Menu
RSS

ვისი რა აგებული ხარ...

მასპინძლობასა და მეგზურობას ფარის თემში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებული, ჯეირან რეზესიძე გვიწევს. შემოვლას სოფელ ქვემო ლუჰადან ვიწყებთ. ეს პატარა სოფელი ცენტრალურ საავტომობილო ტრასას სამხრეთიდან აკრავს და სულ 8 კომლ მოსახლეს ითვლის: დადეშქელიანები _ ოთხი კომლი, აფრასიძეები, დადვანები, ხაფთანები და წულუკიანები _ თითო-თითო კომლი. დანარჩენი წულუკიანები, ცალანებთან ერთად, ზემო ლუჰაში სახლობენ. 

როჩეგიან-რეჩგიანების ყოფილი კოშკი და მაჩუბი ქვემო ლუჰაში კარგა ხანია, რაც გივი დადეშქელიანის წინაპრების კუთვნილება გამხდარა. იგი არ უარყოფს, რომ ეს კომპლექსი დიდი ხნის წინათ რეჩგიანებს ეკუთვნოდათ. 

_ რას იზამ, _ ამბობს გივი დადეშქელიანი, _ ისტორიამ არაერთი მაგალითი იცის, როცა ორ მოქიშპე გვარს შორის, ერთი იმარჯვებდა. დადეშქელიანებმა სძლიეს რეჩგიანებს და განდევნეს. 

იგივე ისტორია, რაც ეცერის თემში...… 

ბალსქვემოური სვანეთის ზონის დადეშქელიანებამდელი მებატონეების კვალს, სოფელ ლამხერში ავყავართ. აქ, ერთი ვრცელი მინდვრის ბოლოში, რეჩგიანების აკლდამის ნაშთია შემორჩენილი. მთელ ამ მინდორს ადგილობრივები აკლდამებს უწოდებენ. ამის თაობაზე ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი, ფილოლოგი ეკა წულუკიძე გვიამბობს: დადეშქელიანებს აქაც ამოუწყვეტიათ როჩეგიან-რეჩგიანები. 

ჯეირან რეზესიძეს თემის ცენტრის _ ფარის გავლით, ჩრდილოეთით მივყავართ, ღეშდერის მიმართულებით. შუაგზაზე, ხელმარცხნივ, დაახლოებით 200 ნაბიჯში, ნასოფლარ თარგლეიშში, ტყეში ჩაკარგულ ნაეკლესიართან ვჩერდებით. როგორც ჯეირანი ამბობს, თარგლეიშის ნაეკლესიარის ტერიტორია ერთადერთი უნდა იყოს სვანეთში, სადაც ბზის ბუჩქი ხარობს. სწორედ ბზის ბუჩქებს ვუტრიალებთ, რომ სიღრმიდან წიქარასავით უშველებელი, ვარდისფერი ხარი გამოდის და ნაეკლესიართან მეციხოვნესავით ჩერდება. 

დიდება შენდა, ღმერთო!.. 

ღეშდერი... ამ პატარა სოფელში დღეს რეზესიძეებისა და ჩხვიმიანების რამდენიმე კომლიღაა, არადა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძველად აქ მოზრდილი ლაშქარი იკრიბებოდა, რომელსაც შესაძლოა, სულაც რეჩგიანები კრებდნენ. სოფლის ცენტრში შემორჩენილი გრძელი, ორსართულიანი, მართლაც თავადური საცხოვრისი, სწორედ რეჩგიან-როჩეგიანების კუთვნილება ყოფილა. მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოციოდ მეტრში, არის მცირე ნაეკლესიარი, რომელსაც აქ, რატომღაც, ,,შავფრთიანი ანგელოზის'' სახელით მოიხსენიებენ. 

_ ვინ მოთვლის, ჩვენს და თქვენს წინაპრებს რამდენჯერ ულოციათ ამ საყდარში, _ ეუბნებიან ჯოყოლა ჩეგიანს, _ მაგრამ მთავარ სალოცავად მაინც ,,კაიშის მთავარანგელოზი'' ექნებოდათ. 

_ ანუ ის ეკლესია, რომლის უნახავად აქედან ვერ წავალთ, _ ვამხელ ჩვენს წადილს და მერე ცხენების ორგანიზებას ვთხოვ სოფლელებს (ერთია, რომ ფეხით ასვლა გაგვიჭირდება ცაში მთვარესავით გამოკიდებულ თეთრ საყდართან, მეორეც _ ქვეითად მოსიარულეებს დრო არ გვეყოფა და დაგვიღამდება). 

ერთ საათში, 5 ცხენოსანი ვტოვებთ ღეშდერს და კაიშისკენ მივეშურებით. სამნი ჩვენ ვართ: ჯოყოლა ჩეგიანი, ოპერატორი სოზარ გულბანი და მე; ორნიც ადგილობრივი ეტიკები: არზაყან რეზესიძე და ოთარ ჩხვიმიანი. ღეშდერი ზღვის დონიდან 1640 მ-ის სიმაღლეზეა, კაიშის ,,მთავარანგელოზი'' _ დაახლოებით 2000 მ-ზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ საყდრამდე 6 კმ-ია, ხოლო ღეშდერიდან 1,5 კმ-ის სავალზე ბილიკი სულ რაღაც 50 მ-ით მაღლდება, დანარჩენი 4,5 კმ, დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლეს ფარავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ალაგ-ალაგ, წავარნების დახრილობა 30 გრადუსზე მეტია. ერთი სიტყვით, ჩვენც და ცხენებსაც ხვითქი გადაგვდის. 

კაიშა ადრე სოფელი ყოფილა და გადაშენებულა. იგივე ბედი სწვევია მის ქვემოთ მდებარე ფალედს, ხოლო ხოსრალში ჯაჭვლიანების ორი კომლიღაა შემორჩენილი. 

ღეშდერიდან კაიშამდე გზის გავლას 1 საათსა და 40 წუთს ვანდომებთ. ცხენებმა დაღლილობა დაივიწყეს და მთის კორტოხის მცირე ვაკისზე ჭენებით გაგვალაღეს. 

ის, რაც ღეშდერიდან ცაში გამოკიდებულ მთვარეს წააგავდა, ახლა ჩვენს გვერდითაა. ეს არის, დაახლოებით 7X5 მ ფართის მქონე აღდგენილი და ორმაგი ლითონის სარტყლით შეკრულ-გამყარებული დარბაზული საყდარი. იგი აგებულია მოთეთრო შირიმის ქვით. აღმოსავლეთ ფასადზე ეს ქვები კარგად გათლილი და თანაზომიერია, სხვა ფასადებზე _ სხვადასხვა ზომისა და უხეშად დამუშავებული. ისინი კლდის ფლეთილი ქვითაა შევსებული და ამდენად, წყობის თარაზულობაზე საუბარი არ გვიწევს. საყდარი ნათდება გარედან ვიწრო და შიგნიდან ამბრაზურის ფორმის სამი სარკმლით, რომელთაგან ორს _ აღმოსავლეთისას და დასავლეთისას _ საპირეები აქვს გარედან. საპირეთა ლილვები იკითხება, სხვა რელიეფები კი დამდნარია. 

საკურთხეველი დარბაზიდან გამოყოფილია ოდინდელი ქვის კანკელით, რომელიც მცენარეული მოტივებითაა მოხატული. საერთოდ ეკლესია, როგორც შიგნიდან, ისე გარედან, მთლიანად ფრესკებით ყოფილა შემკული. გარე მხატვრობიდან არც ერთი არ გადარჩენილა (შემონახულია მარტო დასავლეთის ფასადის შებათქაშებული მონაკვეთები), ინტერიერში კი ფრესკების უმეტესობა, სხვადასხვა სიცხადით, დღემდე არსებობს. ეს უნდა იყოს XIV-XV საუკუნეების ხალხურ ხასიათში გადასული იკონოგრაფია. 

მას შემდეგ, რაც ჩვენი ღეშდერელი ეტიკები ქადა-ხაჭაპურების შესაწირით ტრადიციულ ლოცვას მოამთავრებენ ტაძარში, მოსვენებული ცხენებით სწრაფად ვეშვებით ქვევით და სვიფის სახელგანთქმული ტაძრისკენ ვისწრაფვით. 

სვიფი ფარის ცენტრიდან ჩრდ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კილომეტრშია, მისი ,,წმ. გიორგი'' კი აქედან ჩრდილოეთით 0,5 კმ-ში. იგი ტყის პირას, მცირე კლდის ბაქანზე დგას. ეს არის მოვარდისფრო შირიმის სუფთად გათლილი კვადრებით აგებული საშუალო ზომის (დაახლ. 10X8 მ) დარბაზული საყდარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან, მთელ სიგრძეზე დამოუკიდებელი მინაშენი ჰქონია (შემორჩენილია 1 მეტრამდე სიმაღლის კედელი, რომელიც ხის ჩარდახშია მოქცეული). სამხრეთით საყდარი სუბსტრუქციაზეა შემოდგმული. საყდრისთვის გვიან შუასაუკუნეებში, დასავლეთიდანაც მიუშენებიათ ზერელე ქვათაწყობის მართკუთხა ნაგებობა, რომელშიც სადღეობოდ გამართული მერხები და კერიაა. აქვე ინახება სხვადასხვა შეწირულობა. ეკლესიის მთავარ ნაგებობაში შესასვლელი დასავლეთის კარი, სწორედ აქ არის. 

ტაძარი სხვადასხვა დროს მთლიანად მოუხატავთ, როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ფასადური მხატვრობა, რომელიც XII საუკუნით თარიღდება, მხოლოდ საკურთხევლის კედელზეა შემორჩენილი და ისიც ფრაგმენტულად. იკითხება ცხენოსანი წმ. გიორგი, წმ. თევდორე და მათ შორის, ზეზეულად მყოფი წმ. დემეტრე. ინტერიერში სამგან გვხვდება ტაძრის თანადროული _ X-XI საუკუნეების ფრესკები, რომლებიც შეძლებისდაგვარადაა დაკონსერვებული და ძნელად გაირჩევა: აბსიდში _ პეტრე მოციქული, ჩრდილოეთის კედელზე _ ცხენოსანი წმ. გიორგი და სამხრეთის კედელზე _ კიდევ ორი სხვა წმინდანი. საყდრის ძირითადი, გადარჩენილი მხატვრობა XIV საუკუნისაა. ამას XI-XIII საუკუნეებისგან არა მარტო შესრულების მანერა და პორტრეტების თავისუფალი გააზრება განასხვავებს, არამედ კამერის მწვერვალში, ქრისტეს ამაღლებასთან ერთად გამოსახული „ქრისტე ძველ დღეთა“ _ ნათელით გაბრწყინებული და თეთრი თმა-წვერით შემოსილი მოხუცის პორტრეტი, რომელსაც გვერდით ქურუმები ჰყავს. ჩრდილოეთის კედელზე, მხატვრობის ქვედა რეგისტრში, გამოსახულია საკურთხევლის მიმართულებით ხელებგაწვდილი კაცი, რომელიც მხატვრობის ქტიტორი უნდა იყოს. მას წარწერა აღარ ახლავს. როგორც ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, ეს პიროვნება ძალიან ჰგავს ლაღამის ტაძარში გამოსახულ, XIV ს-ის მოღვაწე შალვა ქირქიშლიანს. 

სვიფის ,,წმ. გიორგის'' საგანგებოდ იცავს სახელმწიფო: პერიმეტრს პოლიცია უვლის, გასაღებსა და ლუქს _ სვიფელი იაროსლავ ჩხეტიანი. ასეთი ყურადღება იმითაა განპირობებული, რომ ტაძარში ინახება უიშვიათესი განძი: საკურთხევლისწინა ვერცხლისა და მოოქროვილი ჭედური ფირფიტებით შემკობილი დიდი ჯვრები, სხვადასხვა ეპოქისა და ზომის ფერწერული თუ ჭედური ხატები. აქ ნანახი საეკლესიო განძეულიდან მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ: წმ. ბასილის სანაწილე ხატი მოვერცხლილი ზურგით და წარწერით, მიქაელ მთავარანგელოზის და წმ. ნიკოლოზის ჭედური, მაცხოვრის ფერწერული და ჭედური ხატები. წარწერებით ცნობილია წმ. გიორგის დიდი, მოოქროვილი ხატის ქტიტორი, XII ს-ის მოღვაწე ივანე ათარიანი და მცირე ხატის ოქრომჭედელი, ვინმე თომანიანი. 

XIII-XIV ს-ის სვანეთის კრების მატიანეში ფარის თემში, რუჩეგიანები რვაჯერ არიან ნახსენებნი, მაგრამ, როგორც ჩანს, გადამწერს ეს გვარი შეცდომით დაუწერია _ რუბეგიანები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ,,ვარგულ'' გვარს ტაძრის მოვლა-პატრონობაშიც საკმაოდ დიდი წვლილი ექნებოდა შეტანილი. გამოვთქვამ ეჭვს, რომ მხატვრობის ქტიტორის ფრესკაზე გამოსახული პიროვნება რომელიმე რუჩეგიანია და არა ქირქიშლიანი. დღევანდელი ტრადიციით, წმ. გიორგის ტაძრის მრევლში განსაკუთრებული პატივი ოთხ გვარს აქვს: 1) ჩხეტიანებს, რომლებიც, გადმოცემის თანახმად, ეკლესიის მაშენებელი კალატოზები ყოფილან და კლიტენიც მათ აბარიათ; 2)გადრანებს, რომელთა გვარს ტაძრის მდგომარეობისთვის ყურადღების მიქცევა და სახურავიდან თოვლის ჩამოხვეტა ევალებათ; 3) ნარსავიძეებს, რომელთაც გიორგობის დღესასწაულზე ხატ-საყდრისთვის მთავარმოწამის თეთრი შუბის (ბუნებრივია, ხისგან გამოთლილის) შეწირვა ევალებათ. ; 4) ვიბლიანებს _ საყდრის უნიკალური, მოჩუქურთმებული კარის ილორიდან ამომტანებს. 

ეს კარი, წარწერის თანახმად, XI საუკუნეში, სავარაუდოდ, გაბისონიების წინაპარს დაუმზადებია (,,წმიდაო გიორგი, მეოხ ეყავ წინაშე ღვთისა სულსა გაბისოისა. ამენ!“), მოგვიანებით კი, ლეგენდის თანახმად, მხრით ხაბნუ ვიბლიანს მოუტანია (ხაბნუ სვანურად, მოზვერს ნიშნავს). 

ლეგენდა, რომელიც ავთანდილ ვიბლიანმა (ნოდარიშერმა) იცის, პაპის პაპათა გადმოცემით ასეთია: ,,უზარმაზარი თხილის ფიცრებით შეკრული კარის ილორიდან წამოღება, ხარივით ძლიერ ხაბნუსაც კი გასჭირვებია და სიკვდილის პირამდე მისულა. სანამ ბოლო აღმართს აათავებდა სვიფში, მუხლები მოკვეთია, კარი მიწაზე დაუსვენებია და ლოდზე ჩამომჯდარს, უფლისთვის უთხოვია: ოღონდ ეს კარი მიმატანინე ტაძარში და მერე თუნდაც სული ამომართვიო. ძალიან მალე, ხაბნუს ახალი ძალა მისცემია, კარი ტაძარში აუტანია და ჩამოუკიდია. შინ მისულ და საკარცხულში მოსვენებულ ხაბნუს უფალი გამოცხადებია და ასე მიუმართავს: მოვედი შენი სულისთვის და მის სანაცვლოდ რასა მთხოვო. მხოლოდ იმას, რომ ვიბლიანთა ფიცი და სამართალი ვერავინ გაამრუდოსო _ უთხოვია ხაბნუს და სულიც განუტევებია. მას შემდეგ სვიფის ტაძრის ხატებზე დაფიცების დროს, ვიბლიანებთან დაფიცებისა და სიმართლის გარჩევისას, ყველა ორმაგი სიფრთხილით იქცევა თურმე. 

ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, სვიფის ,,წმ. გიორგი'' ამ სოფლისა და თემ-ხეობის ძველ სახელწოდებებსაც გვიმხელს.

მისი საკურთხევლისწინა, ერთ-ერთი დიდი და მშვენიერი მოვერცხლილი ჯვრის ძელმკლავის ქვედა მონაკვეთში, ასეთი ასომთავრული წარწერაა: „დიდო მთავარმოწამეო წმინდა გიორგი სხუფისაო, მეოხ და მფარველი ექმენ ორთავე შინა ცხოვრებათა მამკობთა შენდა ხევთ მაილელთა, ამენ“! 

ხატი და წარწერა XII საუკუნისაა და იმას გვეუბნება, რომ ადრე ფარის თემს „მაილ-ხევი“ რქმევია, ხოლო სოფელ სვიფს _ სხუფი. მაშასადამე, ადრე სხუფელები და მაილელები ყოფილან აქაურები. სხვათა შორის, სვიფელი პედაგოგი ეკა წულუკიძე გაიხსენებს, რომ ფარის თემის მოსახლეობას, ზოგიერთი ახლაც ,,მაილ ჟიბ ჩუფ“-ის სახელით იცნობს. უფრო მეტიც _ XIV ს-ის ,,სვანეთის კრების მატიანეში'' ფარის თემი კი არ წერია, არამედ ,,მაი''. თუმცა ამავე პერიოდიდან ჩანს გვარი სვიფელიც. 

ამ ფარელ-მაილელებთან გატარებული ორი ნაყოფიერი დღის შემდეგ, ჯოყოლა ჩეგიანის წინაპართა კვალს დასავლეთით მივყვებით და თავდაპირველად, ლახამულას თემის მცირე, 3-კომლიან სოფელ ჰამაშში შევდივართ. აქაური ჭკადუების თავდაპირველი გვარი გელოვანი ყოფილა ისევე, როგორც დანარჩენი ლახამულელი და ხაიშელი ჭკადუებისა _ ნემსაძე, ჯოხაძე, ბუმაძე და ა.შ. საქმე ისაა, რომ დაუმორჩილებელ და უბატონოდ დარჩენილ ამ თემზე, გაწბილებულ თავად დადეშქელიანს შური ამგვარად უძიებია: მეფის რუსეთის ჯარის შემოსვლის შემდეგ, მან ოკუპანტ მოხელეებს აღწერის დავთარში ყველა ლახამულელი ჭკადუას გვარით გაატარებინა. ამას ჰამაშელი ზურაბ ჭკადუა-გელოვანიც გვიდასტურებს, რომელიც როჩეგიან-რეჩგიანების ნაკოშკარის მიგნებაში გვეხმარება. ბატონი ზურაბი ერთ-ერთ ასეთი გადმოცემასაც გვიამბობს: როჩეგიან-რეჩგიანებს ენგურის მარცხენა სანაპიროზეც _ უსგვირსა და უდეშტვშიც ჰქონიათ სამფლობელოები. ერთხელ, აქაურებს რომელიღაც შეტაკებაში დაჭრილი და გადმოხვეწილი მარშანია შეუფარებიათ, მოურჩენიათ და შვილად მიუღიათ. გასულა ხანი, მარშანია მოკეთებულა და რეჩგიანთა მამულები კარგად აუთვისებია. ერთ დღესაც, ეს ნაშვილები სტუმარი წასულა, ბარიდან მოზრდილი შეიარაღებული რაზმი ამოუყვანია, მასპინძლები ერთიანად ამოუხოცავს და მათი ქონება დაუტაცებია. ერთი სიტყვით, როჩეგიან-რეჩგიანები ენგურის მარცხენა სანაპიროზეც გადაშენებულან. 

ჰამაშიდან ჩრდილოეთით, ჩუბახევის სოფლებისა და ნასოფლარებისკენ მივეშურებით. ამჟამად ისინი ნაკრის თემში შედიან და ორად ორი მოსახლე, მხოლოდ თავრალში აღმოვაჩინეთ _ მათგან ერთ-ერთი, ირაკლი ცინდელიანი ჩვენთან საუბარში ასე იტყვის: 

_ ჩვენი პატარა თემი ადრე ასეთი როდი ყოფილა. რა თქმა უნდა, ხალხით იყო სავსე. მებრძოლ ხალხს დადეშქელიანები არ შემოუშვია. განსაკუთრებით, საქონელი ჰყოლიათ ბევრი... 

_ ამ სოფლის ნაკოშკარი ვის ეკუთვნოდა, თუ აქ არც ბატონი გყოლიათ და არც ვარგი? 

_ ეს ჩვენი გვარის, ცინდელიანების ნაკოშკარია. 

_ ქვევით რომ კოშკი დგას, ჯუხლარში, ის ვიღასია? 

_ ჯუხლარის კოშკი ახლა ქალდანების კუთვნილებაა, იმის წინ ანსიანებისა იყო, თავდაპირველად კი რეჩგიანებს ეკუთვნოდათ, რეჩგიანები აღარ არიან. კოშკი გვიან აღადგინეს. 

ჯუხლარი ზღვის დონიდან, დაახლოებით 1500 მეტრის სიმაღლეზეა, თავრალი _ 1620 მეტრის სიმაღლეზე. ვფიქრობ, შეუძლებელია, ჯუხლარის ულამაზესი კოშკის პატრონს თავრალში ვერ ევარგა, მით უმეტეს, რომ ამ რეჩგიან-რუჩეგიანების ორი კოშკი და მაჩუბის კედელი იქვე, 1640 მ-ის სიმაღლეზე მდებარე სოფელშიც, ხერხვაშშიცაა შემორჩენილი. 

„ჩუბახევის მოსახლეობა დიდი ხნის წინათ ჯერ ნაკრის, შემდეგ კი ჭუბერის ხეობაში ჩასახლდა, _ მახსენდება ავთანდილ ვიბლიანის ნათქვამი, _ ჩვენი თემის, ჭუბერის სახელწოდებაც, შესაძლოა, ჩუბახევიდან მოდის“. 

დღეს რომ გასისინებული გზით ზუგდიდიდან ავდივართ მესტიაში და ხაიშ-ჭუბერი პირველი დასახლებაა გზაზე, ადრე სხვაგვარად იყო. გზა ქუთაისიდან, ლენტეხის ან რაჭის გავლით შედიოდა ზემო სვანეთში, სადაც პირველი დასახლება უშგული იყო, ბოლო თემი კი ენგურის დაყოლებაზე იდო ჩუბახევისა და ლალვერის სახით. თემი ლალვერი XIII და XVI საუკუნეების სვანეთის წერილობიYთ წყაროებში იხსენიება. ლალვერს ნაკრისა და ჭუბერის ისეთი ვიწრო და გაუვალი ტყეები მოსდევდა, რომ სამეგრელოსთან დაკავშირებას ერთი-ორი, ყველაზე თავზეხელაღებული კაცი თუ ახერხებდა. ეს ადგილები სვანეთის დაუსახლებელ განაპირა, ძნელად მისასვლელ ზონად ითვლებოდა. მაგრამ რა იყო უფრო ადრე, ანტიკურ-კოლხურ ეპოქაში? იქნებ მაშინაც, დღევანდელივით, აქედან იწყებოდა გზა და ნენსკრის ხეობა, დალის ხეობასთან ერთად, მისიმიანებით _ სვანთა მონათესავე ხალხით იყო ათვისებული? ვინ იცის, ეგებ, მთლად უძველეს ხანაში დაცარიელებული ჭუბერიდან ავიდა ხალხი ჩუბახევში? 

საინტერესო საგანია ისტორია!

გელა ქოქიაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში