Menu
RSS

დიდი ფულით დაღუპული დიდი ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა 2021 წელს მოკვდება

იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებს გულშემატკივარი არ აკლია და სტადიონის შევსების პრობლემა, პრაქტიკულად, ერთ შეხვედრაზეც არ არის, ფაქტია, რომ ფეხბურთისთვის ყველაზე მეტი შემოსავალი ჩემპიონთა ლიგას მოაქვს. თუ ადრე ლიგა ორიოდ ასეულ მილიონ დოლარს ითვლიდა, მხოლოდ გასულ სეზონზე შემოსავალმა მილიარდნახევარს გადააჭარბა, თანაც ეს სუფთა შემოსავალმა, თორემ სხვადასხვა ხარჯიც რომ დავთვალოთ, თანხა სამ მილიარდს გასცდება.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო არ მალავს, რომ ჩემპიონთა ლიგის განვითარებისთვის ყოველწლიურად ზრუნავს და კლუბებსაც ლიგაზე მონაწილეობისთვის გამოყოფილ თანხებს ყოველწლიურად უზრდის, თუმცა ჩანს, რომ ეს საკმარისი არაა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელმა გამარჯვებულმა მადრიდის ,,რეალმა'', საერთო ჯამში, ასი მილიონით გაიმდიდრა ბიუჯეტი, მაგრამ კლუბის მფლობელებს მეტი სურთ, თანაც ამ საქმეში ,,სამეფო გუნდი'' მარტო არ არის და მას მხარს ევროპის სუპერკლუბები უჭერენ. 

 

,,რეალის'' , ახალ ტურნირში, რომელსაც სუპერლიგა ერქმევა, მონაწილეობას კიდევ 10 გუნდი მიიღებს. მიუნხენის ,,ბიაერნი'', კატალონიური ,,ბარსელონა'', ,,მანჩესტერ იუნაიტედი'', ლონდონის ,,არსენალი'', ლონდონის ,,ჩელსი'', ,,მანჩესტერ სიტი'', პსჟ, ტურინის ,,იუვენტუსი'', ,,ლივერპული'' და ,,მილანი'' ანუ, სულ 11 გრანდი, რომელსაც ახალ ტურნირში მონაწილეობა გარანტირებული, უახლოესი 20 წლის განმავლობაში ექნება, მაგრამ იმის გამო, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობა, საერთო ჯამში, 16-მა გუნდმა უნდა მიიღოს, ტურნირზე ხუთი მოწვეული გუნდი ითამაშებს, რომელსაც გარანტირებული ადგილები არ ექნება და თითოეულის ჩანაცვლება მოხდება. ამ ეტაპზე, მოსაწვევები მადრიდის ,,ატლეტიკოს'', გერმანულ ,,დორტმუნდს'', ფრანგულ ,,მარსელს'', მილანის ,,ინტერსა'' და ,,რომას'' დაეგზავნა. 

საინტერესოა, რომ უეფა და ფიფა ამ ახალ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, თუმცა კლუბების გადაწყვეტილება იმდენად მტკიცეა, რომ ისინი ამ ორგანიზაციების დატოვებას აპირებენ და რაც მთავარია, ამ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებებში სათამაშოდ აღარ გაუშვებენ. 

,,ნაკრებში ფეხბურთელმა ტრავმა რომ მიიღოს და მოედანზე რამდენიმე თვე არ გავიდეს, ჩვენ ვზარალობთ. არადა, ეს ფეხბურთელი შესაძლოა, 150-200 მილიონი ღირდეს. ამიტომ ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებში აღარ ითამაშებენ, ჩვენ დავტოვებთ უეფას და თუ ეროვნული ჩემპიონატებიდან მოგვკვეთავენ, არც ეს იქნება პრობლემა. ვნახოთ, რა უფრო საინტერესო იქნება _ ჩვენს გარეშე დარჩენილი ეროვნული ჩემპიონატები, თუ 16 სუპერგუნდისგან შემდგარი სუპერლიგა'', _ ასეთია ტურნირის ორგანიზატორთა და კლუბების მეპატრონეთა მოსაზრება. 

ძალიან დიდი ალბათობით, ეს პროექტი 2021 წელს განხორციელდება და სწორედ ეს თარიღია გამოცხადებული ჩემპიონთა ლიგის დასასრულის წლად. კლუბებს არ სურთ, მილიარდნახევრიანი მოგება უეფას გაუყონ და ამიტომ თანხა 16 კლუბში დამსახურებების მიხედვით გადანაწილდება და გამარჯვებულს 300 მილიონამდე ერგება, რაც ძალიან, ძალიან მსუყე ნაჭერია. 

არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სუპერლიგის დაარსება ფეხბურთს ავნებს. საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ბოსები მაქსიმალურად ცდილობენ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, საერთაშორისო ტურნირებში არამხოლოდ გრანდებმა, არამედ რიგითმა კლუბებმა, თუ ნაკრებებმაც ითამაშონ. სწორედ ამიტომ მოიფიქრეს სანაკრებო მატჩებისთვის ერთა ლიგა, რომელმაც, მაგალითად, საქართველოს ნაკრებს გაუჩინა უნიკალური შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს. ამიტომ გაიზარდა ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგაზე მონაწილე კლუბების რაოდენობა, ამიტომ ნაწილდებოდა თანხები ყველა მონაწილე კლუბზე და ახლა, როცა ზემოჩამოთვლილი გრანდები ცალკე პირველობას შექმნიან, ბორისოვოს ,,ბატესა'' თუ ,,ყარაბახის'' მატჩების ტრანსლირებისთვის ტელევიზიებიც არ გადაიხდიან დიდ ფულს და არც ნეიტრალური გულშემატკივარი მივა სტადიონზე. ეს კი იმის მაუწყებელი იქნება, რომ ისედაც შეჭირვებული კლუბები საერთოდ გაღარიბდებიან და არსებობას შეწყვეტენ. 

სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგ გამოდიან ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები, თუმცა კლუბების მფლობელებს არაფრის გაგონება სურთ. მათ ფულის სუნი იგრძნეს და ამ იდეას არ შეეშვებიან, მით უმეტეს, რომ პრაქტიკულად, ყველა დიდი კლუბის მფლობელი ან რუსი ოლიგარქია, ან _ არაბი შეიხი. მათ კი ნაკლებად აინტერესებთ, რა მოხდება ეროვნულ პირველობებზე, როცა საქმე წლიურად ასეულ მილიონობით დოლარს ეხება. სანაკრებო ფეხბურთი აზრს დაკარგავს, რადგან მსოფლიო დონის ვარსკვლავები სწორედ აღნიშნულ კლუბებში გამოდიან და თუ ისინი არ ითამაშებენ, გულშემატკივარში ინტერესის გამოწვევა გაჭირდება. 

რამდენი ფეხბურთელი გადაწყვეტს, რომ ზედმეტად პატრიოტია და ამიტომ, ეროვნული გუნდის ღირსებაც უნდა დაიცვას, თავად განსაჯეთ _ როცა ფეხბურთელის წლიური შემოსავალი 50 მილიონს აჭარბებს, პატრიოტიზმზე ნაკლებად ფიქრობს, რადგან ფეხბურთელობა ხანმოკლე კარიერაა და ამიტომ ყველა მაქსიმალურად ცდილობს, მისაღები დროზე მიიღოს, რადგან 35 წლის ასაკში კარიერის დასასრული მოდის და შემდეგ, ფული მხოლოდ რეკლამებიდან თუ შემოვა, ისიც _ ძალიან იშვიათად. 

,,ყველაზე მდიდარი კლუბები, ყველა საუკეთესო ფეხბურთელს ყიდულობენ. მათ მფლობელებს შევხვდები და ავუხსნი, რომ ეს უნდა შევაჩეროთ, ან კლუბებს მოუწევთ ფუფუნების გადასახადის გადახდა'', _ ეს განცხადება უეფა-ს პრეზიდენტმა, სლოვენიელმა ალექსანდრ ჩეფერინიმ გააკეა და, როგორც ამბობენ, ჩემპიონთა ლიგას საბოლოო განაჩენი სწორედ ამ განცხადებით გამოუტანა. 

მეორე მხრივ, ჩეფერინი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ კლუბები ურჩობას გაბედავდნენ, უეფა-ს ზურგს შეაქცევდნენ და დამოუკიდებელი თამაშის წესებს შეიმუშავებდნენ, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება და ვარაუდობენ, რომ 2021 წლისთვის, ჩემპიონთა ლიგა ჩაილურის წყალს დალევს. საუკეთესო შემთხვევაში, ლიგამ ჩამოთვლილი 16 გრანდის გარეშე გაგრძელდება და ავტომატურად დაკარგავს მილიონობით მაყურებელსა და მილიონობით შემოსავალს, რაც საბოლოოდ, ტურნირის გაუქმებით დასრულდება, მაგრამ მეორე თემაა, რამდენად მოეწონება გულშემატკივარს მუდმივად ერთი და იგივე 16 გუნდის ყურება ყოველწლიურად? ფეხბურთის ხიბლი ხომ იმაშია, რომ შედარებით დაბალი დონის კლუბები, წელიწადში ერთხელ ,,გაისვრიან'' ხოლმე და დიდებს ამარცხებენ, თუმცა ვინ იცის...

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში