Menu
RSS

დიდი სპორტული „რაზბორკები“ _ რატომ სცემენს ერთმანეთს ქართველმა ძიუდოისტებმა იაპონიაში

რა ახალი სკანდალი მწიფდება და ვინ განიხილება ძიუდოს ნაკრების მწვრთნელად

გასულ კვირას, იაპონიაში, კერძოდ, ოსაკაში, ძიუდოისტთა მსოფლიო თასი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ძიუდოისტებიც იღებდნენ. პრინციპში, უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ქართველ ძიუდოისტებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ. ოსაკას ტურნირი უმედლოდ დავასრულეთ და თანაც, 73 კგ კატეგორიაში მოასპარეზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ტატამზე საერთოდ არ გავიდა. ფედერაციაში ახსნეს, რომ შავდათუაშვილმა ტრავმის გართულების გამო განაცხადა უარი ჭიდაობაზე, თუმცა იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა და შავდათუაშვილი იმდენად იყო ნაცემი, რომ ჭიდაობას ვერ შეძლებდა. ამის შემდეგ, ლაშამ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, სადაც ინციდენტი უარყო და იგივე გააკეთა ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა, თუმცა... მოდით, რიგითობით მივყვეთ.

ქართველი ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ ფედერაციაში ე.წ. ,,ატკატები'' ხდებოდა და სპორტსმენებზე დასახარჯი თანხა კონკრეტული ადამიანების ჯიბეში მიდიოდა. რამდენიმე დაპირისპირების შემდეგ, თოფიც გავარდა _ ერთ-ერთი გარჩევის დროს, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელმა, ლომერ ჟორჟოლიანმა ვეტერანი ძიუდოისტი, იოსებ წელაური დაჭრა. ამის შემდეგ ქევხიშვილმა, როგორც იქნა, თანამდებობა დატოვა და ვადამდელი არჩევნებიც დაინიშნა, თუმცა მანამდე იყო ერთი ყურადსაღები ფაქტი _ იმ დროს, როცა ძიუდოისტები ვარჯიშზე უარს აცხადებდნენ და ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ამბობდა, ყველა ერთ აზრზე ვართ, ნაკრები ერთი ოჯახიაო, სამმა ძიუდოისტმა _ ბექა ღვინიაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა უცხოური შეკრება გაიარეს და ფედერაციას ათქმევინეს, აგერ, ბატონო, ერთ აზრზე კი არა, ნაკრების ლიდერები შეკრებას გადიან და ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობსო. როგორც მაშინ ითქვა, აჯანყებულები კონკრეტულად ამ სამ ძიუდოისტს დაემუქრნენ, თქვენი დროც მოვაო. 

მერე, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა, პირველობაზე წასვლას მე ვიმსახურებ და ბექა ღვინიაშვილი რატომ მიჰყავთო... საბოლოო ჯამში, ღვინიაშვილი და ჭრიკიშვილი სლოვაკეთის ტურნირზე წავიდნენ, იქ, რომელიც მაღალ შედეგს აჩვენებდა, მსოფლიოსაც ის იჭიდავებდა. ბედმა თუ უბედობამ, ქართველები სლოვაკური ტურნირის ფინალში გადაჰყარა ერთმანეთს. შეხვედრა და, შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ღვინიაშვილმა მოიპოვა, მაგრამ უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა. 

ამის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა და ყველაფერი ინდური ფილმივით დასრულდა _ არჩევნების დღეს, ხუთი კანდიდატიდან ოთხმა, კანდიდატურა მოხსნა და ასარჩევი მხოლოდ გიორგი ათაბეგაშვილი დარჩა, კაცი, რომელიც ფედერაციაში ქევხიშვილის კადრად და მისი პოლიტიკის გამტარებლად მოიაზრება. მისი არჩევის შემდეგ, ნაკრების აჯანყებულმა წევრებმა განაცხადეს, რომ ფედერაციაში რეალურად არაფერი შეიცვალა, მაგრამ ისინი ვარჯიშსა და ტურნირებზე გამოსვლას მაინც გააგრძელებენ. 

ამის შემდეგ იყო ოსაკას ტურნირი, სადაც, როგორც ამბობენ, მუშტი-კრივი გაიმართა და ქართველი ძიუდოისტები ერთმანეთს დაერივნენ. შავდათუაშვილის განცხადების შემდეგ, შეიძლება ითქვას, არაადეკვატური იყო ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილის კომენტარი. 

,,ამ ეტაპზე ჩვენთან, ფედერაციაში, რაიმე ტიპის განცხადება ან საჩივარი არ შემოსულა და არც არავის მოუმართავს. შესაბამისად, ჩვენ ინციდენტის ფაქტს არ ვადასტურებთ. თუ ვინმე წარმოადგენს რაიმე ტიპის მტკიცებულებას და ეს ფაქტი დადასტურდება, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება'', _ განაცხადა მან. 

ჯერ ერთი, ფედერაციაში საჩივარს რომ არავინ შეიტანდა, ათაბეგაშვილს ყველაზე კარგად უნდა სცოდნოდა. გარდა იმისა, რომ ძიუდოისტები ასეთ ნაბიჯს ერიდებიან, ისინი იმ დროისათვის იაპონიაში იყვნენ და იქიდან ფაქსს ნამდვილად არ გამოაგზავნიდნენ, თანაც სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვიღაცამ კი არა, ძიუდოისტების ოჯახის წევრებმა გაავრცელეს და ის, რომ შავდათუაშვილმა მხოლოდ განცხადება გააკეთა და, მოთხოვნის მიუხედავად, სოცქსელში თავისი ფოტო არ ატვირთა (ამბობენ, დაზიანებები სახეზეც ეტყობაო), ნათლად მეტყველებს, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვეუბნებიან. 

არაადეკვატურობის პიკი ათაბეგაშვილის მხრიდან, ამ ამბიდან რამდენიმე დღეშიც გაგრძელდა. 1 დეკემბერს, ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელზეც... ერთ-ერთ საკითხად, ოსაკაში ნაკრების წევრებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება იყო გატანილი. რა გამოდის? _ ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, არაფერი მომხდარაო და აღმასკომის სხდომაზე ეს საკითხი მთავარ თემად გადის. და როგორ გგონიათ, რა გაარკვია აღმასკომმა?! ათაბეგაშვილს თუ დავუჯერებთ _ ვერაფერი! 

,,აღმასკომის სხდომაზე მოწვეული იყო ოსაკაში მყოფი ერთ-ერთი მწვრთნელი, ვისგანაც მოვისმინეთ უშუალო ინფორმაცია, რაც აღმასკომს აძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ შევქმნათ სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის ამ ფაქტს და შეისწავლის საფუძვლიანად. ამ კომისიაში შევლენ აღმასკომის წევრები, ასევე ვეტერანი ძიუდოისტები, შესაძლოა ჩავრთოთ სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის სპორტის კომიტეტი, ოლიმპიური კომიტეტი და ჟურნალისტებიც. ეს შემდგომში მოგვცემს რეალურ სურათს, მოხდა თუ არ მოხდა ოსაკაში ეს ინციდენტი(?!)'', _ განაცხადა ათაბეგაშვილმა. 

ანუ აღმასკომის სხდომაზე მოიწვიეს ყველაფერ ამის თვითმხილველი მწვრთნელი, მისგან მოისმინეს ინფორმაცია, შექმნეს შესაბამისი საგამოძიებო კომისია და... თურმე, ეს კომისია გაარკვევს, მოხდა თუ არ მოხდა ოსაკაში ინციდენტი. 

და მაინც, რეალურად რა მოხდა ოსაკაში?! ჩვენ ძიუდოისტებში, ოსაკაში მყოფი სპორტსმენების მეგობრები მოვიკითხეთ და შემდეგი სურათი მივიღეთ: 

კამათი ვაჟა მარგველაშვილსა და ლუხუმ ჩხვიმიანს შორის დაიწყო. ჩხვიმიანს მხარი უშანგი მარგიანმა დაუჭირა, მარგველაშვილს _ შავდათუაშვილმა და ატყდა ხელჩართული ჩხუბი. ჩხუბში ჩაერივნენ ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, მწვრთნელი გიორგი ბაინდურაშვილი და გურამ თუშიშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავიდან ლიპარტელიანი და თუშიშვილი მხარეების დაწყნარებას ცდილობდნენ, ტატალაშვილი და ბაინდურაშვილი, ჩხვიმიანი-მარგიანის მხარეს იჭერდნენ, მაგრამ მერე ხელი ლიპარტელიანსაც მოხვდა, რამაც ის მწყობრიდან გამოიყვანა და იჩხუბა, ხოლო თუშიშვილი ბოლომდე გამშველებლად დარჩა. საბოლოო ჯამში, მარგველაშვილი და შავდათუაშვილი გაილახნენ და თან ისე, რომ ლაშამ ჭიდაობა ვერ შეძლო. 

ეს არის ძიუდოისტების გარემოცვის მონაყოლი და როგორც ამბობენ, სიმართლესთან ახლოსაა. მომხდარი დეტალურად იციან ძიუდოს ფედერაციაშიც, მაგრამ ვერ წყვეტენ, რა უნდა მოიმოქმედონ _ დასაჯონ ძიუდოისტები ნიშნავს იმას, რომ ნაკრებიდან უნდა მოკვეთონ ხუთი ძიუდოისტი ანუ ოსაკაში მყოფებიდან ყველა, გარდა თუშიშვილისა. შესაბამისად, გამოვა ისე, რომ ნაკრები პრაქტიკულად, აღარ იარსებებს და ისედაც არასახარბიელო შედეგების მქონე გუნდი შედეგს, უბრალოდ, ვეღარ დადებს. 

ძიუდოს სფეროში მოტრიალე ადამიანები ამბობენ, რომ აქ ერთადერთი გამოსავალია _ ნაკრების მწვრთნელად უნდა დაინიშნოს ადამიანი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება, რომელსაც ყველა პატივს სცემს და რომელიც გუნდის გაერთიანებას შეძლებს. ასეთად ორი სპეციალისტი სახელდება _ ნაკრების ყოფილი თავკაცი, ირაკლი უზნაძე და მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი, იგივე ჯარჯი ზვიადაური. უზნაძის დაბრუნება, პრაქტიკულად, გამორიცხულია, რადგან ის დღეს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის, ძალიან კარგი შედეგი აქვს, კონტრაქტი აკავშირებს თურქეთის ძიუდოს ფედერაციასთან და მისი დარღვევა რამდენიმე მილიონი დაჯდება. 

რაც შეეხება ზვიადაურს, მან ოლიმპიადა და მსოფლიოს ჩემპიონატი საბერძნეთის სახელით მოიგო, ახლაც საბერძნეთში ცხოვრობს და მწვრთნელად არასოდეს უმუშავია, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ჯარჯის ქართველ ძიუდოისტებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ის ყველასთვის მისაღები იქნება. სხვა საკითხია, რამდენად მოისურვებს თავად ჯარჯი არეულ სიტუაციაში შემოსვლას და ამ ქაოსში მინაწილეობის მიღებას. სხვა ვარიანტი ფედერაციას, უბრალოდ, არ აქვს და ამ ეტაპზე, თითქოს საშველიც არ ჩანს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში