Menu
RSS

„სადაც გამოცდებია, იქ არის კორუფცია და სიბნელე!“

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი უნდა გაუქმდეს!“ განათლების ფუნდამენტურ რეფორმას ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი აფასებს

 

14 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების ფუნდამენტური რეფორმის ხედვა წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის მოსალოდნელ ძირეულ ცვლილებებზე ისაუბრეს. პრეზენტაციამდე, 10 სექტემბერს, განათლების მინისტრმა ოთხი მაღალჩინოსანი _ ლია გიგაური, მაია მიმინოშვილი, თამარ სანიკიძე და თემურ მურღულია გაათავისუფლა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, მოხდება განათლებისა და მეცნიერების სისტემების ინტეგრაცია, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული სასწავლო პლატფორმა. პირველი ეტაპი ითვალისწინებს განათლების ხარისხისა და აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, დამოუკიდებელი და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოების შექმნას. რაც შეეხება მეცნიერებას, მინისტრის თქმით, მოხდება სტრატეგიული სამეცნიერო პროექტების განსაზღვრა და მხარდაჭერა. ამასთან, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ჩართულობის სტიმულირება და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა. მთავრობის ინიციატივა ,,ვერსიამ'' განათლების საკითხების ექსპერტს, მანანა ნიკოლაიშვილს შეაფასებინა.

,,რეფორმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს განათლების ფუნდამენტური და ინოვაციური რეფორმააო, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილებები განათლების ყველა სეგმენტს შეეხება და მთლიანად გარდაიქმნება სისტემა. ინოვაციური რეფორმა ყველაზე ახლებურს ნიშნავს ანუ მსოფლიოს სიახლეების დანერგვას აპირებენ. ასევე, სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი, დაახლოებით, რამდენიმე მილიარდით გაიზრდება. საქართველოს ბიუჯეტი ამჟამად ამისთვის მზად არაა, თუმცა პრემიერმა ახსენა, თანხების მობილიზებას ვიწყებთო. ეს დაფინანსების წარმოუდგენლად დიდი პროცენტია და ამ ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტი როგორ გაწვდება, საინტერესოა.'' 

მანანა ნიკოლაიშვილი ასევე, ინტერესდება, რატომ არ აქვეყნებს მთავრობა რეფორმის პროექტს. მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატები, განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრებიც აცხადებენ, რომ დეტალების საქმის კურსში არ არიან. ექსპერტის განმარტებით, გეგმა პრეზენტაციის დროს უნდა გამოქვეყნებულიყო და ბეჭდურ მედიაშიც გავრცელებულიყო, რათა არ მიეცეს ოპოზიციას იმის თქმის საშუალება, ყველაფერი ეს წყლის ნაყვააო: ,,პრემიერმა განაცხადა, დეტალებში გვაქვს გაწერილი სამოქმედო გეგმაო. როცა ძალიან კარგ რამეს ამბობ და ამ დროს გეგმას არ აქვეყნებ, ეს შეცდომაა, რაც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. პრემიერმა კარგად იცის, რომ იქ, სადაც ფუნდამენტური და ინოვაციური რეფორმები ტარდება, ხალხს საქმის კურსში ამყოფებენ. ასეთი ძირეული რეფორმების გატარების დროს ქვეყნის პირველი პირები საზოგადოებას ხვდებიან, კარდაკარ დადიან და რეფორმის გეგმას აცნობენ. მხარს ჩვენი ახალგაზრდა პრემიერის მხოლოდ ამ კი არა, სხვა ინიციატივებსაც ვუჭერ, რაც განათლებასა და მეცნიერებას შეეხება, მაგრამ მინდა, გაითვალისწინოს _ არ გაიზიაროს მავნე რეფორმატორების მიერ დაწერილი და ამ სტრუქტურებში მოხარშული აზრები. მან ხომ იცის, რომ ესენი წარუმატებელი რეფორმატორები არიან? სწორედ ამის გამო დაეცა კატასტროფულად განათლების ხარისხი.'' 

ექსპერტი აქვე აღნიშნავს, რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი დემოკრატიულ ქვეყნებში განთავსებულია არა სამინისტროს ,,ქოლგის ქვეშ'', არამედ, პრეზიდენტის, პრემიერის ან პარლამენტის დაქვემდებარებაშია. ნიკოლაიშვილის აზრით, საკადრო ცვლილებები პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტშიც უნდა მოხდეს: 

,,ჩვენი სისტემიდან უნდა შეიყვანონ დეპუტატებად ისეთი ადამიანები, რომლებიც პარლამენტში თავიანთ სამუშაოს შეასრულებენ. კონცეპტუალური და პრინციპული იდეები სწორედ პარლამენტში უნდა იშვას, არადა, იქ არავინ გვყავს!'' 

ექსპერტის თქმით, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ უნდა აკონტროლოს სამინისტროების მუშაობა, ვადებში ასრულებენ თუ არა განკარგულებებს, რეფორმებს, მთავრობის დავალებებს: ,,უნდა შეიქმნას კომისია პროფესიონალებისგან, რომელიც მინისტრების ვარდისფერ ზღაპრებს კი არ დაუჯერებს, არამედ, რეალურად გააკონტროლებს მათ მუშაობას. მისასალმებელია პრემიერის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლებს ხელფასი საგრძნობლად გაეზრდებათ, მაგრამ აქაც ჩნდება კითხვა _ საიდან მოდის ეს ფული? 2018-2019 წლებში, პირველ რიგში, 10 000 მასწავლებელს რომ ემატება ხელფასი, არ ვემხრობი, რადგან უნდა განმარტონ, ვინ იქნებიან ეს მასწავლებლები.'' 

ნიკოლაიშვილის თქმით, მთავრობის იმ ინიციატივასაც სჭირდება განმარტება, რომელიც 2019 წელს საკანონმდებლო პაკეტების შექმნას გულისხმობს: ,,საინტერესოა, იცვლება თუ არა ყველა კანონი? ,,ქართულ ოცნებას'' პროგრამაში ჩავუწერეთ, რომ ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ კანონები ახლიდან უნდა შექმნილიყო, მაგრამ ეს არ გააკეთა. არადა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიღებული კანონები ანტიადამიანური, ანტიმეცნიერული და ანტიეროვნულია!'' 

ექსპერტი მიესალმება მთავრობის ინიციატივას, რომ 2023 წლისთვის, 2000 სკოლაში უმაღლესი სტანდარტებით, ახალი მეთოდებით სწავლება დაინერგება: ,,ისე, თითქმის ყველა ახალი მეთოდიკა უკვე შემოტანილია საქართველოში. სხვა რაღაცაა გასაკეთებელი _ ეროვნული სასწავლო გეგმაა ძირფესვიანად შესაცვლელი და სასწავლო საათების რაოდენობაა დასამატაბელი, რასაც არავინ ეუბნება პრემიერ-მინისტრს. მთავრობა აცხადებს, სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც სკოლას ახალი მოდელით მართავსო, მაგრამ არსებული დირექტორთა კორპუსი მთლიანად შესაცვლელია. გასაუქმებელია დირექტორთა საკონკურსო წესიც. განათლების სისტემის ხერხემალი სკოლაა, სკოლის კი _ დირექტორი. ფინანსურად უნდა შემოწმდეს თითოეული სკოლა, რაც არ მომხადარა წლების განმავლობაში. ფინანსური ანგარიშები სამინისტროს ბარდება, მაგრამ მისი დეტალური შესწავლა არ ხდება. სკოლებში რომ სახელმწიფო აუდიტი შევიდეს, საქმეების უმეტესობა პროკურატურაში წავა და თითქმის ყველა დირექტორი მოიხსნება. ამასთან, განათლების ხარისხი რომ დაცემულია და 12 000-ზე მეტმა ბავშვმა ვერ აიღო ატესტატი, ამაზე დირექტორი არაა პასუხისმგებელი?! ზოგადი განათლების კანონში პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო დირექტორს იმიტომ ქირაობს, რომ სკოლაში უზრუნველყოს გამართული სასწავლო, აღმზრდელობითი და ფინანსური საქმიანობა. ყველაფერ ამას უმთავრესი საკითხი ემატება _ სკოლების უსაფრთხოება. უსაფრთხოების საკითხები დარვეულია, მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაა _ აკრძალული ნივთების მოხმარება კატასტროფულად არის გაზრდილი, მაღალი რისკის შემცველი საგნების, იარაღების, დანების ტარებაც მომატებული, ბოლო წლებში საგანგაშოა გაკვეთილიდან გაპარვის სტატისტიკაც _ მიმდინარე სასწავლო წელს 10838 გაკვეთილეის ჩაშლის შემთხვევაა დაფიქისრებული, ყველაფერი ეს სამინისტრომ იცის და რატომ არ ხსნის დირექტორებს? მხოლოდ ჩემს მიერ ჩამოთვლილი დარღვევების გამო შეიძლება, დირექტორების ერთი ბრძანებით მოხსნა.'' 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რესურსცენტრების სტრუქტურა და კადრებიც უნდა შეიცვალოს. ამასთან, ეთანხმება მთავრობის ინიციატივას უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით: ,,საგანმანათლო რესურსების პორტალის შექმნასაც მივესალმები. სკოლის დირექტორებს და სკოლის ადმინისტრაციას რომ ხელფასები მოემატება, ესეც კარგია.'' 

ყველაზე ფართო განხილვის საგნად განათლების ექსპერტი 2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი სისტემის დანერგვას მიიჩნევს: 

,,2018 წლის 17 სექტემბერს დაიწყო სასწავლო პროცესი, საერთაშორისო სამართლით და ჩვენი კანონმდებლობითაც, მოსწავლის, მშობლის, სკოლის დირექტორის, მასწავლებლის უფლებაა, იცოდეს, იქნება საატესტატო გამოცდები წლის ბოლოს თუ არა. ჩემი აზრით, ერთიანი ეროვნული გამოცდები საერთოდ უნდა გაუქმდეს და ატესტატის ქულა შემოვიდეს. განათლების სამინისტრომ უნდა ჩაატაროს რესპუბლიკური წერები, მე-6 კლასში ჩატარდეს ფუნდამენტური გამოცდები. რა თქმა უნდა, არ უნდა მოიხსნას სასკოლო გამოცდები, ოღონდ ,,კატ''-ის გამოცდები ამ ფორმით არაფრის მომცემია, სტრესულია და სხვაგვარი ფორმით უნდა ჩატარდეს. უნივერსიტეტებში ზოგმა სტუდენტმა წერა არ იცის, საინტერესოა, როგორ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები?! როგორ შეიძლება, საინჟინრო პროფილზე ადამიანი ეწყობოდეს გეოგრაფიით, ისტორიით, ქართული ლიტერატურით? ეს ხომ დანაშაულია?! აბარებს საინჟინროზე? _ უნდა ჩააბარებინო მათემატიკაც და ფიზიკაც... სპეციალური საგნები უნდა დაამატონ და მაშინ გვექნება ხარისხი უმაღლეს სასწავლებებში... საერთოდ, გამოცდები მოძველებული სისტემაა და რას ჩააფრინდა ჩვენი ქვეყანა ამ გამოცდოამანიას? მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ სადაც გამოცდებია, იქ არის კორუფცია, სიბნელე. კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს თანამდებობის პირების კანდიდატები და შემდეგ, მათ შორის კონკურსი გაიმართოს. 

თუ პრემიერ-მინისტრი თავის ადმინისტრაციას გარდაქმნის და მინისტრების ვარდისფერი სათვალით დანახულ ზღაპრებს არ დაუჯერებს, თუ პროფესიონალები გააკონტროლებენ სამინისტროებს, პრემიერთან შექმნილი კომისიები გაიმაგრებს თავის პოზიციებს, ყველაფერი ეს განხორციელებადია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ სურვილებს ვერ განახორციელებს. ასევე, მოვუწოდებ, შეამციროს სსიპ-ები. მთელი რიგი ფუნქციები შეიძლება გადანაწილდეს სამინისტროებზე, რადგან არსებული სსიპ-ები არც სამინისტროს ექვემდებარებიან, არც _ პრემიერ-მინისტრს და გამოდიან კონტროლიდან. პირველ რიგში, უნდა გაუქმდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის სსიპ, რადგან ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს და აქედან 50 მილიონი გამოთავისუფლდება. წამყვან უნივერსიტეტებს უნდა გადაეცეს ეს ფუნქცია, სადაც არსებობს კაბინეტ-ლაბორატორები, პროფესურა და არა _ კორუმპირებული ტრენერთა კორპუსები, სადაც ფული კდეთდება სახელმწიფოსა თუ მასწავლებლის ჯიბიდან. შეწყდეს ეს ტრენერომანია, ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები წაუკითხავენ ლექციებს და მასწავლებლების პროფესიული განვითარება მოხდება უნივერსიტეტებში. ყველაფერ ამისთვის 2009 წლიდან, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონები გამოიყოფა, რაც წყალში გადაიყარა იმიტომ, რომ არაკომპეტენტური ტრენერები ატარებენ ტრენინგებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სადაც განათლება მაღალ დონეზეა, მასწავლებლების, დირექტორების მომზადება ხდება იმ უნივერსიტეტებში, სადაც აქვთ საუკეთესო ბაზები. ჩვენი საუკეთესო ოქროს ფონდი _ პროფესორები უნდა შეუშვან მასწავლებლებთან. კატეგორიულად არ ვეთანხმები პოზიციას, რომ 5 წლის ბავშვები, რომლებიც 6 წლის ხდებიან 1-ელ იანვრამდე შეიძლება, სკოლებში მიიღონ. იციან, რა მძიმე დაავადებები მოყვება ამას?! მთლიანად ინგრევა ბავშვის ორგანიზმი. ბავშვმა, სკოლაში რომ მივიდეს, 6 წელი უნდა შეასრულოს.''

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში