Menu
RSS

მაიკლ ტაისონისა და რონალდინიოს გაკოტრების ისტორია

ნაჩუქარი ძროხა, რომლის შენახვაც ლეგენდარულ ჩოგბურთელს, როჯერ ფედერერს 7 ათასი ევრო დაუჯდა

ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა კარიერის განმავლობაში მხოლოდ მუშტის ქნევით 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მაშინ ეს კოლოსალური თანხა იყო. ამას გარდა, ერთი ამდენი ,,რკინის მაიკს'' რეკლამებიდან აქვს მიღებული, თუმცა 2004 წელს, ტაისონი გაკოტრებულად გამოაცხადეს ანუ ბუღალტერმა მოატყუა _ ხელმოწერების გზით, მთელი მისი ქონება ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ ფირმებში გადაქაჩა და გაიქცა. იმის გათვალისწინებით, რომ ტაისონის IQ მესამე კლასელისას არასდროს აღემატებოდა, ვერ ერკვეოდა ფინანსურ საკითხებში და ბუღალტერმაც სწორედ ამით ისარგებლა. ტაისონმა დაკარგა ყველაფერი, რისი დაკარგვაც კი შეიძლებოდა და მისი ნახევარმილიარდიანი ქონებიდან აღარაფერი დარჩა. მართალია, დღეს ტაისონი პურის ფულს არ ეძებს, მაგრამ ძველებურად ვეღარ ცხოვრობს, იაფფასიან რეკლამებში ჩნდება, საჩვენებელ შოუებში იწვევენ და, უხეშად რომ ვიანგარიშოთ, თვეში ათი ათასამდე შოულობს, რაც მის ძველ ქონებასთან შედარებით, უმნიშვნელო თანხაა.

,,მე ადამიანებს ბრმად ვენდობოდი და ამის გამო არაერთხელ დავისაჯე. ყოველი შეხვედრის წინ, კოკაინს ვყნოსავდი და არავინ მაიძულებდა, რომ ეს არ გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, ბრძოლების შემდეგ დოპინგ-ტესტს მაბარებინებდნენ, მაგრამ ჩემმა პრომოუტერებმა დაამზადეს ხელოვნური პენისი, რომელიც სუფთა შარდით იყო სავსე და ამ ხელოვნურ პენისს ვიყენებდი დოპინგ-კონტროლზე ექიმების მოსატყუებლად, რაც ყველა შემთხვევაში, წარმატებით მოვახერხე'', _ დაწერა ტაისონმა ავტობიოგრაფიულ წიგნში. 

ტაისონის ამბავი კი მას შემდეგ გაგვახსენდა, რაც ანალოგიურ დღეში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, რონალდინიო ჩავარდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, რონალდინიომ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. თავიდან ის რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა, შემდეგ კი ღიად დაუჭირა მხარი პრეზიდენტობის კანდიდატ ჟაირ ბოლსონარუს. საბოლოოდ, ბოლსონარუ პრეზიდენტი კი გახდა, მაგრამ იმის გამო, რომ ანტიფემინისტური და რასისტური გამონათქვამებითაა ცნობილი, მას ცივილიზებული სამყაროს ლიდერები არ აღიარებენ. სწორედ ბოლსონარუს მხარდაჭერა გახდა იმის მთავარი მიზეზი, რომ რონალდინიოს ყოფილმა კლუბმა, კატალონიურმა ,,ბარსელონამ'' საპატიო ელჩის სტატუსი ჩამოართვა და კლუბის სახელით ნებისმიერი აქტივობა აუკრძალა. 

როგორც ჩანს, რონალდინიოს ყველაფერ ამაზე დიდად არ უნაღვლია. მას პრეზიდენტის იმედი ჰქონდა და, სავარაუდოდ, სწორედ ამ იმედით, აკრძალულ ადგილზე თევზის წარმოების ქარხნის აშენება გადაწყვიტა, მაგრამ ბრაზილიის გარემოს დაცვის სამსახურმა ფეხბურთელს სასამართლოში უჩივლა, სადაც პრეზიდენტმაც ვერაფერი გააწყო და რონალდინიოს 2.5 მილიონი ჯარიმა დააკისრეს. 

ფეხბურთელმა ჯარიმა არ გადაიხადა, რის შემდეგაც ბრაზილიის პასპორტი ჩამოართვეს, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს და ანგარიშები დაუყადაღეს, თუმცა... 

 

,,დაყადაღებული ანგარიშებიდან დაკისრებული ჯარიმის თანხის ამოღება გვსურდა, მაგრამ 2.5 მილიონს ვინ ჩივის, აღმოჩნდა, რომ რონალდინიოს ყველა ანგარიშზე, საერთო ჯამში, ექვსი ევრო უდევს. არადა, ჯარიმის შემდეგ თანხა რომ გაეტანა, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მას ფული, უბრალოდ, არ აქვს'', _ განაცხადა მოსამართლემ. 

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რონალდინიოს სპორტულმა კომპანია ,,ნაიკმა'' 2-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა და მისი სახელობის სპორტული ფეხსაცმლის წარმოებას აპირებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ სარეკლამო კლიპის გადასაღებად რონალდინიო ჩინეთში უნდა გაემგზავროს. პასპორტის გარეშე კი ამის გაკეთება წარმოუდგენელია. ბრაზილიის ხელისუფლება ფეხბურთელს დაჭერით ემუქრება, თუ ის ჯარიმას არ გადაიხდის. რონალდინიო კი აცხადებს, რომ ჯარიმის გადასახდელი ფულის საშოვნელად ჩინეთში უნდა წავიდეს, თუმცა ეჭვობენ, რომ ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში, რონალდინიო წამებულის მანტიას მოირგებს და სამშობლოში აღარ დაბრუნდება. 

ისე არ გაიგოთ, რომ სპორტსმენების უმრავლესობა კარიერის დასრულების შემდეგ ფულს კარგავს. უფრო ხშირად პირიქით ხდება. მაგალითისთვის ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი, კლარენს ზეედორფიც კმარა, რომელსაც უძრავი ქონების სააგენტოს ქსელი აქვს და ეს სააგენტო მსოფლიოს მასტაბით მუშაობს, მთავარი ოფისი აშშ-ში აქვს და მისი ფირმის კაპიტალი ასეულობით მილიონს ითვლის. 

იგივე შეიძლეა ითქვას ლეგენდარულ მრბოლელ მიხაილ შუმახერზეც, რომელიც რამდენიმე წელია, მთაში სრიალის დროს მომხდარი შეჯახების გამო, კომაში იმყოფება, თუმცა დაბანდებულ ფულს მისი ოჯახისთვის დივიდენდები მოაქვს და მიხაელის მოვლაში ყოველწლიურად გადასახდელ ხუთ მილიონ ევროს ოჯახი, პრაქტიკულად, ვერ გრძნობს. 

ფულთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გადახდა ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს. ერთ-ერთი ტურნირის მოგების შემდეგ, მას, სიმბოლურად, შვეიცარიული ჯიშის ძროხა აჩუქეს. როჯერმა გადაწყვიტა, ძროხა სამშობლოში წაეყვანა _ იქირავა ლაინერი, რომლითაც ცხოველი შვეიცარიაში გადააფრინეს, დაიქირავა მომვლელი და ძროხამ ბინა შვეიცარიის ალპებში მდებარე ვილაში დაიდო. ისტორია ამით არ დამთავრებულა. 

იმის გამო, რომ ფედერერმა ძროხა არ განაბაჟა და შვეიცარიაში ისე შეიყვანა, ქვეყნის შესაბამისმა სამსახურმა ათი ათასით დააჯარიმა. დაახლოებით, ორი ამდენი დაჯდა ძროხის ტრანსპორტირება, ძროხისთვის საცხოვრებლის მოწყობაში ორი ათასამდე დაიხარჯა, პლუს, მომვლელის ხელფასი და... ძროხის ფასი შვიდი ათას ევროს აღემატება. 

სხვათა შორის, ცნობილი ქართველი სპორტსმენებიდან უმრავლესობას, საკუთარი ბიზნესი აქვს და ბედს არ უჩივიან. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისიც და მსოფლიო სპორტი იცნობს ისეთ შემთხვევას, როცა ფეხბურთის უგვირგვინო მეფე გარინჩა სიღატაკეში მოკვდა, თუმცა ძირითადად, სპორტსმენებს წარმატებული კარიერის შემდეგ, წარმატებული ცხოვრების გარანტია აქვთ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში