Menu
RSS

„ვერსიას“ კონფიდენციალური წყარო ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სქემას შიფრავს!

საარჩევნო კამპანია დასრულდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ვერსია“ პერიოდულად აქვეყნებდა აუდიტის სახელმწიფო სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ ანგარიშებს, ასევე იმ ფაქტებსა თუ დარღვევებს, რომელიც ამ პერიოდში გამოვლინდა. 

არჩევნებში ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, მითუმეტეს 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა საქართველოს ისტორიაში პირველად საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება. მედიასაშუალებებში დეტალურად ქვეყნდება სახელისუფლებო პარტიის ფინანსური ანგარიშების დეტალები, თუმცა საინტერესო ისაა, საიდან ფინანსდება ოპოზიცია?!

„ვერსიას“ კონფიდენციალური წყარო დაუკავშირდა და  მოაწოდა  ინფორმაცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სქემას შიფრავს. იმის გამო, რომ  ჩვენი წყარო წლების განმავლობაში სააკაშვილის გუნდში  პარტიული ხაზინადარის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა, როგორც თავად ამბობს, მას ხელი მიუწვდებოდა თანხების მოძრაობაზე და ასევე საკმაოდ კარგად ინფორმირებულია. ამის დასტურად კი  მოგვაწოდა ფოტომასალა და მეილების ამონაბეჭდი, რაც მისივე თქმით, დოკუმენტურად ამხელს სააკაშვილის სატელიტების დაფინანსების სქემებს.

„ვერსია“, რა თქმა უნდა, არ ამტკიცებს, რომ აქ წარმოდგენილი ინფორმაცია აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და სწორედ ამიტომ აქ დასახელებულ რამდენიმე პირთან ვცადეთ მათი გადამოწმება, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. ახლა კი წყაროს ინფორმაცია:    

„სააკაშვილის სატელიტები  დაყოფილია სამ კატეგორიად: ეს გახლავთ პოლიტიკური პარტიები -  მათ უშუალოდ   სააკაშვილი და ნაცმოძრაობის ლიდერები კურირებენ; ე.წ. მეგობრული მედია, რომელსაც რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატრონობს და  პოლიტიკური ექსპერტები, რომელთა უზრუნველყოფა   ელისო კილაძეს აქვს ჩაბარებული.

ყველას გაუკვირდა და მათ შორის მედიაც გაოცებული იყო, როცა ძმებმა ბერძენიშვილებმა ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირეს მხარი. როგორც ამბობენ, ძმები ბერძენიშვილების გადმობირება მიხეილ სააკაშვილს 20 000 ლარი დაუჯდა (ოღონდ ვერ დაგიზუსტებთ - თითოეულს გადაუხადეს 20-20 ათასი თუ ორივეს). როგორც გავარკვიე, ფინანსური წყარო ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია და ეს თანხაც დავით ბერძენიშვილს ბეჟუაშვილის კუთვნილ სუში ბარში გადასცეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე ყოფილ ოფიცერთა სახლში მდებარეობს. მართალი გითხრათ, ბეჟუაშვილის მიერ სააკაშვილის დაფინანსება არ გამკვირვებია, რადგან ჯერ კიდევ მიშასა და მისი გუნდის უკრაინაში ყოფნისას, იქ გარკვეულ ფინანსურ დახმარებას უწევდა მათ და მადლობასაც კი უთვლიდა პრეზიდენტი ამის გამო. 

ისე,  როგორც ნაცები ამბობენ, ეს სუში ბარი ამგვარი მოლაპარაკებებისთვის ყველაზე საიმედო ადგილია, რადგან იქ არც ერთი სათვალთვალო კამერა არ მუშაობს და ნაციონალები და მათ სატელიტები თავისუფლად ხვდებიან ერთმანეთს სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ. ჩემი ინფორმაციის სანდოობისთვის მე მოგაწვდით ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის ამსახველ რამდენიმე  ფოტოს - აქ აღბეჭდილია გრიგოლ ვაშაძე,  ზაალ უდუმაშვილი და  რესპუბლიკელი ქალბატონები თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე.

სხვათაშორის,  ნაცებმა უპატრონეს „თავისუფალ დემოკრატებს“ - ნინო გოგუაძესა და შალვა შავგულიძესაც. მე როგორც ვიცი, მათთან  ცალკე შეთანხმება გაფორმდა, სხვა პირობებით - კერძოდ, მათ ხელფასზე უარი თქვეს და მხარდაჭერის პირობად მოითხოვეს, პრეზიდენტის ფონდიდან იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება, რომელსაც არჩევნების შემდეგ დააფუძნებენ. ამბობენ, რომ ასეთივე პირობითაა ნაცებთან დაკავშირებული არმაზ ახვლედიანი, რომელსაც პოლიტიკური სკოლის დაფინანსებას დაპირდნენ.

ზემოთ უკვე გითხარით, რომ „რუსთავი2“-ის ლიდერობით, პოლიტიკური ლიდერებისა და კონკრეტულად ნაცმოძრაობის პიარზე აქტიურად მუშაობს ე.წ. „მეგობრული მედია“. პოლიტიკურ კულუარებში ამ ჩამონათვალში მოიაზრებენ  „კავკასია“,  „პრესა. ჯი“ , „დრონი. ჯი“, „პირველი რადიო“, „ონ. ჯე“. 

ეს  მედიასაშუალებები ნაცმოძრაობის მიერ სხვადასხვა ფორმით ფინანსდებიან.  როგორც ვიცი, მათ შორისაა ნინო ჯანგირაშვილი და მისთვის გაღებული თანხების ანგარიშშია ალეკო ელისაშვილიც, რომელსაც  არ ტოვებს ამბიცია მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნისა. კულუარებში ამბობენ, რომ ამ „დამოუკიდებელი“ ცენტრის შესაქმნელ ფინანსებსაც ის სააკაშვილისგან ელოდება. გიორგი კაპანაძე და მისი „პრესა.ჯი" თქვენც იცით, მას შემდეგ, რაც ნაციონალებმა „მიიტაცეს“ კავკასუს ონალინთან ერთად, ბინძური პროპაგანდის ინტრენეტ პლატფორმად იქცა. ინტელექტუალურ  აუდიტორიაზეა გათვლილი  პორტალი  „ონ.ჯი“,  რომელიც სულ ახლახან იყიდა რუსთავი ორის თანამშრომელთა ჯგუფმა. კონკრეტული თანხების შესახებ ინფორმაციას ამჯერად არ გავასაჯაროებ, თუმცა გეტყვით, რომ მათ დაფინანსებას  პირადად ნიკა გვარამია კურირებს;

 

სხვათაშორის, მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა არც ისე ხელგაშლილია პოლიტიკური ლიდერებისა და ექსპრეტების დაფინანსებაში. ამ საქმეს ელისო კილაძე კურირებს, რომელსაც კოორდინაციისთვის ყოველთვიურად 5000 დოლარი აქვს სააკაშვილის სალაროდან. მე ხელში ჩამოვარდა ელისო კილაძის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი ოქტომბრის თვის ფინანსური ანგარიში, რომელიც ინკოგნიტო მისამართზეა გადაგზავნილი და, როგორც მეუბნებიან, თემურ ალასანიას უნდა ეკუთვნოდეს. ისიც გავარკვიე, რომ ყოველ გზავნილზე ელექტრონული ფოსტის ახალი მისამართი იქმნება, რომელიც შემდეგ უქმდება.“ 

აქვე წყარომ  წარმოგვიდგინა ამ მეილის ამონაბეჭდი, სადაც ვკითხულობთ: „მოგესალმებით, გიგზავნით ოქტომბრის ანგარიშს: 1. გუბაზ სანიკიძე - 350 ლარი (ელოდება თიბისიში კრედიტზე დახმარებას, დავპირდით და უნდა დავაჩქაროთ); 2. ანი მიროტაძე - 500 ლარი; 3. ზვიად კუპრავა - 600 ლარი; 3. ლაშა ცუცქირიძე (იგივე კაა) - 400 ლარი; 4. არჩილ გამზარდია - 500 ლარი; 5. გია ხუხაშვილი - 650 ლარი; 6. თამარ კორძაია - 500 ლარი; 7. ხათუნა სამნიძე - 650 ლარი; 8. მაია ორჯონიკიძე - 400 ლარი; 9. ბადრი შუბლაძე - 400 ლარი; 10. დავით ნებიერიძე - 450 ლარი; 11. გიგა ნასარიძე - 300 ლარი.“

„ვერსია“ ინფორმაციის გადასამოწმებლად წყაროს მიერ დასახელებულ რამდენიმე პირს დაუკავშირდა. კომენტარები იხილეთ აქ.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში