქლო, სადაც არის ყოვლადწმინდა სამების ძირძველი ტაძარი. ადგილობრივებს დიდი სურვილი აქვთ, ამოქმედდეს. 2 წელია, ვცდილობთ და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში მოვახერხებთ. ნებართვებს განსაზღვრავს აზერბაიჯანის კანონი რელიგიის შესახებ და ამ ნებართვის მისაღებად ნაბიჯებს ვდგამთ. სერიოზულ დაბრკოლებებს არ ველით''. 

წირვის დასრულების შემდეგ ისევ კახინგილოში დავბრუნდით, რათა ამჯერად მოქმედ ტაძარში, საღამოს მსახურება აღევლინათ. აქაც უკვე ხალხმრავლობაა. სოფელ კახინგილოს გამგებელი ეთნიკურად ქართველი, ქრისტიანი თენგიზ ოთარაშვილია. როცა ვკითხე, კახის გამგებელი ხართ-მეთქი, გაოცებული მპასუხობს, იქ ვინ დამნიშნავს, სოფლის გამგებელი ვარო. ალბათ, იმას გულისხმობს, რომ ქართველს ასეთ თანამდებობას არ ჩააბარებენ. ძლიერი აქცენტი აქვს, ამდენად, სახელი რომ არა, ვერც მივხვდებოდი, რომ ქართველია. მამა პეტრე თენგიზს ძალიან ემადლიერება და ამბობს, რომ მუდმივად თავზე დასტრიალებს. სოფლის თავკაცი როცა იგებს, რომ ქართველი ჟურნალისტი ვარ, გვერდით მიჯდება და საუბარს მიბამს. იხსენებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს კახეთის გუბერნატორი, ასევე, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს გამგებლები, ჰერეთში გიორგობაზე ყოველ წელს ჩადიოდნენ, გული სტკივა, რომ ეს ტრადიცია დაირღვა _ წელსაც ერთი მათგანიც არ იყო. ბატონი თენგიზი ამბობს, რომ ცდილობენ, მამა პეტრეს ყველანაირად გვერდში დაუდგნენ. როგორც საუბრიდან ირკვევა, ძალოვანი უწყებების ადგილობრივი ხელმძღვანელები ცდილობენ, ყურადღება გამოხატონ, გაძლიერებულ პატრულირებას კი იმით ხსნიან, რომ ქურმუხის ტაძარი დაუსახლებელ, ტყიან გორაზე მდებარეობს და რადგან ლოცვა გამთენიას დაიწყო, სამართალდამცველებმა მამაოს სთხოვეს, უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორია გაეკონტროლებინათ. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქურმუხისგან განსხვავებით, კახის ტაძართან არცერთი პოლიციელი არ დამიფიქსირებია. 

ჰერეთში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც. „ვერსიის“ კითხვაზე, რა კეთდება ადგილობრვი ქართველებისთვის, საელჩოს წარმომადგენლები სერიოზულ პრობლემებს არ აღიარებენ. მათი თქმით, სოფელ ალიბეგლოში, ახალი ქართული სკოლის ასაშენებლად, ილჰამ ალიევმა მილიონიანი დაფინანსება გამოყო და მშენელბლობა მალე დაიწყება. 

ახა აბდალაძე, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს პრეს-სპიკერი, ელჩის მრჩეველი: ,,_ მოხარული ვართ, რომ მრევლი მრავლად იყო, ბევრი ეზიარა, ბევრმა აღსარება ჩააბარა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რწმენაში მტკიცედ არიან. მოხარული ვარ, თქვენც რომ ჩამობრძანდით და დაინტერესდით ჰერეთის პრობლემებით. რაც შეეხება ყურადღებას, საელჩო ცდილობს, აქ რაც შეიძლება ხშირად ვიაროთ. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ბატონი ზურაბ პატარაძე, ამჟამად შვებულებაში იმყოფება და ამიტომ ვერ ჩამოვიდა, საელჩოს წარმომადგენლები, თითქმის მთელი შემადგენლობით, ჩამოვედით და საღმრთო ლიტურგიაში მივიღეთ მონაწილეობა. მე ვეზიარე კიდეც, ყველანაირად ვცდილობთ, ჰერებს, ჩვენს ქართულენოვან მოსახლეობას, ყურადღება არ მოვაკლოთ. იმედია, მომავალში კიდევ გვექნება წარმატებები. აქვეა განჯაში საქართველოს გენერალური კონსული მამუკა ბალავაძეც. ვფიქრობ, აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ საკითხებს აქცევს ყურადღებას, დარწმუნებული ვარ და მგონია, რომ ყველანაირად ცდილობენ, მულტიკულტურიზმი განავრცონ. პირადად მე, ეკლესიაში ბაქოშიც დავდივარ, სალოცავად აქაც ჩამოვდივართ. ასე რომ, ლოცვასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის. ორ ქვეყანას შორის რელიგიური საკითხი არ დგას, რადგან ეს ის თემა არ არის, რომელშიც პრობლემებია. პირიქით, დაწყებული თავად პრეზიდენტისგან, გაგრძელებული ყველა რელიგიური სტრუქტურის ხელმძღვანელით, ყველანაირად ცდილობს, კახის ეკლესიას ხელი შეუწყოს. შესაძლოა, მოსახლეობაში რამე პრეტენზია ისმოდეს, მაგრამ ამას მასშტაბური სახე არ აქვს. არ არის ისეთი პრობლემები, რამაც შეიძლება დისონანსი შეიტანოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში''. 

საელჩოს ოპტიმისტური შეფასებების მიუხედავად, ჰერები ქართველებსა და საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სურთ, რომ მათთან ხშირად ჩავდიოდეთ. ისინი მხოლოდ ყურადღების დეფიციტს გძნობენ და ჩვენგან მეტ სითბოსა და თანადგომას ითხოვენ. საქართველოს საზღვრებს გარეთ პირველად ვიმოგზაურე, მაგრამ საერთოდ არ მქონია განცდა, რომ ჩემს ქვეყანაში არ ვიყავი _ ეს, ალბათ იმიტომ, რომ უამრავი პრობლემების და შეზღუდვის მიუხედავად, ჰერეთში ისევ იგრძნობა საქართველო...

ილია მარტყოფლიშვილი, სპეციალურად ,,ვერსიისთვის'' ჰერეთიდან

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში