Menu
RSS

სამოთხის მონადირენი

რახანია, მე და ჯოყოლა ჩეგიანმა ჩვენი ამოცანები გავაერთიანეთ და სვანეთის შემოვლა დავიწყეთ. იგი საკუთარი გვარისა და მისი განაყოფების ფესვების ძიებაშია, მე კი, ძირითადად, ოპერატორ სოზარ გულბანთან ერთად, იქაური ძეგლების ვიდეოგადაღებას ვეწევი. მიზანდასახულებათა გაერთიანებითა და საერთო ძალისხმევიBYთ, რამდენიმე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი შეიქმნა. 

...და აი, მორიგი მოგზაურობა. 

თუმცა მიახლოებით პასუხი ვიცი, ჯოყოლას მაინც ვეკითხები გზაში: _ საკუთარი გვარის სიყვარული გასაგებია, მაგრამ შენსავით მის ფესვებს, მგონი, არავინ დაეძებს. რა ხდება?.. 

როგორც ხეთა ფესვები კრავს და იცავს ნიადაგს მეწყრისა და გამოფიტვისგან, ისე კაცის გვაროვნული ფესვი ამყარებს ეროვნულ ნიადაგს და მისი ცოდნა წინაპრების ფასეულობათა აღქმასა და დაცვაში გეხმარება. 

შეიძლება გლობალისტებმა ეს გადაჭარბებულ ნაციონალიზმში ჩამოგვართვან, მაგრამ კაცი, რომელიც საკუთარ გვარ-წარმომავლობას პატივს არ სცემს, ან სულაც ინიღბება, ის ვერც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას დაუდებს გულს და ვერც მსოფლიო სიყვარულს. ამის მაგალითი ბევრია. 

ამ საუბარში, ზაგაროს უღელტეხილით უშგულში გადასულები, კალასაც გავცდით, ადიშის გადასახვევსაც, წვირმის ასახვევსაც და მულხურას ხეობაში გადავედით. კალას, ხალდეს, იფრარის, წვირმის, ადიშისა და მულახ-მუჟალის სოფლების ძეგლთა დიდი ნაწილი გადაღებული გვაქვს და აღარ ,,გვაინტერესებს''. მესტიის მისადგომებთან 180 გრადუსით ვუხვევთ ხელმარცხნივ და კვლავ ენგურის ხეობას მივუყვებით, ოღონდ უკან, აღმოსავლეთით. ზემო სვანეთის დედამდინარე აქედან წვირმამდე, ლასილისა და უღვირის ქედებს შორისაა მოქცეული. ენგურის ხეობა აქ ყველაზე ვიწროა. 

იელში მივდივართ... აქაურობა, ხეშკილიდან წვირმამდე, პატარა სამოთხეა. იგი სიგრძეში, დაახლოებით, 10 კმ-ია. 

ხეშკილში გონიერ ხალხს დასასვენებელი ,,ქოხები'' მოუწყვია. მოშორებითაა უფრო დიდი კემპინგი ,,ჰაწვალი'', საიდანაც ქედზე საბაგიროთი ასვლა და ზამთარში თხილამურით დაშვება შეიძლება. 

სოფლის სახელწოდება _ იელი, როგორც ადგილობრივები ფიქრობენ, ელია წინასწარმეტყველს უკავშირდება. სოფლის შუაგულში მდებარე ფერისცვალების საყდრის სიახლოვეს, მცირე გორაკზე, სწორედ ამ ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელობაზე, დიდი ჯვარია აღმართული და ქვა-ნიშიც დევს. 

ისევ აქაურების თქმით, სოფელი იელი, წვირმთან, იფარის სხვა სოფლებთან და ადიშთან ერთად, ძველად დიდ თემს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ჯოყოლა ჩეგიანის ვარაუდი, რომ ადიშის ,,მაცხოვრის'' კედელზე გამოსახული ერი-სთავი, მიქაელ ჩეგიანი აქაურობის მმართველიც უნდა ყოფილიყო, საფუძველსმოკლებული არაა. ადგილობრივებს ამაზე პასუხი არ აქვთ. სანაცვლოდ, ისინი კატეგორიულად უარყოფენ უშუალოდ იელში ჩეგიანთა მემკვიდრე და განაყოფი გვარების არსებობას, რომელთა ნასახლარებსა და გვარის ნაკვალევს სხვაგან ბევრგან ვხვდებით: როჩეგიან-რუჩეგიანები, რეჩგიანები, ჩამეგიანები, ჩამგელიანები. ამათგან ისტორიული საბუთებით ერისთავებისა თუ გაბატონებული დიდვარგების სახით, დაფიქსირებულნი არიან რუჩეგიან-როჩეგიანები (სავარაუდოდ, ლეგენდარული, დევებზე მონადირე, ეცერელი ბატონის, როსტომ ჩეგიანის შთამომავლები), რომლებიც ბალსქვემოური სვანეთის თემებში, დადეშქელიანებამდე ბატონობდნენ. 

იელში ამჟამად 21 კომლი მოსახლეა: 10 კომლი სამსიანი, 8 კომლი ხვიბლიანი, 2 კომლი კვებიანი და 1 კომლი ფანგანი (ხორგუანები წასულან). სულადობაში ეს ასე გამოიყურება: 50 ზრდასრული და 20 არასრულწლოვანი, რომელთათვის სოფელში არასრული საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი კოშკები სამსიანებსა და ხვიბლიანებს ეკუთვნით. ჩვენ ამათგან თითო- თითო კოშკს ვიღებთ და უხუცეს მოსე სამსიანს ვესაუბრებით. სწორედ მისგან გავიგებთ, რომ XVIII საუკუნიდან, ხეობის მამასახლისები ხვიბლიანები და ვიბლიანები ყოფილან და ეს ორი გვარი ერთი ძირისაა. 

სოფელი ადრე გაცილებით დიდი ყოფილა, რასაც დღემდე შემორჩენილი 5 ეკლესია და 7 ნაეკლესიარი ცხადყოფს. 

ყველაზე უკეთ შემონახული და აღდგენილი ეკლესია ,,ფერისცვალებაა''. იგი, იმავდროულად, ყველაზე მოზრდილიცაა. სოფლის გამორჩეულ ადგილზე აღმართული ეს სამწახნაგა შვერილი აბსიდის მქონე საყდარი აგებულია შირიმის ქვის თლილი კვადრებით, თარაზული ხაზების დაცვით. აღდგენილია სამრეკლოც, თუმცა არა ამგვარივე რუდუნებით. ეკლესიას ერთადერთი, დასავლეთის კარი აქვს. ძალიან საინტერესოა კანკელის კაპიტელები, რომლებიც ფორმით ერთმანეთს არ იმეორებენ. დარბაზი ორ პირობით სივრცედ, მარტივი პილასტრით დაყოფილი ორ-ორი ყრუ, დეკორატიული თაღითაა წარმოდგენილი. ტაძარი მთლიანადაა მოხატული (დაახლოებით XIII-XIV სს.). ფრესკათა ერთი ნაწილი სანთელ-საკმევლისგანაა ჩაშავებული, მეორე ნაწილი კი დრო-ჟამს გაუფერმკრთალებია. 

,,ფერისცვალებიდან'' ჩრდილოეთით, დაახლოებით 200 მეტრში, ტყის პირას დგას ასევე ახალაღდგენილი ,,წმინდა გიორგი''. ეს ტაძარი შეიძლება რამდენადმე ძველიც იყოს ,,ფერისცვალებაზე''. იგი ოდნავ მომცროა და ვერც შირიმის ქვის თარაზული წყობით დაიკვეხნის, ფრესკებიდანაც აღარაფერი იკითხება, მაგრამ სამაგიეროდ, ინტერიერი უფრო რთული და დახვეწილი ხუროთმოძღვრებით ხასიათდება. საინტერესოა საკურთხევლის აბსიდის აღნაგობა: 2-სართულიანი ღრმა ნიშნები, ორსაფეხურიანი პილასტრები და სამ ადგილზე ჩატეხილი, მონუმენტური კანკელი. კანკელთან აღმართულია საკურთხევლისწინა დიდი ხის ჯვარი, რომელსაც, სამწუხაროდ, ჭედური ფირფიტები აცლილი აქვს. 

მოოქროვილი ჭედური ფირფიტები, და თანაც დახვეწილი სახარებისეული სიუჟეტებით, შემორჩენილი აქვს ,,წმინდა გიორგიდან'' დასავლეთით, დაახლოებით 150 მეტრში, სოფლის ზედა უბანში მდგარ ,,იოანე მახარებელს'', რომლის გასაღები მოსე სამსიანს აქვს ჩაბარებული. ჯვრის შვიდი ფირფიტიდან ყველაზე თვალშისაცემი, მთავარანგელოზის გამოსახულებაა. საყდრის ფრესკებიდან შემორჩენილი აღარაფერია, ჩაკეტილ სეიფში კი, ალბათ, რამდენიმე საინტერესო ხატია დავანებული. მოხუც მცველს სეიფის გახსნის თხოვნა ვერ შევბედეთ. 

,,იოანე მახარებლის'' მსგავსი მომცრო საყდრებია ,,ნათლისმცემელი'' და ,, წმ. კვირიკე და ივლიტა''. ,,ნათლისმცემელი'' ხვიბლიანების კოშკისა და სახლის გვერდით დგას, ნაგებია კლდის ფლეთილი ფილებით. მას დასავლეთიდან პრიმიტიული მინაშენი აქვს. საყდარს ასეთივე პრიმიტიული და გვიანდელი ხის კანკელი აქვს, თუმცა მის მიღმა, საკურთხევლის აბსიდში, ორსავ მხარეს, 2-სართულიანი ნიშებია გამოკვეთილი. მხატვრობის კვალი აქა-იქღაა შემონახული. 

საინტერესო თავისებურებებით გამოირჩევა სოფლის ქვედა უბნის ცენტრში მდგარი ,,წმ. კვირიკე და ივლიტა''. მისი მთავარი ღირსება კლდის ფლეთილი ფილებით აყვანილი კედლებია. ღვინისფერი, ლურჯი და რუხი ქვა ისეა დაწყობილი, რომ ხალიჩის იერს ქმნის. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონში, ცხვრის თავის ქანდაკებაა, მის ქვემოთ კი დეკორატიული გირჩები, რაც X-XII საუკუნეებისთვისაა დამახასიათებელი. ინტერიერში შენახულია ბრუტალური ქვის კანკელი და საკურთხევლისწინა, ფირფიტებაცლილი, ასეთივე ბრუტალური ჯვარი. 

... მთელი დღე ისე გაილია, რომ მზე ერთხელაც არ გამოჩენილა, ნისლი ზევით-ქვევით დაცურავს. ზევით რომ ააღწევს, უმალ ჟინჟლად იქცევა და ხეობაში ისევ ნაფლეთებად წვება ნისლის სახით. ასეთ დროს, გაკრიალებულ ატმოსფეროში, ასპროცენტიანი ხილვადობაა და ლასილის დათოვლილი წვერიც გამოანათებს. აი, ეს მწვანე, ლურჯი, ვერცხლისფერი და თეთრი ფერები ქმნის წარმოდგენითი სამოთხის სურათს, რომლის სიმშვიდეს, ხან მამლის ყივილი და ძაღლის ყეფა, ხანაც კი ენგურის შრიალი ხდის საცნაურს. 

ზემო სვანეთი ანუ იგივე მესტიის რაიონი, პირობითად ორ მონაკვეთად _ ბალსზემოურ და ბალსქვემოურად იყოფა. სხვაგვარად, მათ უბატონო და საბატონო ზონებად მიიჩნევენ. ამგვარი განმარტება, როგორც უკვე ითქვა, პირობითია და თანაც, გვიანდელი ეპოქის. საქმე ისაა, რომ გვიან შუასაკუნეებამდე, ერისთავის ხარისხი და ძალაუფლება ბალსზემოურ სანეთზეც ისე ვრცელდებოდა, როგორც ბალსქვემოურზე. ხსენებული ზონების პირობითი საზღვარი გადის ბალის მთაზე, რომელიც ლატალის თემის დასავლეთითაა. ერთი სიტყვით, ლატალი თითქმის საზღვარია. 

ჩვენ იელიდან სწორედ ლატალს მივალთ, რომლის თემში სოფელი ლახუშტი გვაინტერესებს. ენგურის ხეობიდან ეს უკვე მეორედ, მულხურის ხეობაში გადავდივართ, დინებას დასავლეთით მივყვებით და ლატალში მდინარის მარჯვენა ნაპირიდან, მარცხენაზე ვინაცვლებთ. პატარა და კოხტა სოფელი ლახუშტი აქ, უღვრის მთის განაპირა, დასავლეთ კალთებშია ჩაბუდებული. შეიძლება ითქვას, რომ იგი ენგურისა და მულხურის ხერთვისშიც კი მდებარეობს. მე მანამდე ლახუშტისა მხოლოდ სახარება ვიცოდი, ჯოყოლა ჩეგიანს კი ის ინფორმაციაც ჰქონია, რომ ჩეგიანთა განაყოფი გვარების, ჩამეგიან- ჩამგელიანების ერთ-ერთი შტო, სწორედ ამ სოფელში ყოფილა დალექილი. მათ ლახუშტში ფირცხელანებთან, ასუმბანებთან, ნიკოლოზიანებთან და კვანჭიანებთან ერთად, ღონივრად აქვთ გადგმული ფესვი. სოფელში შემონახული სამი კოშკიდან ერთი, სწორედ ამ საგვარეულოს კუთვნილებაა და იმით გამოირჩევა, რომ მისი მაჩუბი (კოშკზე მიდგმული საცხოვრისი) სამსართულიანია და ე.ი. ერთ-ერთი, ყველაზე მაღალი სახლია მთელ სვანეთში. თუნდაც ეს ფაქტი იმის აშკარა გამოხატულებაა, რომ ძველ დროში ჩამგელიანები რიგით მეთემეებს არ მიეკუთვნებოდნენ. აი, რას გვიამბობს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, ეთნოლოგი მადონა ჩამგელიანი: 

,,სოფელში ცნობილია ლეგენდა, რომელიც ჩვენს წინაპარს, კარგ ყმასა და მონადირეს კახან ჩამგელიანს შეეხება. ძველ დროში, დაახლოებით XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე, ლახუშტში უცხოვრია ორ ძმას _ კახან და ჯახუ ჩამგელიანს. მათ დროს ქურაშის მთაზე, (სვანეთის ქედზეა) თურმე, გველეშაპი ბუდობდა, რომელიც საზაფხულო საძოვარზე ასულ ლატალელთა საქონელს მუსრს ავლებდა. კახან ჩამგელიანს უთქვამს _ მაგ გველეშაპს, ჩემი ძმის დახმარებით, მე მოვკლავო. კახანს ძმის დახმარებით გრძელი კიბე გაუკეთებია და ნაპრალში ჩასულა გველეშაპთან, რომელიც მესამე დღეს, დიდი გაჭირვებით მოუკლავს ცულ-ახმატით. მადლიერ ლატალელებს დაუფიცავთ _ კახანმა რაც უნდა გვთხოვოს, აუცილებლად უნდა შევუსრულოთო. კახანს ეს რომ გაუგია, უთქვამს, ბევრს არას ვითხოვ, მჟავე წყალზე ჩვენი საქონელი პირველად დაარწყულეთ, როცა აღარ ვიქნები, ერთი კათხით შესანდობარი თქვით და ამავე კათხით მოსისხლენი შეარიგეთო''. 

...იელისა არ იყოს, ლახუშტის შემოგარენიც პატარა სამოთხეს ჰგავს. სოფლის ცენტრში, ჩამგელიანების კოშკის სიახლოვეს, დგას გვიანი შუასაუკუნეების თეთრი საყდარი ,,მაცხოვარი'', რომელშიც არაერთი ძვირფასი ფერწერული თუ მოოქროვილ-მოვერცხლილი ხატი, საკურთხევლისწინა და საწინამძღვრო დიდი ჯვარია დასვენებული. როგორც შევიტყვეთ, ეს საეკლესიო განძი დაცვის მიზნით, ტყეში მდებარე თანღილ- თარინგზელის ძველი, დაახლოებით XII-XIII ს-ის ეკლესიიდან ჩამოუტანიათ. 

,,თანაღ'' _ სვანურად მთას ნიშნავს, თარინგზელი კი მთავარანგელოზს. ე.ი. ლახუშტის ტყის ეკლესიას, მთის ანგელოზი რქმევია. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ამ ეკლესიის მეთვალყურე-პატრონები უძველეს დროში, სწორედ კახან და ჯახუ ჩამგელიანები ყოფილან. 

ეკლესია სოფლიდან ერთი საათის ფეხით სავალზეა. ახლა აქ მამათა მცირე მონასტერია. გარედან ეკლესია უსწორმასწორო, ტლანქი და დაბალი წრიული შენობაა, რომელსაც ქვათა წყობის ზედა რეგისტრები აკლია. ნაგებობაში შესული ადამიანის დაკვირვებული თვალი აღმოაჩენს, რომ გაუწაფავ ხუროთმოძღვარს სვანეთისთვის უჩვეულოდ, ტეტრაკონქის აგება განუზრახავს და მიზნისთვის ვერ მიუღწევია. სანაცვლოდ, წარმატებული რეფორმისტია მხატვარი (შესაძლოა, ორი მხატვარი). ტაძრის ფერწერას აღფრთოვანებაში მოჰყავხარ: მხატ ვარს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ XIII ს-ის ფიროსმანი. ეს არის იკონოგრაფიის კლასიკური ფორმიდან, ,,ხალხურზე'' გადასვლის უნიკალური გზა, რომელსაც შემდგომში ვერავინ გაჰყვა. საყდარში ფრესკათა ერთი ნაწილი მიმქრალია, მაგრამ ის, რაც გადარჩა, შედევრია: ,,მაცხოვარი'', ,,ღვთისმშობელი ქრისტეს შობისას'', ,,ღვთისმშობელი'', ,,იერუსალიმში შესვლა'', ,,სულთმოფენა'', ,,ჯვარცმა'', ,,წმინდა გიორგი''... 

რა განწყობაა, რა ხასიათი, რა გამა! 

ჯოყოლა ჩეგიანი მეუბნება: 

_ აი, ამ საყდრის სიახლოვეს უცხოვრიათ კახანსა და ჯახუს. ისიც გამიგია, რომ აქაური შვიდი სავალდებულო საღვთო ფერხულიდან ერთი, ბაილ-ბეთქილსაც ეძღვნებოდა, ბეთქილი კი მუჟალელი ლეგენდარული მონადირე იყო. მკვლევარ როლანდ თოფჩიშვილის მტკიცებით, იგი ჩამეგიან-ჩამგელიანი, ანუ ჩემი ერთ ერთი წინაპარი გახლდათ. 

_ ესე იგი, ლახუშტში და მის ეკლესიებში სწორედ მოგვიყვანა კვალმა, _ ძიების მუღამს ვუქებ თანამგზავრს. _ ახლა საით გავწიოთ? 

_ ფარის თემისკენ, იქ როჩეგიან-რუჩეგიან-რეჩგიანების რამდენიმე ნამოსახლარი და ნადიდკაცარი ადგილია. 

ფარის თემი ეცერისას ეკვრის დასავლეთიდან. როგორც წერილობითი წყაროებით, ისე გადმოცემით, ბალსქვემოურ სვანეთში დადეშქელიანების გაბატონებამდე, სწორედ როჩეგიანები ზეობდნენ. ეცერში ამ გვარის სამოსახლოები გადაღებული გვქონდა ისკარში, ლადრერში, მაგარდელსა და ლეზგარაში. სწორედ ეცერში გავიგეთ, რომ თავის დროზე, სვანურ ეპოსურ სიმღერაში ,,ვიცბილ-მაცბილ'' დაფიქსირებული ძმები, სინამდვილეში, ჩვეულებრივი რიგითი მეთემე კირბოლანები კი არ ყოფილან, არამედ დადეშქელიანთა მიერ დამარცხებული მათი წინამორბედი თავადების _ როჩეგიანების წარმომადგენლები. 

ავტორისა და მ. ჩამგელიანის ფოტოები

გელა ქოქიაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში