Menu
RSS

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი „ომეგას“ დამფუძნებელის ბრალდებებს პასუხობს

ბანკის მარჯანიშვილის ფილიალი დილის 09.00 საათიდან საღამოს 20.00 საათამდე მუშაობს!

,,სიცრუეზე დაფუძნებული ბრალდებები'', _ ასე შეაფასა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებები. 8 ოქტომბერს, თიბისი ბანკის სათაო ოფისში, ვახტანგ ბუცხრიკიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და ,,ომეგა ჯგუფის'' სკანდალთან დაკავშირებული ფაქტები განმარტა. რამდენიმე დღის წინ, ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის ეთერში განაცხადა, რომ ერთი დღის წინ, ოფშორულ ზონაში დაფუძნებული კომპანიის ანგარიშზე ჯერ 4 მილიონი ლარი ჩარიცხეს, ხოლო მეორე საღამოს, გვიან, როდესაც ბანკი არ მუშაობს, 4 მილიონი ლარი კომპანიის ანგარიშიდან, უშუალოდ გენერალური დირექტორის დავალებით გასცეს. ოქუაშვილმა ისიც განაცხადა, რომ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ფარცხალაძისა და გახარიას ,,ზეწოლას ვერ გაუძლო''.

 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განმარტებით, ,,ომეგა ჯგუფის'' დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებები სიცრუეა. მისი თქმით, კომპანიის ტრანზაქციები საქართველოს კანონმდებლობისა და საბანკო პროცედურების სრული დაცვით შესრულდა: 

,,ამ კომპანიის ანგარიშზე თანხა 20 აპრილს, შვეიცარიიდან ჩაირიცხა, ხოლო დირექტორმა თანხა 22 აპრილს გაიტანა. ბოლო პერიოდში, პირადად ჩემი და თიბისი ბანკის სახეების მიმართ უსამართლო ბრალდებები ხშირად გაისმის, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და არასდროს ვრეაგირებთ ამ ბრალდებებზე. მეორე მხრივ, ვიცავთ კონფიდენციალურობას, თუმცა გუშინ (7 ოქტომბერი) პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბატონმა ოქუაშვილმა ჩვენი თანამშრომლები მოიხსენია. კომპანია, რომელიც ზაზა ოქუაშვილის სიტყვებით, ოფშორულ ზონაში დაფუძნდა, ქართულია და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში _ 2016 წლის 19 აპრილს, ყველა წესის დაცვით. იმავე დღესაა გახსნილი საბანკო ანგარიში იუსტიციის სახლის ფილიალში. აქ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, თიბისი ბანკს იდენტიფიცირებული ჰყავს კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები'', _ განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

რაც შეეხება ტყუილებს სამუშაო საათებთან დაკავშირებით, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა საჯაროდ განმარტა, რომ ბანკის მარჯანიშვილის ფილიალი გახსნის დღიდან, დილის 09.00 საათიდან _ საღამოს 20.00 საათამდე მუშაობს. შესაბამისად, ბუცხრიკიძემ მედიის წარმომადგენლებს ხაზგასმით განუცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს თიბისის მარჯანიშვილის ფილიალი სპეციალურად ამ ტრანზაქციისთვის, საღამოს 20.00 საათზე გაიხსნა, ტყუილია: 

,,კლიენტმა თანხა ჩარიცხა 2016 წლის 20 აპრილს, შვეიცარიიდან. 21 აპრილს ტრანზაქცია 19:22 საათზე დაიწყო და 19:43 საათზე დასრულდა. კომპანიის დირექტორის მოთხოვნით, შესაბამისი თანხა მოვამზადეთ და ჩვენი თანამშრომლები დაუკავშირდნენ კლიენტს, რომ თანხა მზად იყო გასაცემად. ეს იყო სატელეფონო კავშირის მიზეზი. რეალურად, თანხა 22 აპრილს, 13:01 საათზე გაიცა ანუ ანგარიში გახსნილია და მომსახურება გაწეულია პროცედურების სრული დაცვით. სამწუხაროდ, ტყუილს აქვს ადგილი და ინტერპრეტაცია სხვანაირად მოხდა''. 

ვახტანგ ბუცხრიკიძემ ისიც აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს. რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილის განცხადებას, თითქოს თანხის გატანამდე, ლევან ყიფიანსა და ვახტანგ ბუცხრიკიძეს შორის სატელეფონო კავშირი შედგა, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ამასაც სიცრუე უწოდა: 

,,პირადად მე, ბატონ ფარცხალაძეს არ ვიცნობ. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის გავიცანი, როგორც ბიზნესომბუდსმენი. ლევან ყიფიანს ვიცნობ, მაგრამ მასთან მეგობრული ურთიერთობა არ მაქვს. რაც შეეხება ბატონი ოქუაშვილის ბრალდებას სატელეფონო ზართან დაკავშირებით, მისგან განსხვავებით, მე არასდროს ვაწარმოებ ჩემი ბიზნესშეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების ჩაწერას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტრანზაქციას წინ არ უძღოდა არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია ჩემსა და ლევან ყიფიანს შორის''. 

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ამ ტრანზაქციის შესახებ, 2016 წელს, საქართველოს ფინანსური მონიროტინგის სამსახურიც ინფორმირებული იყო. რაც შეეხება დოკუმენტაციას, კომპანიამ თიბისი ბანკში შემდეგი დოკუმენტები წარადგინა: ანგარიშის გახსნის განაცხადი, ე.წ. ,,იცნობდე შენს კლიენტს'' კითხვარი; ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ორივე დირექტორის მიერ ხელმოწერილი თვითდეკლარაცია; კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის დამფუძნებელი კომპანიის გადაწყვეტილება; კომპანიის წესდება; დამფუძნებელი კომპანიის წესდება; დაფუძნებული კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობა; დაფუძნებული კომპანიის სარეგისტრაციი სერთიფიკატი; დამფუძნებელი კომპანიის დირექტორთა კრების ოქმი; დამფუძნებელი კომპანიის აქციათა რეესტრი და მფლობელების სერტიფიკატი; კომპანიის აქციათა ამონაწერი; აქციათა სერთიფიკატი; კომპანიის დირექტორთა, ოფიცერთა და აქციონერთა რეესტრით, კერძო რეგისტრატორის მიერ გაცემული სტატუსი-სერთიფიკატი და პირადობის მოწმობის ასლები. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში