Menu
RSS

ქვაფენილი თუ ასფალტის საფარი ვარაზისხევზე?

„კარგია, რომ მოქალაქეებსაც ეკითხებიან აზრს, მაგრამ ამას ექსპერტების შეფასებები უნდა დაერთოს!“

 

თბილისის მერი კახა კალაძე, ვარაზისხევის რეაბილიტაციის ინიციატივით გამოვიდა. განაცხადა, რომ არსებული ქვაფენილი ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის. თბილისის მერის განმარტებით, ვარაზისხევს ისტორიული სტატუსი აქვს და შესაძლებელია, როგორც საფეხმავლო ბილიკების გაფართოება, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაც. კალაძემ ადგილობრივ მოსახლეობას გამოკითხვა შესთავაზა _ ჩანაცვლდეს თუ არა ქვაფენილი თანამედროვე, ევროპული ტიპის ასფალტით. მერიის FACEBOOK-გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში, 25 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა 52% _ ქვაფენილის, ხოლო 48% _ ასფალტის დაგების მომხრეა. ,,ვერსიას'' მერიაში განუმარტეს, რომ ჩატარდება კვლევა და ცვლილებების განხორციელება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე გადაწყდება, ამჟამად კი დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს. იმის გასარკვევად, რა შეიცვლება ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლებით, არქიტექტორსა და ქალაქმგეგმარებელს, მერაბ ბოლქვაძეს დავუკავშირდით.

_ ბატონო მერაბ, რა მიგაჩნიათ მიზანშეწონილად _ ასფალტი, თუ ქვაფენილი ვარაზისხევზე? 

_ სავარაუდოდ, შეფასების საგანი უნდა იყოს ის, რომ ქვაფენილი ხმაურს იწვევს. ამ თვალსაზრისით, ყველაზე კარგი ასფალტის საფარია. ბეტონიც კი უფრო ხმაურიანია. ხმაურის გაზომვაც შეიძლება, რამდენი დეციბალია ახლა და რამდენი იქნება ასფალტის დაგების შემთხვევაში. უნდა შედარდეს ეს მონაცემები და გაირკვეს, რამდენად გააუმჯობესებს ასფალტი საცხოვრებელ პირობებს. ბეტონთან და ქვაფენილთან შედარებით, ასფალტს მოჭიდებაც უკეთესი აქვს. 

_ არადა, ზოგი ფიქრობს, რომ ზამთარში ასფალტზე ასვლა გაუჭირდებათ მანქანებს. 

_ არა, პირიქით! სველ ამინდში, ქვაფენილსა და ბეტონზე, მანქანების მოსრიალების უფრო მეტი შანსია. 

_ არსებობს მოსაზრება, რომ ვარაზისხევის გაგრძელებაზე, კეკელიძის ქუჩის ზემოთ მთაა და ასფალტის დაგების შემთხვევაში, კეკელიძიდან წამოსულმა ნიაღვარმა შესაძლოა, მთლიანად ჩარეცხოს ხევი, გამოიწვიოს გმირთა მოედნის დატბორვა... ეს სიმართლეა? 

_ როდესაც პროექტი შედგება, ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს! გაკეთდება რამდენიმე წყალმიმღები და შეუერთდება შესაბამის კოლექტორებს, სადაც წყალშემკრები დიდი არეალებია... საერთოდ, ასეთი მნიშვნელობის ყველა გზას უნდა ჰქონდეს წყალმიმღები, რომ წყლის რაოდენობის პრობლემა მოიხსნას. ასე რომ, ეს საკითხი ტექნიკურად გადაწყდება. რა თქმა უნდა, გარკვეული დანახარჯებით, მაგრამ ამ პრობლემის მოხსნა შეიძლება. 

_ მოსახლეობა წუხს იმაზეც, რომ ქვაფენილი მტვერს წარმოშობს, ამას თბილისის მერმაც გაუსვა ხაზი... 

_ დიახ, ეს ყველაფერი უნდა გაისინჯოს, მომზადდეს დასკვნები და სავარაუდოდ, შესაძლოა, ასფალტი ჯობდეს კიდეც. აუცილებლად უნდა შეფასდეს ისიც, რომ ასფალტი არ არის მედეგი, მაგალითად, მარილების მიმართ. როცა თოვლის დროს, გზებზე მარილს ყრიან, ასფალტში შედის ბიტუმი, რასაც ,,ჭამს'' მარილი და ზიანდება ასფალტის საფარი. დროის თვალსაზრისით, შეიძლება ბეტონმა და ქვაფენილმა ცოტა დიდხანს გაძლოს, თუმცა ვხედავთ, რომ ქვაფენილსაც თითქმის ყოველ ორ წელიწადში აკეთებენ, რადგან ჩანს, ესეც ვერაა მდგრადი. მედეგობის თვალსაზრისით, ბეტონი ცოტა უკეთესია, მაგრამ ყველა ამ არგუმენტის შეჯერების შემდეგ, სპეციალისტების დასკვნა უნდა მომზადდეს. კარგია, რომ მოქალაქეებსაც ეკითხებიან აზრს, მაგრამ ამას ექსპერტების შეფასებები, გაზომვები და ანგარიშები უნდა დაერთოს! 

_ მართალია, რომ საქართველოში არ არიან კარგი სპეციალისტები, რომლებიც სწორად დააგებენ ქვაფენილს? ამბობენ, ევროპის ქალაქებში იმდენად სწორადაა დაგებული ქვაფენილი, რომ მანქანით გადაადგილებისას, დისკომფორტი არც კი იგრძნობა. 

_ ეგეც ამოცანაა, თუმცა ევროპის ქალაქებში, დიდ ქანობებზე, ასფალტები თითქმის არაა დაგებული. იქ შედარებით ნაკლებქანობიან ადგილებზე, სიბრტყეებზე აგებენ ქვაფენილს და ცხადია, აქ ოსტატობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ქვაფენილის ხარისხი ისეთი უნდა იყოს, რომ მანქანაში ეს ვერც კი იგრძნო. ხშირად ამბობენ, მეხსიერებაში, ვარაზისხევზე ქვაფენილია შემორჩენილი და ამიტომ უნდა დარჩესო, თუმცა თუ დასკვნებმა აჩვენა, რომ ასფალტი მტვერს, ხმაურს იწვევს და გამძლეობითაც არ გამოირჩევა, განა, რა არის ეს მეხსიერება? დაიგოს ბოლოს და ბოლოს ასფალტი, მაგრამ ასფალტის დაგებასაც თავისი ნორმები აქვს. 

_ ბატონო მერაბ, მერმა მოსახლეობას ერთ-ერთ ვარიანტად, თანამედროვე, ევროპული ტიპის ასფალტი შესთავაზა. მაინც, როგორია ევროპული ტიპის ასფალტი? 

_ პირველ რიგში, ევროპული ასფალტი კარგს ნიშნავს, რაკიღა სწორედ იქიდან მოდის წესრიგი. მნიშვნელოვანია, როგორაა მომზადებული ასფალტის ფენები, მაგრამ მის კარგ ხარისხს ფრაქციის სიზუსტე, სისუფთავე და შემადგენლობა განაპირობებს. 

_ ელბაქიძის აღმართზე რა ცვლილებები გამოიწვია ქვაფენილის ასფალტით შეცვლამ? 

_ არ ვფიქრობ, რომ ამით ქვეყანა დაიქცა! იკითხეთ, თუ ვინმესთვის ეს რაიმე წუხილს იწვევს, მაგრამ მე ასე არ მგონია. პირიქით, უფრო კარგად მოძრაობენ მანქანები, მოჭიდება მეტი აქვს, რაც მოძრაობისთვის უკეთესია და ხმაურიც ნაკლებია. 

_ მძღოლების არგუმენტი ასფალტით ქვაფენილის ჩანაცვლებისას ისაა, რომ ქვაფენილი მანქანას აფუჭებს. ესეც გასათვალისწინებელია, არა? 

_ წეღან თქვით, რომ ქვაფენილის დაგების ხარისხი დაბალია ჩვენთან, ეს იწვევს რყევებს და მანქანის გარკვეულ ნაწილებზეც მოქმედებს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში, ცვეთა გაცილებით მეტია.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში