Menu
RSS

ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი გამოსავალს სისტემურ ცვლილებებში ხედავს

როგორ აფასებს მარიხუანას ლეგალიზებასა და კანაფის ექსპორტის ინიციატივას, მღვდელი თეოდორე გიგნაძე?

 

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარება საქართველოში ლეგალურად გამოაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანაფის საექსპორტო წარმოების შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა. ხელისუფლების ინიციატივით, საექსპორტო კანაფი მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით გამოიყენება. თუმცა პარალელურად, შსს-მ პარლამენტში გადააგზავნა კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას ლეგალიზაციის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით, მის მოხმარებას საგრძნობლად ამკაცრებს. 

კანონპროექტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საქართველოს საპატრიარქომ ამ საკითხზე კონფერენციაც გამართა, სადაც მარიხუანას ლეგალიზების უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს. მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების კონსულტაციის შედეგად – მიღებულია გადაწყვეტილება _ კანაფის ექსპორტთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში დროებით გადაიდოს! 

,,ვერსიამ'' მიმდინარე მოვლენების შეფასება ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარს, თეოდორე გიგნაძეს სთხოვა:

_ მამაო თეოდორე, როგორ აფასებთ მარიხუანას ლეგალიზებასა და კანაფის ექსპორტთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას? 

_ მე არ ვარ ამ საქმის ექსპერტი და არც სტატისტიკური მონაცემები მაქვს, თუმცა ვიცი, რომ ამ რეფორმის მომხრე ადამიანებს არგუმენტად ევროპის ქვეყნები მოჰყავთ და ამბობენ, სადაც ეს რეფორმები გატარდა, ნარკოტიკის მოხმარება შემცირდაო. მე შემიძლია მხოლოდ ჩემი, პატარა გამოცდილებით გესაუბროთ და ესაა ერთ-ერთი, რიგითი მღვდლის გამოცდილება, რომელსაც პატარა სამრევლო აბარია. სამწუხაროდ, ქართველი ახალგაზრდების უდიდესი უმრავლესობა იმ აღზრდასაა მოკლებული, რაც ადამიანებს დისციპლინირებულ მამაკაცებად, მიზანსწრაფულ ადამიანებად აყალიბებს და ეს მიზანსწრაფულობა, თუ დისციპლინა ზოგადი ცნებები არაა. ისინი რეალურად აკეთებენ საქმეს პიროვნული ზრდისათვის, ოჯახის რჩენისა და სამშობლოს მსახურებისთვის. 

ამ ტიპის ახალგაზრდების დეფიციტი გვაქვს, მოშლილია ისეთი აღმზრდელობითი სისტემა, როგორიცაა სკოლა, სადაც აღზრდა საერთოდ არ ხდება. უმაღლეს სასწავლებლებს დაკარგული აქვთ ავტორიტეტი, რადგან თანამდებობებზე ძირითადად, ის ადამიანები ინიშნებიან, რომლებსაც უცხოეთში აქვთ მიღებული განათლება და ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს სასწავლებლებს რეიტინგი არ აქვთ. 

ამასთან, მოშლილია სამხედრო სამსახური, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ახალგაზრდა კაცის ზნეობრივ, ვაჟკაცურ მოქალაქეობრივ აღზრდაში. როცა ეს სისტემები მოშლილია, როცა ანტიგანათლებითა და ანტიმეცნიერული ინფორმაციით ადამიანების ტვინების გამორეცხვა ხდება, რომ თურმე მარიხუანა მავნებელი არაა და ამასთან, საქართველოში ადამიანს სამსახური შოვნა, დასაქმება უჭირს, ასეთ ადამიანს მარიხუანას, ან ნებისმიერ ნარკოტიკს თუ შესთავაზებ, რა დაემართება? შეიძლება, ასეთი ადამიანი ევროპაში მყოფ ადამიანს შევადაროთ, რომელსაც მინიმუმ, სამსახური მაინც აქვს და საკუთარი თავის რეალიზება შეუძლია?! აქ არარეალიზებული ახალგაზრდების ფენაში შეაქვთ ნარკოტიკი და საბოლოოდ. მათ გენოციდს უწყობენ ხელს, ეს ჩვენი ერის გენოციდია! 

_ ამ პროცესების პარალელურად, შსს-მ შექმნა კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. ასეთ რეგულაციებში მოქცეული მარიხუანას ლეგალიზებით, პრობლემა მოგვარდება? აქამდე არ იყო ლეგალიზებული, მაგრამ ვიცით, რომ მაინც მოიხმარდნენ მას და პრობლემა არ გვარდებოდა... 

_ ეს რეგულაციები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ის, რაზეც ვისაუბრე, პრობლემებად რჩება. შესაძლოა, ამ რეგულაციებმა მდგომარეობა ოდნავ გააუმჯობესოს კიდეც, მაგრამ რეალურად, სურათს ვერ შეცვლის. თუმცა ეს რეალობა, შეიძლება, ლეგალიზება-არალეგალიზებამაც ვერ შეცვალოს. რეალური სურათი მაშინ შეიცვლება, როდესაც ის სისტემური პრობლემები მოგვარდება, 

_ მამაო, საქართველოს საპატრიარქოს ხშირად აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს ინსტიტუცია ერთ ადგილას ,,გაიყინა'' და ფეხს ვერ უწყობს მსოფლიო თანამედროვეობას. თქვენ როგორ ფიქრობთ? 

_ საპატრიარქო ცოტა აბსტრაქტული ცნებაა, არ ვიცი, იქ რას ფიქრობენ, მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია. რაც შეეხება ბრალდებას, რომ საპატრიარქო, ან მთლიანად ეკლესია თანამედროვეობას ფეხს ვერ უწყობს, ამაში სიმართლეცაა და ტყუილიც. ტყუილი ისაა, რომ ქრისტიანობა მუდამ თანამედროვე მოძღვრებაა, რადგან ღმერთი არის დროის მიღმა არსება და ამიტომ არ შეიძლება, ქრისტიანობა მოძველდეს. უმთავრეს თემებში, რაც არის გარდაცვალება და მარადიული სიცოცოხლე, არაფერი იცვლება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ქრისტიანობა თანამედოვეა და მისი მოძველება როგორ შეიძლება?! თუმცა მეორე მომენტია, რომ 21-ე საუკუნის ადამიანს არ უნდა ელაპარაკო, თუნდაც გასული საუაკუნის 90-იანი წლების ენაზე. ამ კუთხით თუ ვისაუბრებთ, შეიძლება, ზოგიერთი სასულიერო პირი მოძველებულ ენაზე საუბრობდეს და რა თქმა უნდა, ეს არასწორია. პავლე მოციქული საოცარი მისიონერია და მისი პრინციპები, რომელსაც ამჟღავნებს წმინდა წერილში, საოცრად თანამედროვე და სამაგილითოა თითოეული სასულიერო პირისათვის, თუ როგორ უნდა იქადაგო ისე, რომ შენი სიბრძნე ყოველთვის გასაგები იყოს და თუ გასაგებია, ე.ი. თანამედროვეა. 

არის კიდევ ერთი რამ, ქრისტე ჯვარს მყარი დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე აცვეს. თუ გავიხსენებთ, როგორ მოხდა ქრისტეს ჯვარცმა, ეს ხალხის არჩევანი იყო! თან ისეთი ტიპის არჩევანი, როდესაც ილუზია შეიქმნა, თითქოს ეს ხალხის საყოველთაო პოზიცია იყო. სინამდვილეში, დემოკრატიულობანას თამაშით, ვიწრო ჯგუფმა ისეთი პოზიცია გაახმოვანა, თითქოს ეს მართლაც დემოს-ის (ხალხის) პოზიცია იყო და ასე მოხდა ქრისტეს ჯვარცმა. ამდენად, ლიბერალიზმი მშვენიერი სიტყვაა, თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ გავიხსენოთ, ბოლო პერიოდში, ყველაზე მეტი ახალგაზრდა როდის გამოვიდა ქუჩაში? როდესაც საუბარი, სწორედ, ნარკოტიკებს ეხებოდა. როგორ შეიძლება, ნარკოტიკის გვერდით, სიტყვა თავისუფლება დაწეროთ?! ისევე, როგორც ლოთის გვერდით მისი დაწერა არ შეიძლება, რადგან ლოთი სასმელის მონაა, ხოლო ნარკომანი _ ქიმიური პრემარატის. 

რაც შეეხება იმას, თითქოს მარიხუანა მავნებელი არაა, ეს ისეთივე ცრუ ინფორმაციაა, როგორც ის, თითქოს ჰომოსექსუალიზმი არაა გადამდები. ჰომოსექსუალიზმი გადამდებია, ოღონდ არა ბაცილით, რასაც ხშირად, ირონიულად გვეუბნებიან ხოლმე. არსებობს დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორია'' და ვიცით, რომ გადამდებია ნებისმიერი მიდრეკილება _ კარგიც და ცუდიც. მითუმეტეს, თუ ადამიანი ქარიზმატულია, შეიძლება, უამრავ ადამიანს გადაედოს მისგან. ქარიზმატული ჰიტლერის პოზიციამ, მთელი გერმანელი ერი დააავადა და ესენი მეუბნებიან, ჰომოსექსუალიზმი არაა გადამდებიო! 

ნარკომანიაც გადამდებია და ქურდული მენტალიტეტიც, რისგანაც ერი ჯერ ვერ განკურნებულა. ეს ყველაფერი გადამდებია მენტალურად და თუ ადამიანი განწყობილია, რომ გაბრუვდეს და ასე შეხედოს ცხოვრებას, მას უკვე სულიერად აქვს პრობლემა, ურჩევნია რეალობას გვერდი აუაროს. ასეთი ადამიანი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიმოქალაქე, ანტისოციალური, ოჯახის საწინააღმდეგო, სახელმწიფოს არაღმშენებელია და უნდა თუ არა, ,,პარაზიტი'' და მონა ხდება. 

_ ჩანს, ვერც მარიხუანას აკრძალვასა და ვერც მისი ლეგალიზაციის პირობებში, მკაცრი შეზღუდვების დაწესებაში ხედავთ გამოსავალს... მიგაჩნიათ, რომ აღზრდასა და პიროვნების ცნობიერების სწორად ჩამოყალიბებაშია გამოსავალი? 

_ მიუხედავად ამისა, მთელი არსებით მირჩევნია, აკრძალული იყოს! ისევე, როგორც ხელს ვაწერ აბორტისა და ნებისმიერი ცოდვის აკრძალვას. ზოგი მეკითხება, აბა, დავიჭიროთო? მე მკვლელსაც კი ვერ დავიჭერ, რადგან მღვდლის მსოფლმხედველობა სხვანაირია, მაგრამ რეგულაციები ადეკვატური უნდა იყოს. როცა ნარკოტიკის მომხმარებელს იმხელა სასჯელს აძლევდნენ, რაც ლამის მკვლელობას უტოლდებოდა და დანაშაულს ადეკვატურად არ აფასებდნენ, ეს სხვა თემაა. ნარკომანი მართლაც ავადმყოფია და მისი ციხეში ჩასმის მომხრე არ ვარ, მაგრამ ნარკოგამსაღებლები სასტიკად უნდა დაისაჯონ! თუმცა როცა სახელმწიფო გამოდის უკვე მისი გამსაღებელი, მაშინ რა უნდა ვქნათ, რაღა გვეშველება?! 

_ ვფიქრობ, როგორც მოძღვარი, კარგად იცნობთ ადამიანების ფსიქოლოგიასა და განწყობებს. თუ მარიხუანა სპეციალურ დაწესებულებებში გაიყიდება და მომხმარებელს მოუწევს, აღიაროს მასზე დამოკიდებულება, ეს არ შეცვლის ცნობიერებას, ან საკითხისადმი დამოკიდებულებას? 

_ აბორტი რომ დაშვებულია, ეს აჩერებს ადამიანებს იმ საშინელი სირცხვილისგან, რასაც ბავშვის მკვლელობა ჰქვია? ვთქვათ, სახელმწიფოს გულწრფელად უნდა სიტუაციის გამოსწორება, მაშინ პირველხარისხოვანი სისტემური ცვლილებები და ჩვენს ახალგაზრდობაზე ზრუნვაა, რათა მათ ცხოვრების აზრი და იდეა ჰქონდეთ. 

ქვეყანა არ ვითარდება, 28 წელი დიდი დროა და რა გავაკეთეთ ამ ხნის განმავლობაში, გარდა ნგრევისა? გენოფონდი აღარ არსებობს და პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან იდეოლოგიური ხერხემალი არ გვაქვს! ზოგს იდეილოგია თავისუფლების შეზღუდვა ჰგონია, მაგრამ ასე არაა. სამშობლოს სიყვარულისა და მარადიული ღირებულებების ტირაჟირება თავისუფლების შეზღუდვა რატომაა? აბა, ნარკომომხმარებლების, ჰომოსექსუალიზმისა და აბორტის ტირაჟირებაა თავისუფლებაა?! ჩემთვის ეს გაუგებარია. ამდენად, სისტემური ცვლილებები უპირატესია და ამის შემდეგ, რეგულაცია უკვე მეორეხარისხოვანია. 

ამ ეტაპზე, ვიდრე ადამიანებს საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ და ისიც კი არ იციან, მავნებელია, თუ არა მარიხუანა, ამ ტიპის გადაწყვეტილება სახიფათოა. 

რჯულის კანონში, სხვადასხვა დანაშაულზე, მსგავსი სასჯელებია. მაგალითად, კაცის მკვლელსა და ადამიანზე, რომელიც ჯადოებს აკეთებს, ანუ ეშმაკთანაა შეკრული, თანაბარი სასჯელი იდო _ 20 წელი ისჯებოდა უზიარებლად, მათ შორის, აბორტის გამკეთებელიც; მოღალატე ცოლი და მკითხავთან მიმსვლელი, ერთნაირად, 14-წლიანი უზიარებლობით ისჯებოდა. ნარკოტიკის გამსაღებელი და მკვლელი, თანაბრად უნდა გასამართლდნენ, ხოლო მას, ვინც მოიხმარს, უნდა უმკურნალო! P 

ატიმრებთან და ყოფილ პატიმრებთან გვაქვს ურთიერთობა და ისინი ამბობენ, ციხეში რომ არ მოვხვედრილიყავით, ნარკომანიისგან ვერ განვიკურნებოდითო. იქ ვეღარ იკეთებდნენ წამალს და გამოჯანმრთელდნენ. თუ საქართველოში წამალს, მარიხუანას ვეღარ იშოვიან ადამიანები, განიკურნებიან. 

_ კი, მაგრამ მსოფლიო იბრძვის ნარკომანიის წინააღმდეგ და ასე მარტივად ვერ გვარდება ეს პრობლემა, არ მეთანხმებით? 

_ ცოტა დაუჯერებელია, მსოფლიო ამას სწორად და მიზანმიმართულად ებრძოდეს, რადგან ისეთი დიდი ფული იშოვება... მე, როგორც სასულიერო პირი, მიჩვეული ვარ კრიტიკის ქარცეცხლში გავატარო ყველაფერი, შესაბამისად, სახარების გარდა, ასე პირდაპირ, არავის და არაფერს ვენდობი!

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში