Menu
RSS

ჩაწყობილი თამაშები და ფეხბურთის მაფიოზური კულუარები

როგორ მოუგეს გიბრალტარელმა მეთევზეებმა სომხებს და ვისი დავალებით ჩაცხრილეს 27 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი

22 მატჩი, ხუთი გატანილი და 107 გაშვებული გოლი, 22 მარცხი და არცერთი მოგება ან ფრე _ ეს იყო გიბრალტარის ნაკრების მონაგარი, რომელიც 13 ოქტომბერს, სათამაშოდ ერევანში ჩავიდა. არაპროფესიონალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს არაფრის იმედი ჰქონდა. როცა ნაკრებში ექვსი მეთევზე გყავს, რომელიც სამოყვარულო დონეზე აგორებს ბურთს, მეტოქე გუნდის კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი კი ლონდონის ,,არსენალის'' ერთ-ერთი ლიდერია, სადაც ,,მანჩესტერ იუნაიტედიდან'' გადავიდა, წარმატებაზე ფიქრი ძნელია.

,,არ ვიცი, რას ვგრძნობ. მეშინია, ჭკუიდან არ გადავიდე, ჩვენ ისტორია დავწერეთ, ეს წარმოუდგენელი და დაუჯერებელია'', _ ეს სიტყვები 13 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, გიბრალტარის ნაკრების თავკაცმა, ხულიო სესარ რიბასმა თქვა. 

ყველასთვის მოულოდნელად, სომხეთმა მატჩი _ 0:1 წააგო და ის ერთადერთი გოლი პენალტით გაუშვა. სომხებმა 34-ჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით და აქედან კარში ბურთი 9-ჯერ წავიდა, თუმცა ყველა შემთხვევაში მეკარემ ივარგა. აი, გიბრალტარმა კი, 90 წუთის განმავლობაში, პენალტს თუ არ ჩავთვლით, სომხების კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა. 

მოკლედ, ყველაფერ ამას იმიტომ გიყვებით, რომ ერთ-ერთი ევროპული ტოტალიზატორი აყვირდა, ვიღაც სომეხმა გიბრალტარის მოგებაზე ასი ათასი დოლარი დადო და ახლა 3.5 მილიონი უნდა გადავუხადოთო. 

დიახ, გიბრალტარის მოგებაზე კუში 35.0 იყო და სავარაუდოდ, არ არსებობს ადამიანი, ვინც ამ გუნდის მოგებაზე დადებდა... იმ ერთადერთის გარდა, რომელმაც ,,გარისკა'', ასი ათასი ,,გაისროლა'' და ახლა სამნახევარ მილიონს ჩაიჯიბავს. 

ისე, მიმდინარე საფეხბურთო სეზონი ცოტა უცნაურად დაიწყო. უკვე რამდენიმე ტოტალიზატორმა გამოთქვა ეჭვი, რომ კონკრეტული მატჩები შესაძლოა გარიგებული ყოფილიყო, რადგან არარეალურად დიდი თანხები არარეალურ შედეგზე დაიდო. ყველაზე ხმაურიანი კი 3 ოქტომბერს, პარიზში გამართული ,,პსჟ''-,,ცრვენა ზვეზდას'' შეხვედრა გამოდგა. ფრანგებმა 6:1 მოიგეს და თითქოს უცნაური არაფერია, რადგან ისინი მეტოქე გუნდს აშკარად აღემატებიან, თუმცა... 

,,ცრვენა ზვეზდას'' წარმომადგენელმა რამდენიმე ტოტალიზატორში მსხვილი თანხა დადო იმაზე, რომ მისი გუნდი ხუთბურთიანი სხვაობით წააგებდა. ახლა მას მილიონობით ევროს აღება მოუწევს და იმის გამო, რომ ვერავინ ვერაფერს ამტკიცებს, ტოტალიზატორები იძულებულნი არიან, თანხა გადაიხადონ. 

ტოტალიზატორებს ეჭვი აქვთ, რომ სერბული კლუბის წარმომადგენელი თავისი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს გაურიგდა და ეს შედეგი შეგნებულად ,,დასვეს'', _ ეს ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემა ,,ეკიპმა'' გაავრცელა და ყველას გასაოცრად, ,,ეკიპს'' ,,ცრვენა ზვეზდამ'' კი არა, სასამართლოში პარიზულმა გუნდმა უჩივლა. 

,,იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სუფთად ვთამაშობთ, სასამართლოში მივდივართ. ,,ეკიპს'' მოუწევს ბოდიშის მოხდა, რადგან ჩვენ დამსახურებულად მოვიგეთ და არანაირ გარიგებაში მონაწილეობა არ მიგვიღია'', _ ნათქვამია ,,პსჟ''-ს განცხადებაში და ეს მაშინ, როცა გაზეთი გარკვევით წერს, სერბული კლუბის წარმომადგენელი, სწორედ თავისი გუნდის ფეხბურთელებს გაურიგდაო ანუ პარიზელები, რეალურად, არაფერ შუაში არიან, თუმცა... 

სასამართლოში წასვლას არ აპირებს სერბული კლუბი. გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც სერბები იუწყებიან, რომ ნებისმიერი ცილისწამება გუნდის იმიჯზე მოქმედებს და ეს ცუდია. 

ზოგადად, ტოტალიზატორი და ფეხბურთი მას შემდეგ არის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში, რაც ფსონების მიღება დაიწყეს. ქართული კლუბებიც არაერთხელ გახვეულან მსგავს სიტუაციაში, თუმცა დამტკიცება აქაც რთული აღმოჩნდა. ყველაზე ხმაურიანი მაინც თბილისის ,,დინამოს'' საქმე იყო. უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე გასულმა ,,დინამომ'', რომლის მეპატრონეც მაშინ ბდრი პატარკაციშვილი იყო, ბერძნულ ,,იანინასთან'' სტუმრად 2:5 წააგო. კონკრეტულად ამ ანგარიშზე კი მავანს დიდი თანხა ჰქონდა დადებული და ტოტალიზატორს სამ მილიონს უგებდა. ტოტალიზატორმა იჩივლა, მაგრამ ვერაფერი დაამტკიცა. არადა, როგორი დასადებია დიდი თანხა იმაზე, რომ კონკრეტული შეხვედრა 2:5 დასრულდება?! 

როცა ეს ამბავი გახმაურდა, რამდენიმე ადამიანმა განაცხადა, შეხვედრას ახლიდან ვუყურეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მატჩი ჩაწყობილი იყო, ქართულმა მხარემ, უბრალოდ, არაფერი იცოდა. მატჩის ბოლო წუთზე ანუ როცა ანგარიში უკვე 2:5 იყო, ჩვენმა გუნდმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვა. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს, კარიდან სამ მეტრში, ,,დინამოს'' თავდამსხმელი, გიორგი მელქაძე დაუხვდა და უძლიერესი დარტყმით კარისკენ გაგზავნა. ბურთი ძელს მოხვდა და რომ არა ძელი, მეკარე იმის ამღები არ იყოო. 

რა გამოდის? _ ქართულმა კლუბმა იცოდა, რომ მატჩი გარიგებული იყო, რომ 2:5 უნდა დასრულებულიყო და მელქაძემ სამი მეტრიდან გარისკა, ძელს დაუმიზნა და გაარტყა?! ეს არარეალურია, ძალიან არარეალური, მაგრამ ფაქტია, რომ სხვამაც ,,გარისკა'' და ამ უცნაურ, არასაფეხბურთო ანგარიშზე მილიონები მოიგო. 

უფრო ადრე კი, იმავე ,,დინამოს'' ლამის საშვილიშვილო დისკვალიფიკაცია მისცეს. 1993 წელს, ქართული კლუბი ისტორიაში პირველად, დამოუკიდებლად გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე. თბილისური კლუბის პირველი მეტოქე ჩრდილოირლანდიური ,,ლინფილდი'' იყო. ჩვენს დედაქალაქში შეხვედრა 2:1 მოვიგეთ, სტუმრად 1:1 ვითამაშეთ და ყველა ლოგიკით, შემდეგ ეტაპზე ,,დინამო'' უნდა გასულიყო, თუმცა მსაჯების მოსყიდვის მცდელობის გამო, ,,დინამოს'' უეფა-მ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა (შემდეგ ერთწლიანით შეუცვალა) და მთავარ მოწმედ თბილისური მატჩის არბიტრი, თურქი ერმან თოროღლუ მოიყვანა. 

,,მატჩის დაწყებამდე სამი საათით ადრე, თბილისური კლუბის წარმომადგენელმა მე და გვერდითა მსაჯებს კონვერტები დაგვირიგა, რომელშიც სამ-სამი ათასი დოლარი იყო. მაშინ ექიმის ხელფასი საქართველოში 50 დოლარს არ აღემატებოდა და ეს იქაური საზომებით უზარმაზარი თანხა იყო. ჩვენ უეფა-ს წარმომადგენელს ვამცნეთ ყველაფერი, მან კი უეფა-ს შტაბ-ბინას აცნობა და ,,დინამოს'' დისკვალიფიკაცია მისცეს. ქართველები ლამის მთელი ცხოვრება მემუქრებოდნენ, შემდეგ დეპუტატი გავხდი და შემეშვნენ. არადა, რამდენჯერმე სასტუმროში მომივარდნენ, იარაღითაც მემუქრებოდნენ, მაგრამ გადავრჩი'', _ ჰყვება თოროღლუ. 

ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ორი რამ არის. პირველი ის, რომ ,,დინამოს'' წარმომადგენელი, რომელმაც თითქოს ფული გადაიხადა, ვერსად ნახეს და არავინ იცის, ვინ იყო ან საერთოდ თუ იყო და მეორეც _ მსაჯებმა უმკაცრესად იმუშავეს, თბილისური მატჩის დროს, ორი აშკარა პენალტი არ დაგვიდეს და იმის მიუხედავად, რომ 90 წუთის განმავლობაში ,,დინამო'' კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, ორ გოლზე მეტის გატანის შესაძლებლობა სწორედ მსაჯებმა არ მისცეს. 

ყველაზე ხმაურიანი საერთაშორისო სკანდალი კი 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა: კოლუმბიას შესანიშნავი ნაკრები ჰყავდა და გუნდის ჯგუფიდან გასვლაზე კოლუმბიელმა ნარკობარონებმა მილიონები დადეს. გადამწყვეტ შეხვედრაში გუნდის მცველმა, ანდრეს ესკობარმა (გვარის გამო მაინც უნდა დაენდოთ) ავტოგოლი გაიტანა და კოლუმბია ჯგუფში დარჩა. სამშობლოში დაბრუნებულ ესკობარს დიდ ხანს არ უცოცხლია _ ბარიდან გამოსულ ფეხბურთელს უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა, იარაღი დაადო და ყოველი სროლის შემდეგ ყვიროდა _ ,,გოლ, გოლ, გოლ!'' 

სამართალდამცავებმა დამნაშავედ ერთ-ერთი მაფიოზური დაჯგუფების წევრი, ვინმე კასტრო მუნიოსი დააკავეს და თავიდან 43-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მერე ეს ვადა 26-წლამდე შეუმცირეს და, საბოლოო ჯამში, 2005 წელს ანუ 11-წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. 

როგორც ამბობენ, ყველაფერ ამას მაფიის ბოსების გარეშე არ ჩაუვლია და ციხეშიც მუნიოსი მეფესავით ცხოვრობდა, თუმცა ფაქტი ის არის, რომ 27 წლის ანდრეს ესკობარი, სწორედ საფეხბურთო მატჩზე დადებულ ფულს ემსხვერპლა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში