კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს იწყებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს იწყებს. „ქრონიკას“ ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, სადაც ჩანან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დავით ტყეშელაშვილი.

როგორც „ქრონიკის“ წყარო ამბობს, ამ შეხვედრაზე დავით კეზერაშვილსა და დავით ტყეშელაშვილს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და ყოფილმა ელჩმა მიაწოდეს ინფორმაცია იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც ისინი ბრიტანელ ლობისტებთან მართავენ.

კერძოდ, საიდუმლო მოლაპარაკებები იმართება ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოში უნდა მოახდინოს ანტისახელისუფლებო კამპანიის ლობირება მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით, რა დროსაც გამოკვეთილი უნდა იყოს ე.წ. რუსული ხაზი და სააკაშვილის წამების თემა. ასევე, კეზერაშვილის დაფინანსებული ტელევიზიებისთვის, საერთაშორისო მედიების დახმარებით, კონკრეტული თემები ხელოვნურად შეიქმნას.
ამავე წყაროს ინფორმაციით, იმის გამო, რომ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულმა კონტრაქტმა ხმაური არ გამოიწვიოს, მხოლოდ 100 000 ფუნტის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდება, ხოლო დანარჩენი გადაიხდება ქეშად. რამდენ მილიონზეა საუბარი ამ დროისთვის „ქრონიკისთვის“ უცნობია.

შეხვედრაზე გამოითქვა უკმაყოფილება, რომ აქამდე წარმოებულმა კამპანიამ ქვეყნის წინააღმდეგ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ გადაწყდა ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავება. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი. 

საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, რომელიც „ქრონიკის“ ექსკლუზიურ ინფორმაციაში ფიგურირებს, აცხადებს, რომ ლონდნში დავით კეზერაშვილს პირველად შეხვდა და სუფრასთან მსხდომი ადამიანების საუბარი თანამშრომლობას არ ეხებოდა, არამედ ეს მეგობრული შეხვედრა იყო.

„ეს არის ლანჩი ჩემს მეგობართან და ორ ადამიანთან. პირადად მე იმ თემებზე ვისაუბრე, რაზეც ვსაუბრობ ყოველდღე ტელეეთერებიდან, ჩემი სტატიებიდან, რომ ჩემს ქვეყანაში რაც ხდება არის ჩემი აზრით საგანგაშო. არანაირ თანამშრომლობაზე ვინმესთან, ან ლობისტურ კომპანიასთან, ან თუნდაც ერთმანეთთან... საუბარი იყო ისეთი, როგორზეც შეიძლება ისაუბრონ მეგობრებმა. რაც შეეხება კეზერაშვილს და ტყეშელაშვილს, ჩემი მეგობრები არ ყოფილან არასდროს, ფიზიკურად პირველად შევხვდი, ჩემი მეგობარია თემურ იაკობაშვილი“, - აცხადებს ბადრიძე „ქრონიკასთან“. 

წყარო: იმედი