Menu
RSS

ფიქრები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ანუ რამ გააღიზიანა სალომე ზურაბიშვილი?!

„ფრანკფურტის გასეირნება“ _ ასე უწოდა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, რომელიც სექტემბერში, გერმანიაში გაიმართა და ევროპულ პრესაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა და საქართველოს საგამომცემლო პროგრამის ორგანიზებას, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პროფესიონალთა გუნდი უწევდა. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 9 ოქტომბერს გაიხსნა. როგორც აკა მორჩილაძემ თქვა: „დღეს აქ არის ქართული ლიტერატურა, რომელიც, როგორც იცით, ძალიან ძველია, მრავალი საუკუნის. ჩვენ ვამბობთ _ 1500 წლის, ვიღაც მეცნიერები ამბობენ, 2000-ის, 2500-ის... ჩვენ ამ საუკუნეებში ასე ვოპერირებთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს საუკუნეები არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ იმსჯელო, რა არის ღირებული და რა _ არა. როგორც ყველა ლიტერატურა, ქართული ლიტერატურაც ადამიანების გარშემო ტრიალებს“. 

 

შემდეგ ორ სცენაზე, სწორედ ის ადამიანები გამოჩნდნენ, ვის „გარშემოც ქართული ლიტერატურა ტრიალებს“ _ ერთ სცენაზე გურამ დოჩანაშვილი იჯდა, მეორეზე _ ბესიკ ხარანაული, მესამეზე _ ზვიად რატიანი, ლევან ბერძენიშვილი, ანა კორძაია, დიანა ანფიმიადი, დათო გაბუნია, თამთა მელაშვილი, შოთა იათაშვილი, ბესო ხვედელიძე... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო _ აქ მარტო კულტურა და წიგნი არ ყოფილა... იყო ბევრი პოლიტიკაც _ საუბარი ოკუპაციაზე, მავთულხლართებზე, იმ უბედურებაზე, რაც გვჭირს და გვიჭირს და რაშიც ევროპის თანადგომა გვჭირდება. როგორც ჩანს, სწორედ ამან გააღიზიანა ქალბატონი სალომე და ამიტომაც მოიხსენია ცინიზმით ფესტივალი, სადაც 100-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი. 

ჩემი ეს რეპლიკა იმ გულისტკივილის გამოძახილია, რომელსაც ევროპაში მცხოვრები მწერლები და ემიგრანტები განვიცდით პოლიტიკოსების (და არა მხოლოდ მათი) წინდაუხედავი, დაუფიქრებელი და ზოგჯერ მტრული გამონათქვამებით მოყენებული ზიანის შედეგად, ვინც ვცხოვრობთ ათასობით კილომეტრის მოშორებით და სამშობლოსა და ჩვენი ოჯახების სითბო და სიყვარული გვაკლია. 

 

მე, პირადად, ქალბატონი სალომესგან განსხვავებით, საქართველო 2003 წლის შემდეგ, მხოლოდ ტელევიზორში და სოციალურ ქსელებში მინახავს _ გასაკვირია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ქალბატონმა, სიბნელეში სანთელი ვერ შენიშნა, მერამდენედ უნდა ავნოს საქართველოს, მერამდენედ უნდა შეურაცჰხყოს იმ ბიჭების სული, ვინც საქართველოს შესწირა თავი, დედები _ რომლებიც თავის გმირ შვილებს ათეული წელია მისტირიან. ამჯერად აღარ დავიწყებ სალომე ზურაბიშვილის „პოლიტიკური მავნებლობის“ ჩამოთვლას, მხოლოდ იმ ვიდეოჩანაწერის შინაარსს გიამბობთ, რომელიც 9 ოქტომბერს, დილის გადაცემაში გავიდა და თავად გადაწყვიტეთ, ვინ არის და რა ჰქვია ამ ქალბატონს. 

საქართველო, როგორც ყოველთვის, კრიმინალურ სტატიებთან ასოცირდება ხოლმე და აქ, ავსტრიაშიცა და ევროპაშიც, არც ისე კარგად გვიყურებენ. ყველაზე პოპულარულ დილის გადაცემაში _ „კაფე პულს“, 9 ოქტომბერს გასულმა აღფრთოვანებულმა სიუჟეტმა კი ყველანი გაგვაოცა. 

„კაფე პულს“. 9 ოქტომბერი. დილის გადაცემა: 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა წიგნების ფესტივალზე. ქართველების პავილიონი იყო განლაგებული 180 კვადრატულ მეტრზე და 150 მეტი წიგნი და 40 მდე ქართული გამომცემლობა იყო წარდგენილი. სულ წარმოდგენილი იყო 286 000-მდე წიგნი და 7300 მონაწილე. ეს არის ყველაზე დიდი ბაზრობა, სადაც დიდი ხელშეკრულებები და შეთანხმებები ფორმდება. 

ავსტრიელი ყველაზე პოპულარული დილის გადაცემის მიმომხილველი, დიდი ოვაციებით გადმოგვცემდა, რომ ამ ბაზრობაზე საქართველო იყო ძალიან კარგად და ძლიერად წარმოდგენილი. იგი აღფრთოვანებული იყო ნინო ხარატიშვილის რომანით „კათა და გენერალი“ და ფიქრობდა, რომ ის ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ინგერ-მარია მალკემ გაიმარჯვა. 

აი ასე, ჩემო მეგობრებო, მთელმა მსოფლიომ დაინახა _ ვინ არის საქართველო, ვინ არიან ქართველები, როგორი დიდი კულტურის მქონე ერი, ვინ დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა ოკუპაცია. მთელი მსოფლიო აკრიტიკებს რუსეთს მცოცავი ოკუპაციის გამო და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი კი პირიქით, ბრალს სდებს საქართველოს. 

ახლა კი ყველაზე მთავარი, რამაც გააღიზიანა ქალბატონი კანდიდატი _ ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) აზრით, ეს გახლდათ მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა წიგნის ბაზრობაზე. სამწუხარო ის არის, რომ არ შეიძლება სააკაშვილის სიძულვილს გადააყოლო საქართველო და უფრო სამწუხარო ის გახლავთ, რომ რუსეთი ისევ ქართველების ხელით გვებრძვის. ეს ხომ მისი კარგად აპრობირებული და გამოცდილი პრაქტიკაა. 

როგორც ევროპული პრესა წერს, სააკაშვილს ოვაციებით შეხვდა ხალხი და მასთან სურათებსაც კი იღებდნენ. საინტერესოა, ქალბატონი სალომე რომ ჩასულიყო ბაზრობაზე, რა რეაქცია ექნებოდა იქ მყოფ საზოგადოებას?!

ლევან ხვედელიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში