Menu
RSS

ტურნირზე წასული ექვსი ქართველი მოფარიკავე ისრაელში არალეგალად დარჩა

ვინ აიღო ფული და როგორ მოხვდნენ ნაკრებში მოყვარული სპროტსმენები

საქართველოში კომპიუტერული, ამერიკული ფეხბურთის, ბეისბოლისა და სოფტბოლის, ჩერლიდინგის, ყინულის ჰოკეის ფედერაციები გვაქვს, რა თქმა უნდა, იმ ფედერაციებთან ერთად, რომლებშიც საქართველო, ასე თუ ისე, წარმატებულია, მაგრამ წყალქვეშა სპორტსა და ბალახის ჰოკეიზე რა მოგახსენოთ.

საქმე ისაა, რომ ყველა ფედერაცია დაფინანსებას სახელმწიფოსგან იღებს, იქ ადამიანები არიან დასაქმებულები, ტურნირებზეც კი დადიან და მართალია, შედეგები დიდად სახარბიელო არ აქვთ, მაგრამ მაინც არსებობენ. 

სამაგიეროდ, ბოლო დროს ფარიკაობის ფედერაცია წამოიწია და მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზეც კი გავიდა, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. 

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და სამოყვარულო დონეზე არაერთი სპორტსმენი ვარჯიშობს. ჰოდა, ჩვენ ხომ ქართველები ვართ და გონება სხვანაირად გვიჭრის: ერთი თვის წინ, ისრაელში გასამართ ტურნირზე წასვლის სურვილი ექვსმა მოყვარულმა სპორტსმენმა გამოთქვა. ფედერაცია წინააღმდეგი არ წავიდა. უფრო მეტიც, სპოერტსმენებს ისრაელში ფედერაციის პრეზიდენტი, ზაზა მჭედლიძე და გენერალური მდივანი, დავით სახვაძეც გაჰყვნენ. 

ქართულმა ექვსეულმა ,,წარმატებით'' იასპარეზა _ ისრაელში ჩასვლისთანავე ,,დატყდა'' ანუ ტურნირზე არ გამოცხადდა და ექვსივე სპორტსმენი აღთქმულ მიწაზე არალეგალებად დარჩა. 

როგორია?! 

ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა ბოდიშები იხადეს, მაგრამ ებრაულმა მხარემ ხმაური ატეხა: ჯერ ხომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აფრინა საპროტესტო ნოტა, შემდეგ ფარიკაობის მსოფლიო ფედერაციაში იჩივლა, აქაოდა, ქართულმა მხარემ მოგვატყუაო. 

ყველაზე საინტერესო მაინც ფარიკაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მერაბ ბაზაძის განცხადება გახლდათ. 

 

,,ფარიკაობით საქართველოში უამრავი მოყვარულია დაკავებული. ჩვენი მოყვარულები დადიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ზოგს ვიცნობ, ზოგს _ არა. ისრაელში წასული სპორტსმენებიდან არცერთს ვიცნობდი, მეც მერე გავიგე, როცა გახმაურდა, გვარებიც კი არ ვიცოდი მათი და არც ის, რომ ისრაელში ტურნირზე წავიდნენ. წესით, ვიღაცას უნდა სცოდნოდა მათ შესახებ. ფედერაციას ისინი არ დაუფინანსებია, საკუთარი ხარჯებით წავიდნენ. დადიან ხოლმე ასე, მაგრამ ყველა ბრუნდება უკან'', _ განაცხადა ბაზაძემ. 

საინტერესო ის არის, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არ იცოდა, რატომ წავიდნენ ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ისრაელში. არ იცოდა ის, რომ ტურნირში ექვსი ქართველი იღებდა მონაწილეობას და არ იცოდა ის, რომ ისინი იქ დარჩნენ. 

სამაგიეროდ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ ქართველებს მომხდარი არ აპატია და გენერალურ მდივანსა და პრეზიდენტს დისკვალიფიკაცია მისცა. რიგგარეშე ყრილობა 18 სექტემბერს ჩატარდა, სადაც ზაზა მჭედლიძე და დავით სახვაძე თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგნენ. ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას კი დროებით... ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მერაბ ბაზაძე ასრულებს და არ მალავს, რომ მომავალ საპრეზიდენო არჩევნებში სურს კანდიდატურის დაყენება და პრეზიდენტობა. 

ეს რაც შეეხება ოფიციალურ მხარეს, ახლა კი არაოფიციალურად: ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში არაერთი ქართველი მიდიოდა სპორტსმენების სახელით უცხოეთში და იქ არალეგალურად რჩებოდა. ასე განსაჯეთ, აშშ-ში მთელი დელეგაციაც კი წასულა კონკრეტულ ტურნირზე და სპორტსმენებიც, ექიმებიც, მასაჟისტებიც და ზოგადად, მთელი დელეგაცია საქართველოდან სამუშაოდ წამსვლელთა სიით ყოფილა დაკომპლექტებული. მაშინ ყველა ფულს იხდიდა სიაში მოსახვედრად, თუმცა იყო გამონაკლისებიც _ ავსტრალიაში გამართული ოლიმპიადის შემდეგ, მწვანე კონტინენტზე მოჭიდავეები დარჩნენ, მორაგბეები არ დაბრუნდნენ ინგლისიდან და ა.შ. ჰოდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ამბობენ, რომ ექვსეულმა ისრაელში წასვლაში არაოფიაიცლურად გადაიხადა, მაგრამ საინტერესოა ვის და როგორ? 

პრაქტიკულად, გამორიცხულია, ფედერაციის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს თანხა აეღოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ ზუსტად ეცოდინებოდათ, რომ დისკვალიფიკაციას მისცემდნენ და თანამდებობებს დაკარგავდნენ, თანაც არ გვგონია, ექვსეულის განზრახვის ცოდნის შემთხვევაში, თავადაც გაჰყოლოდნენ და სირცხვილი ეჭამათ. 

ნაკრების მწვრთნელი ამბობს, რომ არათუ საქმის კურსში არ იყო, არამედ, წასულების გვარებიც არ იცოდა და მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ამბავი გახმაურდა. არადა, რეკომენდაციის გარეშე, ის ადამიანები ვერც სიაში მოხვდებოდნენ და ფედერაციიდანაც არ გაიგზავნებოდა ისრაელში მოთხოვნა მათი ტურნირზე რეგისტრაციის შესახებ. 

ჰოდა, ახლა საინტერესო ის არის, ვინ გაუწია რეკომენდაცია ამ ადამიანებს, ვინ აიღო ფული და რატომ ვიხდით ჩვენ ჯარიმებს?! 

დიახ ჩვენ, რადგან პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის დისკვალიფიკაციის გარდა, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციაც სოლიდური ჯარიმით დასაჯეს და როგორ გგონიათ, ვისი გადასახდელია ეს თანხა?! 

მართალია, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს, მაგრამ ბრიტანეთში, ისრაელსა და ოკეანის გაღმა ქართველთა გამგზავრება კვლავ დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, იქ იოლად მოხვედრის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდი რომელიმე დელეგაციასთან ერთად წასვლაა და ეს ვინმემ უნდა აკონტროლოს, რადგან შემდეგ არამარტო სახელმწიფოს იმიჯი დგება დარტყმის ქვეშ, არამედ, ქართული ბიუჯეტი და შესაბამისად, ჩვენი ჯიბეც ზარალობს

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში