Menu
RSS

რა თანხას გამოიმუშავებენ და როგორ ცხოვრობენ სუმოისტები

გახდება თუ ვერა ქართველი ფალავანი იოკუძუნა ანუ ღმერთის ტოლი კაცი

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ წლევანდელი სეზონი დაასრულა. მართალია, კუშუ ბაშოს ბოლო საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი დამარცხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, დადებითი ბალანსი ანუ „კაჩი კოში“ დააფიქსირა და გაისად კვლავ ოძეკის ტიტულით წარსდგება გულშემატკივრის წინაშე.

ზოგადად, სუმოზე საქართველოში ბევრი არაფერი იცოდნენ, სანამ პირველი ქართველი სუმოისტი, ლევან ცაგურია, იგივე კოკაი არ გამოჩნდა. მერე და მერე, ქართველებმა ამომავალი მზის ქვეყნისკენ გაიწიეს და ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ ტოჩინოშინმა მიაღწია _ ოძეკის ტიტული რანგით მეორეა სუმოს სამყაროში და მის ზემოთ მხოლოდ იოკუძუნაა. იაპონელთათვის იოკუძუნა ღმერთის ტოლი კაცია და შესაბამისად, „ღმერთზე“ ერთი საფეხურით დაბლა მდგარ ქართველ ფალავანს პატივი და დიდება ნამდვილად არ აკლია. 

ალბათ, საინტერესოა, რა თანხას გამოიმუშავებენ სუმოისტები, როგორ ცხოვრობენ და ზოგადად, რისი უფლება აქვთ. მთავარი ის გახლავთ, რომ სუმოისტებს, სანამ პროფესიონალები გახდებიან, ინტერნეტის და მობილურის გამოყენება ეკრძალებათ. პარალელურად, მაღალი რანგის სუმოისტებს სწორედ დაბალი რანგის სუმოისტები უვლიან, საკვებს უმზადებენ, მათი ნივთები დააქვთ და ტანსაცმელს ურეცხავენ. ამ გზას გადის ყველა და სწორედ სუმოისტზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაგრძელდება ყველაფერი ეს და რამდენად მალე დაწინაურდება რეიტინგში. 

ბევრი მსჯელობა მიდის იმაზე, აქვს თუ არა ქართველ ფალავანს იოკუძუნად გახდომის შანსი. მოდით, პირდაპირ ვთქ¬ვათ _ ამის მიღწევა ძალიან, ძალიან რთული იქნება, რადგან იოკუძუნას ტიტულისთვის ლევანმა ერთ სეზონში, მინიმუმ, ხუთი ბაშო უნდა მოიგოს და რაც მთავარია, დანარჩენები დადებითი ბალანსით დაასრულოს. ალბათ, ყველას ნანახი გაქვთ, რომ ლევანს ყველა შეხვედრაზე მარჯვენა ფეხზე სახვევი ადევს. ეს იმიტომ, რომ მენისკის სერიოზული პრობლემა აქვს, ოპერაცია, პრაქტიკულად, კარიერის დასრულებას ნიშნავს და ამიტომ ჭიდაობს, სანამ მყესი გაუძლებს, მერე კი ოპერაციასაც გაიკეთებს და კარიერასაც დაასრულებს. 

რაც შეეხება ანაზღაურებას, თუ დააკვირდებით, ორთაბრძოლის შემდეგ, გამარჯვებული სუმოისტი დოჰიოზერჩება და მას რამდენიმე კონვერტს აწვდიან, რომელშიც თანხა დევს. თანხის საზომი ერთეული კენშოა და ერთი კენშო, დაახლოებით, 1400 ლარზე ოდნავ მეტია. შესაბამისად, რაც უფრო მეტ შეხვედრას იგებს სუმოისტი, მით უფრო მეტ თანხას აგროვებს და რაც მთავარია, რაც უფრო სახელოვანია ფალავანი, მით მეტია კენშოს რაოდენობა, რადგან მას სპონსორებიც უმატებენ თანხას. მაგალითისთვის, ბოლოსწინა ტურნირზე ტოჩინოშინმა 74 კენშო ანუ დაახლოებით 104 118 ლარი გამოიმუშავა, თუმცა ამ თანხის ძირითადი ნაწილი იმ სკოლაში მიდის, რომელსაც სუმოისტი წარმოადგენს, ნაწილი _ მწვრთნელთან, ნაწილი _ გადასახადებში და საბოლოოდ, სუმოისტს, დაახლოებით, 30 პროცენტი რჩება. წელიწადში სუმოისტებს ექვსი 15-დღიანი ტურნირის გამართვა უწევთ, ყველა მათგანში რომ მიიღონ მონაწილეობა და დადებითი ბალანსით დაასრულონ, ასი ათას ლარიანი პრემია გარანტირებულია, თუმცა რაღა თქმა უნდა, ყველა დადებითი ბალანსით ვერ ასრულებს, ვიღაც იგებს, ვიღაც კი აგებს. 

ყველაზე მეტ თანხას, ბოლო წლებში, იოკუძუნა ჰაკუჰო გამოიმუშავებს. ლეგენდარული სუმოისტი არც სპონსორების ნაკლებობას უჩივის და თითო მოგების სანაცვლოდ, სპონსორები დაახლოებით, 50 კენშოს ანუ 70 ათას ლარს უხდიან და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მეტოქე დაამარცხებს, ეს გამოყოფილი თანხა სწორედ გამარჯვებულის ჯიბეში მიდის. 

სუმოს ფედერაცია საქართველოში ოფიციალურად უკვე არსებობს და იმის გათვალისწინებით, რომ მას პირველი ქართველი სუმოისტი, ლევან ცაგურია ხელმძღვანელობს, თამამად შეიძლება თქმა, რომ იაპონიაში ქართველები კიდევ არაერთხელ გამოჩნდებიან და ვინ იცის, ეგებ, ერთ მშვენიერ დღეს, რომელიმე ქართველი სუმოისტი იაპონელთა თვალში ღმერთსაც დაეტოლოს _ იოკუძუნა გახდეს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში