Menu
RSS

ეკლესიები ერთმანეთს მინი-ფეხბურთში ეჯიბრებიან _ ტურნირის ფინალი 28 ოქტომბერს გაიმართება

ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანის'' ორგანიზებით, ეკლესიებს შორის მინი-ფეხბურთის ტურნირი დაიწყო. გუნდები A და B ჯგუფებში გადანაწილდნენ და მონაწილეთა რაოდენობაც გაირკვა:

A ჯგუფი 

ვაკის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი, სიონის ტაძარი, დიდი დიღმის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი, ოქროყანის ღვთისმშობლის ტაძარი, ჯვრის მამათა მონასტერი, სამების მონასტერი. 

B ჯგუფი 

ვაკის სამება, ქაშუეთის ტაძარი, საბურთალოს მონასტერი, საბურთალოს კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია, საბურთალოს ჯვართამაღლების ტაძარი, დიდი დიღმის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი. 

ტურნირი 20 ოქტომბერს დაიწყო და ფინალური შეხვედრა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 28 ოქტომბერს გაიმართება.

სიმართლე გითხრათ, თავიდან ამ ამბის გაგება ძალიან გაგვიკვირდა, რადგან მრევლს შორის მინი-ფეხბურთის ტურნირი უცხო და, დაგვეთანხმებით, უცნაური ამბავია, მით უმეტეს, რომ მოქმედ და ყოფილ ფეხბურელებს ტურნირში მონაწილეობა ეკრძალებათ. როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს, აღნიშნული ტურნირი ცხოვრების ჯანსაღ წესს ქადაგებს და სამომავლოდ, მისი უფრო დიდი მასშტაბებით ჩატარება იგეგმება. 

ვერ გეტყვით, რატომ არ შეიძლება ცხოვრების ჯანსაღ წესში ყოფილი თუ მოქმედი ფეხბურთელების ჩართვა, მაგრამ ფაქტია: მათ მონაწილეობა აკრძალული აქვთ. იმავე ორგანიზატორების თქმით, ტურნირი მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ სარჩულს, მის ორგანიზებაში ჩართულები არიან ჩამოთვლილი მონასტრების წინამძღვრები, რომლებიც ტურნირის გამართვას უზრუნველყოფენ. 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: დაზუსტებული ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას ძიუდოისტთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გურამ თუშიშვილიც მიიღებს. 

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში