Menu
RSS

გაძვირდება თუ არა ტაქსით მგზავრობა

ტაქსისტები „ტაქსების რეფორმას“ აპროტესტებენ

დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებული ,,ტაქსების რეფორმის'' თანახმად, 2019 წლიდან ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. ამასთან, პირველ ოქტომბერს უკვე დასრულდა ტაქსების ლიცენზიის გაცემა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიის გარეშე ტაქსის მომსახურების შემთხვევებზე მერიას მკაცრი რეაგირება ექნება: „პირველი ოქტომბრიდან აღნიშნული სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება _ ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. ნებართვის ერთი წლის საფასური ჩვეულებრივი შიგაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი იქნება, ჰიბრიდებისთვის _ 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის _ უფასო“. მერის განმარტებით, ქალაქში ტაქსებისთვის გამოიყოფა სპეციალური, უფასო ადგილები პარკირებისთვის: ,,ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ამასთან, ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, უფასოდ გადაეცემათ. ცხადია, დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში, ყიდვა მოუწევთ. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ.'' თბილისის მერმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ 1 ოქტომბრამდე ვინც ლიცენზია აიღო, მათ უფასოდ გადაეცემათ შეღებვისა და სალონის ქიმწმენდის ვაუჩერები. თბილისის მერიის ეს ინიციატივა ,,ვერსიამ'' ,,საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის'' თავმჯდომარეს, დავით მესხიშვილს შეაფასებინა.

,,ქალაქის მთავარი პრობლემა ტაქსი კი არა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი _ ავტობუსები, მეტრო და მისი შემადგენლობაა, რაც არასაკმარისია. ავტობუსებიც არაა საკმარისი, თან უმეტესობა ტექნიკურად გაუმართავია და ვერ გადის ტექნიკურ ინსპექტირებას. საზოგადოების მოთხოვნაც უფრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა, ვიდრე _ ტაქსების, რადგან იაფი საშუალებით გადაადგილება ყველასთავის კარგი და ხელმისაწვდომია, მაგრამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილები არ არის, _ აცხადებს მესხიშვილი. 

მისივე თქმით, ,,ტაქსების რეფორმა'' ხმამაღალი ნათქვამია: ,,ეს ცვლილება პრობლემას უფრო გაამწვავებს, რადგან ტაქსით მგზავრობას გააძვირებს ანუ ტაქსით სარგებლობა 3-4 ლარის ნაცვლად, 8-9 ლარი გახდება, ვეღარ შევძლებთ ამის გადახდას და მოთხოვნა გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სადაც, როგორც აღვნიშნე, ისედაც არაა საკმარისი ადგილები.'' 

მესხიშვილი იწონებს თბილისის მერიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის ბოლოს საკმარისი რაოდენობის ავტობუსები იქნება და თბილისის ქუჩებში სულ 900 ავტობუსი იმოძრავებს: ,,აქედან გამომდინარე, ტაქსების რეფორმაზე საუბარს მიზანშეწონილად ზუსტად იმ დროს მივიჩნევდი, როცა ქალაქში საკმარისი რაოდენობის ავტუბუსები იქნება და მეტროს დაემატება შემადგენლობები.'' 

დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ მერიის ახალი ინიციატივა საზოგადოების მოთხოვნას ვერ პასუხობს: ,,პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დეტალური ინფორმაცია, თუ რას ითხოვს საზოგადოება, არ არსებობს. სამწუხაროდ, მერიას კვლევა არ ჩაუტარებია, არადა, ასეთი მასშტაბური ცვლილებები კვლევას უნდა ეყრდნობოდეს. რა დაკვეთაა საზოგადოების მხრიდან, რა პრობლემებს ხედავს ხალხი? _ სოციალური ქსელებიდან თუ უშუალო საუბრებიდან ვიცით, ჩვენს მოქალაქეებს რაც აწუხებთ _ ტაქსები ტექნიკურად გაუმართავია, მძღოლებმა არ იციან ქუჩები, ჰიგიენური მდგომარება არაა დამაკმაყოფილებელი და ა.შ. საზოგადოების ამ დაკვეთის დროს ერთ პრობლემასაც ბერ აგვარებს ის ლიცენზია, რომელიც მერიამ შემოგვთავაზა. საერთოდ, რა პრობლემას აგვარებს, რთულად გასაგებია.'' 

დავით მესხიშვილის განმარტებით, ტაქსის და ზოგადად, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობა უკვე უზრუნველყოფილია ტექნიკური ინსპექტირების მიერ, რაც 2019 წლიდან სავალდებულო ხდება და ლიცენზიასთან კავშირში არაა: ,,ტექნიკური ინსპექტირება ისედაც ყველამ უნდა გაიაროს. ტექნიკური ინსპექტირების პირველი ეტაპის მონიტორინგის შედეგად შემიძლია გითხრათ, რომ ,,ჩავარდა'' ავტობუსების და მიკროავტობუსების ტექინსპექტირება, ამიტომ სახელმწიფომ ჯერ ტექინსპექტირების საკითხი უნდა მოაგვაროს. იმ რეფორმებით კი, რაც ახლა დაანონსდა, მივიღებთ ტექნიკურად გაუმართავ თეთრ ტაქსებს.'' 

მესხიშვილი განმარტავს, რომ თეთრი ფერი ხილვადია, მაგრამ მერიას მაინც უნდა განემარტა, თუ რისი მიხედვით შეარჩია მაინცდამაინც თეთრი ფერი. 

,,ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის'' თავმჯდომარეს ვკითხეთ, რას ეყრდნობა მისი ვარაუდი, რომ ეს რეფორმა ტაქსით მგზავრობის გაძვირებას გამოიწვევს? _ მესხიშვილი გვპასუხობს, რომ ტაქსების შეღებვა 1000-1500 ლარამდე დაჯდება: ,,ასევე, არსებობს ფირების გადაკვრის საშუალება, რაც ნაკლები ღირს, მაგრამ უამრავ ავტომობილს სხვა ტიპის სამუშაოებიც სჭირდება, ვთქვათ, რკინა უნდა გამოსწორდეს, წაესვას ,,შპაკლი'' და ყველაფერი ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ახლა გადასახადი 100 ლარია, მაგრამ მგონია, რომ მომავალი წლისთვის გაძვირდება. ამას ერთვის ტექ. ინსპექტირების საფასური _ 60 ლარი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავარი ხარჯი ტექინსპექტირების საფასური კი არა, ავტომობილის მოწესრიგება, შესაბამისად აღჭურვაა, რაც მძღოლებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ, თუმცა მხოლოდ ტაქსების კი არა, ზოგადად, ავტომობილების ტექნიკურ გამართულობასაც მხარს ვუჭერ.'' 

მესხიშვილის თქმით, ტაქსების უმეტესობა ბუნებრივ აირზე მუშაობს და მათ დამატებითი შემოწმება უნდა გაიარონ, რაც 120 ლარი და მეტი ღირს: ,,საბოლოოდ, შეიძლება, ისე გამოვიდეს, რომ მძღოლებს ავტომობილის მოწესრიგება ერთი ავტომობილის ფასი დაუჯდებათ. მერია რომ ამბობს, ლიცენზირების შედეგად ტაქსი მეტად გამართული იქნებაო, ასე არაა. ვიმეორებ, ინსპექტირების ნაწილში მხარს ვუჭერ, მაგრამ ამას საერთო არაფერი აქვს ლიცენზიასთან.'' 

დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ტაქსების საგადასახადო რეგულაციები არსებობს: ,,შეიძლება, ამაზე ჩვენც გვეფიქრა, მაგრამ ესეც მაშინ უნდა მოხდეს, როცა საკმარისი რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება. შეიძლება, ვიფიქროთ, როგორ მოექცეს ეს ბიზნესი კანონის ფარგლებში ისე, რომ ბიუჯეტმა ნახოს სარგებელი.'

მესხიშვილი ვარაუდობს, რომ მერიის ინიციატივა ტაქსებთან დაკავშირებით შორს მიმავალი გეგმაა: ,,ჩემი ინფორმაციით, სამომავლოდ ტაქსების ავტომობილების ასაკიც შეიზღუდება. ამ მოთხოვნებსა და ასეთ დიდ ხარჯებს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც 1000-დოლარიანი ავტომობილით ტაქსაობს, ვერ გაწვდება, გავა ბაზრიდან და ვინ შეძლებს შემდგომში ამის დაძლევას? _ კომპანიები, რომელთაც ფინანსური პრობლემები არ აქვთ. ალბათ, საბოლოო ჯამში, მივიღებთ იმას, რომ ეს ბიზნესი გამსხვილდება და კერძოდ, თვითდასაქმებული ადამიანები გავლენ ამ ბაზრიდან იძულების წესით. ყველაფერს ბიზნესინეტერსების თემას ვუკავშირებ, რაც ისეა შეფუთული, როგორც საზოგადოებისთვის საჭირო რეფორმა.'' 

,,ვერსია'' ტაქსის მძღოლებსაც გაესაუბრა. ისინი უკმაყოფილო არიან მერიის ზემოხსენებული ინიციატივით. 

გიორგი: ისედაც პურის ფულს ძლივს ვშოულობდი და კიდევ ხარჯი დაგვიმატეს. იმის მაგივრად, რომ მდგომარეობა როგორმე შეგვიმსუბუქონ, უარესად გვირთულებენ საქმეს. 

თემური: ამაზე დიდი შეცდომა არ დაუშვიათ. რა უნდა ვთქვა? _ შეღებვის ფული არ მაქვს და, ალბათ, ვეღარ ვიტაქსავებ. 

მამუკა: გამიმართლა, რომ თეთრი ავტომობილი მაქვს, მაგრამ ლიცენზიას თანხა სჭირდება...

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში