Menu
RSS

სამი ქართველის ტრიუმფი

სამბისტი ნინო ოძელაშვილი, პარაოლიმპიელი მოფარიკავე ირმა ხეცურიანი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ალბათ, დამეთანხმებით, რომ საქართველოში ძალისმიერ სპორტზე გოგონები იშვიათად დაჰყავთ. სწორედ ამის ბრალია, რომ ოქტომბერში, ბაქოში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩამპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ პირველობაზე მონაწილეობა ვერ მიიღო _ ახალი წესებით, გუნდურში გოგონებიც უნდა მონაწილეობდნენ, ჩვენ კი გოგონები, უბრალოდ, არ გვყავდა...

 

გასულ კვირას, რუმინეთში სამბისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალში მასპინძელთა წარმომადგენელი და ქართველი ნინო ოძელაშვილი გავიდნენ. ფინალი დაძაბული გამოდგა და, საბოლოოდ, ქართველმა გოგონამ გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით ნინო ისტორიაში შევიდა, რადგან საჭიდაო სახეობებში აქამდე ქალს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არ მოუგია. 

გასული კვირა კიდევ ერთი ქართველი ქალისთვის იყო წარმატებული _ პარაოლიმპიელმა ირმა ხეცურიანმა, ფარიკაობაში მსოფლიოს თასი მოიგო და ფინალში ბელორუსი მეტოქე სოლიდური სხვაობით _ 15:3 დაამარცხა. 

ფეხბურთის სპეციალისტები ლიონელ მესიზე ხშირად ამბობენ, სხვა პლანეტიდანაა, არაამქვეყნიურად თამაშობსო. ზუსტად იგივე შეფასება აქვს ძალოსან ლაშა ტალახაძეს _ 25 წლის ქართველი გოლიათი უკვე მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონია. 

როგორც უნდა გაგრძელდეს მისი კარიერა, ლაშა უკვე ლეგენდაა, თუმცა ყველაზე ნიშანდობლივი გასულ კვირას მოგებული მსოფლიოს ოქროს მედალი იყო. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, როცა ლაშა ბოლო ცდაზე მისვლას აპირებდა და მისმა მწვრთნელმა, ასევე, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ ჰკითხა, რა წონა შევუკვეთოო. ტალახაძემ ხელი აიქნია და ღიმილით უპასუხა, რამდენიც გინდაო! 

შედეგად, მან მსოფლიოს შვიდი(!) რეკორდი დაამყარა და ჩემპიონობა ულაპარაკოდ დაიმსახურა. საგულისხმოა, რომ ლაშამ აკვრაში 257 კილო ასწია და ეს მსოფლიოს ახალი რეკორდია, თუმცა მსოფლიო პირველობამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს ჩემპიონატში ლაშამ 264 კგ დაიმორჩილა. ორჭიდის ჯამში (აკვრა, ატაცი) ტალახაძემ 474 კილო დაიმორჩილა, რაც ასევე, მსოფლიოს რეკორდია, თუმცა როგორც გავიგეთ, ქართველები მომავალი ოლიმპიადისთვის, რომელიც 2020 წელს გაიმართება, მსოფლიოს გაოცებას აპირებენ და ორჭიდში... 500 კილოს აწევა აქვთ განზრახული. კაცმა ნახევარი ტონა ასწიოს, მართლაც, არაამქეყნიური ძალა უნდა ჰქონდეს და იმედია, ლაშას ჩანაფიქრი გამოუვა. 

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში