Menu
RSS

ჩაბანოს გამოცანები

ივრის ხეობის ზედა მონაკვეთის, სახელდობრ კი თიანეთის რაიონის ძეგლები, ამ ათიოდ წლის წინათ შემოვიარე: ბოჭორმა, ჟალეთი, საყდრიონი, ნადოკრა, თიანეთი, გოჯიან-ისინჭა, დულუზაურები, ზემო არტაანი, ყვარა, ჟებოტა... არ ვიცი, რამ მიკბინა, რატომღაც ჟებოტის ზევით, საგმის ხეობას აღარ ავყევი. არადა, ივრის ამ მარცხენა შენაკადის შუაწელზე ხომ ჩემი მეგობრის, ცოტნე ალბუთაშვილის მშობლიური სოფელი ჩაბანოა. აქ მისი მშობლების მასპინძლობით, ჯეელობაში არაერთხელ მომილხენია. 

ირაკლი და თამარ ალბუთაშვილები, კარგა ხანია ჩაბანოდან მარადიულ სასუფეველში გადასახლდნენ. ცოტნემ კერა არ გააცია, თბილისიდან ჩაბანოს ჯალაბით დაუბრუნდა და მეც ხელახლა მიმიპატიჟა. ჩასვლიდან მეორე დღეს, მუხლი გავშალეთ და ტყეს შევუყევით. 

მასპინძლის სახლიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 200-250 მეტრში, მუხის მცირე კორომში, ფრიად დანგრეული, დარბაზული ეკლესიის ნაშთებთან შევჩერდით. კლდის ფლეთილი ქვით ნაგები საყდარი (5,3X3,6 მ.) გვიან შუასაუკუნეებში აუგიათ. იქვე, რამდენიმე ნაბიჯში, მიწისპირიდან 1,5 მ-ის დონეზე, ამავე ეპოქის კოშკის ნაშალი თვლემს. ეკლესიისა და კოშკის კედლები ბავშვებივით გამოიყურებიან 3 უზარმაზარ, ათასწლოვან მუხასთან. ერთ-ერთი მათგანი, რომლის ძირს ექვსი კაცი თუ შემოაწვდენს ხელს, სიმაღლეში 20 მეტრს აღწევს. ასეთი სხვაობა და შეწყვილება მუხისა და ტაძრისა, მხოლოდ ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მაქვს ნანახი (გულიკაანთ უბნის ,,ღვთისმშობელი''). 

მუხნარიდან, ჩრდ-აღმოსავლეთით მივდივართ. დაახლოებით 300 მეტრში, გვიანი შუასაუკუნეების კიდევ ერთი დარბაზული ეკლესიის ნაშთებია (6X3,8 მ). მას ნასახლართა ღრმულები და საძირკვლის ქვები მოსდევს. 100-150 მეტრის გავლის შემდეგ, რამდენადმე სახიერად შემორჩენილ სხვა ეკლესიის ნანგრევებთან ვჩერდებით. იგი უფრო ძველი, განვითარებული შუასაუკუნეებისა უნდა იყოს (5,8X4 მ). ნატეხი ქვით აშენებულ ამ ნაგებობას რიყის ქვის სხმული კონქი და აბსიდში გაჭრილი ვიწრო, მაღალი სარკმელი აქვს. საყდრისთვის მოგვიანებით, სამხრეთიდან მცირე ეგვტერი (3,35X3,2 მ) მიუშენებიათ და მის ქვეშ კრიპტა გაუმართავთ. ეგვტერი ბოლომდე დანგრეულა, სწორკუთხა, შეისრულკამაროვანი კრიპტა კი მიწას კარგად შეუნახავს და შიგ ჩახედვა შეიძლება. 

ბილიკს კვლავ ჩრდილო-აღმოსავლეთით მივუყვებით და დაახლოებით 500 მეტრში, ხეობის უმთავრეს ძეგლთან ვჩერდებით... ეს არის მიწისპირიდან 10-12 მეტრის დონეზე შემორჩენილი დიდი გოდოლი. მას მე-4 სართული მონგრეული აქვს, ხოლო პირველი სართულის კედლები გარედან მოშვავებულ მიწას დაუფარავს. ეს ან უძველესი ციხე-დარბაზის გოდოლი უნდა იყოს, ან არადა, ზურგიანი კოშკი. ნახევარწრიული ზურგით იგი ჩრდილო-დასავლეთით, მთის მიმართულებით იყურება. სწორკუთხა კედლით კი მის მოპირდაპირედ, მდინარე საგმის მხარეს. კოშკი ნაგებია კარგად შერჩეული და დამუშავებული კლდის ლოდებით. 

ქვედა რეგისტრებში ლოდები საკმაოდ დიდია (დაახლოებით 90X50 სმ), მეორე სართულიდან კი თანდათანობით მცირდება. ქვათა წყობაში თარაზულობა დაცულია, კედლების სისქე პირველ სართულზე 3 მეტრია, მეორე სართულზე 2,5, მესამეზე _ 2, ბოლო მეოთხე სართულზე კი (თუ კოშკი კიდევ უფრო მაღალი არ იყო), ალბათ 1,5 მეტრი იქნებოდა. კოშკის სიგრძე-სიგანე გარედან თანაბარია _ 12,5X12,5 მ. ერთადერთი მაღალი და ამბრაზურის ფორმის საისრე სარკმელი, კოშკს ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში, მეორე სართულზე აქვს შემორჩენილი. მასში თავისუფლად გაწვებოდა ან ჩაიჩოქებდა მშვილდოსანი. ძალიან საინტერესოა მოშვავებული მიწით დაფარული პირველი სართული, რომელშიც სამხრეთ-აღმოსავლეთის ჩანგრეული კარიბჭიდან ჩავდივართ. მოზრდილი, დაახლოებით 40 კვ.მ-ის მქონე წაგრძელებული, წრიული ფორმის დარბაზის ცენტრში, აღმართულია ქვითკირით ნაგები ვეება დედაბოძი. მისი დიამეტრი 1,8 მ-ია. დედაბოძიდან ოთხივე მიმართულებით გადადის საბჯენი თაღები, რომლებიც პირველი სართულის ქვის კამარულ გადახურვას ამაგრებს. კამარა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ზედა სართულების ნგრევას და ლოდების ცვენას გაუძლო. დარბაზში, რომელსაც რამდენიმე სწორკუთხა თახჩა აქვს, 10-15 მეციხოვნე თავისუფლად მოისვენებდა, მეციხოვნეთა მეორე ჯგუფი კი ზედა სართულების პოსტებზე იმორიგევებდა. ზედა სართულები კოჭებით ყოფილა გადახურული და ერთმანეთს ლუკებში ჩადგმული კიბეებით უკავშირდებოდა. 

ჩაბანოს კოშკი გარდამავალი ხანის _ VIII-IX საუკუნეების ნაგებობაა. მას ორი სახელი ჰქონია: ალიას ციხე და ბებერციხე. ალია ალბუთაშვილების იმ არცთუ შორეულ წინაპარს რქმევია, რომელსაც კოშკის მიმდებარე ტყე-ველი კუთვნებია. ამდენად, კოშკის ეს სახელწოდება აშკარად გვიანდელია. გვიანდელი უნდა იყოს მეორე სახელწოდებაც. 

საგმის ხეობის ამჟამინდელი მოსახლეობის ყველაზე ძველი გვარებიც კი (მათურელის გარდა), აქ 200 წლის წინ თუ გამოჩნდებოდა. თავად ჩაბანოში ამჟამად ალბუთაშვილები, ბუჯიაშვილები, მეშველიშვილები, ღუბიანურები, წოწკოლაურები, ხადილაშვილები, ხვლეურები, ცხაოშვილები, ჩორხაულები, ნავროზაშვილები, ბადურაშვილები, ჯიმშიტაშვილები, ნადირაშვილები, მელიაშვილები, ჩხუტიაშვილები, კოჭალაშვილები _ სულ 52 კომლი მოსახლე ცხოვრობს. ისინი ფშავის სხვადასხვა კუთხიდან და თემიდან, სხვადასხვა დროს არიან ჩამოსახლებულები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ კოშკის მეპატრონე ვერც ერთი ამ გვარის წინაპარი ვერ იქნებოდა. 

VIII-IX საუკუნეები, რომლითაც ჩაბანოს გოდოლი თარიღდება, კახეთის დამოუკიდებელი სამთავროს ჩამოყალიბების ეპოქაა. ამ დროს მისი მთავარი უჯარმაში ზის და ქვეყანას ოთხი მიმართულებით მართავს: დასავლეთით _ ქსნის ხეობამდე (ზოგჯერ ქსნის ხეობის ჩათვლით); ჩრდილოეთით _ იმიერ კავკასიამდე (დიდოს ჩათვლით); აღმოსავლეთით _ თურდო-ლოპოტის ხაზამდე და სამხრეთით _ ჰერეთამდე. ასე გრძელდებოდა ლამის 200 წელი. მთავარი თავის ქვეყანას ხევისთავების საშუალებით მართავდა. ივრის შენაკად საგამზე, ხევის ცენტრი ჩაბანოს ეს ციხე იქნებოდა. დასავლეთის მხრიდან მას უთუოდ არხალის ციხის პატრონი ემეზობლებოდა (არხალის კომპლექსი, რომელიც XII-XIII ს-ში გაფართოებულსა ჰგავს, სოფელ დულუზაურებთანაა და ჩაბანოს კოშკიდან მცირე სერითაა გამოყოფილი). ჩაბანოს კოშკი, რომელიც უთუოდ მოზრდილი საცხოვრისი ცენტრი იყო, ხეობაში ეულად როდი დგას. მისგან ჩრდილოეთით, მდი-ნარის აყოლებაზე, დაახლოებით 2 კმ-ში, სოფელ ჭიაურის ტერიტორიაზე, ტყის დასაწყისში დგას კიდევ ერთი კოშკი, რომელიც დაახლოებით 10 მ სიმაღლემდეა შემორჩენილი. იგი აღმ. და სამხრ. კედლებითღაა წარმოდგენილი. Aმის მერე, ჭიაურიდან 0,5 კმ-ში, ასევე ტყეში, ჩვენ მივაკვლიეთ კიდევ ერთ, საკმაოდ ძველ ნაგებობას, რომელიც დღემდე აღურიცხავი იყო. ეს არის 3,5 მ-ის სიმაღლემდე შემორჩენილი, ქვის ძველებური წყობით ნაგები კოშკის ნაშალი. კოშკის ერთადერთი კარი, რომელიც ბალავრის დონეზეღა ჩანს, სამხრეთ კედელშია გაჭრილი და მინაშენში გადის. მინაშენს, თავის მხრივ, აღმოსავლეთ კედელში ჰქონია კარი დატანილი. კომპლექსი აღმოსავლეთიდან კიდევ ერთ ნაგებობას რომ შეიცავდა, ამას საძირკვლის კონტურები ადასტურებს. ეს ნაგებობა ეკლესია უნდა ყოფილიყო. მდინარის ამავე მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარ ხაიშოსთან, შირიმის ქვის საბადოს ძიებისას, აღმოჩნდა ადრექრისტიანული სამაროვანი. ნასოფლარების კვალი დასტურდება დამასტეს მთის ძირში და არეულას სახელით ცნობილ ტერიტორიაზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს და ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ჩაბანოს მართლაცდა ღირსშესანიშნავი კოშკი იმ ხევისთავის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო, რომელიც საგმელის ანდა მათურელის სახელით მოიხსენიებოდა. რატომ მათურელის? იმიტომ, რომ მათურლები არაგვის ფშავიდან ჩამოსულები კი არ უნდა იყვნენ (ასე ფიქრობს უმეტესობა) არამედ პირიქით _ ივრიდან არაგვის სათავის მათურაში ასულები. კახეთში გავრცელებული დამასტეს ხატი, სავარაუდოდ, მათ წაიღეს ფშავში და დამასტურიც ამიტომ დაარქვეს. საკუთარი სახელის წარმოების ფორმა და წესი სწორედ ამას გვეუბნება. გარდა ამისა, სოფელ ჟებოტას, რომელიც საგმის ხეობის ჩამკეტია, ადრე მათურაანთკარი რქმევია. მათურელთა მცირე ჯგუფი ჟებოტაში ახლაც ცხოვრობს. 

კახეთის ბარის ერთ-ერთი, ძველი სალოცავი დამასტე, საგმის ხეობის მთავარი ხატია. იგი ჩაბანოდან ჩრდ-დასავლეთით, დაახლოებით 10 კილომეტრშია და სოფელ ხაიშოს თავზე, ზღვის დონიდან 1948 მ-ის სიმაღლეზეა. მთასაც დამასტე ჰქვია. 

ახლა დამასტეში კომპლექსის უმნიშვნელო ნაშთებიღაა, მაგრამ ხატის ძირითადი საბძანისი და არაგვის სათავეებში დაბრძანებული დამასტურის ფუძე რომაა, ეს უკვე ვთქვით. ჩვენს მოსაზრებას. ფშაველთა ძველი ხევისბერებიც ამტკიცებდნენ (იხ. ვერა ბარდაველიძის „ფშავის საკულტო ძეგლები“. წ. I). მათი თქმით, უკანა ფშავში არსებული მათურელთა თემის დამასტურის წმინდა გიორგი, კახეთიდანაა გადასული და იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ მთელი ფშავის, არაგვის ხეობის ერთ-ერთი ცენტრალური ხატ-სალოცავი გამხდარა. აღსანიშნავია, რომ დამასტედან ნაწარმოები დუმასტური, სახელწოდებად დანათვლია პანკისის ხეობის ერთ-ერთ სოფელსაც. დიდი ალბათობით, თელავისა და გურჯაანის რაიონებში არსებულ რამდენიმე ეკლესიას (სოფლები: ქვემო ხოდაშენი, ვანთა და ვაჩნაძიანი) თიკუნად რომ ამიდასტური შემორჩა, ესეც დამასტეს გამოძახილი უნდა იყოს. ყოველივე ეს მაფიქრებინებს, რომ დამასტე კახეთის ისტორიულ საზღვრებში არსებული, ერთ ერთი, ანგარიშგასაწევი წარმართული ხატ-ღვთაება იქნებოდა. ჩაბანოსა და ხაიშოში დამასტობას სექტემბრის პირველ კვირადღეს აღნიშნავენ და მას დარ-ავდრისა და მონადირეების მფარველად მიიჩნევენ. დამასტეს, დამასტურისა და ამიდასტურის ძირი, დასტა უნდა იყოს. სულხან-საბას განმარტებით კი, ,,დასტა'' იგივეა, რაც კოკა და ამდენად, არა მარტო სითხის, არამედ საერთოდ ხვავის საწყაოს ნიშნავს. დარ-ავდრის გამჩენი ღვთაება, ნამდვილად ბარაქის მფარველიც იქნებოდა. თუ დამასტე რომელიმე წინააზიური ღვთაების გამოძახილი არაა, მაშინ ჩვენი განმარტება, სავსებით რეალური უნდა იყოს. 

დამასტეს კომპლექსში არის ერთი, იდუმალებით მოცული მიწისქვეშა სივრცე, საიდანაც, თურმე, უამრავი ხვრელი გადის. მღვიმეში ჩასვლა ყველას ეკრძალება. ამბობენ, ამ დარბაზში 300- მდე საღმრთო ცხვარი ეტეოდა და შესასვლელი მას შემდეგ ჩამოიქცა, რაც მასში თავშეფარებული ორი შველი მოკლესო. 

ურიგო არ იქნება, თუ ამ ამბავს ნათელს მოჰფენენ სპელეოლოგები. მე მხოლოდ ერთი ვარაუდის გამოთქმა შემიძლია. ეს უნდა იყოს სალოცავი გორაკის სიღრმეში არსებული ხატის ზვარაკთა შესამწყვდეველი ალაგი _ ბამა (ბამი), რომელსაც სულხან-საბა ასე განმარტავს: ,,იავვანა და ბამა ადგილ არს შესაწყუდეველი, ვითარცა ჩვეული კერპთა ბოროტად მსახურების“. 

და აი, მივადექით ერთ-ერთ საინტერესო საკითხს _ სოფელ ჩაბანოსა და მდინარე საგმის სახელთა წარმომავლობას. ორივე სიტყვა განუმარტებელთა კატეგორიაშია მოქცეული. შევეცდები, ამ მხრივ, თუნდაც მცირეოდენი ნათელი მოვფინო საკითხს. რაკი საგმის ხეობა ცხვრის ტრადიციულ გზას წარმოადგენდა, ჩაბანო შეიძლება იგივე ჩობანს ანუ ცხვრის მწყემსს ნიშნავს, ხოლო საგამი _ სადგამს, რაც ერკემლობამდე მიღწეულ ცხვარს ნიშნავს. სხვათა შორის, აკი ხეობის ქვედა სოფელსაც ჟებოტა ანუ ცხვრის მოსატრიალებელი ალაგი ჰქვია. მაგრამ ერთი შეხედვით, ამ უტყუარ ჯაჭვში ორი სუსტი რგოლია: 

1) ჩობანი თურქული სიტყვაა და ქართულში დიდი ხანი არ არის, რაც დამკვიდრდა, მაშინ, როცა სოფელი ჩაბანო ვახუშტი ბატონიშვილისთვის კარგადაა ცნობილი. 2) სოფლის სახელი ჟებოტა ვაინახური კია, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, მას ადრე მათურაანთკარი რქმევია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაცილებით მართებულად მიმაჩნია, რომ ტოპონიმები დამასტეს ხატის იმ ,,შესაწყუდეველს'' დავუკავშიროთ, რომელსაც როგორც ზევით ვახსენეთ, ბამა ჰქვია. სა-ბამ-ი; სა-გამ-ი; ჩა-ბამ-ო, ჩა-ბან-ო. 

საგმის ხეობა, დამასტეს ხატი და ბებერციხე, თითქოს, კიდევ ერთხელ გვიწვევს პაექრობაში: ფშავში შემორჩენილი სალოცავები ადგილობრივი წარმოშობისაა და გვიან შუასაუკუნეებში გავრცელდა კახეთის ბარში, თუ პირიქით _ ბარში შევიწროებულმა თემებმა მთაში იპოვეს ნავსაყუდელი? ხომ არ ვთქვათ ასე: პერმანენტული გარეშე თავდასხმებისა და შიდა შევიწროების გამო, უძველესი წარმოდგენების მქონე კახელების დიდმა ნაწილმა, თავისი ხატ-სალოცავებით მთაში მცხოვრებ თვისტომებს შეაფარა თავი, მერე კი, როცა ბარი სისხლისგან დაიცალა, უკან დაბრუნდა. 

ასე რომ, ამა თუ იმ თემის მიმოქცევაში წარმართული და ქრისტიანული წარმოდგენა-ტრადიციები ერთმანეთში ისე გადაიხლართა, რომ ძველ ფესვზე ახალმა ნერგმა იხარა. აბა, თვალი გავადევნოთ ასეთ ფაქტებს: ერთი მხრივ, ცა-ბაურთის მთავარანგელოზის სათავო სალოცავი ფშავში (გოგოჭურთა თემში) და მეორე მხრივ, მტრისგან შეუვალ ლოპოტის ხეობაში ცაბაურთის სახელით ცნობილი, V-VI ს-ის სამეკლესიანი ტაძრის ნანგრევები, სადაც ფშავლებს არასდროს არ უცხოვრიათ კომპაქტურად; წყაროსთავის ,,წმ. გიორგი'' სოფელ ლალისყურში და გიორგი წყაროსთაული უკანა ფშავში; კოპალედ ცნობილი ადგილები და სამლოცველოები კახეთის ბარში და კოპალეს სათემო ხატის ცენტრი ფშავის უძილაურთა თემში; იახსარის ამჟამინდელი თავსალოცავი შუაფხოში და იახსარის IX-X ს-ის ძეგლები ზემო ალვანსა და მატანში, სადაც ეს სახელი მთასაც ჰქვია. აქ ფშავლებს არასდროს არ უცხოვრიათ კომპაქტურად, ხოლო მისი ახალმოსახლე თუშები იახსარს არ ლოცულობენ. 

და კიდევ: ივრის ხეობაში შემორჩენილი იხინჭის ხატი, გადმოცემის თანახმად, არაგვის სათავეებში დამკვიდრებული ფშავური ხატების _ კოპალასა და იახსარის მშობლადაა მიჩნეული. ამის თაობაზე ასეთი ლეგენდაა: ხინჭების (გამოუცნობი, საიდუმლო ალაგი) თავზე, თურმე, დიდხანს დაფრინავდა ერთი ლამაზი მტრედი, რომელიც ღამღამობით ქალის სახეს იღებდა და დალალებს შლიდა. ერთ ღამეს მას აქ ორი ვაჟი _ კოპალა და იახსარი გაუჩენია, რომლებიც მოგვიანებით, არაგვის სათავეებში გადაუყვანია. 

ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო: კახეთის ძირძველი მოსახლეობა, სხვადასხვა დროს, ბარიდან მთაში და პირიქით _ მთიდან ბარში მიმოიქცეოდა, რასაც მოძმე კავკასიურ თემებთან დამოყვრებაც თან სდევდა. გამომდინარე აქედან, არაგვის, ივრისა და ალაზნის ხეობათა სათავეები: ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთის ერთი ნაწილი და თუშეთი, ისეთივე კახეთი იყო და არის უხსოვარ დროიდან, როგორც თვით კახეთია საქართველო.

გელა ქოქიაშვილი 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში